Nuk
ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია

თარიღი: 06 მაისი, 2022

ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია (იგივე ჰიპოსენსიბილიზაცია) წარმოადგენს გარკვეული ალერგიული დაავადებების ეფექტური მკურნალობის მეთოდს.  მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს მსოფლიოში იყენებენ 100 წელზე მეტია და იგი სარგებლობს, როგორც უსაფრთხოების მაღალი პროფილით, ასევე იძლევა კონკრეტულ ალერგენთან შეგუების შესაძლებლობას, დიდი ხნით კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესებას, ხანგრძლივ რემისიას, მედიკამენტების მოხმარების შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

 

ჰიპოსენსიბილიზაცია გამოიყენება ისეთი ალერგიული დაავადებების დროს, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი/კონიუნქტივიტი. სასიცოცხლო მნიშვნელობას კი ის იძენს ინსექტური (ალერგია მწერებზე: ფუტკარი, ბზიკი) ალერგიის დროს, რადგან თავიდან გვაცილებს სწრაფი ანაფილაქსიური შოკის განვითარებას. თავდაპირველად, ალერგიული სიმპტომების არსებობისას, ხდება სწორი და ზუსტი დიაგნოსტიკა, კონკრეტული „დამნაშავე“ ალერგენის, ან ალერგენების გამოვლენის მიზნით (ოთახის მტვრის ტკიპები, მცენარეული მტვერი, ცხოველების ეპითელიუმი, ნესტის სოკოები, ფუტკარი, ბზიკი და ა.შ.). ამის მიხედვით ექიმი არჩევს  ინდივიდუალურად პაციენტისთვის განკუთვნილ სამკურნალო საშუალებას.  დღესდღეობით, სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ჰიპოსენსიბილიზაციისთვის, დამზადებულია ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც რამოდენიმე ალერგენთან ერთად იძლევა მკურნალობის საშუალებას, რაც საკმაოდ ეფექტურს და ბიუჯეტურს ხდის მკურნალობის კურსს.

 

მაღალტექნოლიგიურად დამზადებულ  სამკურნალო საშუალებას შენარჩუნებული აქვთ იმუნოგენობა (უნარი, გამოიწვიოს იმუნური პასუხი) შემცირებული ალერგენობა,  რაც იძლევა საშუალებას მინიმალურ დროში მივიღოთ მაქსიმალურად სასურველი შედეგი.

 

 იმუნოთერაპიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:

- კლინიკური სიმპტომების სიმძიმე

- მუდმივად დიდი დოზებით მედიკამენტების მოხმარების საჭიროება

- რიგი ალერგიული დაავადებების (ბავშვობაში ატოპიური მარში, კვებითი ალერგია, მოზრდილთა ასაკში უკვე ალერგიული რინიტი, რინოკონიუნქტივიტი და სხვა) შესაძლო ასთმის  განვითარების პრევენცია.

 

 საქართველოში  ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია იმუნოთერაპიის ორი ფორმა:

1. სუბკუტანური იმუნოთერაპია (SCIT), როდესაც ალერგენის შეყვანა ხდება ინექციების საშუალებით კანქვეშ და კეთდება აუცილებლად კლინიკის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ინექციების დაწყება დაშვებულია 5-6 წლის ასაკიდან.

2. სუბლინგვალური იმუნოთერაპია (SLIT)-ალერგენის შეყვანა ხდება ენის ქვეშ წვეთების სახით, რომელიც პაციენტს შეუძლია

თავად გამოიყენოს სახლის პირობებში, ექიმთან კონსულტაციის შემდგომ გარკვეული წესებისა და პირობების დაცვით. 

დაშვებულია 2 წლის ასაკიდან.

 

იმუნოთერაპიით მკურნალობა გრძელდება 3-5 წელი, მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და გასაზღვრას ექიმი ინდივიდუალურად.  მკურნალობის პირველი ეფექტი დგება დაწყებიდან 6-12 თვის შემდეგ. პირველ წელს ეფექტურობა შეადგენს 30-40%,-ს, მეორე წელს 50-60%, მესამე წელს 90-100%-ს. 

 

ალერგენ-პეციფიკური იმუნოთერაპიის უკუჩვენებას წარმოადგენს არასტაბილური სამედიცინო მდგომარეობები, მაგ. მწვავე და არასტაბილური ასთმა, მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები 

 

(სტენოკარდია, მიოკარდიომის ინფარქტი, მნიშვნელოვანი არითმია, არაკონტროლირებული ჰიპერტენზია). 

 

მათი დასტაბილურების  შემდგომ, შესაძლებელია იმუნოთერაპიის დაწყება. სპეციალურ მდგომარეობას მიეკუთვნება ასევე 

ორსულობა, რომლის დროსაც არ ხდება ჰიპოსენსიბილიზაციის დაწყება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ასევე სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ონკოლოგიური დაავადებები და სხვა.

 

აღნიშნული მეთოდი რამდენიმე ათეული წელია  დანერგილია ჩვენს ცენტრში.

იმუნოთერაპიის საშუალებით რამდენიმე ათასმა ადამიანმა თავი დააღწია მძიმე ალერგიულ ჩივილებს, ასთმის მძიმე დიაგნოზს და თავი აარიდა მოულოდნელ ანაფილაქსიურ რეაქციას მწერებით კბენის დროს.