ბავშვების გაკაჟება ზაფხულში

თარიღი: 11 ივლისი, 2017

ინგა მამუჩიშვილი ბავშვების გაკაჟებაზე ზაფხულში – როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს.

5 ივლისის გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ცხელი ზაფხულის ყველაზე მწვავე პრობლემებს დაეთმო. როგორც ავაცილოთ პატარებს მზის მავნე ზემოქმედება, რამდენად საშიშია მწერის ნაკბენი და რა სახის რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს ამ დროს,  რა სიმპტომებით ვლინდება ნაწლავური ინფექციები და რა არის მათი გამომწვები მიზეზი, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს და რა უნდა წავიღოთ სააფთიაქო ჩანთით, როცა ბავშვთან ერთად დასასვენებლად მივდივართ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“.

 

ქალბატონო ინგა, რას მოვარიდოთ ბავშვი  გაუსაძლისი სიცხეების დროს?

ძალიან დაცხა და გაგვიჩნდა საზრუნავი, თუ სად გავიყვანოთ ბავშვი, თუ ვერ გაგვყავს, როგორ დავიცვათ სიცხეებისგან თბილისში. ყველას არ შეუძლია ძვირადღირებულ კურორტებზე წასვლა, თბილისის გარეუბანში, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ბავშვი გაარიდოთ სიცხეს. ბავშვებს უნდათ თავისუფლება, ჰაერზე თამაში და ძალიან განიცდიან, როდესაც სახლში არიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბავშვის თუნდაც პარკში გაყვანა, რადგან სიცხე მაინც ძლიერია, თამაშით გართული პატარა არ ითხოვს წყალს და ხდება გაუწყლოვანება, ირღვევა სითხის მიღებისა და გაცემის ბალანსი, ოფლიანობასთან ერთად იწყება მიკროელემენტების კარგვა. ბავშვს არ აქვს წყურვილის შეგრძნება, ან არ სურს დრო დაკარგოს. შეიძლება ზაფხულში არ დავაძალოთ საკვების მიღება, მაგრამ წყლის მიღება აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ. არ არის სასურველი, გაზიანი სასმელების მიღება, უმჯობესია წყალი. კატეგორიული ვერ ვიქნები, ვერ შეუზღუდავ მცირე რაოდენობით ლიმონათს, ან ტკბილეულს, ეს ერთგვარი ძალადობაა ბავშვსა და მის ორგანიზმზე. უნდა ვაკონტროლოთ, რა რაოდენობით იღებს სითხეს და რა რაოდენობით გამოყოფს. სითხის გამოყოფა ხდება კანის ზედაპირიდანაც ოფლის სახით და მცირდება შარდის გამოყოფა.

 

აუცილებელია ბავშვს თავზე ეფაროს კეპი ან პანამა, ეცვას ღია ფერის სამოსი, საღამოს საათებში კი თხელი, გრძელმკლავიანი სამოსი, რადგან აქტიურდებიან მწერები, განსაკუთრებით კი კოღოები.

 

როგორც წესი კბენისთვის მდედრი კოღოა საშიში, მას ხორთუმისებრი პირის აპარატის აგებულება აქვს და ბავშვის ხორცს ჩაეჭიდება ხოლმე, ამიტომ შეიძლება გაჩნდეს პაპულა, ჰიპერემიული უბანი და შიგნით განვითარდეს პატარა ჩირქოვანი თავი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის იმუნური სისტემა გააქტიურდა იმ ტოქსინი მიმართ, რომელიც ბავშვის ორგანიზმში კოღომ შეუშვა. პირველ რიგში, კოღოს ნაკბენისას უნდა დავაკვირდეთ, როგორი რეაქცია აქვს ორგანიზმს. შეიძლება, იყოს ადგილობრივი რეაქცია, რომელიც ჰიპერემიითა და ქავილით გამოიხატება, ან – უფრო მძიმე შედეგი მოყვეს და ანაფილაქსიით გამოიხატოს.

 

ყველა ნაკბენის შემთხვევაში საჭიროა ცივი კომპრესი, ან ყინულოვანი პარკი. თუკი ნაკბენი ზომაში იზრდება და იწყება ქავილი, უნდა მივაღებინოთ ანტიჰისტამინური საშუალება და მივმართოთ ექიმს.

