Nuk
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფქოდ)

თარიღი: 14 ნოემბერი, 2017

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფქოდ)

ფქოდ ნიშნავს - “ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“

 

ფილტვის - პროცესი ფილტვებშია

ქრონიკული - ის არასდროს გაქრება

ობსტუქციული - ნაწილობრივ ბლოკირებული

დაავადება - ეს ავადმყოფობაა.

 

ფქოდ გავრცელებული ფილტვის დაავადებაა, რომელიც ბლოკავს ჰაერგამტარ გზებს, რაც სუნთქვას აძნელებს.

ფქოდ-ისგამომწვევი ძირითადი მიზეზია მოწევა ან კვამლის და მტვრიანი გარემოს ზემოქმედება.

ფქოდ-ის ძირითადი სიმპტომებია ხველა, ნახველის ან ლორწოს გამოყოფით, სუნთქვის უკმარისობა.

 

ბევრ ადამიანს აქვს ფქოდ მაგრამ არ იცის ამის შესახებ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათი სიმპტომები უბრალოდ დაბერების ბუნებრივი პროცესის ნაწილია. თუმცა, ფქოდ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც მკურნალობის გარეშე რთულდება და პაციენტის მდგომარეობა მძიმე ხდება.

 

სუნთქვის მარტივი გამოკვლევის, სპირომეტრიის საშუალებით შესაძლებელია ფქოდ-ის დიაგნოზის დასმა. გამოკვლევა არის სწრაფი და უმტკივნეულო.   

 

ფქოდ-ის მკურნალობა შესაძლებელია!  მიუხედავად იმისა, რომ განკურნება შესაძლებელი არ არის, ექიმებს შეუძლიათ შეანელონ ფილტვების დაზიანების პროცესი. რაც უფრო ადრე დაისმევა დიაგნოზი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ  თავიდან იქნას აცილებული ფილტვის შემდგომი დაზიანება. თუმცა, არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს დაავადების ნებისმიერ სტადიაზე და ხელს უწყობს მათ უფრო აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ. 

 

ფქოდ-ის პრევენცია შესაძლებელია!   თუ ხართ მწეველი, მოწევისთვის თავის დანებება ფქოდ-ის განვითარების ან მისი პროგრესირების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. არ არის დაგვიანებული დაანებოთ თავი მოწევას!

 

ფქოდ-ის ტვირთი

ფქოდ ზეგავლენას ახდებს ინდივიდზე, ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაზე

 

რამდენ ადამიანს აქვს ფქოდ?

 

მსოფლიოში, ყოველ მეათე მოზრდილ ადამიანს 40 წლის ზევით შეიძლება ქონდეს ფქოდ.

ფქოდ ყველაზე გავრცელებულია ქვეყნებში, სადაც სიგარეტის მოწევა იყო ან არის ყველაზე გავრცელებული.

 

 

რამდენი სიცოცხლე ეწირება ფქოდ-ს?

მსოფლიოში, თითქმის 3 მილიონი ადამიანი იღუპება ფქოდ-ით ყოველწლიურად.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ფქოდ მსოფლიოში სიკვდილის მიზეზთა შორის მესამე ადგილზეა, რომელსაც მხოლოდ ინფარქტი და ინსულტი უსწრებს. 

 

 

რა ჯდება ფქოდ?

ფქოდ-ის ღირებულება მოიცავს, როგორც მედიკამენტების, საავადმყოფოს და ფქოდ-ით დაავადებულთა სხვა სამედიცინო პირდაპირ ხარჯებს, ასევე არაპირდაპირ ხარჯებს, რომლებიც წარმოიქმნება სამუშაოს გაცდენისას ავადმყოფობის ან ფქოდ-ით დაავადებულ ნათესავზე ზრუნვის გამო.

ევროკავშირში ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯი დაახლოებით 38.6 მილიარდ ევროს შეადგენს. 

აშშ-ში 2005 წელს ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯები 21.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო არაპირდაპირი ხარჯები 17 მილიარდ აშშ დოლარს. 

