Nuk
20 მარტი - პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

თარიღი: 20 მარტი, 2018

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე (WOHD)   ყოვეწლიურად 20 მარტს აღინიშნება. საერთაშორისო კამპანია პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებზე  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. ამასთანავე ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისათვის.

ამ დღეს ადამიანები განსაკუთრებულად ერთობიან,  იცინიან და მღერიან!

მოსახლეობის 90%-ს სიცოცხლის მანძილზე შესაძლოა პირის ღრუს დაავადებები გამოუვლინდეს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ადამიანთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებითა და სხვადასხვა პრევენციული თუ სამკურნალო პროგრამების განხორციელებით. 2018 წლის მთავარი გზავნილია - იფიქრე პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, რომელიც შემდგომი 3 წლიანი კამპანიის პირველი თემაა. 

                   

თემა ფოკუსირდება 4 ძირითად შეტყობინებაზე:

Ø პირის ღრუს ჯანმრთელობა  გაცილებით მეტია,  ვიდრე ლამაზი ღიმილი;

Ø პირის ღრუსა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული; 

Ø პირის ღრუ შეუძლებელია იყოს იზოლირებული მთლიანი ორგანიზმისგან;

Ø უმეტესწილად პირის ღრუს დაავადებებს სხვა დაავადებებთან საერთო რისკ- ფაქტორები აქვთ.[i]

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე (WOHD) გლობალური ინფორმირებულობის კამპანიას წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს მოზრდილებსა და ბავშვებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის. 

ყოველ წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კონკრეტულ თემაზეა ფოკუსირებული. იგი მიმართავს საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პირის ღრუს დაავადებათა ტვირთის შემცირებაზე.

Celebrate #WorldOralHealthDay this 20 March and be part of the global movement.

აღნიშნე#პირისღრუსჯანმრთელობისმსოფლიოდღე 20 მარტს და გახდით გლობალური მოძრაობის მონაწილე.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე პირველად ოფიციალურად 2007 წლის 12 სექტემბერს აღინიშნა. იგი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) დამფუძნებლის ჩარლზ გოდონის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, თუმცა სტომატოლოგთა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2013 წლიდან კამპანია 20 მარტს ტარდება, რადგან:

· მოხუცებს, ცხოვრების დასასრულს, უნდა ჰქონდეთ სულ ცოტა 20 ძირითადი კბილი, იმისათვის რომ ჩაითვალოს რომ მათ აქვთ ჯანმრთელი პირის ღრუ; 

· ბავშვებს უნდა ჰქონდეთ 20 სარძევე კბილი;

· ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ 32 კბილი და 0 კარიესი; 

· თუ  ყოველივე ზემოთთქმულს გამოვხატავთ რიცხვებით 3/20 შესაბამისად მივიღებთ 20 მარტს.[ii]

მნიშვნელოვანი ფაქტები პირის ღრუს მოვლისა და დაავადებების შესახებ.

· მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უვლინდება პირის ღრუს დაავადებები (კარიესი, პარადონტოზი[iii], პირის ღრუს სიმსივნე და სხვა).

· მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 60%-თვისაა ხელმისაწვდომი სტომატოლოგიური სერვისები;

· მსოფლიოში სკოლის მოსწავლეების 60-90%-ს აქვს კარიესი[iv];

· პირის ღრუს სიმსივნე 8 ფართოდ გავრცელებულ სიმსივნეებს შორის გვხვდება და სამკურნალოდ ყველაზე ძვირადღირებულია;

· თამბაქოსა და ალკოჰოლის ერთობლივი მოხმარებისას პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკი 15-ჯერ იზრდება;

· მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 5-10% პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება;

· ბევრ ქვეყანაში სკოლებში გაცდენების უპირველეს მიზეზს, კბილის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტი წარმოადგენს;

· შაქრის ჭარბი გამოყენება უპირველესი რისკ-ფაქტორია კარიესისა და დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით; 

· განვითარებულ ქვეყნებში პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მცირდება, თუმცა ღრძილების გართულებები უმეტესად ხანშიშესულ ადამიანებშია გავრცელებული, რომელთა რისკ-ფაქტორებს თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მაღალი ცხიმოვანი დიეტა, მარილისა და შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს;

· თამბაქოს მოხმარება პერიდონტიტის[v] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია. 

