თინა ქიტუაშვილი: “არარაციონალურმა დიეტამ და არასწორმა კვებამ თმისა და ფრჩხილების ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს”

თარიღი: 14 სექტემბერი, 2018

რომელი დაავადებაა ყველაზე გავრცელებული და როგორ განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისაგან? რამ შეიძლება გამოიწვიოს კანის პრობლემები, თმის ცვენა ან ფრჩხილების დაზიანება? როგორ უნდა მოვუაროთ თავს ზაფხულში? ამ და სხვა აქტუალურ პრობლემებზე სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, დერმატო-ვენეროლოგი, ქალბატონი თინა ქიტუაშვილი გვესაუბრა:

 

მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აწუხებს კანთან, თმასთან ან ფრჩხილთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. თქვენ თუ შეგიძლიათ გამოყოთ ის კონკრეტული ჩივილები, რომლითაც წლის სხვადასხვა პერიოდში მოგმართავენ პაციენტები?

დერმატოლოგია მოიცავს ასობით დაავადებას და სხვადასხვა სინდრომს, რომელთა ერთ-ერთი კომპონენტი არის კანის რაიმე პათოლოგია. კანის ზოგიერთი დაავადება შეიძლება იყოს სეზონური, მაგალითად: ზოგი ზამთრის პერიოდში მწვავდება, ზოგი კი ზაფხულის პერიოდში. გაზაფხულის სეზონზე თმისა და ფრჩხილების ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს არა რაციონალურმა დიეტამ, არასწორმა კვებამ (რადგან ამ პერიოდში უფრო ხშირად მიმართავენ მკაცრ, თვითნებურ დიეტებს). ატოპიური დერმატიტი, რომელიც არის ალერგიული ტიპის დაავადება, მწვავდება გაზაფხულობით. სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები დაკავშირებულია ტემპერატურის მატებასთან, ოფლიანობასთან. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენა. ზაფხულში ვლინდება ისეთი დაავადებებიც, როგორიცაა წითელი მგლურა ან ფოტოდერმატოზები (მზესთან დაკავშირებული კანის დაავადებები).

 

აკნე ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი და ვიზუალურად არასასამოვნო პრობლემაა, გვესაუბრეთ ამ აქტუალურ პრობლემაზე…

აკნე მართლაც გავრცელებულია და თანაბრად აწუხებთ როგორც გოგონებს, ისე ბიჭებს. ასაკობრივი შეზღუდვა პრინციპში არ აქვს. თუმცა, ყველაზე მეტად 13-19 წლის ასაკში, თინეიჯერობის პერიოდშია გავრცელებული. ის ძირითადად აზიანებს სახის, გულმკერდის და ზურგის ზედა მესამედს. გარეგნული დაზიანებები უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე. აკნეს დროს შეიძლება გამოხატული იყოს ჰორმონალური დისბალანსი. ხშირად აკნე მთავრდება სქესობრივი მომწიფების პროცესის დასრულებისთანავე. თუმცა, რიგ შემთხვევაში, დაავადება გრძელდება (განსაკუთრებით ვაჟებში), თუ საქმე გვაქვს აკნეს მძიმე ფორმასთან. აკნეს შემდეგ კანზე შეიძლება დარჩეს გარკვეული დაზიანებები – ნაწიბურები, პიგმენტაციის დარღვევა და ა.შ. ამიტომ, მას უნდა ვუმკურნალოთ დროულად და ისე, რომ არ მოჰყვეს გართულებები. არ უნდა მოხდეს გაღიზიანება ხელით, რადგან შეიძლება დაზიანდეს კანის ღრმა შრეები. ეპიდერმისის დაზიანების შემთხვევაში ნაწიბური არ რჩება, მაგრამ თუ დერმა დაზიანდა, ნაწიბური აუცილებლად დარჩება.

 

ქალბატონო თინა, თავის კანზე გამონაყარი აკნესთან არის დაკავშირებული?

