Nuk
რა არის ფარისებრი ჯირკვალი, რას ნიშნავს ტერმინი ჩიყვი და რა მნიშვნელობა აქვს სწორ და დროულ დიაგნოსიტირებას

თარიღი: 07 სექტემბერი, 2022

სალომე ბულისკერია - რეკომენდირებულია წელიწადში  ორჯერ სკრინინგულად  ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები

რა არის ფარისებრი ჯირკვალი, რას ნიშნავს ტერმინი ჩიყვი და რა მნიშვნელობა აქვს სწორ და დროულ დიაგნოსიტირებას - ამ და სხვა საკითხებზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ენდოკრინოლოგი სალომე ბულისკერია საუბრობს.

რა არის ფარისებრი ჯირკვალი?
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი  ენდოკრინული  ჯირკვალია  ორგანიზმში.

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედები გამოყოფენ   ორგანიზმისათვის  ძალიან საჭირო ჰორმონებს T3 და T4-ს, რომლებიც ზემოქმედებენ  ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან  ორგანოზე. მათი სიჭარბე ან ნაკლებობა იწვევეს სერიოზულ  პათოლოგიებს.

არსებობს დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სიჭარბით ან პირიქით, დაქვეითებით.

რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ჩიყვი და როგორია მისი სიმპტომები?
ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება, ან  მასში კვანძის  არსებობა ან ორივე ერთად.
ჩიყვი შესაძლებელია ასოცირებული იყოს  თირეოტოქსიკოზთან (მაგ: გრეივსის დაავადების  დროს), ან ჰიპოთირეოზთან (მაგ: ქრ. აუტოიმუნური  თირეოიდიტი), ან მიმდინარეობდეს ფუნქციის  ცვლილების გარეშე (მაგ. ენდემური ჩიყვი).

ისეთი  სიმპტომები  როგორიცაა: გულისცემის სიხშირის მატება, გულის ფრიალის  შეგრძნება, წონაში უმიზეზო კლება, ფაღარათი, ემოციური ლაბილობა, აღგზნებადობის მომატება, ჭარბი  ოფლიანობა, ზედა კიდურების  ტრემორი  არის  დაკავშირებული  თირეოტოქსიკოზთან, ხოლო გულისცემის  სიხშირის დაქვეითება, მოდუნება, ძილიანობა, ყაბზობა,  სახისა და კიდურების  შეშუპებები, წონაში მატება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე არის  დაკავშირებული პირიქით  ფუნქციის დაქვეითებასთან, ანუ  ჰიპოთირეოზთან.

როგორ ხდება ჩიყვის დიაგნოსტირება და მკურნალობა? და რა მნიშვნელობა აქვს კვლევებს? 
თუკი  ადამიანი  არსებული მდგომარეობების დროს  ხანგრძლივად  დარჩა თერაპიის  გარეშე, ის რთულდება გულ-ფილტვის უკმარისობით, კომით და დგება სიკვდილი.

თუმცა ზემოთაღნიშნული პათოლოგიების  მკურნალობა  დღეს, 21 საუკუნეში არ გახლავთ პრობლემატური, უბრალოდ საჭიროა დროული დიაგნოსტიკა და  სწორი მენეჯმენტი.

რეკომენდირებულია წელიწადში  ორჯერ სკრინინგულად  ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები, რაც საკმაოდ მარტივი, არაინვაზიური და ფინანსურად ხელმისაწვდომი კვლევებია.