Nuk
აუტიზმის სპექტრის აშლილობები

თარიღი: 07 დეკემბერი, 2017

აუტიზმის სპექტრის აშლილობები - ეს არის ქოლგა-ტერმინი და გულისხმობს რამდენიმე მდგომარეობას, რომელთაც აერთიანებთ გახატული პრობლემები სამ ძირითად სფეროში (სიმპტომთა სხვადასხვა გამოხატულებით): სოციალური ინტერაქციისა და კომუნიკაციის თვისობრივი ცვლილებები, ინტერესთა შეზღუდულობა და სტერეოტიპული ქცევის პატერნი. აღნიშნულ მდგომარეობებს შესაძლოა თან ახლდეს გონებრივი ჩამორჩენილობა, მოტორული კოორდინაციისა და ყურადღების სირთულები, ქცევის მართვის სირთულეები და ფიზიკური დარღვევები, როგორიცაა ძილის და საჭმლის მონელების დარღვევები.

- აუტიზმის სპექტრის შემთვევაში ცვლილებები ვითარდება თავის ტვინის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე, ამიტომ დარღვევისთვის დამახასიათეელი სიმპტომატიკა მაქსიმალურად ვლინდება 18 თვიდან 36 თვემდე. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ადრეული დიაგნოსტიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ინტერვენციის ეფექტურობის თვალსაზრისით.

რამდენად ხშირია აუტიზმი?
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად ყოველ 68 ბავშვიდან ერთს აღენიშნება აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ამავდროულად მდგომარეობის სიხშირემ ბოლო 40 წლის განმავლობაში მოიმატა 40ჯერ. კვლევათა თანახმად ამგვარად მომატებული სიხშირე მხოლოდ ნაწილობრივ აიხსნება ცნობადობისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით. აუტიზმის ხუთჯერ უფრო ხშირია ბიჭებში (1 შემთხვევა 42 ბიჭში და 189 გოგოში). აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის თანახმად აუტიზმის გავრცელება მხოლოდ 2015 წელს გაიზარდა 10 დან 17 პროცენტამდე. ასეთ ზრდას ფაქტიურად არ აქვს ახსნა, გარდა გაუმჯობესებული დიაგნოსტიკისა და გარემო ფაქტორების ზეგავლენის.

აუტიზმის გამომწვევი მიზეზები

- არც თუ ისე დიდ ხნის წინ ჩვენი პასუხი ამ კითხვეზე იქნებოდა: „წარმოდგენა არ მაქვს.“ თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევებმა გამოავლინეს გარკვეული მიზეზები.

- უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, როგორც არ არსებობს აუტიზმის ერთი ტიპი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მეცნიერებმა მოახდინეს იშვიათი გენური მუტაციების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია აუტიზმის განვითარებასთან.

- ამ ცვლილებათა მცირე ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად გამოიწვიოს აუტიზმი, როგორ ასეთი. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, მათი ზემოქმედების მექანიზმი აუტიზმის რისკ-გენებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების კომბინაციას წარმოადგენს ტვინის განვითარების ადრეულ სტადიაზე.

- გარემო ფაქტორები, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ აუტიზმის განვითარებაში, ახდენენზემოქმედებას თავის ტვინზე დაბადებამდე და დაბადების შემდეგ.


ეს ფაქტორებია:

- მშობლების ასაკი ჩასახვის მომენტისათვის,

- დედის ავადმყოფობა და მავნე ზემოქმედებები ორსულობის დროს,

- რთული მშობიარობა, როდესაც ვითარდება ტვინის ჰიპოქსია,

- დღენაკლულობა.

- უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორები თავისთავად არ იწვევენ აუტიზმის განვითარებას და მათ ენიჭებათ გარკვეული როლი, მხოლოდ გენეტიკურ ფაქტორებთან თანაარსებობისას.


აუტიზმი- სიმპტომები

- ნორმალური განვითარების შემთხვავაში ბავშვები აკვირდებიან სახეებს, იღიმიან და ცდილობენ თითის დაჭერას უკვე 2-3 თვის ასაკისათვის. რაც აუტიზმის შემთხვევაში დარღვეულია.

- 8-10 თვის ასაკისათვის აუტიზმის მქონე ბავშვების დიდი ნაწილი ავლენს სოციალური ინტერაქციის დეფიციტს - არ რეაგირებს საკუთარ სახლეზე, არ ღუღუნებს, არ გამოხატავენ სიამოვნებას, არ ინტერესდებიან ადამიანებით.

- 12 თვიდან 24 თვემდე ასაკში ვლინდება სოციალურ თამაშების დეფიციტი, ბავშვი არ ცდილობს სხვისი მოქმედებების იმიტირებას, ურჩევნი განმარტოვებით თამაში. ასეთი ბავშვები არ ითხოვენ დამშვიდებას, როდესაც რამეს იტკენენ ან აღელვებულები არიან, არ რეაგირებენ ადექვატურად მშობლის ემოციის საპასუხოდ. რიგ შემთხვევაში ბავშვის განვითარება მიმდინარეობს ტიპიურად 18-24 თვემდე და შემდეგ ვითარდება ე.წ. უნარების რეგრესი, როდესაც ბავშვი კარგავს მანამდე განვითარებულ სამეტყველო თუ სოციალურ უნარებს.

