დისმენორეა

თარიღი: 21 აგვისტო, 2017

დისმენორეა მტკივნეული მენსტრუაციაა, რომელიც გამოვლინდება პულსირებადი ან სპაზმური ხასიათის ტკივილით უპირატესად მუცლის ქვედა ან/და წელის არეში. 

საყურადღებოა, რომ ბევრი ქალი აღნიშნავს სწორედ ამგვარი ტკივილის არსებობას მენსტრუაციის დროს ან მის წინა პერიოდში. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი და მხოლოდ მცირედ დისკომფორტს უქმნიდეს ქალს, მაშინ, როცა ზოგ შემთხვევაში მენსტრუალური ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა მდენად მძიმეა, რომ გავლენას ახდენს ქალის ყოველდღიურ აქტივობაზე და მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე ყოველთვიურად, თვეში რამოდენიმე დღის განმავლობაში. 

მენსტრუალური ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს გამოვლენილი სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა მაგ: ენდომეტრიოზი ან საშვილოსნოს მიომა. ნებისმიერი სპეციფიკური გამომწვევი მიზეზის მკურნალობა შეამცირებს ტკივილის ხარისხს. თუმცა, მენსტრუალური ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს არადიაგნოსტირებული პრობლემითაც, რა შემთხვევაშიც სამკურნალოდ უფრო ზოგადი და კომპლექსური მიდგომის გამოყენება ხდება საჭირო. 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მტკივნეული მენსტრუაციისთვის დამახასიათებელ ჩივილებს ახასიათებს ტენდენცია შემცირებისაკენ ასაკის მატებასთან ერთად. 

ორსულობა და მშობიარობა ასევე დადებითი გავლენის მატარებელია დისმენორეის არსებობის დროს.

სიმპტომები:

როგორც წესი, გამოვლინდება პულსირებადი ან სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში. შესაძლოა ტკივილი გადაეცემოდეს წელის არესა და თეძოს მიდამოში. ტკივილის ინტენსივობა განხვავებულია და ვარირებს მცირედი დისკომფორტიდან - ძლიერ ტკივილამდე. კლინიკურად ასევე შესაძლოა გამოხატული იყოს:

- გულისრევა

- ფაღარათი

- თავის ტკივილი

- თავბრუსხვევა

როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მენსტრუაცია მხოლოდ რამოდენიმე წელია დაგეწყოთ და გაქვთ ტკივილი მენსტრუაციის დროს, სავარაუდოდ თქვენი სიმპტომები არ იქნება შეშფოთების მიზეზი. მაგრამ თუ მენსტრუალური ტკივილები არღვევს თქვენი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ყოველთვიურად, თუ აღნიშნული ჩივილების ინტენსივობა პროგრესულად მატულობს ან თუ თქვნ ხართ 25 წელზე მეტი ასაკის და მხოლოდ ახლა დაგეწყოთ მწვავე მენსტრუალური ტკივილები, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.

მიზეზები:

მენსტრუაციის დროს თქვენი საშვილოსნო იკუმშება, რათა დაეხმაროს ჩამოფცქვნილ ენდომეტრიუმს საშვილოსნოს ღრუდან გამოდევნაში. ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები - პროსტაგლანდინები ტკივილის და ანთების მედიატორებია და იწვევს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვებს. საშვილოსნოს კუნთების ძლიერმა შეკუმშვებმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვება, შესაბამისად, პროსტაგლანდინების მაღალი დონე ასოცირებულია უფრო მძიმედ გამოხატული მენსტრუალური ტკივილის განვითარებასთან.

მენსტრუალური ტკივილის გამომწვვეი მიზეზები ასევე შეიძლება იყოს:

- ენდომეტრიოზი: ეს არის ტკივილთან ასოცირებული მდგომარეობა, როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილის ატიპიური ლოკალიზაციასთან გვაქვს საქმე. უხშირესად გვხვდება ენდომეტრიუმის იმპლანტაცია ფალოპის მილებში, საკვერცხეებსა და მენჯის ღრუში, თუმცა ენდომეტრიოიდული კერა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ორგანოსა და ქსოვილში.

- საშვილოსნოს ფიბროიდები: საშვილოსნოს ფიბროიდები/მიომა საშვილოსნოს კედელში განვითარებული კეთლთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც შესაძლოა მენსტრუალური ტკივილის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდეს. 

- ადენომიოზი: ეს არის მდგომარეობა, როდესაც საშვილოსნოს ამომფენი გარსის-ენდომეტრიუმის ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს კუნთოვან შრეში. ადენომიოზი ასევე ტკივილის თანხლებით მიმდინარე დაავადებაა.

- PID-მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება: ქალის რეპროდუქციული ორგანოების ინფექციური დაავადება, რომელსაც უხშირესად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციები იწვევს. ინფექციური პროცესის არსებობა კი, ბუნებრივია , დაკავშირებულია ტკივილის სინდრომის არსებობასთანაც.

- საშვილოსნოს ყელის სტენოზი: შესაძლებელია ზოგიერთ ქალს ჰქონდეს ანატომიურად ვიწრო ან სხვა რაიმე მიზეზის გამო შემდგომში დავიწროვებული საშვილოსნოს ყელის არხი. ასეთ შემთხვევებში მენსტრუალური ნაკადის გამოდინება საშვილოსნოს ღრუდან ფერხდება, რაც იწვევს წნევის გაზრდას და მტკივნეულ და მზარდ ზეწოლას საშვილოსნოზე.

რისკ-ფაქტორები:

თქვენ შესაძლოა გქონდეთ მენსტრუალური ტკივილის განვითარების მომატებული რისკი თუ:

- ხართ 30 წელზე ნაკლები ასაკის

- გარდატეხის პერიოდი დაგეწყოთ ადრე -11 წელზე პატარა ასაკში

- გაქვთ ჭარბი მენსტრუაცილური სისხლდენა (მენორაგია)

- გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია (მეტრორაგია)

- ანამნეზში არ გაქვთ მშობიარობა

- გაქვთ დისმენორეის ოჯახური ისტორია

- ხართ მწეველი

გართულებები:

მენსტრუალური ტკივილი როგორც ასეთი, არ იწვევს სხვა რაიმე სახის სამედიცინო გართულების განვითარებას, თუმცა სხვადასხვა ხარისხით არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გავლენას ახდენს როგორც სკოლისა თუ სამსახურის მოსწრებაზე, ასევე სხვა სოციალურ აქტივობებზე. 

მენსტრუალურ ტკივილთან დაკავშირებული გარკვეული მდგომარეობები კი გართულებების განვითარებით ხასიათდება. მაგალითად: ენდომეტრიოზი, რომელიც უნაყოფობის გამომწვევი მიზეზი ამ დაავადების მქონე ქალთა საკმაოდ დიდ პროცენტში ხდება. მენჯის ღრუს ანთებითმა დაავადებებმა კი შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბუროვანი ცვლილებების-შეხორცებების განვითარება ფალოპის მილებში, რაც ერთის მხრივ ზრდის უნაყოფობის მაჩვენებელს, მეორეს მხრივ ხელს უშლის უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადაადგილების პროცესს ფალოპის მილის გავლით საშვილოსნოს ღრუსაკენ და ზრდის საშვილოსნოს გარე ( ექტოპიური) ორსულობის განვითარების ალბათობას.

დიაგნოსტიკა:

მენსტრუალური ტკივილის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია მიმართოთ მკურნალ ექიმს.

გინეკოლოგი დაწვრილებით გამოიკითხავს თქვენს სამედიცინო ისტორიას და ჩაატარებს ფიზიკალურ გამოკვლევებს, მათ შორის მენჯის ღრუს გამოკვლევას, რა დროსაც შესაფასებს თქვენი რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობას და მათი რაიმე აბნორმალიების არსებობას, ასევე შეაფასებს სხვადასხვა სახის ინფექციის არსებობის ნიშნებს და აიღებს შესაბამის ანალიზებს მათ გამოსაკვლევად. 

იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ეჭვს მიიტანს, რომ თქვენი მენსტრუალური ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს რაიმე სპეციფიკური სამედიცინო მდგომარეობა, შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი ტესტების და გამოკვლევის ასევე დამატებითი, უფრო მეტად სპეციფიკური მეთოდების გამოყენება, როგორიცაა: 

- ულტრაბგერითი გამოკვლევა და სხვა ვიზუალური მეთოდები: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. 

- ლაპარასკოპია: როგორც წესი ლაპარასკოპიული მეთოდის გამოყენება მენსტრუალური ტკივილის სადიაგნოსტიკოდ არ ხდება საჭირო, მაგრამ ეს მეთოდი შესაძლოა აუცილებელი გახდეს ისეთი მდგომარეობების არსებობის დროს, როგორიცაა მაგ: ენდომეტრიოზი, რომლის სადიაგნოსტიკოდ სწორედ ლაპარასკოპიული მეთოდია მიჩნეული ოქროს სტანდარტად. ამას გარდა ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა შესაძლოა გამოვიყენოთ მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესის, საშვილოსნოს ფიბროიდების(მიომა), საკვერცხის ცისტების და ექტოპიური ორსულობის სადიაგნოსტიკოდ. 

მკურნალობა:

მენსტრუალური ტკივილი განკურნებადია.

გამოხატული სიმპტომების, დაავადების სიმძიმის, გამომწვევი მიზეზების და მომავალში შვილოსნობის ფუნქციის განხორციელების სურვილის გათვალისწინებით ექიმმა შესაძლოა შეგირჩიოთ როგორც სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური, ასევე მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიც. 

ცხოვრების წესის ცვლილება:

გთავაზობთ რჩევებს რაც დაგეხმარებათ თავად მართოთ თქვენი სიმპტომები:

- ვარჯიში: ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს მენსტრუალური ტკივილის შემცირებაზე

- სითბო: ცხელი აბაზანის მიღება, სათბურის ან ხცელი წყლით სავსე ბოთლის მოთავსება მუცლის ქვედა არის პროექციაზე, გამათბობელი საბნის გამოყენება ხელს უწყობს მენსტრუალური ტკივილის შემცირებას.

- დიეტური რეკომენდაციები: ჩატარებული უამრავი კვლევის შედეგები გიჩვენებს, რომ E ვიტამინის, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების , ვიტამინ B1-ის, ვიტამინ B6-ის და მაგნიუმის დანამატები ეფექტურად ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს. 

- თამბაქოს და ალკოჰოლისთვის თავის არიდება: მათში შემავალი ნივთიერებები დადასტურებულად აუარესებს დისმენორეის ხარისხს. 

- სტრესის შემცირება: ფსიქოლოგიური სტრესი შესაძლოა იყოს როგორც დიმენორეის გამომწვევი, ასევე უკვე არსებული მდგომარეობის ხარისხის გაუარესების მიზეზი. 

 

P.S. იყავით მეტად ინფორმირებული ! გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

 

სტატიის ავტორები: 

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე