Nuk
ლაზოლვანი / Lasolvan


შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს: 

აქტიურ ნივთიერებას: 7,5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი (E339), ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

 

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო ხსნარი. 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 

ამოსახველებელი საშუალება, ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციის გარდა.

მუკოლიზური საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB06.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

კლინიკამდელი კვლევებით ნაჩვენებია, რომ ლაზოლვანის აქტიური ნივთიერება, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, ასტიმულირებს ბრონქული სეკრეტის სეროზული კომპონენტის სეკრეციას. ის ასევე ზრდის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების სეკრეციას II ტიპის პნევმოციტებზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგად, რომლებიც მდებარეობს ალვეოლებსა და კლარას უჯრედებში ბრონქიოლებში, ასევე ასტიმულირებს მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას. აღნიშნული ეფექტები იწვევს ნახველის სიბლანტის შემცირებას და მუკოცილიარული კლირენსის გაუმჯობესებას. 

მუკოცილიარული კლირენსის გაუმჯობესება დადასტურებულია კლინიკურ-ფარმაკოლოგიური კვლევებით. ნახველის სეროზული კომპონენტის სეკრეციის გაზრდა და მუკოცილიარული კლირენსის გაძლიერება ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას და აადვილებს ხველას. 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც 6 თვის განმავლობაში იღებდნენ ლაზოლვანს, 75 მგ პროლონგირებული მოქმედების კაფსულების სახით, მკურნალობის მე-2 თვის ბოლოს აღინიშნებოდა გამწვავებების სარწმუნო შემცირება პლაცებოსთან შედარებით. ლაზოლვანის ჯგუფის პაციენტებში აღინიშნებოდა დაავადებათა დღეების სარწმუნო შემცირება და ანტიბაქტერიული საშუალებების მიღების დღეების რაოდენობის შემცირება. ლაზოლვანის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით, ასევე აღინიშნებოდა ისეთი შესაფასებელი სიმტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როგორიცაა ნახველის ევაკუაციის გაძნელება, ხველა, ქოშინი და აუსკულტაციური სიმპტომები.

 

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აღინიშნებოდა ბოცვერის თვალის მოდელზე ჩატარებულ კვლევებში, რაც, სავარაუდოდ,  დაკავშირებულია პრეპარატის მიერ ნატრიუმის არხების ბლოკირების უნართან. ინ ვიტრო ტესტებმა აჩვენა, რომ პრეპარატი შექცევადად და დოზადამოკიდებულად ბლოკავს ნეირონულ ნატრიუმის არხებს.

 

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ინ ვიტრო ტესტებში იგი მნიშვნელოვნად ამცირებდა ციტოკინების გამოთავისუფლებას მოცირკულირე და ქსოვილური მონონუკლეური და პოლიმორფონუკლეური უჯრედებიდან.

 

ყელის ტკივილის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში საწუწნი ტაბლეტების სახით 20 მგ ამროქსოლის ჰირდოქლორიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა ყელის ტკივილის და შეწითლების მნიშვნელოვანი შემცირება.

 

ამ ფარმაკოლოგიურ თვისებებს ამტკიცებს ეფექტურობის კლინიკური კვლევების დროს მიღებული დამატებითი დაკვირვება, რომ ამბროქსოლის ინჰალაცია ზედა სასუნთქი გზების დარღვევების მკურნალობისას უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ შემსუბუქებას.  

 

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენება ზრდის ნახველსა და ბრონქულ სეკრეტში ისეთი ანტიბიოტიკების კონცენტრაციას, როგორიცაა ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი და დოქსიციკლინი. მოცემული ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

 

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ყველა პერორალური ფორმის აბსორბცია სწრაფია და საკმაოდ სრულია ხაზოვანი დამოკიდებულებით თერაპიულ დიაპაზონში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაუყოვნებელი გამოთავისუფლების სამკურნალწამლო ფორმის შიგნით მიღებიდან 1-2,5 საათში და პროლონგირებული მოქმედების სამკურნალწამლო ფორმის მიღებიდან საშუალოდ 6,5 საათში. 

 

30 მგ ტაბლეტების მიღების შემდეგ აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა 79%-ს. პროლონგირებული მოქმედების კაფსულების ფარდობითი ბიოშეღწევადობა შეადგენდა 95%-ს (ნორმალიზებული დოზა), დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების დღე-ღამის დოზის 60 მგ-ის (30 მგ ორჯერ დღეში) მიღებასთან შედარებით.  

