Nuk
ბაქტერიული ვაგინოზი

თარიღი: 06 მარტი, 2023

ბაქტერიული ვაგინოზი არის ვაგინალური ანთებითი დაავადების ტიპი, რომელიც გამოწვეულია საშოს ბუნებრივი მიკროფლორის უხვი ზრდით, რაც არღვევს ამ გარემოს ბუნებრივ წონასწორობას. 

ბაქტერიული ვაგინოზი, ყველაზე ხშირად, რეპროდუქციული ასაკის ქალებში გვხვდება, თუმცა მისი განვითარება ქალების სხვა ასაკობრივ კატეგორიაშიც შესაძლებელია. 

ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად არაა დადგენილი, მაგრამ გამოკვეთილია გარკვეული აქტივობები, როგორებიცაა მაგ: დაუცველი სექსი ან საშოს ხშირი გამორეცხვები, რომლებიც მკვეთრად ზრდის აღნიშნული მდგომარეობის განვითარების რისკებს. 

 

სიმპტომები:  

ბაქტერიული ვაგინოზის ნიშნები და სიპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- თხიერი, მონაცრისფრო, თეთრი ან მომწვანო ფერის ვაგინალური გამონადენი

- უსიამოვნო, “თევზის” მსგავსი სუნის არსებობა საშოში

- ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში

- წვა შარდვის დროს

ბაქტერიული ვაგინოზის მქონე ბევრ ქალს არ აქვს გამოხატული კლინიკური სიმპტომატიკა.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ჩანიშნეთ ვიზიტი გინეკოლოგთან, თუ:

- გაქვთ ვაგინალური გამონადენი, რომელიც გაჩნდა ახლა და რომელსაც თან ახლავს სპეციფიკური სუნი და/ან ანთება.

- თქვენ გქონდათ ვაგინალური ინფექციები, მაგრამ საშოდან თქვენი ამჟამინდელი გამონადენის ფერი და მახასიათებლები განსხვავებულია წინა პერიოდის სიპტომებიდან.

- გყავთ რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორი ან გყავთ ახალი პარტნიორი. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ნიშნები და სიმპტომები სწორედ ბაქტერიული ვაგინოზის მსგავსია ხოლმე და დიფერენცირება აუცილებელია. 

- სცადეთ თვითმკურნალობა სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თქვენი კლინიკური სიმპტომები კვლავ გრძელდება.

 

მიზეზები:
ბაქტერული ვაგინოზი შედეგია თქვენს საშოში ბუნებრივ პირობებში ბინადარი გარკვეული სახის ბაქტერიებიდან რომელიმე მათგანის გადაჭარბებული ზრდისა. საშოს მიკროგარემოში, ჩვეულებრივ, “მეგობარი” ბაქტერიების - ლაქტობაცილების რაოდენობა აღემატება ე.წ. “ცუდი” ბაქტერიების - ანაერობების რაოდენობას, მაგრამ თუ მოხდა ანაერობული ფლორის გადაჭარბებულად გამრავლება, ირღვევა საშოს მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსი და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი. 

 

რისკ-ფაქტორები: 

ბაქტერიული ვაგინოზის რისკ-ფაქტორები მოიცავს შემდეგს:  

- რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორის ან ახალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტიერული ვაგინოზი, როგორც ასეთი, არ მიეკუთვნება სქესობირივი გზით გადამდებ დაავადებას და ექიმებს ბოლომდე არ აქვთ ახსნილი კავშირი სექსუალურ აქტივობასა და ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების რისკებს შორის, ფაქტია, რომ ეს მდგომარეობა უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, რომელთაც ჰყავთ მრავალი სექსობრივი პარტნიორი ან იმყოფებიან ახალ ურთიერთობაში ახალ სქესობრივ პარტნიორთან. ბაქტერიული ვაგინოზი, ასევე, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, რომელთაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი ქალებთან. 

- საშოს გამორეცხვა. საშოს წყლით ან სპეციალური საშუალებებით გამორეცხვა (ე.წ. დუშინგი) არღვევს მიკროორგანიზმების ბუნებრივ ვაგინალურ ბალანსს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ანაერობული ბაქტერიების ჭარბი ზრდა და შედეგად, ბაქტიერიული ვაგინოზის განვითარება. გახსოვდეთ, რომ საშოს აქვს უნიკალური თვითგაწმენდის უნარი და მისი გამორეცხვა საჭირო არ არის!