უშუალოდ თავის არეში არსებული ჩირქოვანი გამონაყარი აკნესთან შეიძლება არ იყოს დაკავშირებული. მას ჩვენ ფოლიკულიტებს ვეძახით, რადგან ამ დროს უშუალოდ თმის ფოლიკულები ზიანდება. ეს ქრონიკული დაავადებაა, ემორჩილება ადგილობრივ და სისტემურ ანტიბიოტიკურ თერაპიას, მაგრამ, ზოგჯერ, გაქრობის შემდეგ კვლავ ჩნდება. ამას ხელს უწყობს ოფლიანობა, კანის ცხიმიანობა და სებორეული დერმატიტის არსებობა.

 

ასევე ხშირია თმის ცვენა, რომელიც, შეიძლება ითქვას, თანაბრად აწუხებთ ქალბატონებს და მამაკაცებს, რა არის მისი გამომწვევი?

თმის ცვენას, იგივე ალოპეციას, რამდენიმე ტიპი აქვს, რომლებიც პირობითად დაყოფილია ნაწიბუროვან და არანაწიბუროვან ალოპეციებად. ის შეიძლება გამოწვეული იყოს თავის თმიან არეში არსებული რომელიმე პათოლოგიური პროცესით, მაგალითად, იგივე ზემოთხსენებული ფოლიკულიტების არსებობით, რომლებსაც თუ ღრმა დაზიანება აქვთ, რჩება ნაწიბურები და შესაბამისად, ამ ნაწიბურებზე თმა აღარ იზრდება. ასევე არის სხვა დაავადებებიც: წითელი მგლურას კანის ფორმა ან წითელი ბრტყელი ლიქენი, რომლებიც ასევე ტოვებენ ნაწიბურებს. არანაწიბუროვანი ალოპეციის ერთ-ერთი ფორმაა ბუდობრივი თმის ცვენა, რომელიც აუტოიმუნური დაავადებაა და ორგანიზმის იმუნური პასუხის დარღვევის შედეგია. მეორე ფორმაა ანდროგენული ალოპეცია, რომელიც მემკვიდრული ხასიათისაა და უფრო ხშირად ვლინდება მამაკაცებში, შუბლისა და საფერთქლის მიდამოების გამელოტებით. ზოგჯერ ეს პრობლემა ქალებსაც აწუხებთ – იმავე მიდამოში თმის ცვენა ჰორმონალური დისბალანსით შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგალითად: როცა მენოპაუზის შემდეგ ქალებში იმატებს მამაკაცის ჰორმონების რაოდენობა). უფრო ახალგაზრდა ასაკში თმის ცვენა შეიძლება დაკავშირებული იყოს საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციით. დიფუზური თმის ცვენა შეიძლება განვითარდეს მძიმე დაავადების გადატანის შემდეგ, არასწორი კვების/არასწორი დიეტების შედეგად ან პროტეინებით ღარიბი საკვების მიღებისას (ამ დროს ვერ ვიღებთ კერატინს, რომელიც ძირითადი საშენი მასალაა ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის). ნებისმიერ შემთხვევას თავისი მიზეზი აქვს, ამიტომ აუცილებელია გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა.

 

ღია ფეხსაცმლის დრო მოდის, შესაბამისად უფრო შესამჩნევი ხდება ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები. ყველაზე ხშირად რომელი დაავადება გვხვდება ცხელ პერიოდში?

ფეხის ფრჩხილის დაზიანება ხშირად ხდება სოკოვანი ინფექციით. ზაფხულში ტერფის მიკოზი (სოკოვანი დაავადება) მწვავდება, რომელსაც ახასიათებს თითებშუა ქავილი, აქერცვლა, გამოყელვა. მკურნალობის გარეშე სოკოვანი ინფექცია ვრცელდება ფრჩხილებზეც (ონიქომიკოზი), იწვევს ფრჩხილის ფირფიტის გასქელებას, გაფხვიერებას. ძირითადად ზიანდება ცერა თითის ფრჩხილი. თუ სოკოვანი დაავადება ხანგრძლივია, პროცესი შეიძლება სხვა ფრჩხილებზეც გავრცელდეს, ან პირდაპირი კონტაქტით, იგივე კლინიკური გამოვლინებით გავრცელდეს ხელზეც. ეს ძირითადად მაინც ასაკთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ამ პროცესის განვითარებას დრო სჭირდება. ამ პრობლემას ასაკში შეიძლება მოჰყვეს ტერფის კანის და ყველა ფრჩხილის სერიოზული დაზიანება. თუმცა, ფრჩხილის დაზიანება შესაძლებელია ატარებდეს არაინფექციურ, დისტროფიულ ხასიათს, რაც გამოიხატება ფრჩხილის ფირფიტის სხვადასხვა სახის ცვლილებებით – ფერის შეცვლა, ან ფირფიტის სტრუქტურისა და ზედაპირის შეცვლა: სიგრძივი ან განივი დაზოლვა, მტვრევადობა, კიდეების დაყოფა, სათითესმაგვარი ჩანაჭდევები, გასქელება ან გათხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რომელიმე შინაგანი ორგანოს დაზიანებით, მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ან ზოგიერთი მძიმე დაავადებით (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან არასწორი კვება/დიეტა).