·  პირის ღრუს ჯანმრთელობა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარებაზე და აგრეთვე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, სოციალური ურთიერთობები, ძილი და საუბარი;

· მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენა, კბილების სწორი გახეხვა და რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან.[vi]

გახსოვდეს

თქვენი პირის ღრუსა და ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:  მოერიდეთ რისკ-ფაქტორებს, რეგულარულად ჩაიტარეთ პირის ღრუს ჰიგიენა და სტომატოლოგიური შემოწმება.

იფიქრე პირის ღრუს ჯანმრთელობაზე![vii]

გამოყენებული ლიტერატურა

    

[i] https://www.fdiworlddental.org/fdi-at-work/world-oral-health-day

 

[ii] http://www.worldoralhealthday.org/about

 

[iii] პაროდონტიტის დროს ინფექცია ხვდება კბილსა და ღრძილს შორის და არღვევს მათ კავშირს (პაროდონტლურ კავშირს) რაზეც დამოკიდებულია კბილის მყარად დგომა კბილბუდეში. ინფექციის მოცილება დიდ პრობლემას არ წრმოადგენს ამ დროს, თუმცა ღრძილის სტრუქტურა მალე აღდგება ვიდრე ძვლოვანი ქსოვილის რომელიც ამ დაავადების შედეგად ზიანდება. ინფექციის მოცილების შედეგად იწყება ღრძილის რეგენერაცია (აღდგენა) და კბილბუდე ძვლოვანი ქსოვილის ნაცვლად რბილი ქსოვილითაა შევსებული. სიმყრეს მოკლებული კბილი ვეღარ უძლებს დატვირთვას იწყება მორყევა და შემდეგ უკვე ამოვარდნა კბილბუდიდან. ამიტომაა აუცილებელი მკურნალობა სწორად იყოს მიმართული. ინფექციის მოცილებასთან ერთად ძვლოვანი სტრუქტურის აღდგენაზე ვიზრუნოთ.

 

[iv] კარიესი – კბილის მაგარი ქსოვილების დაავადებაა, რომელიც იწვევს ემალის შემდგომში კი დენტინის დაზიანებას და დაშლას. კარიესი განვითარების ძირითადი მიზეზი პათოგენური მოკროორგანიზმებია. თუმცა არსებობს მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორიცაა ცუდი ჰიგიენა, კვების თავისებურებები, მავნე ჩვევები, ზოგიერთი დაავადება და წამლების უკონტროლო სმა, რაც შესაბამისად პირის ღრუს მიკროფლორის დარეღვევას იწვევს. 

 

[v] პერიდონტიტი არის პირის ღრუს ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს რბილ ქსოვილებს და ძვლოვან ნაწილს, რომელზეც მიმაგრებულია კბილები. პერიდონტიტიტმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება ან დაკარგვა, გაზარდოს ინფარქტის, ინსულტის და სხვა სერიოზული პათოლოგიების რისკი.

პერიდონტიტი არის გავრცელებული დაავადება, მაგრამ შესაძლებელია მისი პრევენცია. ჩვეულებრივ გამოწვეულია პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად. დღეში 2-ჯერ კბილების გაწმენდა, რეგულარულად სტომატოლოგთან ვიზიტი, შეამცირებს მისი განვითარების რისკს.

 

[vi] http://www.who.int/oral_health/strategies/en/

 

[vii] http://www.worldoralhealthday.org/sites/default/files/assets/2018_WOHD-poster-public-EN-3508x4961.jpg