Nuk
ფსიქოლოგიური მედეგობა - რა მიცავს ტრავმისგან?

თარიღი: 24 ივნისი, 2020

სტრესულ  სიტუაციებში სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან, ზოგი მათგანი ექცევა ემოციების ზეგავლენის ქვეშ, განიცდის, ხდება უფუნქციო ან უჭირს ნორმალურად ფუნქციონირება, სხვები კი უფრო მარტივად იღებენ ამგვარ რთულ მოვლენებს, თითქოს წინასწარ იყვნენ ამისთვის მზად, ინარჩუნებენ თვითკონტროლს და რჩებიან პოზიტიურები თუ არა, ნეიტრალურები მაინც ამ სიტუაციის მიუხედავად.( Ilia N. Karatoreos).

გარემოსთან ადაპტაცია გადარჩენის საფუძველია. ადამიანი უნდა შეეგუოს ცვლილებებსა და გამოწვევებს, რათა შეძლოს იმ გარემოში ფუნქციონირება და განვითარება, რომელშიც ცხოვრობს. ფსიქიკური მდგრადობა შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც გარემოსთან ადაპტაციის საზომიც. 

ფსიქოლოგიური მედეგობა განისაზღვრება,  როგორც „ინდივიდის უნარი, გაუმკლავდე, ან სწრაფად გამოკეთდე რთული სიტუაციიდან“. იგი აღწერს ადამიანის უნარს, თავი დააღწიო ნეგატიურ ემოციურ განცდებს და ადაპტირდე სტრესული სიტუაციის ცვალებად მოთხოვნებთან (Block & Block, 1980; Block & Kremen, 1996; Lazarus, 1993).

ფსიქიკური მდგრადობა არის დინამიური პროცესი, რომელიც ასახავს ინდივიდის პოზიტიურ ადაპტაციას მძიმე ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად. აღნიშნულ პროცესში ჩართულია ადამიანის რწმენები, დამოკიდებულებები, ქცევა და უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ მან შეძლოს ტრავმული გამოცდილების გადალახვა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ან სხვა კლინიკური სიმპტომების გარეშე.

შესაბამისად, ფსიქოლოგიური მედეგობა  არის პროცესი, რომლის დროსაც პიროვნების ფსიქიკა ინარჩუნებს პროდუქტულად ფუნქციონირების უნარს, ხანმოკლე თუ ხანგრძლივი ნეგატიური გარემო ზემოქმედების პირობებში. იგი საშუალებას აძლევს პიროვნებას კონცენტრირდეს, ორიენტირდეს პრობლემაზე, გამოიყენოს ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები და გაუძლოს როგორც შინაგან, ისე გარეგან ზეწოლას.  მისი ფორმირება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა პიროვნების ნერვული სისტემა, აღზრდის სტილი, გამოცდილება, განვითარების დონე და სხვა (Block & Kremen, 1996).

აქვე უნდა განვიხილოთ ისეთი ფაქტორებიც როგორებიცაა:
· სოციუმი, უახლოესი გარემოცვა
· თვითშეფასება და საკუთარი თავის აღქმა
· თვითრეალიზაცია და თვითგამოხატვა
· რწმენა და სულიერება
· ოპტიმიზმი
· მიზანდასახულობა და ცხოვრების აზრის შეფასება

 

როგორია ადამიანის ქცევა?
ფსიქიკურად მდგრადი ინდივიდის ქცევა მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით: 

თავდაპირველად ადამიანს აქვს მიზანი, რაც ზრდის მოტივს, რასაც თან მოყვება ქცევათა სისტემა, რომელიც მიიყვანს პიროვნებას მიზნის რეალიზებამდე. ამ პროცესში, როცა პიროვნება აცნობიერებს სირთულეებს რომლებიც მას გზაზე ეღობება, მიზნის მიღწევის პროცესში, განიცდის უარყოფით ემოციებს, ცდილობს იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზა, რის საფუძველზეც ამცირებს ამ წარმოქმნილ ნეგატიურ ემოციებს და ამით ზრდის საკუთარ ქმედითუნარიანობას, ხდება უკეთ ფუნქციონირებადი (Rylskaya Elena; I.U. Stahkneva; A. O. Sheyko.).

ფსიქიკურად არამდგრადი ინდივიდის ქცევა მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით:
 თავდაპირველად ადამიანს აქვს მიზანი, რაც ზრდის მოტივს, რასაც თან მოყვება ქცევათა სისტემა, რომელიც მიიყვანს პიროვნებას მიზნის რეალიზებამდე. ამ პროცესში, როცა პიროვნება აცნობიერებს სირთულეებს, რომლებიც მას გზაზე ეღობება მიზნის მიღწევის პროცესში, განიცდის უარყოფით ემოციებს, მისი მცდელობები იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზა არის დეზორგანიზებული და ქაოტური, რის საფუძველზეც ის ზრდის ამ წარმოქმნილ ნეგატიურ რეაქციებს და ამით ამცირებს საკუთარ ქმედითუნარიანობას, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოტივაციის დაკარგვასაც (Rylskaya Elena; I.U. Stahkneva; A. O. Sheyko.).