- ლაქტობაცილების ბუნებრივი ნაკლებობა. თუ თქვენი ბუნებრივი ვაგინალური გარემო არ აპროდუცირებს მეგობარი ლაქტობაცილური ბაქტერიების საკმარის რაოდენობას, მეტი ალბათობაა იმის, რომ განგივითარდეთ ბაქტიერული ვაგინოზი.

 

გართულებები: 

ბაქტერიული ვაგინოზი, ჩვეულებრივ, არ იწვევს გართულებების განვითარებას. თუმცა, ზოგჯერ, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს:  

- ნაადრევი მშობიარობა: ორსულ ქალებში ბაქტიერული ვაგინოზი ასოციარებულია ნაადრევ მშობიარობასა და მცირე მასის ახალშობილის დაბადებასთან. 

- სქესობირივი გზით გადამდები ინფექციების განვითარება: ბაქტერიული ვაგინოზის მქონე ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან ისეთი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმართ, როგორებიცაა: აივ/შიდსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ქლამიდია ან გონორეა. ასევე, თუ თქვენ გაქვთ აივ-ი, ბაქტიერული ვაგინოზი ზრდის სქესობრივ პარტნიორზე მისი გადადების ალბათობას. 

- ინფექციის რისკი გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ: ბაქტერიულმა ვაგინოზმა შეიძლება გაზარდოს პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების განვითარების რისკები ისეთი პროცედურების შემდეგ, როგორებიცაა, მაგ: ჰისტერექტომია ან დილატაცია და კიურეტაჟი. 

- მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (PID): ბაქტერიულმა ვაგინოზმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების (PID) განვითარება, ასევე საშვილოსნოს და ფალოპის მილების მიდამოს ინფექციური პროცესები, რამაც შედეგად შეიძლება გაზარდოს უნაყოფობის რისკები. 

 

პრევენცია: 

ბაქტერიული ვაგინოზის თავიდან ასაცილებლად: 

- შეამცირეთ ვაგინალური გაღიზიანება. გამოიყენეთ რბილი, არადეოდორანტი საპნები და არაარომატიზებული ტამპონები და ჰიგიენური საფენები. 

- არ მიმართოთ საშოს გამორეცხვის პროცედურებს. საშო არ საჭიროებს სპეციალურ გამორეცხვას, გარდა ჩვეულებრივი ბანაობისა.  საშოს ხშირი გამორეცხვები არღვევს ბუნებრივ ვაგინალურ ბალანსს და შეიძლება გაზარდოს ვაგინალური ინფექციის განვითარების რისკები. საშოს გამორეცხვა არ ასუფთავებს ვაგინალურ მიდამოს ინფექციებისგან. 

- მოერიდეთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს. თავდაცვისთვის გამოიყენეთ მამაკაცის ლატექსის პრეზერვატივი, შეზღუდეთ სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა ან თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკები. 

 

დიაგნოსტიკა: 

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტიკისთვის ექიმმა შეიძლება:  

- დაგისვათ კითხვები თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ. გინეკოლოგი გკითხავთ წინა პერიოდის ნებისმიერი ვაგინალური ინფექციის ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის შესახებაც. 

- ჩაატაროს მენჯის გამოკვლევა. მენჯის გამოკვლევის დროს თქვენი ექიმი ვიზუალურად ამოწმებს გარეთა სასქესო ორგანოებს, აწარმოებს სარკეებით გასინჯვას ვაგინალური და ცერვიკალური ინფექციის ნიშნების შესაფასებლად და ატარებს ბიმანუალურ გამოკვლევას, რაც გულისხმობს ორ ხელს შორის თქვენი მენჯის ღრუს ორგანოების გასინჯვას და სხვადასხვა პარამეტრით მათი მდგომარეობის შეფასებას. ბიმანუალური გამოკვლევისთვის ექიმს ერთი ხელის ორი თითი შეაქვს საშოში, მეორე ხელით კი აწვება მუცელს მენჯის ღრუს მიდამოში.

