Nuk
ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიებიი

თარიღი: 18 ოქტომბერი, 2017

ირაკლი თოდუა ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიებისა და მათი მკურნალობის შესახებ

ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საკვერცხის კისტა და პოლიპები,  ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რის გამოც ქალბატონები გინეკოლოგს მიმართავენ. სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ მიმართვიანობა საკმაოდ გვიანდება და ქალბატონი ექიმთან მიდის მაშინ, როცა თავს იჩენს შემაწუხებელი სიმპტომები ან სასურველი ორსულობა არ დგება. რეალურად ამ დაავადებების გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და თანამედროვე მედიცინა მათი მკურნალობის უახლეს მეთოდებსაც გვთავაზობს. რა სახის დააავდებებს უჩივიან ყველაზე მეტად ქალბატონები, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკთრებულად ყურადღება, როდის დგება უშვილობის დიაგნოზი – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგმა, ონკოქირურგმა, მედიცინის დოქტორმა ირაკლი თოდუამ ისაუბრა.

 

ბატონო ირაკლი, რა პრობლემების გამო მოგმართავენ ყველაზე ხშირად ქალბატონები?

არსებობს ოთხი ძირითადი პათოლოგია გინეკოლოგიაში და მომართვიანობა ძალიან მაღალია. ვმუშაობთ როგორც ონკოლოგიურ, ისე არაონკოლოგიურ პათოლოგიებზე. ძალიან გავრცელებული პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, ყელის დისპლაზია და საკვერცხის კისტა. ეს არის ძირითადი სპექტრი იმ გინეკოლოგიური პრობლემებისა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ. რაც შეეხება ონკოლოგიურ სპექტრს, ჩვენს კლინიკაში ძალიან ხშირია მომართვიანობა საკვერცხის სიმსივნეებისა და საშვილონოს ყელის პათოლოგიების გამო. ამ დაავადებებთან მიმართებაში, ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე ეფექტური არის პრევენცია, ანუ დროულად მიმართვა ექიმთან. საშვილოსნოს ყელის კიბო ძალიან მძიმე დიაგნოზია, რა თქმა უნდა გვაქვს თანამედროვე საშუალებები, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ, მაგრამ, მისი გამოვლენა ხუთი წლით ადრეც შეიძლება და ამისათვის საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ პაპ–ტესტისა და კოლპოსკოპიის გაკეთება. თუ ნაცხში რაიმე აღმოჩნდება, პროცესის განვითარებამდე მივიღებთ ზომებს.

 

იგივეა მკერდის პრობლემებზეც, საკმარისია მხოლოდ წელიწადში ერთხელ გაიკეთოს ქალბატონმა მამოგრაფია და თავიდან აიცილოს ის მძიმე მკურნალობა, რაც მკერდის სისმსივნეს ახასიათებს. თავი და თავი არის პრევენცია.

 

რამდენად გაახალგაზრდავდა ეს პათოლოგიები, რა ასაკიდან არის რეკომენდებული რეგულარული ვიზიტები ექიმთან?

საქმე ის არის, რომ ყველა ასაკს თავისი პათლოგია აქვს. მიომა ან საკვერცხის კისტა, როგორც წესი 30-50 წლის ასაკის ქალბატონებს აღენიშნებათ. არსებობს ახალგაზრდა ქალბატონებისთვის დამახასიათებელი პათოლოგიები, მაგალითად ენდომეტრიოზი, რაც 21-ე საუკუნის დაავადებაა და ის ახალგაზრდებს აწუხებთ, პირველი ციკლის გაჩენისას. ძალიან ადვილია მისი მკურნალობა, თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს.

 

რა პათოლოგიაა ენდომეტრიოზი და რა სახის მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

ენდომეტრიოზისას, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი განიცდის მიგრაციას სხვადასხვა ორგანოების ზედაპირზე, თუმცა, არ ვიცით რატომ. როგორც წესი, ამ ანომალიური ქსოვილის მიმაგრება ხდება საკვერცხეების ზედაპირზე, საშვილოსნოს უკანა კედელზე, მილებზე და მუცლის ღრუზე, რაც თავის მხრივ იწვევს კისტების ჩამოყალიბებას და ეს მტკივნეულია. ყოველი ციკლის დროს კისტების მოცულობა მატულობს. ენდომეტრიოზი ხშირად შვილოსნობის პრობლემებს ქმნის.

 

რა სიმპტომებით ვლინდება ეს პათოლოგია?

უნდა აღვნიშნოთ ძირითადი სიმპტომები, ეს არის: ციკლის მოშლა, გახანგრძლივება ან სიჭარბე, რიტმის დარღვევა, სხვადასხვა ტიპის ტკივილი, მუცლის მოცულობის მატება, შებერილობა.

ქალბატონებში, ვისაც უკვე მენოპაუზა აქვთ, შეინიშნება სისხლიანი გამონადენი და ეს არის პირველი და ხშირად უტყუარი სიმპტომი ავთვისებიანი დაავადებისა და ძალიან სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს.

 

რამდენად შეიძლება, რომ თანამედროვე ცხოვრების წესმა, დაბინძურებული გარემომ, სტრესმა გამოიწვიოს ესა თუ ის დაავადება…

დიახ, ეს ყველაფერი არის სტრესი და სტრესი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. ცხოვრებისეული სტრესი აისახება დაავადებებში. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკა. ხშირად ჩვენ პირდაპირი ხაზი გაგვყავს ხოლმე გენეტიკასთან, მკერდის, ან საშვილოსნოს სიმსივნეებისას.