ფსიქიკურად არამდგრადი ინდივიდების  ქცევის  დეზორგანიზების მთავარი მიზეზია პრობლემის გადაჭრის ეფექტური საშუალებების არ ქონა და  საფრთხის განცდა  პიროვნული მეს მიმართ. ფსიქიკურად არამდგრადი პიროვნებებისთვის ხშირად დამახასიათებელია შემდეგი თავისებურება: ქაოტური, დეზორგანიზებული ქცევა იწვევს ან/და აძლიერებს სტრესულ მდგომარეობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქცევის დეზორგანიზებულობას და ზრდის ქაოსს მის შინაგან სამყაროში, შედეგად კი ფსიქიკურად არამდგრადი პიროვნება განიცდის სრულ უმწეობას - როგორც რთული დაველებების/ამოცანების, ისე საკუთარი ქცევის მიმართ ამ სიტუაციაში. 

ადამიანები, მდგრადობის მაღალი მაჩვენებლით ხვდებიან რა უარყოფითი მოვლენების წინაშე, ხსნიან მათ გარეგანი, არასტაბილური, სპეციფიკური გავლენებით და არ თვლიან თავს პასუხისმგებლად მათზე. ამასთან, ისინი იღებენ სტრესულ მოვლენებს, როგორც ნაკლებად სტრესულს. ამასთან, მდგრადი ადამიანების კატეგორია, პოზიტიურ მოვლენებთან შეხვედრისას მათ მიაწერენ საკუთარ თავს, და თვლიან საკუთარ დამსახურებად (Rylskaya Elena; I.U. Stahkneva; A. O. Sheyko).

 

ფსიქიკური მდგრადობა ბავშვებში
ყველა იბადება ფსიქიკური მდგრადობის თანდაყოლილი რესურსით. ფსიქიკურად მდგრადი ბავშვები წარმატებით მუშაობენ, კარგად თამაშობენ და აქვთ წარმატების მოლოდინები. ზოგადად რომ ვთქვათ, ფსიქიკურად მდგრად ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყოფა ხუთი მახასიათებელი: სოციალური კომპეტენტურობა, პრობლემის გადაჭრის უნარები, კრიტიკული აზროვნება, ავტონომიურობა  და მიზანდასახულობა. 

სოციალური კომპეტენტურობა მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ემპათია, მზრუნველობა, მოქნილობა, კომუნიკაციური უნარები და იუმორის გრძნობა. სოციალური კომპეტენციის მქონე ბავშვები ამყარებენ პოზიტიურ ურთიერთობას უფროსებთან და მეგობრებთან, რაც ეხმარებათ მათ საოჯახო, სასკოლო და სათემო ცხოვრებაში ჩართვაში. პრობლემის გადაჭრის უნარები, ხელს უწყობს აბსტრაქტული აზროვნების განვითარებას, რაც ეხმარება ბავშვებს კოგნიტური და სოციალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზების პოვნაში. დაგეგმვა და რესურსები დახმარების მოსაპოვებლად პრობლემის გადაჭრის უნარების ორი მნიშვნელოვანი ასპექტია. კრიტიკული აზროვნება საშუალებას აძლევთ სიტუაცია შეაფასონ, როგორც არასახარბიელო და ამის შედეგად შეიმუშაონ მასთან ბრძოლის სტრატეგიები. ავტონომიურობა გულისხმობს საკუთარი იდენტობის, დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობის და გარემოზე კონტროლის შეგრძნების ქონას. საბოლოოდ, Bernard-ის (1995) მიხედვით მიზანდასახულობა გულისხმობს მიზნის ქონას, განათლების მიღების სურვილსა და უკეთესი მომავლის იმედის ქონას.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ს. კობეისმა გამოყო სტრესის მიმართ მდგრადი პიროვნების ტიპი, რომელსაც იგი განსაზღვრავდა მდგრად პიროვნებად. მდგრადობის ბაზისურ ფსიქოლოგიურ საფუძვლად იგი თვლიდა შემდეგს: ა) ოპტიმისტური ორიენტაცია; ბ) საკუთარი თავის რწმენა; გ) მოვლენათა კონტროლირება, რწმენა რომ შეუძლია გავლენა მოახდინოს, მართოს მოვლენები; დ) საკუთარი ძალების გამოცდის სურვილი. მდგრადობა განაპირობებს ქცევის წარმატებულობას, რეაქციათა ოპტიმალურობასა და ეფექტურობას.

 

ფსიქიკური მდგრადობა მოზარდებში
მოზარდობის ასაკი პიროვნების ფორმირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ ასაკში ხდება მსოფმხედველობის, ღირებულებათა სისტემის, იდენტობის, თუ მორალური ცნობიერების ჩამოყალიბება.  თუმცა ამ პიროვნული სტრუქტურების ფორმირება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად თითოეული ინდივიდისთვის. 