- აიღოს ვაგინალური ნაცხის ნიმუში. ეს კვლევა შეიძლება ჩატარდეს ვაგინალურ ფლორაში ანაერობული ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდის შესამოწმებლად. ექიმმა შეიძლება გააგზავნოს საშოს ნაცხის ნიმუში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის, რათა მოიძებნოს იქ ე.წ. “Clue Cells” - ბაქტერიებით დაფარული ვაგინალური უჯრედები, რომელთა აღმოჩენაც ნაცხში ბაქტერიული ვაგინოზის ნიშანს წარმოადგენს. 

- შეამოწმოს თქვენი ვაგინალური PH. ექიმმა მარტივი ტესტით შეიძლება გამოკვლევის დროსვე შეამოწმოს თქვენი საშოს მჟავიანობა PH ტესტის ქაღალდის სტრიპის საშოში მცირე ხნით მოთავსებით. ვაგინალური PH >4.5 ბაქტერიული ვაგინოზის ნიშანია. 

 

მკურნალობა:
ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მოწოდებული რამოდენიმე  მედიკამენტიდან ერთ-ერთი მათგანი ან გამოიყენოს მათი კომბინაცია.

 ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალო მედიკამენტები ხელმისაწვდომია ორალური ტაბლეტების, გელის და კრემების სახით, რომლებიც თავსდება საშოში.

ზოგადად, არ არის აუცილებელი ინფიცირებული ქალის მამრობითი სქესის პარტნიორის მკურნალობა, მაგრამ ბაქტერიული ვაგინოზი შეიძლება გავრცელდეს ქალ სექსუალურ პარტნიორებს შორის. ქალმა პარტნიორებმა შეიძლება გაიარონ ტესტირება და შესაძლებელია საჭირო გახდეს პარტნიორის მკურნალობაც. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაქტერიული ვაგინოზის კლინიკური სიმპტომების მქონე ორსული ქალების მკურნალობა ნაადრევი მშობიარობის ან მცირე მასის ახალშობილის დაბადების რისკების შესამცირებლად. 

 მიიღეთ მედიკამენტი პერორალურად ან გამოიყენეთ კრემი ან გელი იმდენ ხანს, რამდენი ხნის განმავლობაშიც დაგინიშნავთ მას გინეკოლოგი. მკურნალობა ჩაიტარეთ ბოლომდე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კლინიკური სიმპტომატიკა მკურნალობის დაწყების შემდეგ მალევე გაქრება. გახსოვდეთ, რომ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს რეციდივის რისკები. 

 

შებრუნებითი ინფექცია: 

ხშირია ბაქტერიული ვაგინოზის განმეორება სამიდან 12 თვემდე პერიოდში, მკურნალობის მიუხედავად. 

მკვლევარები მუშაობენ მორეციდივე ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის სტანდარტების შესამუშავებლად. თუ კლინიკური სიმპტომები განმეორდება მკურნალობის შემდეგ მალევე, ესაუბრეთ ექიმს თქვენი სიმპტომების და ჩატარებული მკურნალობის შესახებ. განმეორებადი ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ ერთ-ერთი არჩევის მეთოდი მეტრონიდაზოლით ხანგრძლივი თერაპიის გამოყენება შეიძლება იყოს. 

 თვითდახმარების მიდგომა არის ლაქტობაცილებით კოლონიზაციის თერაპია - მიდგომა, რომელიც ცდილობს გაზარდოს კარგი, მეგობარი ბაქტერიების რაოდენობა თქვენს საშოში და აღადგინოს დაბალანსებული ვაგინალური გარემო. ეს შესაძლოა განხორციელდეს როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის გამოყენებით, ასევე, გარკვეული სახის პროდუქტების, მაგ: იოგურტის ან ლაქტობაცილების შემცველი სხვა საკვების მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ პრობიოტიკებით თერაპიას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სარგებელი, ამ თემაზე მეტი და უფრო ზუსტი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

 

მომზადება თქვენი გინეკოლოგიური ვიზიტისთვის: 

გირჩევთ, ვიზიტი გინეკოლოგთან დაგეგმოთ იმ დღეებში, როდესაც არ გექნებათ მენსტრუაცია. ამ შემთხვევაში ექიმს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს და შეაფასოს თქვენი ვაგინალური გამონადენი მენსტრუალური გამონადენით შეფერხების გარეშე. მოერიდეთ ტამპონებისა და ვაგინალური დეოდორანტული სპრეების გამოყენებას, ნუ ჩაიტარებთ საშოს გამორეცხვას და ნუ დაკავდებით სექსით ვიზიტამდე 24 საათის განმავლობაში.