 

 

როგორ შეგვიძლია შევამციროთ ფქოდ-ის ტვირთი?

ფქოდ-ის რისკის ფაქტორების ზემოქმედების შემცირებით. მაგალითად: მოწევის საწინააღდეგო კამპანიები, რომელთა შედეგად ნაკლები ადამიანები მოწევენ სიგარეტს და მოიხმარენ თამბაქოს სხვა სახეობებს, სამზარეულოში და გასათბობად უფრო ჯანსაღ საწვავზე გადასვლა და პროფესიული ზემოქმედების შემცირება.

ფქოდ-ის ადრეული გამოვლენით. სპირომეტრიის ტესტის ჩატარება ფქოდ-ის რისკის ფაქტორებისა და სიმპტომების მქონე ადამიანებში, ზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას.

არადიაგნოსტირებული შემთხვევების შემცირებით. ბევრმა ფქოდ-ით დაავადებულმა არ იცის ამის შესახებ, თუმცა არსებობს მედიკამენტები რომლებიც მათ დაეხმარებათ გაიუმჯობესონ მდგომარეობა. არ არის დაგვიანებული მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის გამოვლენის შემდეგ!

 

 

თქვენ შესაძლოა გაქვთ ფქოდ თუ...

…გაქვთ ფქოდ-ის რისკის ფაქტორების ზემოქმედების ისტორია

სიგარეტის მოწევა ან თამბაქოს სხვა სახეობის მოხმარება - ან მეორადი კვამლის ზემოქმედება

მტვრის და ქიმიური ნივითიერებების შესუნთქვა სამუშაო გარემოში

ხის ან სხვა ბიოლოგიური ნივითიერების წვის დროს წარმოშობილი კვამლის ზეგავლენა, რომელიც გამოიყენება სამზარეულოში სადილის მოსამზადებლად ან ოთახის გასათბობად.

 

 …ხართ 40 წლის ზევით

და

…გაქვთ ფქოდ-ის სიმპტომები

 ხანგრძლივი ხველა

ნახველის ან ლორწოს ამოღება ხველის დროს

სუნთქვის უკმარისობის განვითარება ფიზიკური აქტივობისას, როგორიცაა მაგალითად:

კიბეზე ასვლა

ძაღლის გასეირნება

საყიდლებზე სიარული

დაბანა ან ჩაცმა

 

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს თუ გაქვთ ფქოდ?

 

 თუ თქვენ დაგისვეს ფქოდ-ის დიაგნოზი, არსებობს მრავალი ხერხი იმისათვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი:

 

შეწყვიტეთ მოწევა. მოითხოვეთ მოწევისთვის თავის დანებებაში დახმარება.

მიიღეთ თითოეული მედიკამენტი, ექიმის რჩევის შესაბამისად. გაესინჯეთ ექიმს რეგულარულად - წელიწადში ორჯერ.

იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ, როდესაც გიჭირთ სუნთქვა.

შეინარჩუნეთ სუფთა ჰაერი სახლში

გააღეთ კარები და ფანჯრები, როდესაც ამზადებთ სადილს და შენობის შიგნით ჰაერი კვამლიანია ან მკვეთრად გამოხატული სუნი დგას.  

შეინარჩუნეთ ორგანიზმის სიჯანსაღე. ისეირნეთ, ივარჯიშეთ რეგულარულად და მიირთვით ჯანსაღი საკვები.

თუ გაქვთ მძიმე ფორმის ფქოდ, მაქსიმალურად შეიმსუბუქეთ სუნთქვის უკმარისობა და გაიმარტივეთ ცხოვრება შინ:

სთხოვეთ თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს დახმარება

გაესაუბრეთ ექიმს ან ექთანს მედიკამენტების შესახებ - ტაბლეტები, სპეციალური საღეჭი რეზინი - ეს საშუალებები დაგეხმარებათ მოწევისთვის თავის დანებებაში. არ გადახვიდეთ ელექტრონულ სიგარეტზე, რადგან მისი ეფექტი უცნობია.

