Nuk
ნეოაგრეგანი / NEOAGREGAN


შემადგენლობა
პრეპარატის ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 15.2 მგ-ს ანაცეტილსალიცილის მჟავას 150 მგ-სა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის 30.39 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ანტიაგრეგანტული მოქმედების, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული(ასას) კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატი. 
აცეტილსალიცილის მჟავა შეუქცევადად აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (ცოგ-1), ამცირებს  თრომბოქსან A2-ის სინთეზს, რის შედეგადაც ქვეითდება თრომბოციტების აგრეგაციის უნარი. 
ამასთან, აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან ზედაპირს აცეტილსალიცილის მჟავას ზემოქმედებისაგან, რის შედეგადაც მცირდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

ფარმაკოკინეტიკა
აცეტილსალიცილის მჟავა პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, სწრაფად გარდაიქმნება სალიცილის მჟავად ნაწლავში, ღვიძლსა და პლაზმაში, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3 საათს შეადგენს. აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია, ხოლო სალიცილის მჟავასთვის – 80-100%. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. მაგნიუმის ჰიდროქსიდი (აღნიშნული დოზა) არ მოქმედებს აცეტილსალიცილის მჟავას ბიოშეღწევადობაზე.

ჩვენება 
ნეოაგრეგანი გამოიყენება თრომბოციტების მომატებული აგრეგაციით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისათვის:
- თრომბოზი და ემბოლია;
- არასტაბილური სტენოკარდია;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- შაკიკი;
- გულის მწვავე უკმარისობა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტონია, სიმსუქნე, მოწევა, ასაკიანი პაციენტები);
- თავის ტვინის  იშემიური ტიპის სისხლის მიმოქცევის დარღვევები (მათ შორის იშემიური ინსულტი);
- სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო-ემბოლიური გართულების პროფილაქტიკა (აორტო-კორონალური შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონალური ანგიოპლასტიკა).

უკუჩვენება 
- ანამნეზში თავის ტვინის სისხლჩაქცევა;
- ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლჩაქცევა;
- მიდრეკილება სისხლდენებისადმი (ვიტამინი K-ს უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი და სხვა);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- სალიცილატებისა და ასას მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- თირკმლის უკმარისობა(კკ < 10 მლ/წთ);
- ორსულობის I და III ტრიმესტრი;
- ლაქტაციის პერიოდი;
- 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები; 
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ნეოაგრეგანი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, ჰიპერურიკემიით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებით ან სისხლდენით, თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობით, ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, ალერგიული მდგომარეობებისას, ორსულობის II ტრიმესტრში.

უსაფრთხოების ზომები
აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა, ბრონქოსპაზმის, ბრონქული ასთმის შეტევის ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პროვოცირება მოახდინოს პაციენტებში ანამნეზში ბრონქული ასთმით, თივის ცხელებით, ცხვირის პოლიპოზით, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით ან სხვა პრეპარატებზე ალერგიული რეაქციებით.  
აცეტილსალიცილის მჟავამ, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის სისხლდენა ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდგომ პერიოდში.
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზით მიღებამ, შესაძლოა მოახდინოს ნიკრისის ქარის (პოდაგრა) პროვოცირება პაციენტებში, შარდოვანას შემცირებული ექსკრეციით.
აცეტილსალიცილის მჟავას, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური ეფექტი, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით მკურნალობის დროს.
პრეპარატის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
აცეტილსალიცილის მჟავას და ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება (შესაძლოა სისხლიანი ჩანართებით), ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გაძლიერებული ოფლდენა, კუჭის ტკივილი, სუნთქვის გახშირება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ცნობიერების დაბინდვა. მძიმე შემთხვევებში – ცხელება, ჰიპერვენტილაცია, კეტოაციდოზი, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობა, გამოხატული ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა: მსუბუქ შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სხვა შემთხვევაში - სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის I და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
მაღალი დოზით სალიცილატების მიღება ორსულობის სხვადასხვა პერიოდში იწვევს ნაყოფის დეფექტურ განვითარებას და უარყოფით გავლენას ახდენს მშობიარეზე. ორსულობის II ტრიმესტრში, პრეპარატის დანიშვნისას, მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რისკისა და სარგებლის ბალანსი. 
სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი დროით ან მაღალი დოზით დანიშვნის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ნეოაგრეგანის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე არ არის დადგენილი. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ერთდროული მიღებისას, აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოტრექსატის, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების, დიგოქსინის, ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ვალპროის მჟავას მოქმედებას.   
გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და სალიცილატების ერთდროული მიღებისას პლაზმაში მცირდება სალიცილატების დონე, ხოლო გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სალიცილატების დოზის გადაჭარბება.
აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავასა და იბუპროფენის ერთდროული მიღება.
აცეტილსალიცილის მჟავას ალკოჰოლთან ერთდროული მიღება ზრდის სისხლდენის დროის გახანგრძლივებისა და  საჭმლის მომნელებელი სისტემის  ლორწოვანი ზედაპირის დაზიანების რისკს.

დოზირება და მიღების წესი
ნეოაგრეგანის ტაბლეტი მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ტაბლეტის გაყოფა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკისთვის პირველ დღეს ინიშნება 150 მგ/დღეში ერთხელ (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით), ხოლო შემდეგ – 75 მგ/დღეში ერთხელ.
განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტისა და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკის დროს, ასევე არასტაბილური სტენოკარდიისას ინიშნება 75-150 მგ ერთხელ დღეში (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით).
სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი თრომბო-ემბოლიური გართულების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 75-150 მგ ერთხელ დღეში (აცეტილსალიცილის მჟავას შემცველობის მიხედვით).

გვერდითი მოვლენები
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები ცალკეულ შემთხვევაში ვითარდება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულძმარვა, გულისრევა, ღებინება; იშვიათად – ტკივილი მუცლის არეში, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული დაზიანება;  ზოგიერთ შემთხვევაში - სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხშირად – გახანგრძლივებული სისხლდენა; იშვიათად – ანემია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აპლაზიური ანემია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი.
ალერგიული რეაქციები: ხშირად – ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქცია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი.
ცნს-ს მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ხმაური ყურებში, ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! 

გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი - აცეტილსალიცილის მჟავა 75 მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15.2 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
გარსით დაფარული ტაბლეტი - აცეტილსალიცილის მჟავა 150 მგ და მაგნიუმის ჰიდროქსიდი 30.39 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

სად შევიძინოთ?