 

ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია არის ის პროცედურები, რომლებსაც ალტერნატივა არ აქვთ, განგვიმარტეთ, რა დატვირთვა აქვთ მათ…

ორივე მეთოდი მიეკუთვნება მცირე ინვაზიურ ქირურგიას და იგივე შედეგს იძლევა, რასაც კლასიკური ქირურგია, თუმცა ნაკლები ჩარევით. ლაპარასკოპიით შესაძლებელია საშვილოსნოს ამოკვეთა ვაწარმოოთ, რაც საკმაოდ სერიოზული ოპერაციაა  თავისი გართულებებით, თუმცა, თუ შევადარებთ ლაპარასკოპიასა და კლასიკურ, ღია წესით ჩატარებულ ოპერაციას, ბევრად უფრო უსაფრთხო სწორედ ლაპარასკოპიაა. ამ დროს პაციენტი მეორე დღეს სახლშია, მალე ხდება ფორმაში ჩადგომა. ლაპარასკოპიით ძალიან სერიოზულ ოპერაციებს ვაწარმოებთ, მათ შორის საშვილონოს სისმსივნეების ამოკვეთას. მუცელკვეთას კი თავისი ჩვენება აქვს და ზოგჯერ სწორედ ღია წესით არის ოპერაციის ჩატარება საჭირო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის ინტერესებისთვის. რაც შეეხება ჰისტეროსკოპიას, ესეც ერთ-ერთი ენდოსკოპური ოპერაციაა, ვიყენებთ ვიდეო თვალს და ვათვალიერებთ საშვილოსნოს ღრუს. ჰისტეროსკოპია ბრწყინვალეა პოლიპების, მიომების ამოკვეთისას, ასევე საშვილოსნოს ღრუში შეხორცებების გაკვეთისას და ხშირად უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეხორცებებია.

 

საშვილონოს ამოკვეთა – რა დროს დგება ამის აუცილებლობა?

ჰისტეროქტემია ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა გინეკოლოგიაში. თავად საშვილოსნოს ახასიათებს ბევრი პათოლოგია. საშვლოსნოს რამდენიმე „სართული” აქვს – ყელი, ღრუ, კედელი და დანამატები, ანუ მილები და ყველა მათგანის პათოლოგია ხშირად განაპირობებს საშვილონოს ამოკვეთას. თუკი ადრე მხოლოდ მუცელკვეთით ხდებოდა ოპერაციის ჩატარება, დღეს ლაპარასკოპიით ხდება მისი ამოკვეთა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური მეთოდი, ვაგინალური ქირურგია. საშვილოსნოს ამოკვეთა ხშირად სულაც არ არის კავშირში ონკოლოგიურ პათოლოგიებთან, მაგალითად საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, ყელის მძიმე დისპლაზია და ა.შ.

 

მიომა ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა გინეკოლოგიაში, რა არის მისი მკურნალობის ძირითადი გზა?

თუკი საშვილოსნოს ამოკვეთა ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა, მიომა ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა გინეკოლოგიაში. ყველა მიომა არ არის საოპერაციო, ის შეიძლება სრულიად უწყინარი იყოს და არაფერს არ უშლიდეს პაციენტს. მიომა საკმაოდ უწყინარი წარმონაქმნია გინეკოლოგიაში და გადაგვარების ძალიან დაბალი რისკი ახასიათებს. რაც შეეხება პოლიპსა და კისტას, უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. შეიძლება პაიენტმა არც კი იცოდეს რომ კისტა აქვს, სანამ პროფილაქტიკურ ექოსკოპიას არ გაიკეთებს. მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება კისტა, უნდა ჩატარდეს გარკვეული გამოკვლევები და დავადგინოთ არის თუ არა საოპერაციო. არის კისტა, რომელიც შეიძლება თავად გაქრეს და არის კისტა, რომელიც რისკს შეიცავს. პოლიპი კი არასტაბილური ქსოვილია, რა ზომისაც არ უნდა იყოს, მისახედია და საჭიროა ჰისტეროსკოპია.

 

შესაძლოა თუ არა ჩვენს მიერ ჩამოთვლილმა პათოლოგიებმა გამოიწვიოს უშვილობა?

უშვილობაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ქალის, არამედ წყვილის უშვილობაზე ვსაუბრობთ. როგორც წესი, მიზეზი არ არის ერთი და საქმე გვაქვს პათოლოგიათა ერთობლიობასთან.

როგორც წესი, თუკი ახალგაზრდა წყვილს სურს შვილის გაჩენა და ორსულობას ვერ აღწევს ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართონ ექიმს. 3-4 თვე არ არის ვადა, როდესაც სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.

არის მიომები, რომლებიც აშკარად უშლიან დაორსულებას, თუმცა არის მიომა, რომელიც არაფერ შუაშია შვილოსნობასთან. პოლიპი ზოგჯერ უშლის ხელს უშვილობას და, როგორც წესი, ხდება მისი ამოკვეთა. როდესაც წყვილი ქორწინდება, სასურველია პროფილაქტიკის მიზნით ნებისმიერმა ქალბატონმა ჩაიტაროს კონსულტაცია.

 

როგორ მოვახდინოთ ამა თუ პათოლოგიის პრევენცია?

როდესაც გინეკოლოგიაში ონკოლოგიაზე ვსაუბრობთ, სიმსივნეები სხვადასხვა ბუნებისა და ხასითის არის. საშვილოსნოს კიბო რადიკალურად განსხვავდება საკვერცხის კიბოსგან, როგორც გამოკვლევებით, ისე მკურნალობით. საშვილოსნოს კიბო როგორც ვიცით ვირუსით არის ძირითადად გამოწვეული ხდება. საკვერცხის კიბო კი ვერაგი დაავადებაა და მას წინასწარ ვერ გათვლი. შეგვიძლია ვნახოთ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი საკვერცხეზე და შემდეგ ხდება მისი უეცარი გადაგვარება სულ რამდენიმე თვეში.

 

წყარო: http://fortuna.ge