 

არსებობს თუ არა რაიმე უნივერსალური კვების რაციონი, რომელიც დაგვეხმარება ჯანსაღად შევინარჩუნოთ კანი, თმა და ფრჩხილები?

სასურველია მივიღოთ ჟელატინი, რომელიც შეიცავს კერატინს (თმის ძირითად საშენ მასალას), თევზი, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ს. კანის ზოგიერთი დაავადების დროს საჭიროა ჰიპოალერგიული დიეტა.

 

გარდა კვების რაციონისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა, რეკომენდებულია თუ არა სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენება?

აუცილებელია რაციონალური კვება. ყოველგვარი დიეტა შესათანხმებელია სპეციალისტთან. საქართველოში არ გვაქვს მრავალჯერადი კვების კულტურა (იგულისხმება ხშირად და მცირე დოზით საკვების მიღება). ხშირად ვხვდებით ამის გამო დარღვევებს – თმის დაზიანება, კანის სიმშრალე, ფრჩხილის პრობლემა. ნუტრიკოსმეტიკა არის საშუალება, რომელიც შეავსებს დანაკლისს და შიგნიდან დაეხმარება თმას, კანს და ფრჩხილს.

 

როგორც გამოცდილი დერმატოლოგი, რამდენად ხშირად მიმართავთ ნუტრიკოსმეტიკურ საშუალებებს თანდართულ ან მონო თერაპიაში?
ზემოთ აღნიშნული პრობლემების შემთხვევაში, თუ გვაქვს დისტროფიული ცვლილებები ან ქრონიკული პათოლოგიური პროცესი, მივმართავთ ნუტრიკოსმეტიკას, როგორც კომბინირებული თერაპიის შემადგენელ ნაწილს. დერმატოლოგიაში ადგილობრივი თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებლობლის შემთხვევაში, ან როცა მონოთერაპია არასაკმარისია, გვეხმარება ნუტრიკოსმეტიკა.

 

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თვლის, რომ მომატებული აქვს თმის ცვენა ან თმის დაყოფილი ბოლოები, კანთან და ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები, შეუძლია თუ არა, რომ პრევენციის მიზნით მიიღოს ნუტრიკოსმეტიკური საშუალებები?

ნებისმიერი დარღვევა და ნორმიდან გადახრა უკვე პრობლემაა და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ნუტრიკოსმეტიკური საშუალებები საჭირო და აუცილებელია.

 

ჩვენს მკითხველს ხომ ვერ აუხსნით, რატომ ნუტრიკოსმეტიკა და რა მნიშვნელობა აქვს მას კანის, თმისა და ფრჩხილის ჯანმრთელობისათვის?

ნუტრიკოსმეტიკურ საშუალებებში სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვა კომპონენტებს აერთიანებენ. შესაბამისად, რეკომენდაციებიც სხვადასხვაა. ყველა ნუტრიკოსმეტიკური საშუალების მიღება არ არის გამართლებული. თითოეული ნუტრიკოსმეტიკური საშუალების კომპონენტი უნდა გაიაზროს ექიმმა და დანიშნოს შესაბამისად. პროფილაქტიკისთვის შეიძლება ვიხმაროთ ვიადერმი კანის სილამაზე – კანის გასაახალგაზრდავებლად. ვიადერმი კომპლიტის კომპონენტები კი ემსახურება სამივეს: კანის ზედაპირული სტრუქტურის გაუმჯობესებას და თმისა და ფრჩხილის გაჯანსაღებას.