პიროვნების მდგრადობა-არამდგრადობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სფეროებში ფუნქციონირებისა, როგორებიცაა - ქცევითი (იცვლება ქცევის სახე-სწავლაზე უარის თქმა.), მოტივაციური (ინტერესების ცვლილება), ემოციური (ემოციების ცვლილებები/არამდგრადობა), კომუნიკაციური (მეგობრებთან, მშობლებთან ურთიერთობის ცვლილება). მოზარდობის პერიოდში ამ ცვლილებებმა შეიძლება მიგვიყვანოს სწავლის თუ მუშაობის ეფექტურობის  შემცირებამდე,რასაც თან შესაძლოა ახლდეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა (A. O. Sheyko. Psychological stability of youth in critical situations).

ფსიქიკური მდგრადობის ფორმირებისთვის საჭიროა ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორებიცაა: სოციალური გარემო და ახლობლების გარემოცვა, თვითშეფასება და საკუთარ თავთან დამოკიდებულება, თვითგამოხატვა და თვითრეალიზაცია, დამოუკიდებლობა და თვითკმარობა, რეალურ და იდეალურ მეს ხატს შორის თავსებადობა, რწმენა და სულიერება, დადებითი ემოციების რაოდენობა, მიზანდასახულობა და ცხოვრების აზრის ძიება (A. O. Sheyko. Psychological stability of youth in critical situations).

 

როგორ დავეხმაროთ  ბავშვს ფსიქოლოგიური მდგრადობის უნარის განვითარებაში?
ყველა ბავშვი განსაკუთრებულია თავისი უნარებითა და შესაძლებლობებით. არ არსებობს ბედნიერების, წარმატების, უშიშრობის გენები. უნდა გვახსოვდეს რომ ბედნიერების, მიღწევის, წარმატების, უნარები თითოეულ ბავშვია და ზრდასრულების მთავარი პასუხისმგებლობა, სწორედ ამ პოტენციალის სწორად წარმართვაშია. ჩვენ არ შეგვიძლია ბავშვებს ავარიდოთ ტრავმები, ან უსიამოვნებები ხოვრებაში, თუმცა შეგვიძლია შევამზადოთ ისინი ამასთან გამკლავებაში.

1. სანდო მიჯაჭვულობის არსებობა - როცა ბავშვს ჰყავს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ენდობა, ვის მიმართაც დადებითი ემოციური კავშირი აქვს, ვინც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს. 

2. მხარდაჭერა, ბავშვის დადებითი მხარეების აღნიშვნა - ხშირად, ბავშვებს უჭირთ თავად შენიშნონ რომ რაღაც კარგად გამოსდით, რომ მათ ირგვლივ მყოფი ადამიანები -  პედაგოგები, მეგობრები, ოჯახის წევრები - აფასებენ მათ, პატივს სცემენ, ამაყობენ მათი მიღწევებით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს როცა ბავშვით კმაყოფილი ხარ, როცა გეამაყება, როცა გიხარია მისი მიღწევები, ან თუნდაც უმნიშვნელო წარმატებები.

3. დაეხმარეთ ბავშვს შეიძინოს რწმენა რომ მცდელობითა და მუშაობით ყველაფერი გამოუვა. იმის აღნიშვნა, რომ ბავშვი უნარიანია, რესურსულია დაძლიოს სირთულეები და მიაღწიოს მიზანს, ეხმარება მას თვითშეფასების გაზრდაში, თვითრწმენის შეძენაში. 

4. ასწავლეთ ბავშვს , რომ დახმარების თხოვნა შეუძლია. მნიშვნელოვანია ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაშია შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ადამიანებს, ეს არაა სირცხვილი, არც უხერხულია.

5. მიეცით ემოციების გამოხატვის საშუალება. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ემოცია მისაღებია. მათ შორის შიშიც. თუმცა, არ დატოვოთ ბავშვი შიშებთან მარტო, დაეხმარეთ მათ დაძლევაში.

6. მიეცით ბავშვს საშუალება თავად მიიღოს გარკვეული, თუნდაც სარისკო გადაწყვეტილებები, თუმცა იყავით მის გვერდით, მის დასახმარებლად. 

7. მიეცით ბავშვს საშუალება გახდეს დამოუკიდებელი, მის ნაცვლად ნუ გადაჭრით პრობლემებს, არამედ იყავით მხარდამჭერი. 

8. შეეცადეთ ბავშვს იყოს ორგანიზებული, ჰქონდეს დავალებების დაგეგმვისა და განხორციელების უნარები. რაც აუცილებელია ბავშვისთვის ყოველდღიურ ცვლილებებთან თუ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. 

9. შეეცადეთ დაეხმაროთ ბავშვს სოციალური კომპეტენციების შეძენაში. 

10. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად იყავით ფსიქოლოგიურად მედეგი ადამიანის მოდელი. 

 

ავტორი:  ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი, ზანდა ჩეჩელაშვილი