ცივი წყალი იმუნიტეტისთვის საუკეთესო საშუალებაა – ყარამან ფაღავა

თარიღი: 10 აგვისტო, 2018

ყარამან ფაღავამ თანამედროვე პედიატრიის გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა და ვრცლად მიმოიხილა თემები, რომლებიც მშობლებისთვის დღეს ძალიან აქტუალურია.
 

ბატონო ყარამან, თქვენ მაისში 70 წლის გახდით, ამ დროის მანძილზე დიდი გამოცდილება დააგროვეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ იმატა ავადობებმა და რა დაავადებებზეა საუბარი?

დაავადებები იყო, არის და იქნება, უბრალოდ იცვლება სტრუქტურა. სამწუხაროდ ჩვენში ბოლომდე ვერ იქნა რესპირატორული (ხველა, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი) და კუჭ-ნაჭლავის (ფაღარათი, შეკრულობა არასწორი კვების გამო) დაავადებების აღმოფხვრა. არის ასევე ე.წ. „ცივილიზაციის დაავადებები“, რომლებიც უფრო მეტად დასავლეთშია, ესენია: ავტოიმუნური დაავადებები, ალერგოზები, რევმატული დაავადებები. საქართველოში იშვიათ დაავადებებზე საკითხი მე წამოვწიე პირველად და ლექციებს ვკითხულობ. ჩემს სპეციალობაში მთავარი ხიბლი ისაა, რომ იშვიათ დაავადებას გამოვავლენ და ვუმკურნალებ პაციენტს. მთელი მსოფლიო დგას დაავადებების გამომწვევი მიკრობების ეპიდემიის წინაშე, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულნი არიან. მაშინ, როდესაც პენიცილინი აღმოაჩინეს, ეს იყო რევოლუცია და ის ყველაფერს კურნავდა. ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და ფილტვების ანთებას პენიცილინით ვმკურნალობდით. ახლა კი უძვირეს ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, დიდხანს ვმკურნალობთ, იძლევა უამრავ ალერგიულ გართულებას, გვერდით მოვლენას და ა.შ. ამიტომ ახალი მიდგომებია საჭირო და ხშირად ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი.

 

ბაქტერიოფაგოთერაპიაში საქართველო პიონერია, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში პირველად საქართველოში დაარსდა. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიყავი, ჩვენი შედეგები მოვახსენე კუჭ-ნაწლავის ბაქტერიოფაგოთერაპიის შესახებ და დიდი ოვაციები გამოიწვია ამან.

 

აღსანიშნავია ნევროზის საკითხიც, იმატა არასწორი ქცევით განპირობებულმა დაავადებებმა. ნამეტან სტერილურ გარემოში ვზრდით მშობლები ბავშვებს, უნდა გავარჯიშდეს ბავშვის ორგანიზმი. არიქა, ცხოველთან კონტაქტი საშიშია… არადა ისტორიულად ადამიანი ყოველთვის კონტაქტში იყო ცხოველთან. ეხლა კი ორგანიზმის იმუნური სისტემა გახდა სამიზნის გარეშე. სწორედ ეს არის ავტოიმუინური დაავადებების მიზეზი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიებიც კი პერიოდულად ესაჭიროება ორგანიზმს. აღარ ვსაუბრობ აგრესიაზე, დეპრესიაზე, ეს ხომ საშინელებაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დანას უყრიან. ამისი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას. აუცილებელია სპორტით დაკავება.

 

აგრესიაზე და დეპრესიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბიჭების მშობლებს რჩევა მინდა მივცე. ბიჭებმა შეიძლება იჩხუბონ, არაფერი დაშავდება. შეიძლება შენზე ღონიერმა 20-ჯერ დაგარტყას, მაგრამ ერთხელ თუ უპასუხე, ეს არაფერი, მაგრამ თუ ერთხელ დაგარტყეს და შენ ხელები დაუშვი, ე.ი. ფსიქოლოგიურად გატეხილი ხარ. როგორ შეიძლება ახალგაზრდა თავს იკლავდეს, როდესაც ის წინ უნდა მიდიოდეს და მიზნები უნდა ჰქონდეს. როდესაც დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მართალია, გვინდა რომ ერი გამრავლდეს, მაგრამ მხოლოდ გამრავლება არ არის, კულტურული კოდიც არის საჭირო. დიახ, გლობალიზაციაში ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდა უნდა ატარებდეს კულტურულ კოდს. ზაფხული მოდის, ბავშვები სოფლებში გაუშვით, ქართულ ენას ისწავლიან. მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი.

 

რა დაავადებებისა და ჩივილების დროს გამოიყენება ფაგები და როდის აქვს განსაკუთრებული ეფექტი?

ფაგი არის კარგი, მეგობარი ვირუსი, რომელიც კლავს ცუდ ბაქტერიას. ამიტომ, ნებისმიერი ბაქტერიული ინფექციის დროს (სასუნთქი გზების, ყელის ინფექციები, ფილტვების ანთება, კანის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია და ა.შ) ის ყოველთვის ძალიან ეფექტურია და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს გვერდითი მოქმედება. ზოგიერთი დაავადების დროს მეტი შედეგი აქვს, ზოგიერთი დაავადების დროს კი ნაკლები, თუმცა მცდელობა ყოველთვის ღირს.

 

დღეს ყველაზე გავრცელებულ ჩივილებსა და მათი მკურნალობის უახლეს მეთოდებზე მინდა გკიხოთ. რატომ შეიცვალა მიდგომა ასე რადიკალურად. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ იგივე მაღალ ტემპერატურას უწინ ძმრიანი წინდებითა და წამლების მინიმალისტური რაოდენობით ებრძოდნენ, რა იყო ამაში ცუდი?

პირველ რიგში ცხელების თაობაზე ვისაუბრებ. მთავარი ის კი არ არის მარტივად ვებრძოდით თუ ცუდად, მთავარი ის არის, რა შედეგით ვებრძოდით. დღესდღეობით დადგენილია, რომ ცხელების წინააღმდეგ საუკეთესოა იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ არის გვერდითი მოვლენები, ამიტომ საუკეთესოა ტრადიციული მეთოდები მედიკამენტებთან ერთად გამოვიყენოთ.

 

თუ სიცხე არის 40 გრადუსი, ნუ დაველოდებით წამლის მოქმედებას, მაშინვე ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვათ ბავშვი. ძმარი არ არის ეფექტური.

 

რაც შეეხება ხველას, ის უფრო მძიმე გახდა. იმიტომ, რომ ხველას ძირითადად საფუძვლად გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ქრონიკული ანთება უდევს, რომელიც ხშირი ინფექციების, ალერგიისა და რესპირაქციული დაავადებების მიზეზია. ასევე, გააჩნია ხველასაც. არის ხველა, რომელსაც ორთქლით, ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია და ამოსახველებლები შველის. შეგახსენებთ, რომ ამოსახველებლები საღამოს 18:00 საათის შემდეგ არ შეიძლება. თუ ხველა ღამით არის, მაშინ ანტიჰისტამინურ საშუალებებს, დამამშვიდებლებს გამოვიყენებთ. პრობლემაა შემაწუხებელი ხველა და ამ დროს ყველაზე ეფექტურია ბრონქოდილატატორები და ეპინეფრინი. უნდა ვეძებოთ ხველების მიზეზი და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების თავიდან არიდება.

 

თანამედროვეობის კიდევ ერთი პოპულარული თემა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რა აზრის ხართ ვაქცინაზე და თვლით თუ არა, რომ მისი გაკეთება უკლებლივ ყველა ბავშვისთვის აუცილებელია?

ძალიან რთული შეკითხვაა. ვაქცინაცია თანამედროვე მედიცინის უდიდესი მიღწევაა. დავაფიქსირებ როგორც ოფიციალურ აზრს, ისე ჩემს პირად მოსაზრებას.

 

ჩვილი, დღენაკლული, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე და ხშირად მოავადე ბავშვები აუცილებლად უნდა აიცრან. ასაკოვანი ადამიანები აუცილებლად უნდა ავცრათ. რაც შეეხება შუა ხნის ასაკის ადამიანებს, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები, მძიმე ანემიის, იმუნოდეფიციტისა და ასთმის მქონე ადამიანებისთვის აცრა აუცილებელია. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანს, აქ ცოტა ფეხს ვითრევ. უმჯობესია მას იმუნიტეტი ჰქონდეს და ზედმეტი ჩარევა არ განახორციელოთ.

 

აქ შეიძლება ოფიციალურ აზრს ცოტათი ვცილდები, მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ სუსტია ორგანიზმი, უნდა დავეხმაროთ, თუ ძლიერია ორგანიზმი, უნდა გავაძლიეროთ. მე მაგალითიც მინდა მოვიყვანო და თავიც მოვიწონო, დღეს დილასაც 06:00 საათზე ვიყავი აუზზე და შემდეგ ცივი შხაპი მივიღე. ბოლო 30 წელია მე ავად არ გავმხდარვარ.

 

როგორ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი, რა არის მთავარი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს?

რევოლუციები არ მიყვარს. იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. შესაძლებელია აცრებიც გავაკეთოთ იმ იმედით, რომ მომავალში აღარ დაგვჭირდება. არის უამრავი წამალი, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მაგრამ, მთავარი არის ცივი წყალი – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა – დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ წელიწადში 5-6-ჯერ რესპირატორული დაავადება ნორმაა, მე კი ვამბობ რომ დიახ, ასე ხშირად ხდება, მაგრამ არ არის ეს ნორმა. საბავშვო ბაღებს აბრალებენ, რომ ბავშვი ავად ხდება. დაუკვირდით, განა ყველა ხდება ავად? ზოგიერთი სულ ავად არის, ზოგიერთი კი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად – ის კარგად გაკაჟებულია.

 

სახლში წასაღები მესიჯია – თუ თქვენს შვილებს კარგად გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.

წყარო: fortuna.ge