აუტისტური სპექტრის აშლილობა - მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა

თარიღი: 19 აპრილი, 2018

აუტისტური სპექტრის აშლილობა

მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოსტიკა

არც ისე დიდი ხნის წინ აუტისტური სპექტრის აშლილობა (ასა) იშვიათი იყო, ბოლო ხანს კი საგრძნობლად გახშირდა. საერთაშორისო მონაცემებით, 2000 წელს თუ ეს დარღვევა ჰქონდა 150-დან ერთ ბავშვს, ხოლო 2006 წელს – 110-დან ერთს, 2012 წელს, აშშ-ის დაავადებათა ცენტრის მონაცემებით, ის უკვე ყოველ 68-ეს აღენიშნებოდა.

 

– ასა-ს მქონე ბავშვები მეტად თავისებურები არიან: უჭირთ მეტყველება, სოციალური ურთიერთობები, ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმით, არ შეუძლიათ ტყუილის თქმა და ჰგონიათ, სხვებიც მათსავით ფიქრობენ, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც ამ დარღვევის შესახებ გვესაუბრება.

 

 ცოტა რამ ისტორიიდან

– აუტისტური სპექტრის აშლილობა (ასა) პირველად 1943 წელს აღწერა ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა ბავშვთა ფსიქიატრმა ლეო კანერმა და აუტიზმი უწოდა, თუმცა ტერმინი “აუტისტური აზროვნება” მანამდეც არსებობდა – შვეიცარიელმა ფსიქიატრმა პოლ ბლეილერმა ის ისეთი აზროვნების აღსაწერად გამოიყენა, რომელიც ობიექტური რეალობის შემეცნებისკენ კი არ არის მიმართული, არამედ ინდივიდის შინაგანი სამყაროსკენ, საკუთარი მოთხოვნილებებისა და ოცნებებისკენ.

 

ლეო კანერმა 2-დან 10 წლამდე ასაკის ერთმანეთის მსგავსი უცნაური ქცევის მქონე თერთმეტი ბავშვი შეისწავლა – 3 გოგონა და 8 ბიჭი, რომლებსაც არათანაბრად ჰქონდათ განვითარებული ენობრივი უნარები, უჭირდათ სოციალური ურთიერთობა, გარემოსთან სრულიად არ ურთიერთობდნენ ან ურთიერთობდნენ სპეციფიკურად, ჰქონდათ უჩვეულოდ შეზღუდული ინტერესები. ლეო კანერი მათ უკიდურესად მარტოსულ ინდივიდებად ახასიათებდა. აუტისტური ფენომენის მქონე ბავშვებს შიზოფრენიის დიაგნოზსაც უსვამდნენ. აუტისტური სპექტრის აშლილობათა აღმოჩენის შემდეგ ბავშვთა ფსიქიატრებმა მაიკლ რატერმა და ლორნა ვინგმა ბავშვთა შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ყოფილი პაციენტები, რომლებიც მათთან 60-70-იან წლებში მკურნალობდნენ, ახალი კრიტერიუმების გათვალისწინებით ხელახლა შეაფასეს – მათმა ნაწილმა აუტისტური სპექტრის აშლილობის კრიტერიუმები დააკმაყოფილა. საგულისხმოა, რომ თავად ლორა ვინგის გოგონას, სუზის, აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქონდა. ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ვინგის ინტერესი და დიდი წვლილი აუტისტური სპექტრის აშლილობათა შესწავლაში.

 

დაავადება თანდათან უფრო და უფრო უკეთესად შეისწავლეს, გაჩნდა დიაგნოსტიკის ახალი კრიტერიუმები, ამაღლდა ცნობადობა. 1980 წელს აშშ-ის ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში DSM-III-ში აუტიზმი და პერვაზიული აშლილობები ბავშვთა შიზოფრენიისგან გამოაცალკევეს და მათთვის განსხვავებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ჩამოაყალიბეს. დღეს ამ აშლილობათა შესახებ უფრო მეტმა მშობელმა და ექიმმა იცის, მაგრამ სტატისტიკას მხოლოდ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო არ მოუმატია – დარღვევა მართლაც გახშირდა. ჩემს ოცდახუთწლიან პრაქტიკაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ წინათ აუტისტური სპექტრის აშლილობით მხოლოდ თითო-ოროლა ბავშვი გვხვდებოდა და აქედანაც ყველა შემთხვევა – კლასიკური, ახლა კი, გარდა იმისა, რომ გახშირდა თავად დარღვევა, იმატა საეჭვო შემთხვევების რაოდენობამაც, სადაც დაიგნოზის დასმა ძალიან ჭირს: ბავშვებს არ აქვთ კლასიკური სიმპტომები, ზოგჯერ სურათი შუალედურია მეტყველების სპეციფიკურ დარღვევებსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის. სხვათა შორის, ინგლისელი ნეიროფსიქოლოგი დოროთი ბიშოფიც აღწერს ასეთ პაციენტებს და აღნიშნავს, რომ გადასახედია ზოგადად მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევების სხვადასხვა ტიპის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.

