Nuk
ბავშვი ისტერიკებს რომ აწყობს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო

თარიღი: 30 ნოემბერი, 2021

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვთა აღზრდის იაპონურ მოდელზე და მის დადებითი მხარეებზე ისაუბრა.

„ხშირად მოჰყავთ ხოლმე იაპონური აღზრდის მაგალითი, სადაც მართლაც ბავშვს არაფერს უშლიან. არ დაგავიწყდეთ, რომ იაპონური კულტურა ძალიან განსხვავდება ქართული კულტურისგან. ​ის არის ძალიან პირობითი და სტრუქტურირებული. იაპონელ ბავშვს არაფრის დაშლა არ სჭირდება. ის დაბადებიდან ხვდება მოწესრიგებულ კონსტრუქციაში. მან იცის ძალიან კარგად, რომ მთელი ორი წელი უნდა გაატაროს დედის ზურგზე ან მუცელზე, ეს არის მისი ადგილი. მან იცის კარგად, რომ მარჯვენა კუთხეში უნდა დადოს ჩაი და მარცხენა კუთხეში შეჭამოს, დედას მიესალმოს სხვანაირად, მამას მიესალმოს სხვანაირად. ეს არის იაპონური კულტურა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ პირობით წესს. ამას მიჰყვება ბავშვი. რაღა უნდა დაუშალო ბავშვს, ვერ გავიგე?! ამას ვერ ვიტყვი ჩვენს კულტურაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომელია ცუდი და რომელია კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები ჩვენს კულტურასთან მიმართებაში. 

როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი აღვზარდოთ ძალადობის გარეშე, ამისთვის აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ბავშვის ქცევის თვითმართვის განვითარებაზე. ​ბავშვი ისტერიკებს რომ აწყობს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და ნორმალური, ტიპური განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო. ბავშვი ვითარდება, ვითარდება მისი „მე,“ ურჩობა და ისტერიკები იწყება სადღაც ორწლინახევრიდან. სამი წლისთვის ეს არის კარგად ჩამოყალიბებული, გამიზნული ტრაგედია, რაც არის კარგი. ბავშვი ცდილობს თავისი „მეს“ დამკვიდრებას. მან იცის უკვე, რომ გარემოზე მანიპულაცია შეუძლია. ბავშვმა ისწავლა, რომ ქცევით უფროსებზე ზემოქმედება შეუძლია“ – ამ თემაზე თამარ გაგოშიძე „დიალოგოსის“ მიერ გავცელებულ ვიდეოში საუბრობს.

წყარო: https://fortuna.ge