Nuk
ჩუტყვავილა

თარიღი: 21 თებერვალი, 2018

1. ზოგადი მიმოხილვა-ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, 

რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპიური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.

2. გამომწვევი აგენტი - ზოსტერის ვირუსი varicella-zoster virus (VZV) 

3. რეზერვუარი - ინფექციის წყარო არის ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 7 დღის განმავლობაში.

4. გადაცემის გზები:
აეროგენული - დაავადებული ლაპარაკის, ხველის, ცხვირის დაცემინებისას გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, მასში არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება მეორე ადამიანის ორგანიზმში;
კონტაქტური-ავადმყოფის ნერწყვით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო საგნებით.  

5. ინკუბაციური პერიოდი - ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 7-21 დღე.
 

6. გადამდებლობის/კონტაგიოზურობის პერიოდი - ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკი, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას ადრე გადატანილი ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს.

7. მიმღებლობა - საკმაოდ მაღალია და სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით ორგანიზებულ კოლექტივებში და დახურული სივრცის პირობებში. 

8.კონტროლის ღონისძიებები:

ა)პაციენტის და კონტაქტის კონტროლი-მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უმეტესობა ძირითადად მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და რეგისტრირებულ შემთხვევათა ძირითადი ნაწილი ამბულატორიულია, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს გართულებებსაც, მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა. ამ უკანასკნელთათვის დაავადება შესაძლოა ლეტელურადაც კი დასრულდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კლინიკური დიაგნოზის დადასტურება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე არ არის აუცილებელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სეროლოგიური გამოკვლევა (ELISA IgM).

ბ)ეპიდსაწინაამღდეგო ღონისძიებები:

კონტროლის ღონისძიებების გატარების მიზნით ინფექციის წყაროს და ეპიდემიოლოგიური კავშირების დადგენა;

კონტაქტების იდენტიფიცირება და ინფექციის გადაცემის პოტენციალის შეფასება; 

კონტაქტირებულებზე მეთვალყურეობა მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის (21 დღე) განმავლობაში: ტემპერატურის კონტროლი, კანის ვიზუალური დათვალიერება;

ჩუტყვავილათი დაავადებული პაციენტის (ამბულატორიული შემთხვევა) იზოლაცია დაავადების დაწყებიდან 9 დღის განმავლობაში;

ჩუტყვავილათი დაავადებული პაციენტის (ჰოსპიტალური შემთხვევა) ჰოსპიტალიზაცია ცალკე პალატაში, სადაც გათვალისწინებული იქნება ჰაერის ვენტილაცია და ჰერმეტულობა ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

ზედამხედველობა ამბულატორიულ/ჰოსპიტალიზებულ შემთხვევებზე და საბოლოო გამოსავალის შეფასება;

პაციენტის მიერ ჰიგიენური წესების დაცვის აუცილებლობა, რათა თავიდან იყოს აცილებული მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროება-კანის ბაქტერიული ინფექცია, ყოველდღიურად საჭირო ტანსაცმელის და თეთრეულის გამოცვლა; 

ეპიდ. კერაში დეზინფექცია სავალდებულო არ არის. სასურველია ტერიტორიის სველი წესით დალაგება/დასუფთავება; 

ვაქცინაცია სავალდებულოა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია რეკომენდებულია. 

საქართველოში ჩუტყვავილას (VZV) ვაქცინა რეგისტრირებულია და ვაქცინაცია შესაძლებელია კომერციულ ქსელში.

წყარო: NCDC.ge