ჰელმინთოზი

თარიღი: 06 ოქტომბერი, 2017

ჰელმინთოზი

ჭიები ჩვენს სხეულში

 

 

პარაზიტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სხვა ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრობს. ხშირად ადამიანიც თავისდა უნებურად მასპინძლობს პარაზიტ ჭიებს. ზოგი მათგანი ნაკლებად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ზოგს კი სასიკვდილო საფრთხის შექმნა შეუძლია.

 

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ პარაზიტ ჭიებზე სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი პარაზიტოლოგი ირმა კოკაია გვესაუბრება.

– პარაზიტი ბაქტერიასა და ვირუსთან შედარებით მაღალგანვითარებული ორგანიზმია, რომელიც სხვა ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრობს და მისგან იღებს ცხოველმყოფელობისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას.

 

პარაზიტებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: უმარტივესებად და ჰელმინთებად.

უამრტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმია. შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია. უმარტივესებით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებებია მალარია, ლეიშმანიოზი, ლამბლიოზი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა.

 

ჰელმინთები უმარტივესებზე მაღალგანვითარებულია, მათი ზრდასრული ფორმები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჰელმინთების ზომები რამდენიმე მილიმეტრიდან 30-40 მეტრამდე მერყეობს.

 

ფორმის მიხედვით განასხვავებენ მრგვალ, მწოველ და ლენტისებურ ჭიებს, გარემოში ჰელმინთის კვერცხის ან ლარვის განვითარებისა და გადაცემის მექანიზმის მიხედვით – კონტაქტურ ჰელმინთებს, გეოჰელმინთებს და ბიოჰელმინთებს.

 

კონტაქტური ჰელმინთები ადამიანისგან ადამიანს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ხელების საშუალებით გადაეცემა. ისინი ყველაზე გავრცელებული ჯგუფია. ამ ჯგუფის ტიპური წარმომადგენელია მახვილა, ენტერობიუს ვერმიცულარის, რომლით გამოწვეულ დაავადებასაც ენტერობიოზი ეწოდება.

 

გეოჰელმინთის განვითარება მასპინძლის გარეშე მიმდინარეობს. ამ დროს მისთვის აუცილებელია ნიადაგთან კონტაქტი, სათანადო აერაცია, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა. მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ შეუძლია გეოჰელმინთს ადამიანის დააავადება. ამ ჯგუფის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ასკარიდი.

 

ბიოჰელმინთს სიცოცხლის ყველაზე რთული ციკლი აქვს. ამ ციკლის გასავლელად მან ორი-სამი მასპინძელი უნდა გამოიცვალოს. შუალედური მასპინძელი შეიძლება იყოს ცხოველი, თევზი, მოლუსკი და სხვა. საქართველოში ბიოჰელმინთებიდან გავრცელებულია ექინოკოკი და ფასციოლა – ღვიძლისა და სანაღვლე გზების პარაზიტი.

 

ჰელმინთები მეტ-ნაკლები სიხშირით ყველგანაა გავრცელებული, თუმცა განსაზღვრული გეოგრაფიული განაწილება ახასიათებს. დღეს ჰელმინთოზი მაინც განვითარებადი ქვეყნების პრობლემად მიიჩნევა, სადაც ბოლომდე არ არის მოწესრიგებული კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები, არ კონტროლდება სურსათი, ნაკლებად ხელმისაწვდომია სამედიცინო სერვისები.

 

არაოფიციალური მონაცემებით, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ერთ ადამიანს შესაძლოა 2-3 ჰელმინთიც კი ჰყავდეს. საქართველოს შესახებ ოფიაცილური სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია.

 

ენტერობიოზი – ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზი

 

– ენტერობიოზი, მახვილა ჭიით გამოწვეული დაავადება, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული ჰელმინთოზია. ვინაიდან ბავშვებს სათანადოდ არ აქვთ ჩამოყალიბებული ჰიგიენური ჩვევები, კონტაქტური ჰელმინთოზები, მათ შორის – ენტერობიოზიც, მათთან გაცილებით ხშირად გვხვდება.

