Nuk
ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი

თარიღი: 21 აგვისტო, 2018

Escherichia coli, იგივე ნაწლავის ჩხირი, ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ბუნებაში მრავალი შტამით (სახეობით) არის წარმოდგენილი. მათი უმეტესობა უვნებელია ჯანმრთელობისთვის, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მიკროფროლასაც კი წარმოადგენს, თუმცა არსებობს პათოგენური შტამებიც, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც დიარეით მიმდინარე დაავადება, ასევე ნაწლავგარე ინფექციებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ ენტეროჰემორაგიული E.coli-ს ჯგუფს ენიჭება. ამ ჯგუფის შტამების ვირულენტობა განპირობებულია უნარით გამოიმუშავონ ე.წ. შიგა ტოქსინი, ამიტომ მათ შიგატოქსინ მაპროდუცირებელ ბაქტერიებად (Shiga toxin-prodacting) ან შესაბამისი აბრივიატურით STEC მოიხსენიებენ (ლიტერატურაში შეიძლება შეგხვდეთ ამ ტერმინის ანალოგი - ვერო ტოქსინი და შესაბამისი აბრივიატურა VTEC). 

ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირის ჯგუფიდან პირველი გამომწვევი  E.coli O157, 1982 წელს იდენტიფიცირდა. STEC-ზე არსებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი სწორედ E.coli O157 -ით გამოწვეული ინფექციების კვლევის შედეგად არის მიღებული. მართალია ამჟამად მრავალი სხვა შტამიც არის მიჩნეული შიგა ტოქსინის მაპროდუცირებლად, ისტორიულად ჩამოყალიბდა ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზის პირობითი დაყოფა O157-ითა და არა - O157 გამოწვეულ ინფექციებად. ამ უკანასკენელის მაგაგალითია, ენტეროჰემორაგიულ ნაწლავის ჩხირის O104:H4  შტამი, რომელმაც გერმანიაში, 2011 წელს, დიდი ეპიდაფეთქება და 43 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დაავადების რეზერვუარს ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირით კოლონიზირებული თბილსისხლიანი ცხოველები წარმოადგენენ, ადამიანისთვის კი, ძირითადად შინაური მსხვილფეხა საქონელი. აღსანიშნავია, რომ ცხოველი მიკრობის უსიმპტომო მტარებელია. გადაცემის გზა ფეკალურ-ორალურია. ჩვეულებრივ დაავადება შეიძლება მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ნაკელით დაბინძურებული საკვები პროდუქტების ან ასევე ნაკელით დაბინძურებული წყლის სასმელ-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენების შემდეგ განვითარდეს. თუმცა ბაქტერიები ადამიანს  გადაეცემა დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის და ცხოველების მოვლის დროსაც. 

ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს:

· თერმულად არასაკმარისად დამუშავებულმა ხორცმა;

· დაბინძურებულმა წყალმა (სასმელმა, ან რეკრეაციულმა);

· გაურეცხავმა ან არასათანადოდ გარეცხილმა ბოსტნეულმა და ხილმა;

· აუდუღარმა რძემ და აუდუღარი რძიდან ახლადამოყვანილმა  ყველმა (ჭყინტი ყველი);

· ცხოველების მოვლის დროს მათთან მჭიდრო კონტაქტმა;

· პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობამ.

ინკუბაციის პერიოდი საშულოდ 3-4 დღეა, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა 10 დღემდე გაგრძელდეს. დაავადება ძირითადად იწყება თანდათანობით გაძლიერებადი მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილითა და დიარეით, რაც ხშირად მალევე  გადადის სისხლიან დიარეაში.  ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები საშუალოდ არის გამოხატული, ტემპერატურა ჩვეულებრივ არ აჭარბებს 38,3C-ს. პაციენტები უმეტესწილად 10 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდებიან, თუმცა 5-დან 10%-მდე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზისთვის დამახასიათებელი მძიმე და საშიში გართულება - ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომი (HUS). 

HUS დაავადების დაწყებიდან საშუალოდ 7 დღის შემდეგ იწყება და ხასიათდება თირკმლის მწვავე უკმარისობით, ჰემოლიზური ანემიითა და თრომბოციტოპენიით. ჰუს-ის მქონე პაციენტთა 50 %-ს ესაჭიროება დიალიზი და 3-5%-ში ფიქსირდება ლეტალური გამოსავალი. ჰუს-ს უმეტესად იწვევს ნაწლავის ჩხირის შტამი (STEC) O157:H7. გარდა O157:H7 შტამისა დადასტურებულია E. coli O104, O26, O111, O103, O45, O121 და O145 შტამებით გამოწვეული ეპიდაფეთქებებიც. 

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები. 

HUS-ის შემდეგ გამოჯანმრთელებულ  პაციენტებში ხშირად ვითარდება თირკმლის ქრონიკული დაავადებები. 

ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი (ჰუს) - წარმოადგნეს ნაწლავის ჩხირის ტოქსინის გამომყოფი შტამით გამოწვეულ დაირეის (ხშირად სისხლიანი დიარეის) შემდეგ განვითარებულ სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას. იგი ხასიათდება ტრიადით: მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია და თირკმელის მწვავე უკმარისობა. 

მკურნალობის დროს წამყვანი როლი არასპეციფიურ მკურნალობას, განსაკუთრებით რეჰიდრატაციას ენიჭება. ანტიბიოტიკების გამოყენება განსაკუთრებული შემთხვევის გარდა მიზანშეწონილი არ არის.

მკურნალობის შედეგად დაავადებული შეიძლება სრულად განიკურნოს,  თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს რამდენიმე თვიანი მტარებლობა.

ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახის პირობებში. მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების სრული ჯაჭვის ყველა ეტაპზე - მეურნეობიდან (ფერმიდან) თეფშზე მოხვედრამდე დაცულ იყოს შენახვა-ტრანსპორტირება-მომზადებისთვის განსაზღვრული წესები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია:

• ყოველთვის მიიღოთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი, რძე და კვერცხი;

• გამოიყენოთ კარგად, უსაფრთხო წყლით გარეცხილი ხილი და ბოსტნეული;

• აუცილებლად საპნით დაიბანოთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ; 

• კარგად გარეცხოთ საჭრელი დაფები და სხვა სამზარეუილო ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ;

• სასმელის და საკვების მოსამზადებლად გამოიყენეთ ხარისხიანი, უსაფრთოხო წყალი;

• დაიცვათ საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;

• განცალკევებულად შეინახოთ მზა საკვები და უმი პროდუქტები;

• დიარეის მქონე პირები მოარიდოთ საკვების მომზადების პროცესს;

• საპნით დაიბანოთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.