 

 ვეძებთ მიზეზებს

 

– რატომ გახშირდა ეს აშლილობა, რა იწვევს მას?

– აუტისტური სპექტრის აშლილობა მულტიფაქტორული დარღვევაა ანუ ერთდროულად მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის – დედის ორგანიზმის მდგომარეობას ორსულობის დროს, ბავშვის ბიოლოგიურ, სოციალურ და გარემო ფაქტორებს.

მიზეზთაგან მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა და გენეტიკური მოწყვლადობა. დადგენილია, რომ წინაპრებს ან სისხლით ნათესავებს შორის ასა-ს მქონე ადამიანის ყოლა მისი განვითარების რისკს ორჯერ ზრდის. თუმცა, თანამედროვე კვლევების თანახმად, გენეტიკური ფაქტორებით აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევათა მხოლოდ 37% აიხსნება. საუბრობენ ასევე გენების მუტაციაზე გარემოს მავნე ზემოქმედების (გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი, საკვები, გამოსხივება, მძიმე მეტალები) შედეგად და აღმოჩენილია Ip, IIq, VIIq, XIIIq, XV და XVIIp  ქრომოსომებზე აუტიზმის ნიშნებთან შეჭიდული გენების მარკერები. არსებობს გენეტიკური დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს აუტისტური აშლილობა ან მისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, ვილიამსის სინდრომი, მყიფე იქს-სინდრომი.

 

ბიოლოგიური ფაქტორი ჰორმონულ და ბიოლოგიურ ცვლილებებს მოიცავს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ორსულის ორგანიზმში ჰორმონ ოქსიტოცინის ნაკლებობა ბავშვის აუტისტურ აშლილობასთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, ჰორმონული ფონი გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. შემიმჩნევია, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან მანამდე ჰორმონულ პრეპარატებს, მაგალითად, პროგესტერონს იღებდნენ, ხშირად აღენიშნებათ რეცეპტული მეტყველების შეფერხება ანუ არ ესმით მიმართული მეტყველება. ცხადია, ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვებაა და საკითხი სერიოზულ მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. ასეთი ბავშვები ჰგვანან აუტისტური სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვებს და ბოლო ხანს მათმა რაოდენობამაც იმატა.

 

სოციალურ-ფსიქოლოგიურ-კულტურული თეორიის მიხედვით, აუტიზმის განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები ახდენს გავლენას. მაგალითად, ამერიკელმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, რომ აშლილობა ხშირია მიგრანტებს შორის. ე. ფომბონის 2001 წლის ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ერთი ან ორივე მშობლის მიგრანტის სტატუსი აუტიზმის სიხშირესთანაა შეჭიდული. ზოგი მეცნიერის ინტერპრეტაციით, მიგრანტი ქალები მოწყვეტილნი არიან თავიანთ გარემოს, უწევთ კვების სტილის, სოციალურ-ფსიქოლოგიური გარემოს შეცვლა, გარშემო არ ჰყავთ ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, ემოციური და სტრესული ფონი კი იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, რაც ნაყოფზეც მოქმედებს.

 

ერთ-ერთი თეორია აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირზე მიუთითებს. წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაციის დაწყებისთანავე ამერიკაში თითქოს იმატა აუტიზმის შემთხვევებმა. ეჭვი ჰქონდათ ვაქცინის შემნახავ ნივთიერებაზე – თიმეროზალზე, რომელიც მძიმე მეტალებს შეიცავდა, მძიმე ლითონებით ინტოქსიკაცია კი აუტიზმის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა, მაგრამ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევებმა არ დაადასტურა ვაქცინაციის კავშირი აუტიზმის შემთხვევებთან. 2004-დან 2014 წლამდე ჩატარებული არც ერთი კვლევა არ ადასტურებს თიმეროზალის შემცველ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კაუზალურ კავშირს.

