Nuk
იდეალური ასაკი ორსულებისთვის – არის თუ არა საშიში ფოლიუმის მჟავის მიღება

თარიღი: 13 აპრილი, 2017

იდეალური ასაკი ორსულებისთვის – არის თუ არა საშიში ფოლიუმის მჟავის მიღება

თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევა, რომელსაც საოფისე გინეკოლოგია ჰქვია, განვითარებას იწყებს საქართველოშიც, ეს კი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რანგის კლინიცისტის, სამეფო კოლეჯის წევრის, მეან გინეკოლოგის აპოლონ მესხის დამსახურებაა, რომელთან კონსულტაციაზე მისვლაც ვაკეში,  ”ჟორდანიას კლინიკაშია” შესაძლებელი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი 24  წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთში საქმიანობდა და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. 

 

საქმიანობდით დიდ ბრიტანეთში, რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება და რატომ შეაჩერეთ არჩევანი ”ჟორდანიას კლინიკაზე”?

ინგლისში წავედი იმიტომ, რომ მქონდა მიზანი, მინდოდა გავზრდილიყავი პროფესიულად და ჩამოვყალიბებულიყავი საერთაშორისო სტანდარტის ექიმად, მსურდა მქონოდა საშუალება მემუშავა უცხოელ კოლეგებთან. ამ 24 წლის განმავლობაში, რაც დიდ ბრიტანეთში გავატარე, ეს ყველაფერი გავაკეთე, მოხდა ისე, რომ ცხოვრებამ ყველაფერი შემისრულა. ამასობაში ჩემი შვილები დამოუკიდებლები გახდნენ, სახლიდან წავიდნენ და მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა არჩევანის თავისუფლება, სად და როგორ გვეცხოვრა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს სამშობლოში დავბრუნებულიყავით. ამასთან მქონდა სურვილი ჩემს მიერ შეძენილი ცოდნა გამეზიარებინა საქართველოში. რაც შეეხება „ჟორდანიას კლინიკას”, ჩემმა ნაცნობებმა შემახვედრეს სხვადასხვა ადამიანებს, თუმცა, ჟორდანიას ინსტიტუტს ჰქონდა ის თვისებები, რაც მე მინდოდა. იყო არჩევანი დიდ და პატარა სტაციონარს შორის,  შესაბამისად ავირჩიე ვაკის კლინიკა და დავიწყე პაციენტების მიღება.

 

რამდენად ჰგავს და განსხვავდება ქართული გამოცდილება ევროპულისგან?

ჩვენ მაინც ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპას, ეს რა საკვირველია დამოკიდებულია რა ასპქეტს შევადარებთ კონკრეტულად. საქართველოში ბოლო 24 წლის განმავლობაში მედიცინამ უზარმაზარი განვითარება განიცადა, რადგან მე ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს წასვლამდე. გულგასატეხი ნამდვილად არ არის, დინამიკა გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია განვითარება სწრაფი ტემპით, ადვილია საზღვარგარეთ მოგზაურობა, თუ ახალგაზრდას სურვილი აქვს, შეუძლია განათლება საზღვარგარეთ მიიღოს და გამოცდილება საქართველოში ჩამოიტანოს.

 

რომელია საუკეთესო ასაკი შვილოსნობისთვის, საქართველოში ძალიან ბევრი გასხვავებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით…

40 წელს გადაცილებული ორსულობა ძალიან ხშირია, ეს განაპირობა არა იმან, რომ ბიოლოგიურად უკეთესი დროა, არამედ ცხოვრების რეალობამ. ადამიანი ცდილობს ჰქონდეს სახლი, სამსახური და ამიტომ გვიანდება ორსულობა.

 

20-დან 35 წლამდე ქალი არის ბიოლოგიურად მომწიფებული იმისათვის, რომ დაორსულდეს და გასწიოს დედობა. 27-28 წლის ასაკში ყველაზე მინიმალური გართულებებია ორსულობის თვალსაზრისით. 32 წლის ასაკიდან ფერტილობა დაღმასვლას იწყებს, ძნელია დაორსულობა, ხშირია ნაყოფის ანომალიები, ორსულობის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, ჩვენებები საკეისრო კვეთისათვის. საუკეთესო პერიოდი არის 28 წლის ასაკში, პლიუს-მინუს 3-4 წელი.