 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ? 

იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ექიმთან ვიზიტის თქვენთვის განკუთვნილი დრო და არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გავლა მასთან:

- შეადგინეთ ნებისმიერი სიმპტომების სია, რომლებიც გაქვთ გამოვლენილი. ჩამონათვალში ჩაწერეთ ისეთი სიმპტომებიც, რომლებზეც არ ფიქრობთ, რომ თქვენს ძირითად ჩივილებთანაა დაკავშირებული,

- შეადგინეთ ნებისმიერი მედიკამენტის, ვიტამინების თუ მცენარეული და საკვები დანამატების სია, რომელთაც იღებთ ამჟამად ან იღებდით მცირე ხნით ადრე.

- იქონიეთ დღიური ან ელექტრონული მოწყობილობა. ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც ექიმი გეტყვით თქვენი ვიზიტის დროს.

- მოამზადეთ კითხვების სია, რომელიც უნდა დაუსვათ ექიმს. სიის სათავეში მოაქციეთ თქვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კითხვები, რათა ვიზიტის დროის ამოწურვის შემდეგ, ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ საკვანძო საკითხები.

 

გთავაზობთ რამოდენიმე ძირითად კითხვას, რომელიც უნდა დაუსვათ ექიმს ბაქტერიული ვაგინოზის კლინიკური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში: 

- შემიძლია თუ არა გავაკეთო რაიმე იმისთვის, რათა თავიდან ავიცილო ბაქტერიული ვაგინოზის განვითარება?

- რა ნიშნები და სიმპტომები უნდა გამომივლინდეს, რომ ვიფიქრო ბაქტერიული ვაგინოზის არსებობაზე?

- მჭირდება მედიკამენტების მიღება ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ?

- იმ შემთხვევაში თუ მე მაქვს ბაქტერიული ვაგინოზი, ჩემი პარტნიორიც საჭიროებს გამოკვლევებსა და შემდგომ მკურნალობას?

- არსებობს რაიმე სპეციალური მითითებები იმ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით, რასაც მინიშნავთ ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ?

- არსებობს რაიმე ურეცეპტო პროდუქტი, რომელიც დამეხმარება ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობაში?

- რა შემიძლია გავაკეთო, თუ კლინიკური სიმპტომები კვლავ დაბრუნდა მკურნალობის დასრულების შემდგომ?

ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა ექიმთან ვიზიტის დროს. ასევე დეტალურად გაიარეთ ყველა ის საკითხი, რასაც ვერ გაიგებთ.

 

კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგისვათ თქვენმა ექიმმა

მზად იყავით, უპასუხოთ გინეკოლოგისგან დასმულ ისეთ კითხვებს როგორებიცაა: 

- რა კლინიკური სიმპტომატიკა გაქვთ გამოვლენილი?

- რამდენი ხნის წინ დაგეწყოთ აღნიშნული ჩივილები?

- ამჩნევთ უსიამოვნო, სპეციფიკურ სუნს საშოს მიდამოში?

- როდესმე ჩატარებული გაქვთ ვაგინალური ინფექციების საწინააღმდეგო მკურნალობა?

- გიცდიათ, თვითნებურად გამოგეყენებინათ რაიმე სახის ფარმაცევტული პროდუქტი თქვენი სიმპტომების სამკურნალოდ?

- იღებდით თუ არა ანტიბიოტიკებს წინა პერიოდში რაიმე მიზეზით?

- ხართ სქესობრივად აქტიური?

- ორსულად ხართ?

- იყენებთ თუ არა სურნელოვან ჰიგიენურ პროდუქტებს? როგორებიცაა, სურნელოვანი საპნები, აბაზანის ბომბები და ა.შ.?

- მიმართავთ თუ არა საშოს გამორეცხვებს ან იყენებთ თუ არა ქალის ვაგინალურ ჰიგიენურ სპრეის ან სხვა მსგავს პროდუქტებს?

 

იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის! 

გინეკოლოგიურ ვიზიტზე ჩასაწერად მომწერეთ აქ ან დამიკავშირდით ნომერზე: 598 63 89 39 

სტატიის ავტორი: ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე