Nuk
სატრენაჟორო დარბაზში დახარჯული დრო გაცილებით მომგებიანია ვიდრე არაჯანსაღი ცხოვრების წესით გამოწვეული პრობლემები

თარიღი: 28 მაისი, 2018

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავის მოვლა მხოლოდ კარგი მაკიაჟი და ძვირადღირებული კრემები ჰგონიათ. ისეთებიც არსებობენ, ყველანაირ კოსმეტიკურ საშუალებებზე უარს რომ ამბობენ. თუმცა, თავის მოვლა ფართო ცნებაა და კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. ბევრი ამას კარგად იაზრებს და არც ძვირფასი დროის საკუთარ თავისთვის დახარჯვა ენანება. ნინო სუბელიანი ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება. ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობს, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესკომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობების ლექტორია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი სამუშაო ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვას და ლექციებს მოიცავს, რაც ძალიან დიდ რესუსრსს მოითხოვს. დატვირთული გრაფიკისა და დროის დეფიციტის მიუხედავად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ყოველთვის კარგ ფორმაშია.

 

ნინო, რას ნიშნავს თქვენთვის თავის მოვლა?

38 წლის ვარ და  სულ რაღაც 6-7 წელია, რაც გარკვეულ რუტინას ვიცავ ამ კუთხით. ვფიქრობ, რომ საკმაოდ გვიან დავიწყე კანის მოვლის საშუალებების გამოყენება და თუ რაიმეს ვიყენებდი,  აბსოლუტურად არასწორად და ფრაგმენტულად.

 

ზოგადად პრანჭია ვარ, ამიტომ თავის მოვლა ჩემი ცხოვრების სტილის უმნიშვნელოვანესი  და განუყოფელი ნაწილია. მინდა ვთქვა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, თავის მოვლისთვის განსაზღვრული დროც იმატებს. ეს მოიცავს მუდმივ კვლევას ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სილამაზეზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვიცავ წესებს. რასაც არასდროს გადავუხვევ, ეს ძილის წინ მაკიაჟის მოშორება და დღის განმავლობაში ტუჩის საცხის გამოყენებაა. ხშირად უთქვამთ ჩემთვის – რად გინდა ახლა ტუჩის საცხი, გოგოები ვართ, ვის ეპრანჭებიო. ვეპრანჭები ყველას – თანამშრომლებს, დაქალებს, შვილებს, მეზობლებს, მეუღლეს… ვარ საოცრად ფერმკრთალი, ამიტომ მსუბუქ მაკიაჟს თითქმის ყოველთვის ვიკეთებ, ტუჩის საცხი კი არის ატრიბუტი, რომელიც ყოველთვის თან მაქვს. უმაკიაჟოდ  მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში და საცურაო აუზზე ვარ.

 

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშმა და ჯანსაღმა კვებამ?

ოდესმე უნდა დაიწყო და მე ეს დაახლოებით 5 თვის წინ, ერთ-ერთი სტატიის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე. დილის 9:00 ზე  უკვე სატრენაჟორო დარბაზში ვიყავი… მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. მიუხედავად იმისა, რომ  გურმანი ვარ, ვცდილობ ვარჯიშთან ერთად სწორად ვიკვებო და შემოქმედებითი ვიყო ამ პროცესში.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესმა და ვარჯიშმა სრულიად შემცვალა! ვარ უფრო ენერგიული და თავდაჯერებული. როგორც წესი, თუ რაღაცას ვიწყებ ვუდგები როგორც პროექტს, ვსწავლობ ყველაფერს და ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. თავისუფალ დროს ვცდილობ გავეცნო სხვადასხვა კვლევას ფიტნესის და კვების შესახებ. რაღაც აკვიატება ყოველთვის მაქვს და ამჯერად ეს კარგი აკვიატებაა. გართობაც არის და საჭიროებაც. ეს აუცილებელი პირობაა ჩემი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ჩემთვის სატრენაჟორო დარბაზში დახარჯული დრო გაცილებით მომგებიანია, ვიდრე არაჯანსაღი ცხოვრების წესით გამოწვეული პრობლემები და ექიმის კართან რიგში დგომა.

