Nuk
იმუნალი / IMMUNAL®


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 მლ წვეთები შიგნით მიღებისთვის შეიცავს 0,8 მლ წვენს, რომელიც მიღებულია აყვავილებული მეწამული ექინაცეის ახლადმოკრეფილი ბალახისგან (Echinacea purpurea (L.) Moench, succus).
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი, სორბიტოლი.

გამოშვების ფორმა
ფლაკონში 50 მლ წვეთებია დოზირებულ პიპეტთან და ინსტრუქციასთან კომპლექტში მუყაოს კოლოფში.
რა არის იმუნალის წვეთები და რისთვის გამოიყენება ისინი
იმუნალის წვეთების მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს აყვავილებული მცენარე მეწამული ექინაცეას წვენი, რომელიც მიღებულია ახლადმოკრეფილი ბალახისგან.
იმუნალი არის იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი, რომელიც დამზადებულია სამკურნალო მცენარეული ნედლეულისგან.
მეწამული ექინაცეა (Echinacea purpurea (L.) Moench) შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს და მოქმედებენ იმუნიტეტის არასპეციფიკური სტიმულატორების სახით. ლეიკოციტების (გრანულოციტების) რაოდენობის გაზრდითა და ფაგოციტოზის აქტივაციით, პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები თრგუნავენ ადამიანის ორგანიზმში მიკროორგანიზმების გამრავლებას და ხელს უწყობენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებას. გარდა ამისა, დადგენილია მეწამული ექინაცეას ბალახის ანტივირუსული მოქმედება გრიპისა და ჰერპესის გამომწვევებთან მიმართებაში.

გამოყენების ჩვენებები
იმუნიტეტის სტიმულირება;
გაცივებით გამოწვეული დაავადებებისა და გრიპის პროფილაქტიკა და მათგან უსწრაფესი განკურნება;
სასუნთქი გზების გაურთულებელი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება (სურდო, ანგინა, ხველა, სისუსტე);
დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით ქრონიკული ინფექციური დაავადებების ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.

იმუნალის წვეთების გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ იმუნალის წვეთები, თუ თქვენ გაქვთ
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ექინაცეას და რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ (გვირილა, არნიკა, კალენდულა, ფარსმანდუკი);
პროგრესირებადი სისტემური დაავადებები, მაგალითად, ტუბერკულოზი და სარკოიდოზი;
აუტომინური დაავადებები ისეთები, როგორებიცაა კოლაგენოზები და გაფანტული სკლეროზი;
იმუნოდეფიციტი (აივ-ინფექცია, შიდსი);
თერაპია, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, მაგალითად, კიბოს მკურნალობა ან მკურნალობა ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით;
სისხლის სისტემის ნებისმიერი დაავადება ლეიკოციტების დაზიანებით (მაგალითად, ლეიკოზი, ლეიკემია).

იმუნალის წვეთები არ უნდა დაენიშნოს 1 წელზე უმცროს ბავშვებს, რადგან მათი იმუნური სისტემის განვითარება არ არის დასრულებული.

სიფრთხილის ზომები
იმუნალის წვეთების მიღებამდე საჭიროა ექიმისგან რჩევის მიღება, თუ
დაკვირვებულია დაავადების სიმპტომების გაუარესება ან აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა,
ადგილი აქვს ალერგიების მიმართ მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იკითხოთ ექიმის რჩევა.
წვეთების შენახვის დროს (3-6 თვე) შესაძლებელია ხსნარის შემღვრევა ან ფანტელისებრი ნალექის დალექვა, რომელიც შედგება აქტიური პოლისაქარიდებისგან. მოხმარებამდე გულდასმით შეანჯღრიეთ ფლაკონი.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა წამლებს, მათ შორის ურეცეპტოს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
კვლევები მეწამული ექინაცეას და სხვა სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედებაზე არ ჩატარდებულა. თუმცა არ არის რეკომენდირებული იმუნალის წვეთების გამოყენება ისეთი იმუნოსუპრესიული წამლების მიღების პერიოდში, როგორებიცაა ციკლოსპორინი და მეტოტრექსატი.

საკვებისა და სასმელების ზემოქმედება
თქვენ შეგიძლიათ იმუნალის წვეთების მიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იმუნალის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ არ არის. მოცემული პრეპარატის, სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმების მართვა
მონაცემები ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე იმუნალის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

ინფორმაცია იმუნალის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ 
პრეპარატი შეიცავს ეთანოლს 20 % (მოც./მოც.) და სორბიტოლს.

როგორ უნდა მიღებულ იქნას იმუნალის წვეთები
მიღება უნდა დაწყებულ იქნას დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისას. 
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები და, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტები: 2,5 მლ წვეთი 3 ჯერ დღეში.
6-12 წლის ბავშვები: 1,5 მლ წვეთი 3 ჯერ დღეში. 
1-6 წლის ბავშვები: 1 მლ წვეთები 3 ჯერ დღეში.
1 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ "არ მიიღოთ იმუნალის წვეთები").

გამოყენების წესი
შიგნით მიღებისთვის.
მიღებამდე საჭირო რაოდენობის წვეთები უნდა განზავებულ იქნას წყლის მცირე მოცულობაში. მიიღება კვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მიღების ხანგრძლივობა
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. 14 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეიძლება განახლებულ იქნას.
თუ სიმპტომები შენარჩუნებულია 10 დღეზე მეტი ხნით, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის კითხვა.

ჭარბი დოზირება
მეწამული ექინაცეას ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი.
თუ ჭარბი დოზირების შემდეგ აღინიშნება არასასურველი ეფექტები, მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ იმუნალის წვეთების მიღება
თუ თქვენ დაგავიწყდათ იმუნალის წვეთების მიღება, მიიღეთ ისინი პირველივე შესაძლებლობისას. შემდგომ განაგრძეთ მკურნალობა მანამდე არსებული სქემის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის ანაზღაურების მიზნით.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა წამლის მსგავსად, იმუნალის წვეთებსაც შეუძლია არასასურველი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების სიხშირე უცნობია. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გაჩნდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ვლინდება კანის გამონაყარის, ქავილის, სახის შეშუპებულობის, ბრონქოსპაზმის (გულმკერდში მოჭერის შეგრძნება, ხიხინები და ქოშინი), ასთმის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის (კანის მტკივნეული რეაქცია ალერგიული რეაქციის შედეგად), ანაფილაქსიური შოკის სახით. ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ შეწყვიტეთ წამლის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ხანგრძლივი გამოყენების დროს (8 კვირაზე მეტი) აღწერილია ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტები სერიოზული ხდება ან თქვენ შეამჩნევთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის დროს შესაძლებელია ხსნარის შემღვრევა ან ფანტელისებრი ნალექის დალექვა, რომელიც შედგება აქტიური პოლისაქარიდებისგან. მოხმარებამდე ფლაკონი გულდასმით შეანჯღრიეთ. 
სამკურნალო პრეპარატები ყოველთვის შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში და არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც დაბეჭდილია შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის ვადად ითვლება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. იკითხეთ თქვენს ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ზედმეტი წამლები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?