Nuk
დეპრესია

თარიღი: 09 ივნისი, 2015

რა არის დეპრესია?
დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

დეპრესია - (ლათ. დათრგუნული) არის ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს. ამ დროს ქვეითდება გუნება-განწყობილება, თვითშეფასების უნარი, ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესს;  დეპრესია ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის უნარს, აუარესებს მადას, ძილს და .შ.
ჯანმოს მონაცემებით, 2020 წლისათვის,  დეპრესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს. გლობალურად, დეპრესიით  121 მილიონი ადამიანია დაავადებული.

დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდ მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკასა და ცხოვრების წესს.

აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული სტიგმა: ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დეპრესიის მიზეზი სისუსტისა და სიზარმაცის მაჩვენებელია და მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია. ადამიანები ცდილობენ დამალონ დეპრესია, არავის გაუმხილონ თავისი მდგომარეობა და დამოუკიდებლად გაუმკვლავდნენ. ამან შესაძლებელია პაციენტი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს.  საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების შეცვლასა და ამაღლებას, აწვდის მათ სათანადო ინფორმაციას დეპრესიის სიმპტომების, ფორმების, მკურნალობის მეთოდების შესახებ და შესაბამისად, ეხმარება ამ  მძიმე დაავადების დაძლევაში.

ფაქტები
დეპრესია, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი და კიბო ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს. დეპრესია ემართება ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უმიზეზოდ,  ასევე გარკვეული მიზეზების - მაგ. ახლობლის, სამსახურის დაკარგვის ან  სოციალური ფაქტორის  გამო.

დეპრესიით დაავადებული ადამიანი აუცილებლად ექიმ-ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს.  თანამედროვე მედიცინა ეფექტურად უმკვლავდება დეპრესიას; პაციენტების 80% სრულად იკურნება. მკურნალობის ძირითად მიმართულებებს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპია წარმოადგენს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დეპრესიის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის  და მას არაეფექტური ტრადიციული მეთოდებით ებრძვიან; მკურნალობის გარეშე კი დეპრესია შესაძლებელია რამდენიმე კვირის, თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

დეპრესიის ფორმები
არსებობს დეპრესიის სხვადასხვა ფორმა:
დეპრესიის ეპიზოდის გამოვლენა  ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ხდება
პერიოდულად მორეციდივე ფორმა
ქრონიკული ფორმა

გავრცელება
დეპრესიით დაავადებულია მსოფლიოს 40-50 წლის მოსახლეობის 10 %,  მათი 2/3 ქალია. 65 წლის შემდგომ დეპრესია დახლოებით სამჯერ ნაკლები სიხშირით ვითარდება.

საქართველოში, 2013 წელს, ფსიქიატრიული დისპანსერის კონტიგენტის მოძრაობის წლიური სტატისტიკური ანგარიშით, დეპრესიული ეპიზოდით წლის მანძილზე სულ დაფიქსირდა  1694 პაციენტი; პირველად დადგენილი დიაგნოზით - 181, მათ შორის 20-59 ასაკის პაციენტების რაოდენობა შეადგენდა-134-ს, ხოლო  ქალების - 95-ს.

რისკ-ფაქტორები:
სქესი - დეპრესია  2-3-ჯერ ხშირია ქალებში მამაკაცებთან შედარებით;
სოციალური ფაქტორი (სიღარიბე);
გენეტიკური განწყობა;
ძალადობა;
ოჯახური მდგომარეობა (განქორწინება);

სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები
თავის მხრივ, დეპრესია  ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს  წარმოადგენს, როგორიც არის დიაბეტი, ინსულტი,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შიდსი; ხელს უწყობს ტოქსიკომანიის, ნარკომანიის განვითარებას მოზარდებში, თვითმკვლელობას, უბიძგებს მათ ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული.

რეკომენდაციები:
ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ირბინეთ, იცურავეთ;
გახსოვდეთ: ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმტომებს!

ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს;
მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი:
მიიღეთ სრულფასოვანი საკვები:  მარცვლეული, ცილები, ახალი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ცხიმის შემცველ პროდუქტებს;
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში; მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ  ოჯახის წევრს, ახლო მეგობარს;
მიუხედავად თქვენი განწყობილებისა, ეცადეთ არ გაირიყოთ საზოგადოებისაგან;
აუცილებლად გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისათვის
მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისთვის და თვითნებურად ნუ შეწყვეტთ დანიშნული ანტიდეპრესიული პრეპარატების მიღებასა და ფსიქოთერაპიულ სეანსებს;

ყოველთვის მოუსმინეთ დეპრესიით დაავადებულ ადამიანს! აგრძნობინეთ რომ ამ რთულ მომენტში მარტო არ არის, უთანაგრძვნეთ, დაეხმარეთ პრობლემის დაძლევაში.

გახსოვდეთ, დეპრესიიდან სუიციდამდე ერთი ნაბიჯია!