ზოგადი ინფორმაცია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) გამოწვეული დაავადებების და ვაქცინაციის შესახებ

თარიღი: 11 იანვარი, 2018

ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებს შორის მსოფლიოში ფიქსირდება:

 - ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული 630 000 კიბოს შემთხვევა, მათ შორის - 530 000 (84%) საშვილოსნოს ყელის კიბო.

 - საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 266 000 შემთხვევა, რაც ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ს შეადგენს.

-  საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა  71% გამოწვეული იყო პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით. 

- საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო  მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში.

 - ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

საქართველოში:

 - ბოლო წლების მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს.

-  2016 წლის მონაცემებით საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

 

პრობლემის სერიოზულობიდან გამომდინარე, 2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 71 (31%)  ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა  აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის 270 მლნ-ზე მეტი დოზით  მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

 

ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი. აპვ საწინააღმდეგო ვაქცინა  ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს, რომელიც  ყველაზე მეტად არის გავრცელებული, ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს.

 

2016 წლის ბოლოსთვის იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI)  მხარდაჭერით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა 23 ქვეყანაში. ალიანსის მხარდაჭერა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომ 2020 წლისათვის 40 მლნ გოგონა იქნას დაცული  საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან და ამით მსოფლიომ თავიდან აიცილოს გარდაცვალების  900 000-მდე შემთხვევა.

 

იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი  სხვადასხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, აძლევს შესაძლებლობას, 2017-2019 წლების განმავლობაში განახორციელოს 2008-2009 წლებში დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ვაქცინაცია. 

 

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ალიანსის მხარდაჭერა ქვეყნისათვის საკმარისია წელიწადში 15 000 გოგონას ორჯერადი ვაქცინაციისათვის, შობადობის გათვალისწინებით (2008 წელს დაბადებულ გოგონათა რაოდენობა შეადგენს 24 845, 2009 წელს - 30 999)  შერჩეულ იქნა  ქალაქები - თბილისი და ქუთაისი და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები.

 

აღნიშნული ორწლიანი პროექტის წარმატებით განხორციელება საწინდარი იქნება ქვეყანაში  ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეტაპობრივი დანერგვისათვის, რაც უზრუნველყოფს პაპილომავირუსით გამოწვეული სერიოზული დაავადებების ტვირთის შემცირებას.