 

განაწილება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის განაწილება სისხლიდან ქსოვილებში ხდება სწრაფად და ეფექტურად, ამასთან, მოქმედი ნივთიერების ყველაზე მაღალი კოცენტრაცია აღმოჩენილია ფილტვებში. განაწილების მოცულობა შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 552 ლ-ს. 

თერაპიულ დიაპაზონში პლაზმაში ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 90%-ს.

 

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

შიგნით მიღებული დოზის დაახლოებით 30% გამოიყოფა პრესისტემური მეტაბოლიზმის შედეგად.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმი ძირითადად ხდება ღვიძლში გლუკურონირების გზით და ნაწილობრივი დაშლით დიბრომანტრანილის მჟავამდე (დოზის დაახლოებით 10%). ადამიანის ღვიძლის მიკროსომების კვლევამ აჩვენა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე დიბრომანტრანილის მჟავად პასუხისმგებელია ჩYP3A4.

3 დღის განმავლობაში პერორალური მიღების შემთხვევაში დოზის დაახლოებით 6% აღმოჩენილია თავისუფალი ფორმით, 26% კი აღინიშნება შარდში კონიუგატების ფორმით. 

ორგანიზმიდან ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 საათს. საერთო კლირენსი არის 660 მლ/წთ დიაპაზონში, თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს საერთო კლირენსის დაახლოებით 83%-ს. 

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სპეციალურ ჯგუფებში

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყოფა დაქვეითებულია, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის გაზრდას დაახლოებით 1,3-2 ჯერ. 

 

ამბროქსოლის ფარმაკოკინეტიკა კლინიკური მნიშვნელობით არ არის დამოკიდებული ასაკსა და სქესზე, შესაბამისად დოზის კორექტირებას არ საჭიროებს.

 

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვებზე. 

 

გამოყენების ჩვენება

სეკრეტოლიზური თერაპია ნახველის ფორმირებისა და გამოყოფის დარღვევით გამოწვეული ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. 

 

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკიდან: 2-3 მლ ხსნარი 1-2 ჯერ დღეში (შეესაბამება 15-22.5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 1-2 ჯერ დღეში).

 

არ შეიძლება ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის მიღება 4-5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 

 

გამოყენების წესი

ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თანამედროვე საინჰალაციო მოწყობილობებში (მაგალითად, კომპრესორული და ულტრაბგერითი), გარდა ორთქლის ინჰალატორებისა. ხსნარის გაცხელება 80◦ჩ-მდე 10 წუთის განმავლობაში არ ახდენს უარყოფით გავლენას სტაბილურობაზე. 

 

ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის შერევა შეიძლება ფიზიოლოგიურ მარილიან ხსნარებთან და ბეტა-სიმპათომიმეტიკებთან.

 

არ შეიძლება ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის შერევა კრომოგლიცის მჟავასთან. გარდა ამისა, რეკომენდებული არ არის პრეპარატის შერევა სხვა ხსნარებთან, მაგალითად, ტუტე ზღვის საინჰალაციო წყალთან, თუ შედეგად მიიღება 6,3-ზე მაღალი პH-ის მქონე ნარევი. მომატებული პH მნიშვნელობა შეიძლება იწვევდეს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის თავისუფალი ფუძის დალექვას ან ხსნარის ამღვრევას. 

 

ინჰალატორიდან გამოსული ჰაერის მაქსიმალური დატენიანების მიღების მიზნით ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარს ურევენ ფიზიოლოგიურ მარილიან ხსნართან თანაფარდობით 1:1. 

 

საინჰალაციო ხსნარი არის იზოტონური, ამიტომ არ ახდენს უარყოფით გავლენას ლორწოვან გარსებზე. მიუხედავად ამისა, თავად ინჰალაციის შედეგად შესაძლებელია ხველის გამოწვევა, ამიტომ ინჰალაციის დროს რეკომენდებულია ისუნთქოთ თავისუფალ რეჟიმში. 

ინჰალაციის წინ ხსნარი უნდა შეათფოთ სხეულის ტემპერატურამდე. 

 

გვერდითი მოქმედება

სამკურნალო საშუალების არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (1/10), ხშირად (1/100, <1/10); არც ისე ხშირად (1/1000, <1/100); იშვიათად (1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის შეფასება).

 

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი. 

 

ნერვული სისტემის მხრივ: 

ხშირად: დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირად: გულისრევა, პირის ღრუში დაბუჟების შეგრძნება. 

არახშირად: ღებინება, დიარეა, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, სიმშრალე პირის ღრუში. 

იშვიათად: სიმშრალე ყელის არეში. 

ძალიან იშვიათად: სიალორრეა (ჭარბი ნერწყვდენა). 

 

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ

ხშირად: ყელის არეში დაბუჟების შეგრძნება.

ძალიან იშვიათად: ქოშინი და ბროქნოსპაზმი (ჩვეულებრივ, სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში). 

უცნობია: ქოშინი (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომის სახით).  

 

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

იშვიათად: გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

სიხშირე უცნობია: კანის მძიმე რეაქციები (მათ შორის, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

 

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: 

არც ისე ხშირად: ციებ-ცხელება, რეაქციები ლორწოვანი გარსის მხრივ.

 

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ არასასურველ რეაქციებზე ეჭვის შესახებ შეტყობინების გაგზავნა პრეპარატის ~სარგებელი-რისკის~ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკმა განაცხადოს ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე ეჭვის შესახებ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციებისა და არაეფექტურობის შეტყობინებათა ეროვნული სისტემების საშუალებით. 

რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ პაციენტმა კონსულტაცია გაიაროს ექიმთან. მოცემული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ, მათ შორის შეტყობინება სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შესახებ, სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფომრაციო ბაზაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.  

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის, ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ. 

 

6 წლამდე ასაკის ბავშვებში ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 

 

6 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირება დადგენილი არ არის. ამ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება დაინიშნოს ლაზოლვანი სიროფი ან/და ლაზოლვანი წვეთები. 

 

დოზის გადაჭარბება

ადამიანში დოზის გადაჭარბების სიმპტომები აღწერილი არ არის. დოზის შემთხვევით გადაჭარბების ან ექიმის შეცდომის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეესაბამება ცნობილ გვერდით მოქმედებას რეკომენდებული დოზებით მიღებისას. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა. 

 

სიფრთხილის ზომები

ინჰალაციის დროს არსებობს ბრონქოსპაზმური რეაქციის რისკი, ამიტომ ლაზოლვანი საინჰალაციო ხსნარის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქების ცნობილი ჰიპერაქტივობით ან/და ატოპიით. 

 

ცნობილია კანის მძიმე დაზიანების განვითარების შესახებ, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამბროქსოლს. 

კანზე პროგრესირებადი რეაქციის სიმპტომების შემთხვევაში (რაც ზოგჯერ დაკავშირებულია ბუშტუკების წარმოქმნასთან და ლორწოვანი გარსების დაზიანებასთან) საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატით მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. 

 

ბრონქების მოტორიკის დარღვევის და უხვი ბრონქული სეკრეტის მქონე პაციენტებში (მაგალითად, პირველადი ცილიარული დისკინეზიის იშვიათი სინდრომის დროს) ლაზოლვანი გამოიყენება სიფრთხილით, რადგან არსებობს ნახველის დაგროვების რისკი.

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარვევების შემთხვევაში ლაზოლვანი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სამკურნალო საშუალება მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ღვიძლში წარმოქმნილი ამბროქსოლის მეტაბოლიტების დაგროვება.

 

ლაზოლვანი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტს, რომელმაც ინჰალაციის დროს შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი. 

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი გადის პლაცენტურ ბარიერს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონალურ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე. 28 კვირაზე მეტი ვადის ორსულებში პრეპარატის გამოყენების ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა ნაყოფზე ნეგატიური მოქმედების მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ორსულობის პერიოდში ნებისმიერი სამკურნალო საშუალების დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის საერთო წესების დაცვა. ლაზოლვანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. 

 

ძუძუთი კვების პერიოდი

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამბროქსოლი გამოიყოფა დედის რძეში. გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

 

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური გავლენა ფერტილობაზე.

 

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა. 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

ლაზოლვანის და ხველის დამთრგუნველი პრეპარატების ერთდროული გამოყენება შეიძლება იწვევდეს ნახველის საშიშ დაგროვებას სასუნთქ გზებში ხველის რეფლექსის შესუსტების გამო. აღნიშნული კომბინაცია ინიშნება მხოლოდ რისკისა და სარეგებელის გულდასმით შეფასების შემდეგ.  

 

შეფუთვა

საინჰალაციო ხსნარი 7.5 მგ/მლ.

100 მლ მუქი მინის ფლაკონში პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით პირველი გახსნის კონტროლით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ ჭიქასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

 

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

ვარგისობის ვადა

3 წელი. 

ვარგისობის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 12 თვე.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა  

რეცეპტის გარეშე. 

სად შევიძინოთ?