 

ძალიან გამიმართლა პირად ტრენერში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი დიდწილად ბექა ჯაფარიძის დამსახურებაა. თითოეული ვარჯიშის შედეგი თვალსაჩინოა, თითოეული შედეგის შემდეგ ჩნდება ახალი მიზანი და ასე გრძელდება. უმოკლეს დროში შევიცვალე. ამას ვხედავ მე და ამას მეუბნებიან მეგობრებიც. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს რომ არ გავჩერდე.

 

როგორ უვლით კანს და იკეთებთ თუ არა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს?

კანს ვუვლი ყოველდღიურად. რუტინაა, თუმცა სასიამოვნო პროცესია. ეს არის სახის გაწმენდის, შრატების, საცხების დატანის მთელი პროცედურა. ხშირად ვარ მარკეტინგის მსხვერპლი, მაქვს გარკვეული ბრენდების მიმართ ემოციური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა Nivea ჯობდეს Channel-ს, ეს უკანასკნელი ყოველთვის ახერხებს, რომ მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდეს. რაღაც ყოველთვის მაქვს „შანელის“, თუმცა ბოლო წლებია ახალი აღმოჩენებით ვტკბები – უფრო ფარმაცევტული ხაზით, ვიდრე კოსმეტიკურით, უფრო კორეულით, ვიდრე ფრანგულით.  ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოყენებული ბრენდების ჩამონათვალში მოხვდა Nuxe, Guinot, კორეული Mizon Snail Repair და Holika.

 

რაც შეეხება კოსმეტოლოგიურ პროცედურებს; ერთადერთ პროცედურას ვიკეთებ წელიწადში ერთხელ – ეს არის PRX – ბიორევიტალიზაციის პროცედურა, რომელიც აახალგაზრდავებს კანს მკვდარი უჯრედების მოშორებით და კოლაგენის გამომუშავებით. ინექციური პროცედურების მეშინია.

 

ეთანხმებით მოსაზრებას, რომ კოსმეტიკაში ფული არ უნდა დაგვენანოს თუ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით ვინც ფიქრობს, რომ ბავშვის კრემიც იგივე ეფექტს იძლევა რასაც ძვირადღირებული კრემები?

რეალურად ვფიქრობ, რომ ბავშვის კრემმა შესაძლოა ასევე დიდი ეფექტი მოგცეს, თუმცა, ქვეცნობიერად საკუთარი თავის მოვლის დროს მხოლოდ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებით არ ვიღებთ სიამოვნებას. ეს სრული პაკეტია – დაწყებული შეფუთვის დიზაინით, დასრულებული 3-4 ეტაპიანი პროცედურებით. ცდა თუ არ ჩავატარეთ, ვერასდროს გავიგებთ, უტოლდება თუ არა ამ სიამოვნებას გაცილებით ხელმისაწვდომი საცხით მიღებული ეფექტი.

 

რას აკეთებთ იმისთვის, რომ მაკიაჟმა კანი არ დააზიანოს?

მსუბუქ მაკიაჟს თითქმის ყოველდღე ვიკეთებ, საუბარია მაღალი SPF -ის მქონე cc, bb, ee კრემებზე, რომლებიც კანს იცავენ და ატენიანებენ. ბაზის გამოყენება წელს დავიწყე და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად საჭიროა. დემაკიაჟი ჩემთვის აუცილებელი რუტინაა. ამჯერად მაკიაჟისთვის ვიყენებ Channel-ის, Mac-ის, estee lauder-ის, Kiko-ს და Sephora-ს პროდუქციას; სახის მოვლისთვის კი კორეულ კოსმეტიკას  – ლოკოკინას ხაზს – Mizon Snail Repair,  რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს დილის და საღამოს რუტინაში.