 

დედის დეფიციტი

– ჩემი თვალთახედვით, აუტიზმის გახშირება ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. ამერიკაში დეკრეტული შვებულება რეალურად სამ კვირას გრძელდება, ხოლო დედა-შვილს შორის უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას ერთი წელი მაინც სჭირდება. წარმოიდგინეთ დედა, რომელმაც ძიძასთან დატოვა ბავშვი და ამის გამო შფოთავს. ხშირად მინახავს დედები, რომლებთანაც ან სამსახურში მიჰყავთ ჩვილი ძუძუს მოსაწოვებლად, ან შესვენებაზე თავად გარბიან შინ. ნერვიულობენ, დანაშაულის განცდა აწუხებთ და საბოლოოდ შვილს ადრენალინიან რძეს აწოვებენ.

 

სხვათა შორის, ლეო კანერის მოღვაწეობის პერიოდში, 70-იან წლებამდე, ვიდრე აუტიზმის ჩამოყალიბების ნეიროგანვითარებითი დარღვევის მოდელი გავრცელდებოდა, პრევალირებდა ფსიქოანალიტიკური მოდელი. ეს თეორია აუტიზმს დედა-შვილის მიჯაჭვულობის ადრეული დარღვევისა და ადრეული ტრავმატიზაციის შედეგად განიხილავდა, აუტიზმს კი “ცივი დედების” დაავადებას უწოდებდნენ. სინამდვილეში “სიცივეში” დედას არ მიუძღოდა ბრალი – როდესაც შვილს რეაქცია არ ჰქონდა ალერსზე, არ შედიოდა კონტაქტში, ქვეცნობიერად დედაც ვეღარ ეკონტაქტებოდა მას, რადგან არ იცოდა, როგორ დაეძლია მათ შორის აღმართული კედელი. ასეთ ბავშვთან ურთიერთობის გასაგრძელებლად ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტის მხარდაჭერა.

 

ზოგიერთი სკოლა (მაგალითად, ფრანგული სკოლა და მისი მიმდევარი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი “მწვანე სახლი”) აუტიზმს დღესაც ფსიქოანალიტიკურად უდგება. მათი გაგებით, ასა ბავშვის ადრეული ტრავმატიზაციის შედეგია. ამ თეორიის თანახმად, აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელი ნიშნები რეაგირებაა მატრავმირებელ სტრესულ მოვლენებზე. დარღვეულია ბავშვის არა კოგნიტიური, არამედ ემოციური განვითარება და განვითარებისადმი მთლიანი, ჰოლისტური მიდგომაა საჭირო. სხვათა შორის, ჩვენც წავწყდომივართ შემთხვევას, როცა დეპრესიული დედის შვილს აუტისტური სპექტრის აშკარა ნიშნები ჰქონდა, მაგრამ როგორც კი დედა დეპრესიიდან გამოვიდა, ბავშვის მდგომარეობაც რადიკალურად გაუმჯობესდა.

 

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ამ თეორიის სასარგებლოდ: ფსიქიატრების მიერ დასმული დიაგნოზი, ადრეული მიჯაჭვულობის დარღვევა, ძალიან ჰგავს აუტისტური სპექტრის აშლილობას, ოღონდ ის ოდნავ მოგვიანებით ვლინდება.

ასე რომ, ფაქტია, აუტიზმის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ადრეული ტრავმატიზაცია – ძუძუდან ადრეული მოწყვეტა, დედასთან ურთიერთობის დეფიციტიც ასრულებს. დამატებითი ფაქტორებია ძიძა, ტელევიზორი და კომპიუტერი. ეს უკანასკნელი ძალიან მავნე გავლენას ახდენს ბავშვის მეტყველებისა და ენობრივ განვითარებაზე. ამიტომაც ურჩევენ ამერიკელი პედიატრები მშობლებს, ორ წლამდე ასაკის ბავშვი ტელევიზორსა და გაჯეტებს არ გააკარონ. საქართველოში ასეთ ბავშვს ალბათ ვერც ნახავთ – რვა თვიანი უკვე აიპედით თამაშობენ და დედებსაც უხარიათ – თვითონ საქმეს აკეთებენ, ბავშვები კი სწავლობენ ფერებს, ფორმებს... ოღონდ ინგლისურად, ქართულად ლაპარაკი კი არ იციან. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს, რომელიც ტელევიზორთანაა მიმჯდარი, არ აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები, მაგრამ მათი თავის ტვინი უფრო მოწყვლადია, დამოკიდებულნი ხდებიან ტელევიზორზე, ძალიან უყვართ უჩვეულო სტიმულაცია, განსაკუთრებით – რეკლამები. ასეთი დამოკიდებულება, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, აფერხებს ენისა და მეტყველების განვითარებას.