 

კოღოები სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, მაგალითად ლეიშმანიოზის. მისი სიმპტომებია მაღალი ცხელება, ახასიათებს ცხელება ერთსა და იმავე დროს, ჰემოგლობინის დავარდნა და ზოგადი სისუსტე. შევეცადოთ, რომ წყალსატევეთან ახლოს, ღამის საათებში არ გვყავდეს ბავშვები.

 

უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ მზისგან გამოწვეულ მავნე ზემოქმედებაზე,  რა სიმპტომები ახასიათებს მზის დაკვრას და რა პირველადი დახმარების გაწევა  შეგვიძლია ამ დროს?

 

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 11:00დან 17:00 საათამდე ბავშვის გარეთ გაშვება არ შეიძლება, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს მზის დაკვრა. მინდა განვმარტო, რა იწვევს მზის დაკვრას.

 

როდესაც ბავშვი იმყოფება მზეზე, იწყებს ოფლიანობას და არ იღებს სითხეს, ამ დროს სისხლი სქელდება და ამ პერიოდში წნევის დაცემაც კი შეიძლება მოხდეს. პირველი სიმპტომები ასეთია: თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ან ღებინება, ცივი ოფლი, ზოგადი სიფერმკრთალე.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ბავშვი რა თქმა უნდა ჩრდილში უნდა გადაიყვანოთ, დატვირთოთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით, შუბლზე დაააფაროთ ცივი ტილო, გააგრილოთ მაქსიმალურად, თავიდან ბოლომდე გავახვიოთ წყლიან ზეწარში. თუ ეს მსუბუქი მზის დაკვრაა, ყველა სიმპტომი გაივლის. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, კანი ჰიპერემიულია, აქვს შეუპოვარი ღებინება, მომენტალურად უნდა მივმართოთ ექიმს და გადავიყვანოთ კლინიკაში.

  

ძალიან ხშირია კითხვები მწერებისგან დამცავ საშუალებებზე, რომელია მათაგნ ყველაზე ეფექტური?

აუცილებელია ბავშვი რამენაირად დავიცვათ მწერებისგან. პირველ რიგში საჭიროა კარებსა და ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეები და ეს ძალიან ეფექტურია. არსებობს სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, სახელწოდებებს არ დავასახელებ, მაგრამ კოლოფზე უნდა იყოს წარწერა, რომ უსაფრთხოა ბავშვისთვის. უმჯობესია ქაფის, ან სპრეის სახით მივასხათ სხეულზე. მართლა უსაფრთხოა ე.წ. ელექტრო მოწყობილობები, რომლის გარშემოც მწერები ვერ ჩერდებიან. არსებობს ბუნებრივი საშუალებებიც, მაგალითად რეჰანის ნახარში, მიხაკ–დარიჩინი, ევკალიპტის ზეთი ან ქაფურის სპირტი, რომელიც გამოიყენება ხოლმე კანში შესაზელად. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ბავშვებს, რომლებსაც ობსტრუქციული მდგომარეობა აქვთ გამოხატულება, მძაფრი სუნებისგან უნდა დავიცვათ. ბუნებრივი რეპელენტების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვს ალერგია არ აქვს.

 

საშიშია თუ არა ბავშვებისთვის ღია აუზები?

მივესალმები აუზებს, თუმცა ჩემთვის ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს სიფრთხილესა და ზომიერების დაცვას. ცოტა ხნის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვს ანაფილაქსიური შოკი დაემართა აუზზე, რაც სადეზინფექციო საშუალებებმა გამოიწვია. შეგვიძლია ვატაროთ ბავშვები აუზზე, თუმცა არ არის აუცილებელი იყოს სახელგანთქმული აუზი, სახლშიც შეგიძლიათ გააგრილოთ ბავშვები. მთავარია არ გადაცივდეს ბავშვის ორგანიზმი, მიაქციეთ ყურადღება, თუკი ბავშვი დაიწყებს კანკალს ან მიიღებს ციანოზურ ელფერს. ძალიან ცხელი მდგომარეობიდან ცივში გადაყვანა, განსაკუთრებით გაუკაჟებელ ბავშვებში ცუდად მთავრდება ხოლმე.

  

ყველაზე ხშირად ბავშვი ექიმთან ზაფხულში ნაწლავური ინფექციების გამო ხვდება, რა იწვევს ამ ინფექციებს და რატომ აქტიურდება ეს პრობლემა ზაფხულში?