სწორედ აქედან გამომდინარე უნდა დაგეგმოს ადამიანმა თავისი ცხოვრება. პარტნიორებთან ორსულობის მიღწევა მამაკაცებსაც უჭირთ – 40 წლის კაცისთვის, სულ რომ 20 წლის მეუღლე ყავდეს, ორჯერ მეტი დროა საჭირო დაორსულებისთვის. „იდეალური“ პერიოდია 25-დან 32 წლამდე.

 

ხშირია ყოფით ცხოვრებაში ტერმინი ჰორმონალური დისბალანსი, რეალურად მართლა ასეთი ხშირია ასეთი დიაგნოზი?

დისბალანსი ფარდობითი გაგებაა, რადგან ჰორმონების პროპორცია ერთმანეთთან მუდმივად იცვლება და დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა  და სხვადასხვა ფაქტორზე. დისბალანსი არასწორი ტერმინია ჩემი თვალსაზრისით. რაც შეეხება ჰორმონების დარღვევას, ეს ნამდვილად ხდება და ამის გამოა, რომ ან ორსულობა გვიანდება, ან შენარჩუნება რთულდება. ჰორმონონების გარკვეული პროპორციები გარკვეულ მდგომარეობაში დიაგნოსტიკური თვალსაზრისით ნამდვილად გვეხმარება დასახული სამედიცინო მიზნის მიღწევაში.

 

კლიმაქსის შესახებ ქართველი ექიმებისა  და პაციენტების მოსაზრება ასევე განსხვავებულია, რეალურად საჭიროა თუ არა ამ პერიოდის გახანგრძლივება მედიკამენტებით, თუ უნდა დაველოდოთ ბიოლოგიურ საათს?

ძალიან საინტერესო კითხვაა, ამ კითხვაზე, მთელი 24 წლის განმავლობაში, რაც ბრიტანეთში გავატარე, პასუხები მუდმივად იცვლებოდა და 24 წლის წინანდელი და დღევანდელი მოსაზრება ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ის, რასაც თქვენ კლიმაქტერულ პერიოდს  უწოდებთ, უმჯობესია მენოპაუზად მოვიხსენიოთ. მენოპაუზა უკანასკნელ მენსტრუაციას ნიშნავს, რომლის შემდეგაც მენსტრუაცია წყდება, ხოლო კლიმაქტერული პერიოდი ნიშნავს იმ ცვლილებებს, რაც ხდება იმ პერიოდში – რადიკალურასდ სწრაფად იცვლება ჰორმონალური ფონი.

მენოპაუზა საშუალოდ 52 წლის ასაკში დგება, იწყება საკვერცხეში, ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსში ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც საშვილოსნოში, სარძევე ჯირკვლებსა და ასე შემდეგ მეორად ცვლილებებს აღძრავენ. ამ ცვლილებებს თან ახლავს მრავლობითი გარდაქმნები ყველა სამიზნე ორგანოში, მაგალითად ძილის დარღვევა, კონცენტრაციის უნარის დაკარგვა, მეხსიერების გაუარესება, დარღვეული აქვს სქესობრივი ფუნქცია, იწყება თმის ცვენა, ხშირია შარდის შეუკავებლობა, იწყება ცვლილებები ძვლებთან და სახსრებთან მიმართებაში და ა.შ. წამყვანი სიმპტომი ქალბატონებისთვის არის ორგანიზმის ზედაპირზე, კანში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, რაც შეხურების შეგრძნებას და ოფლიანობას იწვევს, ეს იმდენად შემაწუხებელია, რომ ადამიანში ხშირად სუიციდალურ ფიქრებს აღძრავს.

სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო ფიქრი იმაზე, ღირს თუ არა ამ მდგომარეობასთან შებრძოლება. ბევრი რამ იცადა ამ ხნის მანძილზე როგორც პროფილაქტიკური, ისე მკურნალობის თვალსაზრისით, მაგრამ რეალურად ყველაზე ეფექტური გზა აღმოჩნდა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ეს არის ჯგუფი პრეპარატებისა, რომლებიც იძლევა კონტროლს ფუნქციების უმრავლესობაზე. მედიკამენტების ცდებმა აჩვენა, რომ არის რისკი გაზარდონ საშვილოსნოს, ან სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ალბათობა. მათი ხმარება განსაკუთრებული სიფრთხილით არის საჭირო, ისინი ეხმარებიან ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, მაგრამ მოუმზადებელი ექიმის მიერ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი დანიშვნა.

 

რამდენად ჰგავს და განსხვავდება ორსულობის მართვის პრაქტიკა ჩვენთან და ევროპაში?

განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან სამსახური საერთოდ სხვანაირად არის აწყობილი, იქ სამუშაოების დიდ ნაწილს ბებიაქალები, ან ტრენინგში მყოფი ახალგაზრდა ექიმები ასრულებენ. მეანგინეკოლოგს ნორმალურ ორსულობასთან პრაქტიკულად შეხება არ აქვს, რადგან ყველაფერს ან უმცროსი მეანები მართავენ, ან ბებიაქალები.

ბრიტანეთში ვიზიტების რაოდენობა შეზღუდული არ იყო და ხშირად ორსულობაში 10-12 ვიზიტი ხორციელდებოდა, შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამდენი ვიზიტი საჭირო არ იყო, შემცირდა და 6-8 ვიზიტამდე ჩამოვიდა.

ბებიაქალებს ორსულები უფრო ხშირად ნახულობენ. შეიძლება დანიშნულება ორსულს მისცეს ექიმმა, მაგრამ მონიტორინგი განახორციელოს ან უმცროსმა ექიმმა, ან ბებიაქალმა. საქართველოს პრაქტიკაში როგორც ვიცი, არის ოთხი ფიქსირებული ვიზიტი, დანარჩენი კი საჭიროების მიხედვით. ჩემი აზრით, საჭიროა ვიზიტების გაორმაგება და ამის გარდა თითოეული ორსულის მდგომარეობის შესაბამისად უნდა მოხდეს ვიზიტების დაგეგვმა. 6-8 ვიზიტზე ნაკლები კი არ უნდა იყოს.

 

თქვენი აზრით რა სიხშირით არის აუცილებელი რადიოლოგიური კვლევის ჩატარება?

კვლევა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ შეზღუდვა არ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ისიც ვიცით, რომ ზედმეტად ხშირად რადიოლოგიური გამოკვლევების გაკეთება ზოგჯერ უსაფუძვლო ეჭვის გაჩენას, განმეორებით გამოკვლევას, ან ჩარევას იწვევს, რომელსაც შეიძლება გართულება მოყვეს.

არის სტანდარტები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას ორსულმა –  8-9 კვირამდე გაკეთებული კვლევა, გვაძლევს საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ ნაყოფის გესტაციური ასაკი. ეს საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავგეგმოთ ორსულობაში ყველა საჭირო კვლევა, თუ საჭიროა გავითვალისწინოთ სამშობიარო მოქმედების აღძვრა და ა.შ. შემდეგი რადიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს 13 კვირის ვადაზე, რომ მოხდეს ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქის გაზომვა და გაკეთდეს სკრინინგი დაუნის სინდრომზე, ასევე 19 კვირის ასაკში უნდა შემოწმდეს ანომალიების ჩამოყალიბება, თუ მოხდა ისე, რომ ნაყოფი არ არის ნორმალურად ჩამოყალიბებული და მშობლები გადაწყვეტენ, რომ ორსულობა შეჩერდეს, 20 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა უფრო მარტივია დედისთვის.

ამის შემდეგ ექოსკოპიის გაკეთება ორსულობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგალითად პლაცენტის წინ მდებარეობა, ან ტყუპი ნაყოფი, ან გადატანილი რამდენიმე საკეისრო კვეთა, ასეთ დროს რამდენჯერმე უნდა გაკეთდეს ექოსკოპია. არის შემთხვევები, როდესაც ორსულობა ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს და სასურველია მშობიარობამდე 1-2 ექოსკოპიის გაკეთება, რომ ვიცოდეთ ნაყოფის წონა, პლაცენტის მდებარეობა იმისთვის, რომ დაიგეგმოს მშობიარობა.

 

კითხოთ ფოლიუმის მჟავაზე, რომელსაც საქართველოში იღებს ყველა ორსული და ასევე ძალიან ხშირია პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა, რომელიც პირველ ტრიმესტრში ამცირებს მოშლის რისკს, რამდენად ხშირია მათი დანიშვნის პრაქტიკა ევროპაში?

ფოლიუმის მჟავას ბევრი სასიკეთო თვისება აქვს. ვიცით, რომ ამცირებს ნაყოფში ანომალიების, მოგვიანებით მცირე წონის მქონე ნაყოფების რაოდენობასა და ორსულობაში სხვადასხვა გართულებების რაოდენობას.  ფოლიუმის მჟავას დამსახურებულად აქვს მოპოვებული თავისი როლი.

რაც შეეხება ბოლო დროს გავრცელებულ კვლევას, თითქოს ფოლიუმის მჟავა ზრდის აუტისტური სპექტრის დაავადებების რისკს  – კვლევა ჩატარდა განსაკუთრებული სიღარიბის პირობებში მცხოვრებ დედებში, იქ ნამდვილად იყო ფოლიუმის მჟავის მაღალი დონე და ჰყავდათ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილები.

ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ იყო უამრავი გაუთვალისწინებელი რამ, რომელიც ჯერ თავად ავტორებმაც ვერ შეაფასეს, აქედან გამომდინარი, ისინი არანაირი დასკვნისა  და რეკომენდაციის გაკეთებას არ ჩქარობენ. ამ ეტაპზე, ყველა გაიდლაინში, რომელიც დღეს მსოფლიოში ფუნქციონირებს, ფოლიუმის მჟავა გამოიყენება. მისი მიღება უნდა მოხდეს ორსულობის დაწყებამდე და გაგრძელდეს ორსულობაში. რაც შეეხება პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატებს, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. როდესაც საქართველოდან მთხოვდნენ კონსულტაციებს, ყველა პაციენტს ჰქონდა დანიშნული ასეთი პრეპარატი. დასავლეთში თითქმის არც ერთ პაციენტს არ ენიშნება პროგესტერონი. ვიცით ის, რომ რეალურად პროგესტერონის პრეპარატების ორი ჯგუფია, ეს არის საკუთრივ პროგესტერონები, რომლებიც საკვერცხის ჰორმონებია და არის კიდევ ტესტოსტერონისგან წარმოებული პროგესტერონები, ეს არის ჯგუფი, რომელიც ორგანიზმში განიცდის მეტაბოლიზმს ტესტოსტერონის მაგვარად და გამოყოფს მეტაბოლიტებს, რომლებსაც აქვთ უნარი მდედრობითი სქესის ნაყოფზე მოახდინონ გავლენა, შეცვალონ ის, მაგალითად გამოიწვიონ თმიანობა და ა.შ.

პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატების მიღება ორსულობაში უკუნაჩვენებია. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ იმ გაიდლაინს დაემორჩილონ, სადაც მითითებულია, რომ ასეთი პრეპარატების მიღება ორსულობაში არ შეიძლება. რაც შეეხება პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატების ეფექტს, არსებობს უამრავი გამოკვლევა და ვერცერთმა ვერ აჩვენა მათი უპირატესობა. გამონაკლისი არის ორი პატარა ჯგუფი, ერთია ინ ვინტრო განაყოფიერების ჯგუფი, მეორე კი მრავლობითი ორსულობის მოშლა, სადაც შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მათი ხმარება.

 

რას ნიშნავს საოფისე გინეკოლოგია, საქართველოში ეს სიახლეა…

იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის საოფისე გინეკოლოგია, უნდა გადავხედოთ გინეკოლოგიის წარსულს. გინეკოლოგია ქირურგიული დისციპლინაა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადებების უმრავლესობა ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება, ათწლეულების განმავლობაში ძირითადი გინეკოლოგიური მიდგომა იყო ლაპარატომია, ანუ მუცელკვეთა, რომელიც ტოვებდა დიდ ტრამვას, რაც თავისთავად სამკურნალო ხდებოდა. აქედან გამომდინარე ხშირი იყო სერიოზული გართულებები.

70-80–იან წლებში ტექნოლოგიურმა განვითარებამ საშუალება მოგვცა, შეგვექმნა მინიმალურად ინვაზიური ინსტრუმენტები, ეს არის ლაპარასკოპიული და ჰისტეროსკოპიული ინსტრუმენტები, რომლებიც შედარებით პატარა განაკვეთებით გვაძლევენ საშუალებას, ჩავატაროთ ოპერაცია, თუმცა, საჭირო დარჩა ზოგადი ანესთეზია.

 

ტექნოლოგიის შემდგომმა განვითარებამ მოიტანა ის, რომ შეიქმნა სკოპები, რომლის დიამეტრიც 4-5-ჯერ უფრო პატარაა, ვიდრ ის, რასაც 80-90 იან წლებში ვიყენებდით. ახლანდელი სკოპების დიამტრი 3,2 მილიმეტრია და მათ გარდა სინათლის წყაროსი, აქვთ ინსტრუმენტების ჩასადგმელი, წყლის ირიგატორი და ა.შ. ეს საშუალებას იძლევა როგორც სხვადასხვა ორგანოების დათვალიერებისა, ისე მანიპულაციების ჩატარების. გინეკოლოგიაში ამ ფაქტმა ის დიდი უპირატესობა მოგვცა, რომ შესაძლებელია ჰისტეროსკოპიული ოპერაციების ჩატარება ოფისში, ხშირად ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე, რასაც 15 წლის წინ ავადმყოფის სტაციონარში 20-25 დღით მოთავსება სჭირდებოდა, ახლა შეგიძლიათ სამსახურის შემდეგ მოხვიდეთ ოფისში, ჩაიტაროთ მკურნალობა და წახვიდეთ სახლში. არ მოცდებით არანაირ ფიზიკურ აქტივობას და მეორე დღეს ისევ სამსახურში იქნებით. თუმცა, საოფისე გინეკოლოგია არ გამოიყენება ყველა შემთხვევისთვის.

 

რა ჩივილების დროს არის შესაძლებელი ჩაეწეროს პაციენტი თქვენთან?

ჩემი პროფილია ფართო მეან გინეკოლოგია, ეს შედარებით იშვიათია და მე სპეციალურად შევინარჩუნე ფართო პროფილი. საოფისე გინეკოლოგს შეუძლია მიმართოს პაციენტმა ყველა ტიპის გინეკოლოგიური ჩივილებით, რადგან არის შემთხვევა, როდესაც მათი მკურნალობა შესაძლებელია იქვე, ოფისში. ხანდახან საჭიროა ორი ვიზიტიც, როდესაც ხდება წინასწარი გამოკვლევების ჩატარება, ან იმ მომენტისთვის ავადმყოფის მდგომარეობა ჩარევის საშუალებას არ იძლევა.

არის პაციენტთა ჯგუფი, როლებიც ოფისის მეთოდებით ვერ განიკურნებიან და მათთვის საჭიროა მინიმალური ინვაზია, რომელსაც ჟორდანიის ინსტიტუტში გავაკეთებთ.

მაგალითად საშვილოსნოს პოლიპი, რომელიც საშვილოსნოს ღრუში იზრდება, შესაძლებელის ის სხვადასხვა ზომის იყოს და დათვალიერებასთან ერთად ისეთი პატარა იყოს, რომ მისი გამოტანაც მოხერხდეს, ხანდახან მისი დანაწევრება და ნაწილ ნაწილ გამოტანა ხდება, ზოგჯერ კი კვანძი ისეა ჩაზრდილი საშვილოსნოს კუნთოვანში, რომ საჭიროა დიდი ოპერაცია.

 

რამდენად მიღებული და დანერგილი პრაქტიკაა ევროპის ქვეყნეებში საოფისე გინეკოლოგია და რამდენად ხშირია საოფისე პირობებში გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარება?

საოფისე პირობებში გარკვეული ოპერაციები, კერძოდ საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევა 30-40 წელია ტარდება. ისეთი ჰისტეროსკოპები, რომლებმაც საშუალება მოგვცეს საშვილოსნოს ღრუში ოპერაცია გაუტკივარების გარეშე ჩავატაროთ, 2003 წელს გაკეთდა. რასაკვირველია, საოფისე გინეკოლოგიის კლინიკები დასავლეთში არის და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება, მატულობს მანიპულაციების რაოდენობაც.

წყარო: www.fortuna.ge