 

მახვილა მრგვალ ჭიებს მიეკუთვნება, პატარა ზომისაა, გადაეცემა საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჭუჭყიანი ხელებით. დაავადების წყაროა ადამიანი. მახვილა ნაწლავებში ცხოვრობს და ახასიათებს მიგრაცია ანუსის მიდამოში, სადაც დიდი რაოდენობის კვერცხს დებს. ეს ანუსის მიდამოს ძლიერ ქავილს იწვევს. ქავილის დროს ბინძურდება ხელები, საიდანაც ჭიის კვერცხები სხვა ზედაპირებზე ვრცელდება. ხშირად ამავე მექანიზმით ხდება ავტოინვაზია, ანუ ადამიანის ხელმეორე ინვაზირება.

 

ენტერობიოზის ყველაზე ტიპობრივი სიმპტომია მუცლის პერიოდული სპაზმური ტკივილი (როგორც წესი, ჭიპის ირგვლივ) და ქავილი ანუსის მიდამოში.

 

მახვილა ჭია ანუსიდან შესაძლოა გოგონას სასქესო ორგანოებში გადავიდეს და ვულვოვაგინიტი გამოიწვიოს. ხანგრძლივი ინვაზიის შემთხვევაში ანუსის მიდამო ღიზიანდება, იკაწრება. აღრიცხულია ენტერობიუსით გამოწვეული აპენდიციტიც.

 

– უკავშირდება თუ არა ძილში კბილების კრაჭუნი ჭიებით ინვაზიას?

– ძილში კბილების უნებლიე კრაჭუნს, ბრუქსიზმს, ხშირად აბრალებენ ჭიებით ინვაზიას. ეს კავშირი მეცნიერულად არ გახლავთ დადასტურებული, თუმცა ბოლომდე უარყოფილიც არ არის, რადგან აღრიცხულია შემთხვევები, როცა ანტიჰელმინთური პრეპარატების მიღების შემდეგ კბილების კრაჭუნი იკლებს. ბრუქსიზმის ფენომენი საბოლოოდ ჯერ კიდევ აუხსნელია. მას უკავშირებენ ემოციას, სტრესს, ძილის დარღვევას. ბრუქსიზმი მკურნალობას არ მოითხოვს.

 

ნერწყვდენა, სალივაციის გაძლიერება კი შესაძლოა მართლაც მიანიშნებდეს ჭიებით ინვაზიაზე, თუმცა ისიც შესაძლოა, პირის ღრუსთან დაკავშირებული სხვა პრობლემის გამოხატულება იყოს.

 

ხშირად ნაწლავურ ჰელმინთოზებს მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს: მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი (შებერილობა), კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია, მაგალითად, ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობა და სხვა.

 

დიაგნოსტიკა, მკურნალობა

– რომელი გამოკვლევაა ინფორმაციული ენტერობიუსის აღმოსაჩენად?

– ასეთი გახლავთ ენტერობიუსის კვერცხების იდენტიფიცირება პერიანალური ნაცხის გამოკვლევით. ნაცხს ვიღებთ წებოვანი ლენტით ან ბამბით. საღამოს ბავშვს არ ჩავბანთ, დილით კი ნაცხს ვიღებთ. რაც შეეხება განავალს, მახვილას შემთხვევაში მისი გამოკვლევა ნაკლებინფორმაციულია, რადგან განავალში ძალიან იშვიათად ჩანს ამ ჭიის კვერცხები.

 

სხვა ჰელმინთების შემთხვევაში კი განავლის გამოკვლევის ერთჯერადი უარყოფითი პასუხი ინვაზიას არ გამორიცხავს. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, განავლის 3-5-ჯერ შემოწმებაც კი ჰელმინთის აღმოჩენის მხოლოდ 80%-იან გარანტიას იძლევა, ამიტომ, თუ ჩივილების საფუძველზე ჰელმინთოზს ვეჭვობთ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გამოკვლევა უნდა გამეორდეს.

 

– შესაძლებელია თუ არა ჰელმინთოზისგან თვითგანკურნება?

– სავსებით შესაძლებელია. ენტერობიუსი 1-1.5 თვე ცოცხლობს. თუ ამ პერიოდის შემდეგ ავტოინვაზია არ მოხდა, ადამიანი პარაზიტისგან გათავისუფლდება, მაგრამ საყოფაცხოვრებო პირობებში ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა ძალიან ძნელია, განსაკუთრებით ბავშვებთან, ამიტომ უმჯობესია, ვუმკურნალოთ. მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ ოჯახის წევრებსაც, გასნაკუთრებით მას, ვისაც ბავშვთან მჭიდრო კონტაქტი აქვს. თეთრეული უნდა გამოიცვალოს, გაირეცხოს, გაუთოვდეს, გაირეცხოს ბავშვის სათამაშოებიც. სხვა ჭიით გამოწვეული ჰელმინთოზების შემთხვევაში მთელი ოჯახის მკურნალობა არ არის საჭირო.

 

ასკარიდი – ჭია, რომელიც კარგად იმალება

– ასკარიდიც მრგვალ ჭიებს მიეკუთვნება. გარემოში მის კვერცხს ადამიანი გამოყოფს. ნიადაგში, შესაბამისი აერაციის, ტემპერატურის, ტენიანობის რეჟიმში, კვერცხი გადის გარდაქმნის ციკლს და განსაზღვრული ხნის შემდეგ მასში მწიფდება ინვაზიური ლარვა, რომელიც მწვანილისა და ბოსტნეულის საშუალებით ხვდება ადამიანის ნაწლავებში. ენტერობიუსისგან განსხვავებით, ასკარიდს ახასიათებს მიგრაციის ფაზა – სისხლის მიმოქცევის სისტემის საშუალებით გადადის შინაგან ორგანოებში: გულში, ფილტვში, ღვიძლში, ფილტვიდან – საყლაპავში, იქიდან კი ნაწლავში, საბოლოო ლოკალიზაციის ადგილას ბრუნდება და აქვე ამთავრებს ცხოვრებას.

 

– რა განსაკუთრებული ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ასკარიდით ინვაზია?

– მწვავე მიგრაციის ფაზაში, როდესაც ასკარიდი ფილტვებში გადადის, თავს იჩენს ალერგიული მოვლენები: ხველა, გამონაყარი, ზოგჯერ -შეშუპებაც. ამ ეტაპზე რენტგენოგრამაზე ჩანს ინფილტრატი, რომელიც ხშირად პნევმონიაში ერევათ. ასკარიდის ლარვის მიგრაციის შედეგად წარმოქმნილი ინფილტრატი რამდენიმე დღეში (მაქსიმუმ 2 კვირაში) თავისთავად ალაგდება. მას ლოფლერის მფრინავ ინფილტრატს უწოდებენ.

ნაწლავურ ფაზაში გადასვლისას წინა პლანზე წამოიწევს ნაწლავური მოვლენები: მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ნაწლავის დისფუნქცია, გულისრევის შეგრძნება, ძალიან იშვიათია სუბფებრილური ტემპერატურა. გაურთულებელ ჰელმინთოზს ჰექტიური (მაღალი) ტემპერატურა არ ახასიათებს. ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მის არსებობაზე დეფეკაციის დროს გამოყოფილი პარაზიტი მიუთითებს. თუ ასკარიდოზი არ გართულდა, დაახლოებით ერთ წელიწადში ჰელმინთი თავისთავად მოკვდება და განვალთან ერთად გამოვა ნაწლავიდან. ის ადვილი შესამჩნევია, რადგან მისი სიგრძე 15-20 სმ-ია.

 

გართულებები

– ასკარიდს ანტიპერისტალტიკური ანუ ნაწლავის მოქმედების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ახასიათებს. შესაძლოა, ამოვიდეს პირის ღრუში, გამოვიდეს ცხვირიდან, მოხვდეს სინუსებში. არის შემთხვევები, როცა ნარკოზის დროს ენდოტრაქეული მილიდან ამოდის. თუ ასკარიდი მისთვის უჩვეულო ადგილას, მაგალითად, ნაღვლის, პანკრეასის სადინარებში მოხვდა, უკან გამოსვლას ვერ მოახერხებს და მოკვდება, ადგილზე დანეკროზდება. ეს ოპერაციული ჩარევის ჩვენებაა. ასკარიდს მექანიკურად აცილებენ.

დაავადების კიდევ ერთი გართულებაა გაუვალობა. წინათ მიაჩნდათ, რომ გორგლის წარმოსაქმნელად რამდენიმე ასკარიდი იყო საჭირო, ბოლო ხანს კი დაადგინეს, რომ ნაწლავის სრულად ან ნაწილობრივ დასახშობად ორი-სამი ჭიის კონფიგურაციაც შესძლებელია.

ასკარიდოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. საქმე მარტივდება, თუ პარაზიტი სხეულიდან გამოვიდა. ბოლო ხანს იყენებენ ანტისხეულების დეტექციის მეთოდს. ამ გზით განისაზღვრება G კლასის ანტისხეულები, თუმცა მათი არსებობა გადატანილ ინვაზიაზეც მიუთითებს. ამასთან, შესაძლოა, მსგავსი ჰელმინთების ანტისხეულებთან ჯვარედინი რეაქციაც გამოიწვიოს, ამიტომ ბოლომდე ვერ ვენდობით. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია განავალსა და ნებისმიერ სხვა ბიოლოგიურ მასალაში პარაზიტის, მისი ან კვერცხის აღმოჩენა.

ასაკრიდოზის აღმოჩენისას ოჯახის წევრებს არ ვმკურნალობთ, რადგან ეს ჭია ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება. თუ კვერცხმა ნიადაგში არ გაიარა გარდაქმნის მთელი ციკლი, ადამიანის ორგანიზმში მისგან ლარვა ვერ განვითარდება. დაავადება მხოლოდ ნიადაგიდან დაბინძურებული პროდუქტების მეშვეობით ვრცელდება.

 

 ტოქსოკარა – ჰელმინთი უჩვეულო გარემოში

– არსებობს ჰელმინთები, რომლებიც მიგრაციის შემდეგ ნაწლავში კი არ ბრუნდებიან, არამედ შინაგან ორგანოებში ამთავრებენ ცხოველმყოფლობის ციკლს. ასეთები არიან ტოქსოკარა, ფასციოლა (ღვიძლში), ტრიქინელა (კუნთებში). ქსოვილოვანი ჰელმინთები ძლიერი ალერგენებია, ამიტომ ასეთი ჰელმინთოზების დროს ალერგია დიდხანს არის გამოხატული და ვლინდება ნებისმიერი სახით – ურტიკარიით, ბრონქოსპაზმით და სხვა.

ტოქსოკარიც ასკარიდის ჯგუფისაა. ის ადამიანს არ აავადებს, ძაღლის ან კატის ორგანიზმში პარაზიტობს. ადამიანი მისთვის ეკოლოგიური ჩიხია. დაავადების წყაროა ძაღლისა და კატის ფეკალიები, რომლებითაც ბინძურდება გარემო. განსაკუთრებით საშიშია ქვიშის საბავშვო მოედნები. პარაზიტის კვერცხი პირის ღრუდან ხვდება ნაწლავში, იქიდან გადადის სისხლის მომოქცევის წრეში, შინაგან ორგანოებამდე აღწევს და იქვე რჩება. ასკარიდასგან განსხვავებით, ტოქსოკარი ნაწლავში აღარ მიგრირებს. თუ ის რომელიმე შინაგან ორგანოში, მაგალითად, ღვიძლში მოხვდა, დაავადების ვისცერული ფორმა განვითარდება, თუ თვალში – თვალისა, რომელიც მხედველობის მძიმე დარღვევებს გამოიწვევს. ეს ფორმები გვხვდება როგორც იზოლირებულად, ისე ერთდროულადაც. ტოქსოკაროზის დროს შინაგან ორგანოებში გრანულომები წარმოიქმნება.

ალერგიულ მოვლენებთან ერთად ტოქსოკაროზს მუცლის ტკივილიც ახასიათებს.

 

როგორ ადგენენ

– ვინაიდან ტოქსოკაროზი არ არის ნაწლავის ჰელმინთოზი, მის აღმოსაჩენად უმთავრესად ანტისხეულების დეტექციას ვიყენებთ, მაგრამ ვინაიდან დაავადება ძალზე გავრცელებულია, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შესაძლოა ანტისხულების დაბალი დადებითი ტიტრი განესაზღვროს, ამიტომ ლაბორატორიულ მონაცემებს კლინიკურ სურათთან კორელაცია სჭირდება. ტოქსოკაროზს, წესისამებრ, ძალიან მაღალი (40-80%-მდეც კი) ეოზინოფილია და ჰიპერლეიკოციტოზი ახასიათებს.

განსაზღვრული ხნის შემდეგ ტოქსოკაროზი შესაძლოა თავისთავად ლიმიტირდეს, თუმცა უმეტესად ანტიჰელმინთური პრეპარატებით მკურნალობას მოითხოვს.