ჯერ მინდა გავაკეთო განმარტება ტერმინის ენტეროვირუსი. ეს სულაც არ არის ნაწლავურ სინდრომთან დაკავშირებული და არ არის ღებინებით ან დიარეით გამოხატული. ენტეროვირუსი იწვევს მაღალ ცხელებას, ჩირქოვან ანგინას, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, კანზე გამონაყარით მიმდინარეობს და ა.შ. დღეს მომართვიანობა ნამდვილად ნაწლავური ინფექციების გამოა. საუბარია როტა და ნორო ვირუსებზე, რომლებიც ისევე მიმდინარეობს, როგორც სხვა ვირუსული ინფექციები, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. ამჟამად, როტო ვირუსებზე ხდება ვაქცინაცია და შედარებით შემცირდა.

 

ნაწლავური ვირუსისთვის დამახასიათებელია პირღებინება და დიარეა. საშიშია გაუწყლოვანება, უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენად სხვამს სითხეს, თუ აქტიურია, არ არის მივარდნილი, არ ტირის ცრემლის გარეშე, არ ვითარდება ძილიანობა, მას არ სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა.

 

დღეს ძალიან ხშირია კვებითი ტოქსიკოინფექციები, რაც ჭუჭყიანი ხელის სინდრომთან არის დაკავშირებული. ხშირად დაბანეთ ხელები, მაშინაც კი, თუკი ვიღაც ხელზე მიეფერა. ყურადღება მიაქცით იმას, თუ როგორ ინახება რძის პროდუქტები, შეზღუდეთ კრემიანი პროდუქტის მიცემა, არ აიღოს ბავშვმა გაურეცხავი ხილი, დამდუღრეთ და შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ტოქსიკო ინფექციას ახასიათებს შეუპოვარი რეაქცია და დრო სჭირდება მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუკი ბავშვს ჩაიყვანთ ზღვაში, ამოყვანისთანავე დაამუშავეთ მისი ხელები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით. მე სამ წლამდე ასაკის ბავშვს არ ვუწევ რეკომენდაციას, რომ ის მშობელმა ზღვაზე წაიყვანოს. ეს ჩემი კაპრიზი არ არის, ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ზღვა სუფთაა, ბავშვებს სამ წლამდე აკრძალვები რთულად ესმით.

 

ვისაუბროთ ჭიებზე და მის სიმპტომებზე, რამდენად მასიურია ეს პრობლემა და რა უნდა ვიცოდეთ ჭიების შესახებ?

ბავშვებში ხშირია ჭიით ინვაზია და ხშირად მშობელიც ვერ აკონტროლებს ყოველ ფეხის ნაბიჯს. მშობლების მოსაზრებით, თუკი ბავშვს უსიამოვნო სუნი აქვს, ან კბილებს აკრაჭუნებს, ან პირიდან ნერწყვის გადმოდენა აქვს, ე.ი. ას ჭიები ყავს. ეს არის მითები და ჭიებთან არ არის კავშირში. უფრო ახლოს არის სიმართლესთან, თუკი ბავშვი ტაკოს იფხანს, რაც შეიძლება მახვილა ჭიებით იყოს გამოწვეული. პირიდან უსიამოვნო სუნი ყველა ადამიანს აქვს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ღამით ხდება სუნთქვის შედეგად ლორწოვანი გარსის გამოშრობა. უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირ-ხახაში არსებული ანთებითი პროცესი, რა დროსაც ბაქტერიები ილექება ენაზე და ხშირად ბავშვებს ვუხეხავთ კბილებს, მაგრამ არა ენას. ასევე, მუცლის ტკივილი ბავშვს შეიძლება მრავალი მიზეზის გამო ჰქონდეს და არ არის აუცილებელი, რომ ეს ჭიის გამო იყოს.

 

თვითნებურად არ შეიძლება ჭიის საწინააღმდეგო წამლის მიცემა, რადგან ყველა მათგანი ტოქსიკურია და ბავშვის ღვიძლს დიდი ზიანი ადგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც კი ვიცით ზუსტად არის თუ არა ჭიით ინვაზია.

 

ამბობენ, რომ არსებობს სხვადასხვა ბუნებრივი პროფილაქტიკური საშუალება, მაგალითად, თითქოს, გოგრის თესლი ახდენს დეტოქსიკაციას, კი ბატონო მიირთვას, თუ ალერგია არ აქვს.

