Nuk
კარდოსალი / Cardosal®


1. პრეპარატ კარდოსალის®® აღწერა და გამოყენება

კარდოსალი® მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია, როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. ისინი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების ხარჯზე. 

 

კარდოსალი® გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევა) სამკურნალოდ მოზრდილებში, ასევე 6-დან 18 წლამე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. აღნიშნული დაავადების დროს შესაძლებელია სისხლძარღვების დაზიანება სხვადასხვა ორგანოებში, მაგალითად გულში, თირკმელებში, თავის ტვინსა და თვალებში. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულმა შეიძლება მიგვიყვანოს მიოკარდიუმის ინფარქტამდე, გულის ან თირკმელების უკმარისობამდე, ინსულტამდე ან სიბრმავემდე. ჩვეულებრივ, არტერიული წნევის მომატებას თან არ ახლავს გამოხატული სიმპტომები. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვა ამ დაავადების შესაძლო გართულებების დროული პრევენციის მიზნით.  

 

პრეპარატ კარდოსალის® მსგავსი პრეპარატები ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას და მის განსაზღვრულ დონეზე შენარჩუნებას. გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია ზოგიერთი ჩვევის ან ზოგადად, ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც, ასევე, შეიძლება დაგეხმაროთ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში (მაგალითად, წონის დაკლება, მოწევაზე უარის თქმა, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა ან მარილის მოხმარების შემცირება). ასევე, თქვენთვის შეიძლება რეკომენდებული იყოს რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად სიარული ან ცურვა. აუცილებლად დაიცავით მკურნალი ექიმის ყველა მითითება.  

 

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ კარდოსალის® მიღებამდე

კარდოსალი® უკუნაჩვენებია:

- ალერგიის არსებობისას ოლმესარტანის მედოქსომილის ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);

- ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში; (კარდოსალის® მიღება ასევე რეკომენდებული არ არის პირველ ტრიმესტრში – იხ. პარაგრაფი ~ორსულობა~); 

- თუ აღგენიშნებათ კანის ან თვალის გუგების გაყვითლება (სიყვითლე), ან ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გადინებასთან დაკავშირებული პრობლემები (ნაღვლის სადინრების ობსტრუქცია, მაგალითად, ნაღვლის კენჭების გამო); 

- წარსულში დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების არსებობისას, ასევე ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალების მიღებისას.

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კარდოსალის® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

 

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ:

• აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა, მაგალითად, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს დიაბეტით გამოწვეულ თირკმელების დაავადებას 

• ალისკირენი

 

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული კონტროლის ჩატარება.

 

ასევე იხ. ინფორმაცია პარაგრაფში ~კარდოსალი® უკუნაჩვენებია~

 

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ შემდეგი დაავადებები: 

- თირკმელების დაავადებები;

- ღვიძლის დაავადებები; 

- გულის უკმარისობა, გულის კუნთის ან სარქველების დაავადება; 

- მძიმე ღებინება, ფაღარათი, მაღალი დოზებით შარდმდენი პრეპარატების (დიურეზულების) მიღება ან დიეტა მარილის შეზღუდვით; 

- სისხლში კალიუმის დონის მომატება; 

- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები.

 

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ ძლიერი, ხანგრძლივი ფაღარათი, რომელიც იწვევს წონის მნიშვნელოვან დაკარგვას. ექიმს შეუძლია შეაფასოს თქვენი სიმპტომები და მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელი პრეპარატები შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი არტერიული წნევის დროს. 

 

როგორც არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს, წნევის გამოხატული დაქვეითება გულში ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება იწვევდეს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის პროვოცირებას. ასეთ შემთხვევებში მკურნალმა ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა. 

 

ორსულობის დადგომისას (ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. კარდოსალის® მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო (იხ. პარაგრაფი ~ორსულობა~). 

 

შავკანიანი პაციენტები

როგორც სხვა ანალოგიური სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, შავკანიან პაციენტებში პრეპარატ კარდოსალის® გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითება შეიძლება იყოს ოდნავ დაბალი. 

 

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

თუ ხართ 65 წლის ან უფროსი ასაკის პირი და მკურნალმა ექიმმა მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს ოლმესარტანის მედოქსომილის დოზა 40 მგ-მდე დღე-ღამეში, ძალიან გამოხატული წნევის დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით მან რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა. 

 

ბავშვები და მოზარდები

ჩატარდა კვლევები ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ კარდოსალის® გამოყენებასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს. კარდოსალის® გამოყენება რეკომენდებული არ არის 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, და მისი გამოყენება არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და კარდოსალი®:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

 

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ საშუალებას. 

- არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები, რადგან მათთან ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატ კარდოსალის® ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალი ექიმის მიერ დოზის კორექციის ან/და სიფრთხილის სხვა ზომების მიღების აუცილებლობა:

თუ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (ასევე იხ. ინფორმაცია პარაგრაფებში ~კარდოსალი® უკუნაჩვენებია~ და ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

- კალიუმის დანამატები, მარილის შემცვლელები კალიუმით, შარდმდენი საშუალებები (დიურეზულები) ან ჰეპარინი (შედედების საწინააღმდეგო საშუალება). აღნიშნული სამკურნალო საშუალებების პრეპარატ კარდოსალთან® კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში კალიუმის დონის მომატება. 

- ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევების და ზოგიერი ტიპის დეპრესიის დროს) - კარდოსალი® აძლიერებს მათ ტოქსიურ მოქმედებას ერთდროულად გამოყენებისას. თუ იღებდით ასეთ პრეპარატებს, ექიმი დაგინიშნავთ გამოკვლევას სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გამოსაკვლევად. 

- არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს, გამოიყენება ტკივილის, შეშუპების და ანთების სხვა სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ართრიტების დროს), რომლებიც გამოიყენება პრეპარატ კარდოსალთან® ერთად, შეუძლია გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. აასს-ის გამოყენებისას პრეპარატ კარდოსალის® ეფექტი შეიძლება შემცირდეს. 

- კოლესეველამის ჰიდროქლორიდს – სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატი – შეუძლია დათრგუნოს პრეპარატ კარდოსალის® ეფექტი. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატ კარდოსალის® მიღება კოლესეველამის ჰიდროქლორიდის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე. 

- ზოგიერთი ანტაციდი (გამოიყენება მოუნელებლობის ან გულძმარვის დროს), რადგან პრეპარატ კარდოსალის® ეფექტი შეიძლება მცირედით შესუსტდეს. 

 

პრეპარატ კარდოსალის® მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად:

პრეპარატ კარდოსალის® მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. 

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ორსულობის დადგომისას (ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. სავსებით შესაძლებელია, რომ ექიმი მოგიხსნით პრეპარატ კარდოსალით® მკურნალობას ორსულობის დადგომამდე ან ადრეულ ეტაპზე და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. კარდოსალის® მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრებში მისი მიღება აკრძალულია ნაყოფისთვის მაღალი რისკის გამო.

 

ძუძუთი კვება

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. კარდოსალის® მიღება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ბავშვების შემთხვევაში, და ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი. 

 

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მომატებული არტერიული წნევის მკურნალობის დროს შესაძლებელია ძილიანობა ან გაბრუების შეგრძნება. ამ შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

 

პრეპარატი კარდოსალი® შეიცავს ლაქტოზას 

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის გარკვეული სახეობა). ამიტომ, თუ გაწუხებთ შაქრის გარკვეული სახეობების აუტანლობა, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

  

3. როგორ მიიღება პრეპარატი კარდოსალი®

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის მითითების ზუსტად დაცვით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ დოზირების 1 ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში. თუმცა, მკურნალობაზე ორგანიზმის არასაკმარისი რეაქციის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატ კარდოსალის® დოზა 20-40 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში ან დანიშნოს დამატებითი პრეპარატები. 

თირკმელების მსუბუქი ან საშუალო ხარისხის სიმძიმის დაავადებების დროს პრეპარატ კარდოსალის® დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. 

 

კარდოსალის® მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყლის). თუ შესაძლებელია, მიიღეთ პრეპარატი სადღეღამისო დოზით ყოველდღე ერთსა და იმავე დროს – მაგალითად, საუზმის დროს.

 

6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. თუ არტერიული წნევის სათანადო კონტროლი არ არის მიღწეული, ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარატ კარდოსალის® დოზა 20-40 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.    