სასიგნალო ნიშნები 6 თვიდან 18 თვემდე

- არ არის ფართე ღიმილი და სხვა სითბოს და კმაყოფილების გამოხატულება 6 თვის შემდეგ 

- არ წარმოებს ხმების, ღიმილისა, ჟესტების და მიმიკის გაზიარება 9 თვის შემდეგ 

- არ ღუღუნებს 12 თვისათვის

- არ არის სასურველი საგნის მინიშნების (თითით მინიშნება), ჩვენების, ხელის დაქნევის ჟესტები 12 თვის შემდეგ 

- არ რეაგირებენ სახელით მიმართვაზე (ან რეაგირებენ შერჩევითად)

- არ ამბობს არც ერთ სიტყვას 16 თვის ასაკისათვის 

- არ არის აზრიანი ორ-სამსიტყვიანი ფრაზები 18 თვის ასაკისათვის

- მეტყველების და ასევე სოციალური ფუნქციონირების ნებისმიერი რეგრესი (არსებული სიტყვათა მარაგის გაღარიბება, მეტყველების ფუნქციის სრულ დაკარგვამდე)

სასიგნალო ნიშნები 2 წლის ასაკისათვის 

- უმეტესად არ რეაგირებენ (ან რეაგირებენ შერჩევითად) სახელით მიმართვაზე

- მზერითი კონტაქტის სრული ან ნაწილობრივი დეფიციტი

- არ იჩენენ ინტერესს ბავშვების მიმართ 

- არ თამაშობენ იმიტაციურ თამაშებს 

- არ მიაქვთ საჩვენებლად სხვადასხვა საგნები მშობლებთან

- არ უზიარებენ ემოციებს ოჯახის წევრებს 

- არ ასრულებენ მარტივ ინსტრუქცვიებს (ან ასრულებენ სურვილისამებრ)

- არ ცდილობენ ყურადღება მიაქცევინონ გარშემომყოფებს საკუთარ ქმედებებზე

- არ აქვთ თითით მინიშნების ჟესტი და თანხმობა-უარყოფის ჟესტები 

- არ იღიმებიან საპასუხოდ, როდესაც მათ უღიმიან 

ასავე აღსანიშნავია შემდეგ ნიშნების არსებობა:

- ზედმეტი მგრძნობელობა ხმაურის მიმართ (ყურებზე ხელების აფარება, ტირილი, შიში)

- სტერეპტიპული მოძრაობები (ხელის მტევნების ქნევა, ხტუნვა, უმიზნოდ სირბილი, ტრიალი, ფეხიდან ფეხზე გადასვლა-რწევა, ხელების შუა ხაზზე მიტანა და ა.შ.)

- ხელებით უცნაური მოძრაობები სახესთან და თვალებთან ახლოს 

- სტერეოტიპული თამაში (ბორბლების ტრიალი, საგნების ჩაყრა-გადმოყრა, წყლის გადასხმა-გადმოსხმა, საგნების დატრიალება, მწკრივში განლაგება და ა.შ. 

- უჩვეულო საგნების ამოჩემება: ფეხსაცმელები, სამზარეულოს ჭურჭელი, ყუთები, კოსმეტიკა, თმის სამაგრები, პლასტმასის ბოთლები, საკრედიტო ბარათები და ა.შ.

- უჩვეულო და ასაკის შეუსაბამო ინტერესები: ასოები, ციფრები, ლოგოები და სხვა 

- ქცევის დარღვევა: სასურველის არ შესრულების შემთხვევაში გადამეტებულად ტირილი, ყვირილი, კივილი, ტემპერ-ტანტრუმის (მრისხანების შეტევა) განვითარება.

- ასეთი ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მშობელმა დაუყონებლივ უნდა მიმართოს ბავშთა ფსიქიატრს, რათა დროულად შეფასდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარების რისკი. როგორც უკვე აღინიშნა, ადრეულ დიაგნოსტიკას ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რადგან რაც უფრო დროულად იწყება თერაპია, მით უფრო კარგი შედეგები აქვს მას. თუმცა, რა თქმა უნდა, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან იგი დამოკიდებულია სიმპტომთა გამოხატულების ინტენსივობაზე, ბავშვის რესურსების არსებობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.

- დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებას. პროცესში ჩართულები არიან: ბავშთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი. გამოიყენება აუტიზმის სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტის ტესტები (ADOS-ბავშვის ქცევაზე დაკვირვება და ADI-R - სტრუქტურირებული ინტერვიუ მშობელთან) და ასევე დამხმარე ტესტები: ადაპტაციური უნარების საკვლევი სკალა (ვაინლანდ 2), ინტელექტის კოეფიციენტის განსაზღვრა ვექსლერის ტესტის გამოყენებით; მეტყველების განვითარების შესაფასებელი ტესტი და ბავშვის ქცევის ანალიზი. დიაგნოზის დასმის შემდეგ გუნდის მიერ იგეგმება ინტერვენციის პროცესი, სადაც აუციელბლად არის ჩართული ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA თერაპია) და დამატებითი თერაპიები საჭიროებისამებრ (სენსორული, მეტყველების, ფიზიკური, ოკუპაციური, ხელოვნების თერაპიები). აუცილებელია ბავშის მდგომარეობის მონიტორინგი ექიმის მიერ 6-12 თვის ინტერვალში და საჭიროებისამებრ ADOS ტესტის ჩატარება პროგრესის და მიმდინარეპრბლემების შეფასების მიზნით.


- [email protected]

- (+995 32) 252 78 89

- (+995 568) 01 33 99 

წყარო: ნეიროგანვითარების ცენტრი