უთხარით თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომ თქვენ ცდილობთ მოწევისთვის თავის დანებებას და სთხოვეთ მათ, მოაშორონ სიგარეტი სახლიდან.

ისაუბრეთ ექიმთან თქვენს მედიკამენტებზე ყოველი ვიზიტის დროს და დარწმუნდით, რომ გესმით როგორ უნდა მიიღოთ ისინი სწორად.

კითხეთ ექიმს თუ შეიძლება, რომ ჩაგიტარონ გრიპის აცრა.

ასეთი მომენტები წინასწარ დაგეგმეთ - სათანადო ტელეფონის ნომრები, ექიმის კაბინეტის მისამართი და სხვა საჭირო ინფორმაცია მომარაგებით და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე შეინახეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოძებნოთ.

შორს დაიჭირეთ თავი კვამლისგან და ბოლისგან, რომლებიც გიძნელებენ სუნქვას.

სამზარეულოში, სააბაზანოში, საძინებელში განათავსეთ ნივთები ადვილად მისაწვდომ ადგილას.

შეეცადეთ მარტივი ხერხებით მოამზადოთ სადილი, დაალაგოთ სახლი და შეასრულოთ სხვა საქმე.

 

 

არის ეს ფქოდ?

 

ჩაიტარეთ ტესტი

 

ბევრ ადამიანს აქვს ფქოდ ისე, რომ მან არც კი იცის ამის შესხებ.

 

უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს და გაიგეთ შესაძლებელია თუ არა რომ თქვენ გქონდეთ ფქოდ:

 

ახველებთ დღეში რამდენჯერმე თითქმის ყოველდღე?

                                                   დიახ      არა   

 

გაქვთ ნახველი ან ლორწო ხველასთან ერთად?

                                                   დიახ      არა   

 

გემართებათ თუ არა ჰაერის უკმარისობა სხვებზე უფრო ადვილად?

                                                   დიახ      არა   

 

ხართ 40 წელზე უფროსი ასაკის?

                                                   დიახ      არა   

 

ხართ ამჟამინდელი მწეველი ან ყოფილი მწეველი?

                                                   დიახ      არა   

 

 

ზემოთდასმული შეკითხვებიდან თუ სამს ან მეტს დადებითი პასუხი გაეცით, ჰკითხეთ ექიმს ფქოდ-ის შესახებ.

 

არ არის დაგვიანებული მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის დროს!

 

 მოწევისთვის თავის დანებება  ფქოდ-ის პრევენციისა და მკურნალობის გზაზე    პირველი ნაბიჯია

 

თუ თქვენ გაქვთ ფქოდ და მაინც აგრძელებთ მოწევას, თქვენი ფილტვების მდგომარეობა გაუარესდება და დაავადება გახდება მომაკვდინებელი.

 

თუ თქვენ ხართ მწეველი, და გაქვთ ფქოდ, მისი შეჩერების ერთადერთი გზაა მოწევისთვის თავის დანებება.

 

თუ თქვენ ხართ მწეველი და არ გაქვთ ფქოდ, მისგან პრევენციის ერთადერთი გზაა მოწევისთვის თავის დანებება. 

 

გარდა ფქოდ-ისა მოწევა იწვევს:

კიბოს (ფილტვის, ყელის, ენის)

იმპოტნეციას და უშვილობას

გულის დაავადებებს

თანდაყოლილ დეფექტებს

კანის დაბერებას

კბილების დაზიანებას

 

შეეკითხეთ ექიმს რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოწევას დაანებოთ თავი.

რჩევები, მხარდაჭერის ჯგუფები და ზოგიერთი მედიკამენტი დაგეხმარებათ მოწევისთვის თავის დანებებაში.

მოწევისთვის თავის დანებებაში ელექტრონული სიგარეტის როლი არ არის შესწავლილი, და ელექტრონული სიგარეტის პოტენციური ზეგავლენა ფილტვზე ცნობილი არ არის.