 

ექინოკოკი – ძაღლის საჩუქარი

– ექინოკოკოზის წყარო ძაღლი და ძაღლისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები არიან. მექანიზმი ასეთია: ცხოველი გარემოში ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფს ექინოკოკის კვერცხებს; ამ კვერცხებით ბინძურდება მწვანილი, ბოსტნეული და სხვა. შესაძლოა, დაბიძურდეს ძაღლის ბეწვიც. თუ ადამიანს შემთხვევით ასეთი ბეწვი გადაეყლაპა, დაავადდება. მაშასადამე, ექინოკოკოზის განვითარებაში თავად ძაღლის ბეწვი არ არის დამნაშავე, როგორც ბევრს ჰგონია. დაავადებულთა უმეტესობას ძაღლი საერთოდ არ ჰყავს. ინვაზია უმეტესად კვერცხებით დაბინძურებული მწვანილიდან ხდება.

ექინოკოკოზისთვის დამახასიათებელია შინაგან ორგანოებში ექინოკოკური ცისტების წარმოქმნა. ცისტა ერთიც შეიძლება იყოს და მრავლობითიც, მონოორგანულიც და პოლიორგანულიც. ყველაზე ხშირად აღირიცხება ღვიძლის ექინოკოკოზი, რადგან ღვიძლი პირველი ორგანოა, სადაც ნაწლავიდან წამოსული სისხლი ხვდება. გავრცელების მხრივ მეორე ადგილზეა ფილტვები. თუმცა ცისტა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას: კუნთში, ხერხემალში, კანში. ზომაც სხვადასხვა აქვს – 1-2 სმ-დან 15-20 სმ-მდე და მეტიც. ცნობილია, რომ ცისტა წელიწადში საშუალოდ 1.5-2 სმ-ით იზრდება.

 

– შესაძლებელია თუ არა რაიმე ნიშნით დაავადების ამოცნობა?

– სამწუხაროდ, ექინოკოკოზი დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ათიდან 6-7 შემთხვევაში მას სხვა პრობლემის გამო ჩატარებული ინსტრუმენტული გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ. გამონაკლისია თავის ტვინის ექინოკოკოზი, რომლის დროსაც ძალიან მცირე ზომის ცისტაც კი კლინიკურ გამოხატულებას იძლევა. ლოკალიზაციის კვალობაზე, მოსალოდნელია მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა, წონასწორობის დარღვევა, მხედველობისა და მეტყველების პრობლემები და სხვა. სხვა ორგანოების კისტა კი, სანამ ძალიან დიდ ზომას არ მიაღწევს, არავითარი კლინიკური ნიშნით არ მჟღავნდება. შემდგომ გამოვლენილი ნიშნებიც მის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ღვიძლის ექინოკოკოზის დროს, წესისამებრ, უჩივიან ტკივილს ან სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, თუ ცისტა ნაღვლის სადინარს აწვება – სიყვითლეს. ფილტვის ექინოკოკოზის დროს მოსალოდნელია ხველა სისხლაინი ნახველით. ზოგჯერ პაციენტი მთლიან ექინოკოკურ ცისტას ამოახველებს.

დიდი ზომის ცისტა შესაძლოა დაინფიცირდეს, რასაც მაღალი ცხელება, ინტოქსიკაციის ნიშნები მოყვება. წარმოიშობა ცისტის გასკდომის საშიშროებაც.

 

საშიში ცისტა

– ცისტის გასკდომა სიცოცხლისთვის საშიშია. ის ანაფილაქსიურ შოკს იწვევს და ზოგჯერ ლეტალურად მთავრდება. გარდა ამისა, დიდია ალბათობა, გამსკდარი ცისტა მოითესოს. საზოგადოდ, ცისტა სქელკედლიანი ბუშტია. მის შიგნით, სითხეში, დაცურავს ექინოკოკის ნაწილები, რომლებსაც სკოლექსებს ვუწოდებთ. გასკდომის შემთხვევაში სკოლექსები ორგანიზმში მიმოიფანტება და განსაზღვრული ხნის შემდეგ სხვადასხვა ადგილას გაიზრდება.

ვინაიდან ექინოკოკოზი მძიმე დაავადებაა და ცუდი პროგნოზი აქვს, მისი მკურნალობა აუცილებელია. ამისთვის ორი გზა არსებობს – ოპერაციული და კონსერვატიული. ბოლო 15 წელია, ცდილობენ, მცირე ზომის გაურთულებელი ცისტების დროს ოპერაციული მეთოდი არ გამოიყენონ. მცირე ზომისად მიიჩნევა 4 სმ-მდე ზომის ცისტა. ის ხშირად კარგად ემორჩილება მკურნალობას. სხვა შემთხვევაში ტარდება ოპერაცია, მერე კი რეციდივის საწინააღმდეგო ანტიჰელმინთური თერაპია ალბედაზოლოთ. მკურნალობის დამთავრებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ დაბეჯითებით, რომ პაციენტი განიკურნა – ამის შემდეგ დაავადების რეციდივი აღარ არის მოსალოდნელი. თუ განკურნებულ ავადმყოფს კვლავ აღმოაჩნდა ექინოკოკოზი, ეს უკვე ახალი ინვაზიაა და არა ძველი.

