Nuk
რა შეიძლება გამოიწვიოს მზის ზედმეტმა დასხივებამ...

თარიღი: 06 ივლისი, 2017

ივლისის დადგომასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება გარუჯვისა და კანის დაცვის თემა. ცნობილ დერმატოლოგს, ქალბატონ თინა ქიტუაშვილს ვთხოვეთ, ჩვენთვის ამ მხრივ სასარგებლო რჩევები მოეცა.

 

თინა ქიტუაშვილი:

რუჯი ეს არის კანის დაცვითი რეაქცია მზის სხივების მავნე ზემოქმედების საპასუხოდ. მზის ზემოქმედების შედეგად კანში გამომუშავდება მელანინი, რომელიც კანს აძლევს მუქ შეფერილობას, ის მოქმედებს ეკრანივით და გვაცილებს მზის სხივებს. რაც მეტია გამოსხივება, უფრო მეტი მელანინი გამომუშავდება და უფრო მუქია კანის ფერიც. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუჯის მიღება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ზედმეტი მზის სხივი არავის სჭირდება. რუჯის მოყვარულებს შემიძლია ვუთხრა, რომ თუკი ესთეტიკური თვალსაზრისით მოსწონთ კანის მუქი ფერი, გარუჯვა აუცილებლად დაუკავშირონ ფიზიკურ აქტივობას, ზაფხულში – ცურვას, ზამთარში – თხილამურზე დგომას. პასიურად გარუჯვა, მაგალითად, კორპუსების თავზე და აივნებზე დაწოლით, თუნდაც სანაპიროზე ცურვის შემდეგ წამოწოლით, არ არის რეკომენდებული. უნდა იყოს საკმარისი ის რუჯი, რომელსაც ვიღებთ ცურვისას. ეს არის აუცილებელი პირობები, რაც თავიდან აგაცილებთ მზის ზედმეტ დასხივებას.

 

რა შეიძლება გამოიწვიოს მზის ზედმეტმა დასხივებამ?

შესაძლებელია, გააქტიურდეს რომელიმე სიმსივნური პროცესი ან მზის დასხივებამ შესაძლოა, თავად გამოიწვიოს ორგანიზმში მუტაციური ცვლილება, რაც განაპირობებს სიმსივნის წარმოქმნას. ეს თეორიული მხარეა. პრაქტიკულად კი დადგენილია, რომ კანის სიმსივნეებს, ძირითადად, იწვევს მზის სხივები. კანის კიბოს გარდა არსებობს კანის ავთვისებიანი სიმსივნე, მელანომა, ძალიან ხშირად მისი გამოწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პიგმენტურ ხალზე მზის ხანგრძლივი ზემოქმედება. განსაკუთრებით საშიშია დამწვრობა, გამორჩეულად, ბავშვებს შორის. შესაძლოა, მისი მავნე ზემოქმედება არ გამოვლინდეს ახლო პერიოდში, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვებულმა მზის დასხივებამ, 50 წლის ზევით, შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს. გარუჯვა განსაკუთრებით არ უხდებათ თეთრი კანის და ღია ფერის თმისა და თვალების მქონე ადამიანებს. მათი კანის ბუნებრივი დაცვა ძალიან სუსტია.

 

საუკეთესო დაცვად მიიჩნევა ქსოვილით დაცვა, თუმცა არსებობს კოსმეტიკური კრემებიც, რომლებიც შეიცავს მზისგან დამცავ ფაქტორებს, ე.წ. SPF (Sun Protection Factor), ის უნდა იყოს 30%-ზე ზევით, რომ კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. თუმცა მხოლოდ კრემი ვერ იმუშავებს, თუკი თაკარა მზეზე თავსაბურავს არ გამოიყენებთ. სამხრეთის მზიან ქვეყნებში მოდურ ქუდებს იყენებენ, სამწუხაროდ, ჩვენთან ამისი კულტურა არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, თბილისშიც მალე გაჩნდებიან ადამიანები საზაფხულო ქუდით, ეს მხოლოდ მოდას აყოლა არ არის. კეპი არ არის იმდენად ეფექტური, რამდენადაც ფართოფარფლებიანი ქუდი, რომელიც დაიცავს სახის კანსა და დეკოლტეს. მზეში დგომას რომ ჩრდილში დგომა უნდა ვარჩიოთ, ამაზე აღარ ვაკეთებ აქცენტს.

 

რაც შეეხება საათებს, ჩვენთან დილის 11 საათზეც უკვე ძალიან ცხელა, ასე რომ ათ საათამდეა რეკომენდებული მზეზე ყოფნა, საღამოს კი ხუთი საათის შემდეგ. შუადღეს რომ მზეზე არ უნდა გაირუჯოთ, ამას ვფიქრობ, თქმა არ სჭირდება. ქოლგა კი იცავს, მაგრამ მეტ-ნაკლებად, მზის სხივების ირიბ ზემოქმედებას მაინც ვერ აგარიდებთ.

 

გახსოვთ, ადრე იყო ე.წ. წყნარი საათი, როცა შუადღის განმავლობაში არავისი ჭაჭანება არ იყო გარეთ. მაშინ იგი 2-დან 4 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ახლა კი ეს პერიოდი გაზრდილია, რადგან ძალიან ცხელა. ჩვენც ამ პერიოდში ნაკლები პაციენტი გვყავს. არავის სურს გარეთ გამოსვლა ასეთ სიცხეში (იღიმის).

 

როცა აკნე აქვს ადამიანს, მისთვის გარუჯვა შეიძლება?

შეიძლება, მაგრამ არა აქტიური მკურნალობისას. აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები ემსახურება ცხიმიანობის შემცირებას, რის შედეგად კანი შრება, მზეზე კი ეს ბუნებრივად ხდება, რამაც შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაკითხავს სწორედ ამ პრობლემით, მათთვის ძალიან მსუბუქ სამკურნალო საშუალებებს ვარჩევ. ზოგიერთი ფორმის აკნეს უხდება რუჯი, რადგან ინიღბება ლაქები, რომლებსაც აკნე ტოვებს, მაგრამ როცა ვმკურნალობთ ანთებით აკნეს და ასეთი ფორმა ხშირია, ერთდროულად კანის ჩამოფცქვნა და რუჯი იწვევს კანის აჭრელებას, ამიტომაც ამ შემთხვევაში გარუჯვას უნდა მოერიდონ.

 

წყლის მოხმარებას ასეთ სიცხეში როგორ გვირჩევთ?

ჯანმრთელ ადამიანს წყლის დალევა შეუზღუდავად შეუძლია. რაც უფრო ცხელა, მით მეტ წყალს მოითხოვს ორგანიზმი. ის თავად გვანიშნებს, როდის უნდა მივიღოთ სითხის გარკვეული რაოდენობა. აქ ვგულისხმობ არა გაზიან სასმელს, არამედ სუფთა წყალს. ნორმა ჯანმრთელი ადამიანისთვის არის 1,5-2 ლიტრი. ზაფხულის პერიოდში ეს ოდენობა, რასაკვირველია, იზრდება. გაზიანი სასმელის შემთხვევაში, როცა ის ტკბილია, კიდევ უფრო აღვივებს წყურვილის შეგრძნებას, ამიტომაც არაა რეკომენდებული. საქართველოში ონკანის წყალზე შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა მაინც ბოთლებში ჩამოსხმული წყლის დალევას გირჩევთ.

 

ნინო მურღულია