Nuk
ზოდაკი / Zodac


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . . 10 მგ

წვეთები პერორალურად მისაღები: ფლაკონში 20 მლ.
 1 მლ
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . . 10 მგ

სიროფი: ფლაკონში 100 მლ.
5 მლ
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი . . . .  5 მგ 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება,  H1 –ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცეტირიზინი მიეკუთვნება ჰისტამინის ანტაგონისტთა ჯგუფს, ბლოკავს H1 –ჰისტამინის რეცეპტორებს. პრაქტიკულად არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ ეფექტს. აქვს გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, აფერხებს ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო ეფექტი. გავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების ადრეულ სტადიაზე, აგრეთვე ამცირებს ანთებითი უჯრედების მიგრაციას, თრგუნავს გვიან ალერგიულ რეაქციებში მონაწილე მედიატორების გამოყოფას, ამცირებს კაპილარების შეღწევადობას, აფერხებს ქსოვილების შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს, აღმოფხვრის ჰისტამინის მიერ სპეციფიკური ალერგენების შეყვანაზე, აგრეთვე სიცივეზე (სიცივისგან გამოწვეულ ჭინჭრის ციებაზე) წარმოქმნილ კანის რეაქციებს. თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ ავლენს სედატიურ ეფექტს, არ ვითარდება ტოლერანტობა.
პრეპარატის მოქმედება იწყება: ავადმყოფთა 50%-ში 20 წუთის, ავადმყოფთა 95%-ში - 1 საათის  შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: პერორალურად მიღებისას ცეტირიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კონცენტრაციის მაქსიმალური დონე მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ.
განაწილება: ცეტირიზინი 93%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს; არ გადის ჰემატოენცეფალურ Bბარიერს. 
მეტაბოლიზმი: ცეტირიზინი სუსტად მეტაბოლიზდება ღვიძლში შემდეგი არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით.
10 მგ დოზით 10-დღიანი გამოყენების პირობებში პრეპარატის დაგროვება არ დასტურდება.
გამოყოფა: თითქმის 70% გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით.
სისტემური კლირენსის სიდიდე შეადგენს დაახლოებით 54 მლ/წთ. 
ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 საათს. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იკლებს 5-6 საათამდე.
თირკმლების ფუნქციის დარღვევისას (კრეტინინის კლირენსი ნაკლებია 11-31 მლ/წთ-ზე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 7 მლ/წთ-ზე ნაკლებია) ნახევარგამოყოფის პერიოდი მატულობს სამჯერ, კლირენსი მცირდება 70%-ით.

ჩვენებები
. სეზონური და მთელი წლის განმავლობაში ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი;
. ალერგიული დერმატოზი ქავილით;
. პოლინოზი (თივის ციება);
. ჭინჭრის ციება (მათ შორის ქრონიკული, იდიოპათური);
. კვინკეს შეშუპება.

დოზირების რეჟიმი
მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. 
მიღების წინ წვეთები იხსნება წყალში. 
მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ზევით: 10 მგ ცეტირიზინი (1 ტაბლეტი ან 20 წვეთი  ან 2 საზომი კოვზი სიროფი) ყოველდღიურად, უმჯობესია საღამოს;
ბავშვებს 6-დან 12 წლამდე: – 10 მგ ცეტირიზინი (20 წვეთი ან 1 ტაბლეტი ან 2 საზომი კოვზი სიროფი) ერთხელ დღე-ღამეში ან 5 მგ ცეტირიზინი (10 წვეთი ან 1/2 ტაბლეტი ან 1 საზომი კოვზი სიროფი) ორჯერ დღე-ღამეში, დილა-საღამოს.
ბავშვებს 2-დან 6 წლამდე: – 5 მგ ცეტირიზინი (10 წვეთი ან 1 საზომი კოვზი სიროფი) ერთხელ დღე-ღამეში ან 2.5 მგ ცეტირიზინი (5 წვეთი ან 1/2 საზომი კოვზი სიროფი) 2-ჯერ დღე-ღამეში, დილა-საღამოს.
ბავშვებს 1-დან 2 წლამდე: – 2.5 მგ ცეტირიზინი (5 წვეთი) 2-ჯერ დღე-ღამეში.
თირკმლის უკმარისობის დროს: საჭიროა რეკომენდებული დოზა 2-ჯერ შემცირდეს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას: საჭიროა დოზირების შემცირება 5 მგ-მდე (10 წვეთი) დღე-ღამეში.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც თირკმლების ფუნქცია არ აქვთ დარღვეული, დოზის კორექტირება არ ხდება.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია);
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, შაკიკი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი  კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი. პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება და მათ აქვთ სწრაფად წარმავალი ხასიათი.

უკუჩვენებები
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; 2 წლამდე ასაკი, (ტაბლეტირებული ფორმისათვის - 6 წლამდე ასაკი); ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების პერიოდი.
სიფრთხილის დაცვით: თირკმლის ქრონიკული საშუალო ან მძიმე უკმარისობა (საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია), ხანდაზმული ასაკი (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის შემცირება).

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის მანძილზე საჭიროა თავი შეკავება იმ სახეობის საქმიანობისაგან, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
არაა რეკომენდებული ცნს-ის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება.
წვეთები არ შეიცავს შაქარს (დასატკბობად გამოიყენება საქარინი);
სიროფის 10 მლ. შეიცავს 3.0 გ. სორბიტოლს, რაც შეესაბამება 0.25 პურის ერთეულს.

სად შევიძინოთ?