 

ნორმალური განვითარება

– როგორ უნდა მიმდინარეობდეს ბავშვის მეტყველებისა და ქცევის ნორმალური განვითარება?

– ორ წლამდე ასაკის ნორმალურად განვითარებული ბავშვი სიტყვებს უკვე ფრაზებად უნდა აბამდეს, ადვილად ამბობდეს ორსიტყვიან წინადადებებს და ენას საკომუნიკაციოდ იყენებდეს, რამეს მარცვლებით ან ხმის გამოშვებით კი არა, სიტყვებით უნდა ითხოვდეს, თითს იშვერდეს, თვალებში აქტიურად გიყურებდეს, ჰქონდეს გაზიარებული ყურადღება, გაზიარებული ემოცია, გაზიარებული მოქმედება: ესვრი ან გაუგორებ – უკანვე გიბრუნებს, სათამაშოს შესთავაზებ – სიხარულით ერთვება თამაშში, თვითონვე იჩენს შენთან თამაშის ინიციატივას, როცა რამეს გააკეთებს, მოვა და გაჩვენებს, შენს რეაქციას ელოდება, აქვს იმიტაციის უნარი –  იმეორებს და ბაძავს მოქმედებას, მეტყველებას...

 

შესაძლოა, მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვი საერთოდ ვერ ლაპარაკობდეს, მაგრამ უსიტყვო გაზიარება, თვალით კონტაქტი, გაზიარებული ყურადღების გამოხატვა შეუძლია. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების უმრავლესობა არც მეტყველებაში ბაძავს უფროსს, არც მოქმედებაში და ყურადღებასაც არ აქცევს.

 

საგანგაშო ნიშნები

აუტიზმის ძირითადი ნიშნებია:

 1. მეტყველების დარღვევა და განვითარების შეფერხება;

2. კომუნიკაციის დარღვევა – ბავშვი ენას კომუნიკაციისთვის ვერ იყენებს, უჭირს იმიტაცია, უფროსს, მის მეტყველებას, არ აქცევს ყურადღებას, არ უბრუნებს მოქმედებას. შესაძლოა, ახასიათებდეს ექოლალია ანუ კითხვაზე კი არ გიპასუხებს, კითხვას იმეორებს იმავე ინტონაციით. სხვათა შორის, ექოლალია ადრეულ ასაკში ჯანმრთელ ბავშვებსაც აქვთ, მაგრამ მათთან ის შეუმჩნევლად გაივლის, ის მათთვის იმიტაციის საფუძველია. ეს სიმპტომი მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებსაც აღენიშნებათ. რაც შეეხება აუტისტური სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვებს, ისინიც კი, რომლებსაც აქვთ სამეტყველო პროდუქცია და ლაპარაკობენ, მეტყველებას ურთიერთობისთვის არ იყენებენ.

 

3. სოციალური ინტერაქცია – ბავშვი ვერ ახერხებს სხვა ბავშვებსა და უფროსებთან ურთიერთობის დამყარებას, არ იჩენს ინიციატივას, ხოლო თუ სხვამ გამოიჩინა, შესაძლოა, არ აჰყვეს. არ შეუძლია წარმოსახვითი – “ვითომ” თამაში, უჭირს თვალით კონტაქტი, ემოციის, აზრის ურთიერთგაცვლა.