 

ბოლო დროს აქტიური გახდა ტკიპებისა და გველების თემაც, რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს?

როდესაც ბავშვები გაგვყვავს დასასვენებელ ადგილებში, დაბრუნებისას უნდა დავათვალიეროთ ბავშვის კანი, ხომ არ აქვს სხეულზე ტკიპა, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად შეაცოცდეს და თავით ჩაღრმავდეს კანში. ტკიპამ შეიძლება გამოიწვიოს უამრავი დაავადება, მათ შორის ტკიპისმიერი ენცეფალიტი. თუ დაინახეთ ტკიპა, აუცილებლად უნდა მოაცილოთ. მოცილება არ უნდა მოხდეს ხელით, უნდა დავადოთ ზეითუნის ზეთის, ან ქაფურის ზეთის ტამპონი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მოშორდება. თუმცა, ყველაზე მარტივია, დედამ მთლიანობის დაურღვევლად, პინცეტით, თავის ნაწილში ჩაჭიდებით მოაძროს. შემდეგ ჩამოვბანოთ ის ადგილი, სადაც ტკიპა იყო მოთავსებული და დავამუშავოთ წყალბადის ზეჟანგით, ან დავადოთ ცივი კომპრესები.

 

რაც შეეხება გველის ნაკბენს, მას ძალიან სწრაფად უნდა დახმარების აღმოჩენა, პირით უნდა ამოვწოვოთ ის ტოქსინი, რაც გველმა ბავშვის ორგანიზმში შეიტანა. პირის ღრუდან ის არასოდეს არ იწოვება, თუ დაზიანებები არ არის. ეს უნდა მოხდეს ხუთ წუთიანი ინტერვალით სამჯერ, უნდა შემოვუჭიროთ ნაჭერი დაახლოებით ათ სანტიმეტრზე ნაკბენიდან, ნაჭერსა და კანს შორის ორი თითით უნდა თავსდებოდეს.

 

გველის ნაკბენი ადამიანის ორგანიზმში ლიმფოგენური გზით ვრცელდება და თუ ჩვენ ლახტს შემოვაჭერთ, შეიძლება ტოქსინი ადგილზე შევაჩეროთ, მაგრამ დანეკროზდეს ახლო მდებარე ქსოვილები. ამიტომ, უნდა მივცეთ სისხლს ნორმალურად მოძრაობის საშუალება და პარალელურად დავაკვირდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. გველის ნაკბენის შემთხვევაში აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა.

 

რა უნდა გვქონდეს სააფთიაქო ჩანთაში, როცა ქალაქიდან დასასვებელად მივდივართ?

სააფთიაქო ჩანთა არა მხოლოდ გამგზავრებისას უნდა იყოს მომზადებული, მე მშობლებს ხშირად ვეუბნები, რომ ჩანთაში რამდენიმე მედიკამენტი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება დასასვენებლად წავლას, აუცილებელია პირველ რიგში თერმომეტრი და შესაბამისად სიცხის დამწევი, ასევე სპირტი, ბამბა, წყალბადის ზეჟანგი და დექსამეტაზონი, რომელიც ყველა დედას უნდა ჰქონდეს ჩანთაში. ეს არის უებარი წამალი ძლიერი ხველისას. საკმარისი ამპულის გატეხვა და პირში ჩასხმა. საჭიროა ანტიჰისტამინური და ანტიდიარიული საშუალებები, ასევე ანტისეპტიკური ხელსახოცები.

 

როგორ უნდა გავაკაჟოთთ ბავშვი და გამოვიმუშავოთ ძლიერი იმუნიტეტი ზამთრისთვის?

საჭიროა ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვს ვიტამინიზირებული საკვები როგორმე, ყოველდღიურად მივცეთ. ბავშვმა უნდა იაროს მინდორზე შიშველი ფეხებით, ნახევარი საათი მაინც. სხეულის სხვადასხვა ნაწილები უნდა ჩავუზილოთ ნამიანი ტილოთი, რომელიც 36-37 გრადუს წყალში იქნება ჩასველებული და თანდათან დავუკლოთ ტემპერატურას და მოვიცვათ სხეულის უფრო მეტი ფართობი. გარდა ამისა, უნდა გავაკაჟოთ ყელი, ხანდახან მაინც მივცეთ ნაყინი და ცივი წყალი ყლუპებით 2 წლის ასაკიდან.

წყარო: fortuna.ge