 

თუ მიიღეთ პრეპარატ კარდოსალის® საჭიროზე მეტი დოზა 

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები, ან თუ თქვენმა ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა პრეპარატის ტაბლეტ(ებ)ი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კარდოსალის® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ ის დანიშნული დოზით, მეორე დღეს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. 

 

თუ შეწყვიტეთ კარდოსალის® მიღება

მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ კარდოსალის® მიღება მანამ, სანამ მკურნალი ექიმი არ მოგიხსნით მკურნალობას. 

 

მკურნალობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

 

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ჩვეულებრივ, ეს გვერდითი მოქმედება არის მსუბუქი ხარისხის და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.

 

შემდეგი ორი გვერდითი მოქმედება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, მაგრამ შეიძლება მიიღოს მძიმე ფორმა: 

 

პრეპარატ კარდოსალით® მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში (შეიძლება აღინიშოს 1000-დან 1 პაციენტში) ცნობილია ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე:  

სახის, პირის ან/და ხახის (ხმის იოგების) შეშუპება ქავილთან და გამონაყართან ერთად შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატ კარდოსალით® მკურნალობისას. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კარდოსალის® მიღება და მიმართეთ ექიმს. 

 

იშვიათ შემთხვევებში (მაგრამ რამდენადმე უფრო ხშირად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში) კარდოსალს® შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება განსაკუთრებით მგრძნობიარე პირებში ან ალერგიული რეაქციის შედეგად. ეს შეიძლება იწვევდეს ძლიერ თავბრუსხვევას ან გულის წასვლას. აღნიშნული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ კარდოსალის® მიღება, აცნობეთ მკურნალ ექიმს და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა. 

 

ქვემოთ წარმოდგენილია სხვა გვერდითი მოქმედება, რომელიც დღემდე აღინიშნებოდა პრეპარატ კარდოსალით® ნამკურნალებ პირებში: 

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში): 

გაბრუების შეგრძნება, თავის ტკივილი, გულისრევა, მოუნელებლობა, ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, გასტროენტერიტი, სისუსტე, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაჭედვა, ბრონქიტი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ხველა, ტკივილი გულ-მკერდის, ზურგის არეში, ძვლებში ან სახსრებში, საშარდე გზების ინფექცია, კოჭების, ტერფების, ფეხების, ხელის მტევნების ან ხელების შეშუპება, შარდში სისხლის გამოვლენა. 

 

ასევე, შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული ცვლილებები სისხლის ანალიზის მაჩვენებლებში: 

ცხიმების დონის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია), სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ღვიძლისა და კუნთების ფუნქციური სინჯების მომატება. 

 

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში):

დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, რომლებსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მთელ ორგანიზმზე და გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევები, ასევე არტერიული წნევის სწრაფი დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა (ანაფილაქსიური რეაქციები), სახის შეშუპება, თავბრუსხვევა, ღებინება, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი, კანზე ალერგიული ხასიათის გამონაყარი, ქავილი, ეგზანთემა (კანზე გამონაყარი), წარმონაქმნები კანზე (პაპულები), სტენოკარდია (ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები გულ-მკერდის არეში). 

 

სისხლის ანალიზებში აღინიშნება სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებსაც ეწოდება სისხლის ფირფიტები (თრომბოციტოპენია). 

 

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში):

სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების უკმარისობა. 

 

აღინიშნა სისხლის ანალიზის მაჩვენებლების გარკვეული ცვლილებები. მათ რიცხვს მიეკუთვნება სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია), ასევე თირკმლის ფუნქციასთან დაკავშირებული ნივთიერებების შემცველობის მომატება. 

 

დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებსა და მოზარდებში:

ბავშვებში გვერდითი მოვლენები მოზრდილებში აღნიშნულის ანალოგიურია. თუმცა, გაბრუების შეგრძნება და თავის ტკივილი უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში, ხოლო ზოგადი ხასიათის ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა სისხლდენა ცხვირიდან, აღინიშნებოდა მხოლოდ ბავშვებში. 

 

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ 

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში. 

 

5. პრეპარატ კარდოსალის®  შენახვის პირობები

 

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აკრძალულია პრეპარატ კარდოსალის® გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და დასაკეც კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

შენახვის ვადა - 3 წელი.

 

მოცემული პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.  

 

არ ჩაყაროთ პრეპარატები კანალიზაციის მილში. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

 

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.