 

4.  შეზღუდული ინტერესები – აკვიატება, სტერეოტიპული ქცევა. დაბალფუნქციური (ანუ გონებრივი ჩამორჩენილობით თანხლებული) აუტიზმისთვის ეს არის სტერეოტიპული მოქმედებები: ხელების სპეციფიკური ქნევა, მზერის სხვადასხვა მხარეს მიმართვა, სხვადასხვა პოზის განმეორებითი მიღება, საგნების ამოჩემება, – ხოლო უფრო მაღალფუნქციური (გონებრივად განვითარებული) აუტიზმისთვის – კოლექციონერის ტიპის ვიწრო ინტერესები. მაგალითად, ბავშვს მოსწონს მხოლოდ მატარებლები ან მხოლოდ დინოზავრები, იცის ყველა მათგანის სახელი, კვების, ცხოვრების თავისებურებები და ა.შ. სხვა ინტერესები კი არ გააჩნია.

 

– რა ასაკში შეიძლება შეატყოს მშობელმა შვილს ეს თავისებურებები და როგორ?

– ნორმალურად განვითარებულ 6-7 თვის პატარას აინტერესებს უფროსის საუბარი და ცდილობს, მოძრაობაში აჰყვეს. საგანგაშოა, როცა ბავშვს ინტერესს არ უღვიძებს ადამიანის მეტყველება, მაგრამ იზიდავს არამეტყველებითი ხმები და მუსიკა, არ აქვს რეაქცია ადამიანზე, მაგრამ აქვს ამა თუ იმ ობიექტზე, ნაკლებ ყურადღებას აქცევს სათამაშოებს, მაგრამ შესაძლოა უყვარდეს პატარა საგნები, ჭურჭელი, ბოთლები, ინტერესდება არა მთელი საგნით, არამედ მისი დეტალით, მაგალითად, მანქანით კი არა, ბორბლით. თვალებში არ გიყურებს, არ გიცინის...

 

წლინახევრის ასაკში ხშირად ვითარდება ძილის სერიოზული დარღვევები, რომელთა რეგულირებაც მშობლებს უჭირთ – შუაღამისას გაღვიძება, დილამდე ღვიძილი, მერე დაძინება...

 

ორი წლისთვის უკვე თვალში საცემია თვითმასტიმულირებელი სტერეოტიპული მოძრაობები, წინ და უკან სირბილი, წრეზე სირბილი.

 

ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება დისპროპორციულია. მაგალითად, შესაძლოა, 2-3 წლის ასაკში კითხულობდეს, არჩევდეს ასოებს, იცოდეს ფერების დასახელება, მაგრამ ამ ცოდნას ვერ იყენებდეს კომუნიკაციაში მოთხოვნისა და სიტუაციის შესაბამისად.

 

განსაზღვრულ შემთხვევებში შეინიშნება რეგრესი – მშობელი ამბობს, რომ ბავშვი მანამდე მიზანმიმართულად ამბობდა რამდენიმე სიტყვას, მერე კი დაივიწყა. თუმცა წლინახევრის ბავშვის მშობლის ნდობა ცოტა ძნელია – ვინ იცის, მართლა მიზანმიმართულად იყენებდა თუ არა ბავშვი სიტყვებს, ეს მხოლოდ მარცვლები ხომ არ იყო. რეგრესი იოლი დასადგენი არ არის, მაგრამ თუ დადგინდა, დიდია აუტიზმის არსებობის ალბათობა. წესისამებრ, განვითარებაში რეგრესს 12-დან 24 თვემდე აღნიშნავენ.

 

არსებობს დეზინტეგრაციული სინდრომი, იგივე ჰელერის სინდრომი, სადაც რეგრესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ეს სინდრომი მოგვიანებით – სამი წლიდან – იჩენს თავს. დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოების მიხედვით, ჰელერის სინდრომი, ისევე როგორც ასპერგერის სინდრომი (მაღალფუნქციური აშლილობა), კანერის სინდრომი და სხვა დარღვევები, ასა-ს შემადგენლობაში შედის.

 

ინტელექტი

– როგორია ასა-ს მქონე ბავშვების ინტელექტუალური განვითარება და სახასიათო თვისებები?