ოპერაციული მეთოდი სხვადასხვაა: ტრანსკუტანეული (კანგავლითი) დრენირება, რომელიც ცისტის ჩხვლეტასა და სითხის ასპირაციას, ამოსრუტვას გულისხმობს, ლაპაროსკოპიული და ღია.

ზოგჯერ მდგომარეობა ინოპერაბელურია. გვქონდა შემთხვევა, ბავშვს მუცლის ღრუში ცისტების რაოდენობას ვერც კი ვუთვლიდით, ორწლიანი მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ განიკურნა.

 

ტრიქინელოზი – ცვრიანი მწვადის საზღაური

– ტრიქინელოზი ადამიანს გადაეცემა თერმულად ცუდად ან არასწორად დამუშვებული ღორის ხორცითა და მისი პროდუქტებით, ასევე – დათვისა და სხვა გარეული ცხოველების ხორცით კვებისას.

ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების შემდეგ საქართველოში ღორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც ტრიქინელოზის შემთხვევებიც შეამცირა, მაგრამ ბოლო ხანს ავადობამ ისევ იმატა.

ტრიქინელოზს იწვევს ტრიცჰინელლა სპირალის. ეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ჰელმინთია, მაგრამ საკმაოდ პათოგენური და ძლიერ ალერგენული. თერმულად დაუმუშავებელი ან ცუდად დამუშავებული ხორცის, მაგალითად, უმად გამოყვანილი ლორის შეჭმისას ტრიქინელა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება, ნაწლავს ხვრეტს და სისხლის მომოქცევის წრეში გადადის, სისხლის მეშვეობით კუნთებამდე აღწევს და განივზოლიან კუნთებში იდებს ბინას. იხვევა, კაფსულას იკეთებს და 20-30 წლის განმავლობაში რჩება იქ.

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 10-30 დღეა და იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ჰელმინთი მოხვდება ორგანიზმში.

ტრიქინელოზი იწყება მწვავედ, მაღალი ცხელებით, გულისრევა-ღებინებით და დაირეით. 2-3 დღეში ამას ემატება ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები, კუნთების ძლიერი ტკივილი, შეშუპება სახეზე და თვალების ირგვლივ.

 

– ეტყობა თუ არა ხორცს ტრიქინელათი დაბინძურება?

– არა, ჭია მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს. ლაბორატორიაში შემოწმებული ხორცი სანდოა. არც დაავადებულია საშიში, თუ კარგად მოვხარშეთ ან შევწვით. საზოგადოდ, ჰელმინთების კვერცხების უმეტესობა თერმოლაბილურია – დუღილის ტემპერეატურაზე იხოცება, თუმცა სიცივეს, ყინვასაც კი, კარგად უძლებს.

ტრიქინელოზის დიაგნოსტიკისთვის ანტისხეულების განსაზღვრააა აუცილებელი, სხვაგვარად დაავადებას ვერ დავადასტურებთ. კლინიკურ სურათს ემატება მკვეთრად გამოხატული ჰიპერეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. ასიმპტომური და სუსტი ფორმები თვითლიმიტირებადიც შეიძლება იყოს, საშუალო და მძიმე კი მკურნალობას ექვემდებარება და ხშირად სტაციონარულიც არის. ზოგჯერ პაციენტები მკურნალობის შემდეგ კუნთებში მგრძნობელობის მომატებას უჩივიან.

 

სოლიტერი – ყველაზე გრძელი ჭია უმი ფარშის მოყვარულთათვის

– სოლიტერი ტენიიდოზების ჯგუფს ეკუთვნის. ის ძალიან დიდი ზომის ჰელმინთია. ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია ხარისა და ღორის სოლიტერი. მათი სიგრძე ზოგჯერ 30-40 მეტრსაც კი აღწევს, თუმცა ადამიანისთვის დიდად პათოგენური არ არის.

