Nuk
ლანსოლი ® / LANSOL ®


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ლანსოპრაზოლის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ლანსოლი ბენზიმიდაზოლიდან წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტალურ უჯრედებში მეტაბოლიზდება და ახდენს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+- K+- ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას. ამცირებს პეფსინის გამომუშავებას, განსაკუთრებით პრეპარატის ძილის წინ მიღებისას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით, ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. ლანსოლი არ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, მაგრამ ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა. ლანსოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 1,5-2,2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. ლანსოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.

ჩვენებები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- რეფლუქს - ეზოფაგიტი;
- ზოლინგერ - ელისონის სინდრომი;
- სტრესული წყლულები;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭის ლორწოვან გარსში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას.

მიღების წესები და დოზები
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ - წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში. კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ ორჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში. ზოლინგერ - ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლი/სთ-ში დონის მიღწევამდე.

გვერდითი მოვლენები
დიარეა, მუცლის ტკივილი, იშვიათად - შეკრულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფარინგიტი, რინიტი, კანზე გამონაყარი, დეპრესია, მიალგია.

უკუჩვენება
- პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;
- ორსულობა;
- ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ საჭიროა ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნების გამოსარიცხად, რადგან ლანსოლით თერაპიამ შესაძლებელია დაავადების კლინიკური სურათის წაშლა გამოიწვიოს. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში. ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება ლანსოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ. ლანსოლი არ ახდენს გავლენას დიაზეპამის, პროპრანოლოლის, ვარფარინის, პრედნიზოლონის, ფენიტოინისა და თეოფილინის მეტაბოლიზმზე. პერორალურ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას. ლანსოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 000483 08.08.2005

სად შევიძინოთ?