 

გამოგიტყდებით, რომ  მიუხედავად დიდი მოწადინებისა, მაკიაჟის სწორად გაკეთება არ ვიცი და არც მისი შენარჩუნება გამომდის დღის განმავლობაში. ჩემი ტუჩის საცხის კვალს ხშირად ვნახულობთ კონტრაქტებზე, ტანსაცმელზე, ფინჯანზე და მეგობრების ლოყებზეც. ყველაფერს ვსვრი წითელი ტუჩის საცხით და ამას როგორ ვახერხებ არ ვიცი.

 

რა ინტენსივობით ირუჯებით და როგორ უვლით კანს სხეულზე?

სამწუხაროდ, გარუჯვა ექიმმა ამიკრძალა. არ დავდივარ სოლარიუმში, თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, ცდუნებას ვერ ვუძლებ და საცურაო აუზზე ან ზღვაზე როცა ვარ ვირუჯები. არ ვარ განებივრებული ბევრი დასვენებით, ამიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ მოკლე დროში მაქსიმალურად გავირუჯო (და აქ მჭირდება სერიოზული კონტროლი). სამწუხაროდ, ამ მავნე ჩვევას ვერ ვეშვები, თუმცა, ზიანის შესამცირებლად მზისგან  დამცავი  საშუალებების გამოყენება დავიწყე.

 

ასეთი დატვირთული სამუშო გრაფიკის ფონზე როგორ ახერხებთ მუდამ კარგ ფორმაში ყოფნას?

დილით ადრე ადგომა უმნიშვნელოვანესია. რომ შემეძლოს ვარჯიშს 8 საათზე დავიწყებდი, რომ ავიცილო სამსახურში დაგვიანება და მასთან დაკავშირებული სტრესი… თუმცა ტრენერთა სამუშაო დღე 9 საათზე იწყება და აქ ვერაფერს გავხდები.  ცხრის ნახევარზე სარბენ ბილიკზე ვდგები, 9 საათზე კი მოდის ტრენერი და 45 წუთის განმავლობაში სპეციალურად ჩემთვის განსაზღვრული პროგრამით ვვარჯიშობ. ამის შემდეგ, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში აუცილებელია კარდიო ვარჯიში, თუმცა ხშირად ვერ ვასწრებ.

 

რომ იცოდეთ რა სისწრაფით ვახერხებთ  დილით მოვარჯიშე საქმიანი ქალები სამსახურისთვის მოწესრიგებას, რომ შეგახედათ, როგორ ბზრიალებენ და ცვივა გამოსაცვლელში პომადები, მრავალეტაპიანი მოვლის საშუალებები, ტანის კრემები, სადაც  ბოლო ეტაპია სუნამო, მიხვდებოდით, რომ ეს მეორე ვარჯიშია და კიდევ ერთ იმდენ კალორიას ამ მომზადებაში და სამსახურში დაგვიანებასთან დაკავშირებულ სტრესებში ვწვავთ.

 

რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

კანის მოვლისთვის აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ბევრი წყლის სმა. დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზოგადად კი  ყველას ვურჩევ, რომ დაიწყოს იმის კეთება, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მეტად ჯანმრთელს გახდის, რაც გააძლიერებს და გაალამაზებს, თუნდაც ეს ართმევდეს სხვა საქმეებისთვის განსაზღვრული დროის ნაწილს… მერწმუნეთ, რომ ასეთი ცხოვრების სტილით, გაცილებით მეტს მოასწრებთ, რადგან მეტად მოტივირებული იქნებით ნებისმიერ საქმიანობაში. ამ მოტივაციას დღეს მე ვარჯიში მაძლევს. თუ ჯერ არ დაგიწყიათ, დაიწყეთ!

წყარო: http://makechoice.ge