Nuk
ქსილაზოლი / XYLAZOL

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): xylometazoline, dexpanthenol
  • მწარმოებელი კომპანია: World Medicine ilac san ve tic as
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: (1მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი ბავშვებისათვის

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.5 მგ, დექსპანტენოლი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ბენზალკონის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 1 მგ, დექსპანტენოლი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ბენზალკონის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის კოდი ათქ   R01АВ06

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

შეშუპების საწინააღმდეგო და ადგილობრივი გამოყენების სხვა პრეპარატები ცხვირის ღრუს დაავადებების დროს. ქსილომეტაზოლინი სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელ ჯგუფს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტული აქტივობით, იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, აღადგენს ჰაერის გამტარობას ცხვირიდან, ამსუბუქებს სუნთქვას. პრეპარატის მოქმედება ჩვეულებრივ იწყება მისი გამოყენებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და გრძელდება 10 საათამდე.

დექსპანტენოლი – B ჯგუფის ვიტამინი – პანტოტენის მჟავას წარმოებული. ასტიმულირებს ლორწოვანი გარსების რეგენერაციას, აწესრიგებს უჯრედოვან მეტაბოლიზმს, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს. ფლობს მარეგენირებელ, მეტაბოლურ და მსუბუქ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

ქსილომეტაზოლინი ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაცია შრატში იმდენად მცირეა, რომ მისი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

დექსპანტენოლი ადგილობრივი გამოყენებისას სწრაფად აბსორბირდება კანით და გარდაიქმნება პანტოტენის მჟავად, რომელიც უკავშირდება შრატის ცილებს (ძირითადად – β-გლობულინთან და ალბუმინთან). მისი კონცენტრაცია სისხლში შეადგენს 0.5-1 მგ/ლ, სისხლის შრატში – 100 მკგ/ლ. პანტოტენის მჟავა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში (Ко-A-ში ჩართვის გარდა), გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს რინიტის ნიშნებით, მწვავე ალერგიული რინიტის, ვაზომოტორული რინიტის, სინუსიტის, შუა ყურის ანთების (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპების შემცირების მიზნით) დროს, რინოსკოპიის ჩატარების გაადვილების მიზნით, ცხვირის ღრუს არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცხვირიდან დარღვეული სუნთქვის აღსადგენად.

გამოყენების წესი და დოზები

ინტრანაზალური გამოყენებისათვის.

ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი ბავშვებისათვის

პრეპარატი გამოიყენება 2-დან 6 წლამდე ბავშვთა ასაკში, ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში არაუმეტეს 3-ჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ რეაქციაზე.

ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში არაუმეტეს 3-ჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ რეაქციაზე.

ქსილაზოლის გამოყენება არ უნდა მოხდეს 7 დღეზე მეტი პერიოდით, განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი: გამფრქვევიდან იხსნება დამცავი თავსახური. სპრეის პირველ გამოყენებამდე საჭიროა გამფრქვევზე რამდენჯერმე დაჭერა, პრეპარატის თანაბარ გამოფრქვევამდე. შემდგომი გამოყენებისას ფლაკონი მზად არის გამოყენებისათვის.

გამოყენებამდე საჭიროა ცხვირის გასუფთავება, გამფრქვევის შეყვანა ცხვირში. ფლაკონი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვა. გამოყენების შემდეგ საჭიროა გამფრქვევის გაწმენდა და დამცავი თავსახურის დაფარება.

უკუჩვენებები

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

-მშრალი რინიტი;

-თავის ტვინის გარსებზე ქირურგიული ჩარევა (ანამნეზში);

-2 წლამდე ბავშვთა ასაკი (ცხვირის სპრეი ბავშვებისათვის);

-6 წლამდე ბავშვთა ასაკი (ცხვირის სპრეისათვის)

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, მაგრამ  < 1/10), არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ    <1/100), იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

სუნთქვის სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – დროებითი მსუბუქი გაღიზიანება (წვა ან ცხვირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე), ლორწოვანი გარსის შეშუპების გაძლიერება პრეპარატის ეფექტის შემცირებისას (რეაქტიული ჰიპერემია), ცხვირიდან სისხლდენა.

ნერვული სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – თავის ტკივილი, შფოთვა, უძილობა, დაღლა (ძილიანობა).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: იშვიათი – გულისძგერა, გახშირებული გულის რითმი და არტერიული წნევის მატება; ძალიან იშვიათი – არითმია.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრიდან: ძალიან იშვიათი – კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).

იმუნური სისტემის მხრიდან: არახშირი – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება).

ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და/ან გაღიზიანება, წვა, ჩხვლეტა, ცემინება, ჰიპერსეკრეცია, ალერგიული რეაქციები, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღებინება, თავის ტკივილი, მშრალი რინიტი, გულისძგერის შეგრძნება, არტერიული წნევის მატება, უძილობა, მხედველობის დარღვევა, დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

-მაო-ს ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას;

-მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით კი დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს;

-გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დარღვევა (მაგალითად, კორონარული დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია);

-ფეოქრომოციტომა;

-ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მაგალითად, ჰიპერთირეოზი, დიაბეტი);

-პორფირია;

-წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

ხანგრძლივი ან მაღალი დოზების გამოყენებისას არ უნდა მოხდეს ქსილაზოლის სისტემური ეფექტის გამორიცხვა, მათ შორის, ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია დაირღვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარი, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ან პოტენციურად საშიში საქმიანობისაგან თავის შეკავება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ქსილაზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში, რადგანაც პაციენტთა ამ ჯგუფში ქსილომეტაზოლინის გამოყენების მონაცემები არ არის.

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძით, ამიტომ ქსილაზოლის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება პედიატრიაში

ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი ბავშვებისათვის, უკუნაჩვენების 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი, უკუნაჩვენების 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ მაო-ს ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან ტრანილციპრომინთან, შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ამ პრეპარატების ზემოქმედების შედეგად. 

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის ან შემთხვევით შიგნით მიღებისას, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გუგების შევიწროება (მიოზი), გუგების გაფართოება (მიდრიაზი), გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ცხელება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, სისხლძარღვოვანი უკმარისობა, გულის გაჩერება, ჰიპერტენზია, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის ფუნქციის დარღვევა, ჰალუცინაციები.

პაციენტებს ასევე შესაძლებელია განუვითარდეთ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომები, რასაც თან ახლავს ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის შემცირება, ბრადიკარდია, შოკი, სუნთქვის გაჩერება და კომა.

მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ფილტვების ჟანგბადოვანი ვენტილაცია. არტერიული წნევის დასაწევად ინიშნება 5 მგ ფენტოლამინი 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, ვენაში ნელი შეყვანის გზით ან 100 მგ ფენტოლამინი შიგნით. სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები უკუნაჩვენებია. საჭიროებისას გამოიყენება სიცხის დამწევი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

გამოშვების ფორმა

ცხვირის სპრეი 10 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში, გამფრქვევით და დამცავი თავსახუთი. 

1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 12 კვირის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?