 

აქვს თუ არა ნუტრიკოსმეტიკას ასაკობრივი შეზღუდვა და რაიმე გვერდით ეფექტებს, მაგალითად წონის მატებას, მადის გაძლიერებას ან სხვა გართულებებს ხომ არ იწვევს?

ვიადერმი კომპლიტი 12 წლიდან ინიშნება. ვიადერმი კანის სილამაზე კი უფრო ზრდასრულ ასაკში. თავისი რაციონალური შემადგენლობის გამო (მაგ: არ შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და საფუარს, რასთანაც არის დაკავშირებული მადის გაძლიერება და წონაში მატება), მათ პრაქტიკულად არ აქვთ გვერდითი ეფექტები. აღსანიშნავია, რომ ვიადერმი შეიცავს ყველა იმ საჭირო ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის.

 

რა ინტენსივობით ურჩევთ ჩვენს მკითხველს ორგანიზმის გაჯანსაღებას ნუტრიკოსმეტიკური საშუალებებით?

რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ, ორ-ორი თვის განმავლობაში მიღება. საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.

 

წინ ზაფხულის ცხელი დღეებია, რას გვირჩევთ იმისათვის, რომ მზემ და მომატებულმა ტემპერატურამ მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე?

მზე საჭირო და აუცილებელია. თუმცა, ამისათვის მზეზე დიდხანს გაჩერება არ არის რეკომენდებული. ზაფხულის ცხელ დღეებში უბრალოდ გარეთ გასვლაც კი საკმარისია სასურველი D ვიტამინის გამომუშავებისათვის. გარუჯვა იმისათვის, რომ სხვა ფერის კანი გქონდეთ, არასწორია, რადგან მზის ქრონიკულ, სისტემატიურ დასხივებას შესაძლებელია მოჰყვეს გვერდითი ეფექტები – ნაადრევი დაბერება, კანის დანაოჭება, პიგმენტური ლაქები და სიმსივნეები. ასაკის მატებასთან ერთად ცხოვრების განმავლობაში მიღებული მზის სხივების შეჯამება ხდება. რაც მეტი გამოსხივება გვაქვს მიღებული, მით უფრო მაღალია ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარების რისკი (მელანომა, კიბო). ზოგჯერ ამის გააზრება ძნელია და ეს დაავადებებიც საკმაოდ გაახალგაზრდავდა. გარემოს მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს კანის თუ ფრჩხილის ინფექციური პათოლოგიების გამწვავება – სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები ამ დროს აყვავებას განიცდის. რაც შეეხებათ ბავშვებს, ზაფხულში მათ ხშირად აქვთ კავშირი გარემოსთან (თამაშისას), ამიტომ ინფექციების გავრცელების რისკი ამ დროს მაღალია.

ჩემი რჩევა იქნება:

ნაკლები დრო გავატაროთ მზეზე, ვატაროთ ქუდები, გამოვიყენოთ მაღალი SPF-ის (მზისგან დამცავი ფაქტორის) მქონე კრემები (სასურველია იყოს 30%-ზე მეტი). ყოველდღიურ კრემებში SPF 15% მაინც უნდა იყოს.

ჰიგიენის დაცვა ინფექციებისგან თავდასაცავად აუცილებელია. მაგალითად: წყალი ხშირად უნდა გადავივლოთ და სანაპიროზე ფეხშიშველმა არ უნდა გავიაროთ (რომ არ დაავადდეთ ტერფის მიკოზით).

რაც შეეხება ოფლიანობას, ოფლის გამოყოფა ფიზიოლოგიური პროცესია და აუცილებელია, ეს გვიცავს გადახურებისგან. ყველა ოფლს აქვს სუნი და ამის მიზეზია დაშლის პროდუქტები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმიდან გამოიდევნება. არასათანადო ჰიგიენის პირობებში შეიძლება გამრავლდეს ბაქტერიები, რაც იწვევს ჭარბსუნიანობას. ზოგიერთი ოფლის საწინააღმდეგო საშუალების შემადგენლობამ ინდივიდუალური აუტანლობა შეიძლება გამოიწვიოს (ალერგია). ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი კოსმეტიკა, უნდა შევარჩიოთ სანდო ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული დეზადორანტები, რომლების სხვებთან შედარებით მეტად გამოკვლეული და უსაფრთხოა.

წყარო: http://makechoice.ge/