სოლიტერი ნაწლავური პარაზიტია და სხვა ციკლები და ფაზები არ გააჩნია. ადამიანი საკვების, მათ შორის – უმი ხორცის, მეშვეობით ინვაზირდება. სოლიტერი ხშირად გვხვდება დიასახლისებთან, რომლებიც კერძის მომზადებამდე უმ ფარშს დააგემოვნებენ ხოლმე.

ნაწლავებში მოხვედრილი კვერცხიდან სოლიტერი იზრდება. მას აქვს დასაწყისი თავი და პირველი ორი პროგლოტიდი. მათგან წარმოიქმნება ყველა სხვა ნაწილი ერთმანეთზე ასხმული პროგლოტიდები. პარაზიტის თავი მისაწოვრებით არის ჩამაგრებული ნაწლავის კედელში. პერიოდულად, დეფეკაციის დროს და მის გარეშეც, ჰელმინთს ნაწილები სწყდება და გარეთ გამოდის. შესაძლოა, ამ ნაწილის სიგრძე 1-1.5 მეტრიც კი იყოს. სოლიტერს პაციენტები ხშირად სწორედ ამ დროს აღმოაჩენენ. შესაძლოა, 4-5-მა თვემ შეუმჩნევლად გაიაროს, მერე ინტენსიური ცვენა დაიწყოს და 5-7 დღე გაგრძელდეს, მერე კი კვლავ შეწყდეს.

სხვა კლინიკური ნიშნებიდან ხშირია მუცლის ტკივილი. მოარული აზრის საწინააღმდეგოდ, სოლიტერი არ ასოცირდება წონის ცვლილებასთან – მატებასთან ან კლებასთან. არც ნუტრიციის დარღვევას იწვევს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ პაციენტებს რატომღაც ძალიან რცხვენიათ სოლიტერით ინვაზიის, მალავენ და ჭიას წლობით ატარებენ. არადა მისგან განკურნება ძალიან ადვილია – ერთდღიანი მკურნალობა საკმარისია დაავადებისგან თავის დასაღწევად.

 

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

– შესაძლებელია განავალში კვერცხების აღმოჩენა. პერიანალური ნაცხიც ინფორმაციულია. მაგრამ, როგორც წესი, პაციენტები მხოლოდ მას შემდეგ მოგვმართავენ, რაც განავალში სოლიტერის ფრაგმენტებს იპოვიან. ამ ფრაგმენტებით შეიძლება განისაზღვროს, ხარისაა სოლიტერი თუ ღორის. ღორისა უფრო საშიშია, რადგან შესაძლოა, ცისტიცერკოზით გართულდეს. ცისტიცერკი ღორის სოლიტერის ლარვაა, რომელიც მცირე ზომის ბუშტუკებს წარმოქმნის. ცისტიცერკი ან დამოუკიდებლად ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ან სოლიტერით ინვაზიისას ღებინებისა და უკან ჩაბრუნების შემდეგ ვითარდება. საბოლოოდ ის სხვადასხვა ორგანოში აღმოჩნდება. ტვინში მოხვედრილი ცისტიცერკი იწვევს გულყრებს, მხედველობის დაქვეითებას და სხვა.

 

ლამბლია – უფრთხილდით ჭის წყალს

– ლამბლიოზი პროტოზოული – უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმით გამოწვეული ინფექციაა. დაავადების წყაროა ადამიანი, რომელიც ლამბლიის ცისტებს გარემოში გამოყოფს. ინვაზირება ხდება დაბინძურებული ბოსტნეულით, უფრო მეტად კი წყლით. წყალში ლამბლია კარგად მრავლდება, ამიტომ წყლის მომწოდებელ ორგანიზაციებს ლამბლიოზსა და ამებიაზზე წყლის შემოწმება პროტოკოლით მოეთხოვებათ.

 

– რა ნიშნებით ვლინდება ლამბლიოზი?

– ლამბლიები წვრილი ნაწლავის დასაწყისში ცხოვრობენ. ბევრს ეს ჭიები ქოლეცისტიტის ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნია, მაგრამ დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ნაღვლის ბუშტთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ. ნაღველი ლამბლიას 1-2 წუთში კლავს.