– ასა სხვადასხვა ტიპის განვითარების მქონე ბავშვებს მოიცავს. ასეთი აშლილობის მქონე ათი ბავშვიდან სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა 6-7-ს აღენიშნება, ხოლო 3-4 მაღალფუნქციურია და ძალიან კარგი ინტელექტით გამოირჩევა, მშვენივრადაც მეტყველებს. ასა-ს სიმპტომები მათთან სპეციფიკურად ვლინდება: უჭირთ კომუნიკაციისთვის მეტყველების გამოყენება ანუ მოშლილი აქვთ მეტყველების პრაგმატული მხარე, რაც გულისხმობს იმის ცოდნას, როგორ აწარმოო დიალოგი – დაიცვა ჯერი, შეინარჩუნო თემა, უცბად არ გადახტე ერთი თემიდან მეორეზე, ბოლომდე თქვა სათქმელი, იცოდე, ვისთან როგორი ლექსიკა გამოიყენო ანუ რა სიტყვებით ელაპარაკო ნაცნობს, უცნობს და სხვა. თუმცა პრაგმატული მეტყველების დარღვევა სხვა პრობლემების დროსაც შეინიშნება.

აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ სხვისი პოზიციიდან ყურება, სხვისი ემოციის გაზიარება, იმის ვარაუდი, რას განიცდის სხვა ადამიანი, იმის განჭვრეტა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს მის ნათქვამს. ამას გონების თეორია ეწოდება და პირველად სწორედ აუტიზმის მქონე ადამიანებთან შეისწავლეს. სხვისი ემოციური მდგომარეობისა და განზრახვის გაგება გონებრივი ჩამორჩენილობის დროსაცაა შესაძლებელი, აუტისტური აშლილობის მქონე ადამიანებს კი ეს ძალიან უჭირთ. არ აქვთ იუმორის გრძნობა, არ ესმით გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი. განიცდიან სიყვარულსა და მადლიერებას, მაგრამ ამის გამოხატვა არ შეუძლიათ.

 

 

დიაგნოზი

– როგორ ხდება ასა-ს დიაგნოსტიკა?

– პედიატრი, თუ სპეციალურად არ არის მომზადებული, აუტიზმის ნიშნებს ადრეულ ასაკში ვერ შეატყობს ბავშვს, რადგან ის მხოლოდ სენსომოტორულ განვითარებას აფასებს, რაც აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვებთან ნორმალურად მიმდინარეობს. აუტიზმის სამედიცინო მარკერები არ არსებობს, ამასთან, პატარა ბავშვის ქცევა ძალზე ვარიაბელურია – სხვადასხვა ადამიანთან, სხვადასხვა გარემოში ის სხვადასხვანაირად იქცევა, ამიტომ ბავშვი რამდენიმე სპეციალისტმა უნდა შეაფასოს: ფსიქიატრმა, ნევროლოგმა, ფსიქოლოგმა, ნეიროფსიქოლოგმა, ოკუპაციურმა თერაპევტმა, შესაძლოა, მეტყველების თერაპევტმაც. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ბავშვის ქცევაზე დაკვირვება, სპეციალური ტესტების ჩატარება, მშობლებთან გასაუბრება – ამ გზით გამოვლინდება აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები, რომლებიც დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს შეესაბამება და რომელთა საფუძველზეც დავადგენთ ასა-ს არსებობას, ამიტომ აუტიზმის დიაგნოსტიკა საკმაოდ ძვირად ღირებულია.

ბოლო დროს გახშირდა აუტიზმის წაშლილი, მიმიკრირებული ფორმები, როდესაც დაავადების ყველა ნიშანი არ არის აშკარა, ან არის და ზოგ შემთხვევაში ქრება ადრეული ინტერვენციის ფონზე. ეს უტყუარი დიაგნოზის დასმას აძნელებს. ბოლო ათი წელია, მომრავლდნენ ბავშვები, რომლებსაც აქვთ შეგრძნებათა მოუწესრიგებლობა, რასაც სენსორული ინტეგრაციის დარღვევას ვუწოდებთ. ის აუტისტური სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომია და გარემოს სტიმულებზე უჩვეულო რეაგირებით გამოიხატება. მაგალითად, ხმადაბალ მუსიკაზე ან ოდნავ შეხებაზე ბავშვს შესაძლოა ისტერიკა დაემართოს, ინტენსიურ მაღალ ხმაზე ან მოჭყლეტასა და ჩაჭმუჭნაზე კი რეაქცია არ ჰქონდეს ან, პირიქით, მოეწონოს კიდეც.

 

საინტერესოა, რომ დღეს ასეთი არასტანდარტული რეაგირება სხვა მხრივ ჯანსაღ, მაგრამ ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთანაც შეინიშნება. მათი წამალი ოკუპაციური თერაპიაა.

 

https://www.aversi.ge