Nuk
ბავშვები აგრესიულები მშობლების სიმკაცრის ან ყურადღების დეფიციტის გამო ხდებიან

თარიღი: 20 თებერვალი, 2018

შფოთვითი აშლილობა, ნევროზი, აგრესია მოზარდებში. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის "სტიმული" ხელმძღვანელი ნინო ვერხვიაშვილი საუბრობს.

 

როგორია სტატისტიკა და რამდენად ხშირია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, იმ ფონზე როცა რეალურად ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ნევროზი?

ნინო ვერხვიაშვილი: მე ვერ გეტყვით როგორია სტატისტიკა საქართველოში, რადგან არ ვფლობ ამ ინფორმაციას, თუმცა რაც გადის დრო, უფრო და უფრო მატულობს მომართვიანობა ჩვენს ცენტრში და შესაბამისად მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცვლის თავის ცხოვრებას უკეთესობისკენ ანუ არის განსხვავებული დაკვეთები, ვგულისმობ იმას, რომ მრავალნაირი დაკვეთით მოგვმართავენ და ერთადერთი რასაც ჩვენი ცენტრი არ ეხება ეს არის ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.

 

როგორ უნდა გადალახოს ადამიანმა ის დაბრკოლებები ცხოვრებაში, რომელიც მას და მის ფსიქიკას საფრთხეს უქმნის?

ნინო ვერხვიაშვილი: აქ არ არსებობს ერთი ზუსტი და მოკლე რეცეპტი იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ადამიანის ფსიქიკას სპეციფიკურობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე თითოეული ადამიანი არის უნიკალური შემთხვევა. განვიხილოთ მაგალითად შფოთვითი აშლილობა- თითოეული ადამიანის მდგომარეობა არის განსხვავებული და შესაბამისად სტანდარტული მიდგომა სჭირდებათ. პირველ რიგში ადამიანი საკუთარ თავს უნდა დაეხმაროს იმით, რომ მან გააცნობიეროს არც ისე კარგადაა ყველაფერი. ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელსაც ვგრძნობთ რომ უჭირთ, თუმცა არ აღიარებენ ამას. წინა წლებთან შედარებით მეტ-ნაკლებად დაიმსხვრა ის სტერეოტიპი ადამიანებში როცა ეგონათ რომ ფსიქოთერაპევტს მხოლოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მიმართავდნენ. ადამიანები არ ვართ ვალდებული, რომ ვიცოდეთ თუ როგორ მოვაგვაროთ ის ფსიქიკური პრობლემები რომელიც გვექმნება, ამიტომ საჭიროა სპეციალისტის დახმარება.

 

პრობლემიდან გამომდინარე, როგორ უნდა განვასხვავოთ ნევროლოგის კონსულტაცია გვესაჭიროება თუ ფსიქოთერაპევტის?

ნინო ვერხვიაშვილი: ძირითადად მოგვმართავენ პანიკური შეტევების პრობლემით. ეს კი ყალიბდება რამდენიმე წლის განმავლობაში. როდესაც ადამიანი მიდის ნევროპათოლოგთან ის ნიშნავს მედიკამენტებს, რადგან შეამციროს ის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია ჩვენი ნევროზული სტრატეგიებით და შინგანი კონფლიქტით საკუთარ თავთან. მედიკამენტები მხოლოდ შედეგს ამცირებს და არ აისახება იმ მიზეზზე რის გამოც ადამიანს ეს პრობლემა აქვს. ასეთ დროს პირდაპირი ჩვენება არის ზუსტად ფსიქოთერაპია, რომელიც არ შემოიფარგლება ერთი და ორი სიანსით.

 

როგორ შეიძლება მოხვდნენ თქვენს ცენტრში ადამიანები და როგორ ხდება კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემის მოგვარება?

ნინო ვერხვიაშვილი: ის რაც ხდება ჩვენთან ეს არის ინდივიდუალური მუშაობა კონკრეტულ ადამიანთან. არსებობს სასწავლო ჯგუფები, რომლებსაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, იმისათვის რომ მომავალში იმუშაონ პაცინტებთან. არსებობს თერაპიული ჯგუფებიც. ერთ-ერთი ჯგუფი რომელიც მომავალში გამოცხადდება ეს არის სოციოფობებისთვის განკუთვნილი ჯგუფი, იმიტომ რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოგვმართავს, ვისაც სოციოფობიის პრობლემა აქვთ. ასევე გვაქვს ქალებისთვის ჯგუფი და განიხილება ის თემები, რომელიც მათთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. 

 

ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე მინდა გკითხოთ. მოზარდებში გააქტიურდა აგრესია და ბულინგი. მოგვეცით რჩევა როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

ნინო ვერხვიაშვილი: აგრესია არის ის უნარი, რომელიც ყველას გვაქვს და სასარგებლოცაა თუნდაც იმიტომ რომ დავიცვათ თავი ვიღაცეებისგან. აგრესიულობა კი ხასითის ერთ-ერთ შტრიხად შეიძლება ჩაითვალოს. მშობელი რომელიც თვლის რომ მისი შვილი აგრესიული გახდა, ეს იწყება ბავშვობიდან. ძირითადად ორი მიზეზის გამო ხდებიან ბავშვები აგრესიულები, მაშინ როდესაც მშობლებს ქონდათ ავტორიტარული სტილი ანუ ზედმეტი სიმკაცრე მათთან ურთიერთობისას, მეორე კი ეს ყველაფერი ყურადღების დეფიციტისგან გამომდინარე ხდება. შეთავაზეთ თქვენს შვილს ის, რომ ერთად მოხვიდეთ ფსიქოთერაპევტთან, ასეთ შემთხვევაში ის მარტოდ არ იგრძნობს თავს.

წყარო: https://4u.ge