 

ლამბლიოზი აზიანებს ნაწლავის უჯრედებს – ენტეროციტებს, რის შედეგადაც შეწოვის პროცესები ირღვევა და დიარეა ვითარდება. ლამბლიოზით დაავადებულს პერიოდულად, თვეში 2-3-ჯერ, აქვს 2-3-დღიანი უმიზეზო ფაღარათი წყლისებრი და ლორწოიანი განავლით, რომელიც სისხლს არ შეიცავს. არც სუბფებრილური ტემპერატურაა გამორიცხული. გარდა ამისა, დამახასიათებელია საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, უმადობა. შეწოვის პროცესების დარღვევის გამო ვითარდება ცხიმში ხსნადი ვიტამინების A, D, E, K -ს დეფიციტი.

 

ლამბლიოზის დიაგნოსტიკა განავლის ანალიზით ხდება.

ლამბლიოზი თვითლიმიტირებადი დაავადებაა. სადავოდ მიიჩნევა, საჭიროა თუ არა მისი მკურნალობა, თუ ადამიანს კლინიკური ნიშნები არ აქვს გამოხატული.

 

ერიდეთ საეჭვო მკურნალობას

ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაცია "ანტიჰელმინთური პრეპარატების" – ბაქტეფორტის, ჰელმიფორტის, დეტოქსიკის, დეზინტოქსის, ინტოქსიკის და სხვათა შესახებ. ეს პრეპარატები საეჭვო წარმოებისაა და მათ რეალიზაცია მხოლოდ ონლაინგაყიდვებით ხდება. სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს მათთან არავითარი კავშირი არ აქვს და მათ შესახებ სტატიებში ნახსენები პირები:  მუმლაძე, ჯავახიშვილი, როშალი... – არასოდეს ყოფილან ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლები. ჩვენ დავუკავშირდით მოსკოვის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს, რათა დაგვეზუსტებინა ინფორმაცია აღნიშნული პრეპარატების შესახებ და დაგვედგინა მწარმოებელი კომპანია. ინსტიტუტის დირექტორმა ევგენი მოროზოვმა გვითხრა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ წამლებთან არც მათ აქვთ კავშირი, მათი გამავრცელებლები ინსტიტუტის სახელს ბოროტად იყენებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.

ჩვენთვის უცნობია ამ პრეპარატების წარმოშობა და შემადგენლობა, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ჰელმინთების სამკურნალო უნივერსალური პრეპარატი არ არსებობს.

 

– მცენარეულ საშუალებებზე რას გვეტყვით?

– არსებობს შინაური წამლები, რომლებსაც, ხალხში დაგროვილი გამოცდილებას თუ ვენდობით, ზოგიერთ ჰელმინთზე გავლენა მართლაც აქვს, თუმცა ამის დასამტკიცებელად მეცნიერული და კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

 

თავი დაიცავით ჰელმინთებისგან

– ჰელმინთებისგან თავის დაცვა შესაძლებელია ჰიგიენური წესების დაცვით:

•           საპნით იბანეთ ხელები ჭამის წინ, ქუჩიდან შემოსვლისას, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ცხოველთან ურთიერთობის შემდეგ.

•           მწვანილი და ბოსტნეული საგულდაგულოდ გარეცხეთ, მანამდე კი რამდენიმე ხანს გააჩერეთ გამდინარე წყალში. სალათის ფურცლები, პრასი, ხახვი დაშალეთ და სათითაოდ გარეცხეთ გამდინარე წყლით, შეგიძლიათ, რამდენიმე ხანს მარილიან წყალში გააჩეროთ.

•           ნუ მოიხმართ უმ ან თერმულად ცუდად დამუშავებულ ხორცს და მის პროდუქტებს, რძის ნაწარმს, თევზს.

•           შინაურ ცხოველებს ჩაუტარეთ დეჰელმინთიზაცია.

•           სასმელად არ გამოიყენოთ ღელეს, ჭის წყალი. თუ სხვა გზა არ გაქვთ, წინასწარ აადუღეთ.

 

– გამართლებულია თუ არა პრევენციის მიზნით ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატების მიცემა?

– ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს. ანტიჰელმინთური პრეპარატების ნახევარდაშლის პერიოდი 12-24 საათია, ამის შემდეგ ისინი ორგანიზმიდან გამოდის, ამიტომ ახალი ინვაზიისგან ვერ იცავს და დიდია ალბათობა, მალე ხელახლა მოგვიწიოს მათი მიცემა, გვერდითი ეფექტები კი მათაც ახასიათებთ, ამიტომ თუ ეჭვი გაგიჩნდათ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ და კოპეტენტური რჩევა მივიღოთ.

გახსოვდეთ, ჰელმინთებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვაა.

 

წყარო:www.aversi.ge