ინფორმაცია ვირუსული მენინგიტების შესახებ

თარიღი: 23 მაისი, 2014

ინფორმაცია ვირუსული მენინგიტების შესახებ

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში დაიწყო ვირუსული მენინგიტების რიცხვის მატებაც. ვირუსული მენინგიტების გამომწვევი მრავალია. ამასთან, ამჟამად მატება უპირატესად უკავშირდება ენტეროვირუსულ ინფექციას, რომელსაც 4-5 წლიანი ციკლურობა ახასიათებს და 2006, 2010 წლების  მატებათა შემდგომ მიმდინარე სეზონზე პროგნოზირებული იყო. დღეისთვის რეგისტრირებული შემთხვევების შესწავლით სახეზეა ინფექციის გავრცელება უპირატესად თბილისში, თუმცა გავრცელებას არ აქვს კონცენტრული და ფართო ხასიათი.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსული მენინგიტების კვლევა გამომწვევის იდენტიფიცირების მიზნით.

ენტეროვირუსული ინფექციით ადამიანები ავადდებიან წლის ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ციკლური მატების წლებში საქართველოში შემთხვევათა რიცხვის მატება აღწერილია მაისიდან ნოემბრამდე.

ენტეროვირუსული ინფექციით ავადდება ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა ჩვილები, ბავშვები და მოზარდები უფრო ხშირად ინფიცირდებიან და ხდებიან ავად. ენტეროვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა უმრავლესობა ავად არ ხდება ან აღენიშნებათ მსუბუქი სიმპტომები. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მძიმე დაავადება. მძიმე დაავადების ან გართულების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ჩვილები ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს დამბლებიც.

ენტეროვირუსის გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური, რაც ნიშნავს რომ ინფიცირება შესაძლებელია ფეკალებით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდგომ დაუბანელი    ხელის ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანთან  შეხებით.

ვირუსული მენინგიტი ხასიათდება ტემპერატურის უეცარი მატებით, თავის ტკივილით და კისრის დაჭიმვით, მას ხშირად თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

- გულისრევვა
- ღებინება
- ფოტოფობია
- შეცვლილი ცნობიერება
ვირუსული მენინგიტით შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ბაქტერიული  (რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ვირუსული მენინგიტის სიმპტომები მსგავსია, ამიტომ აუცილებელია პირველივე სიმპტომების გაჩენისას სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა.

ვირუსული მენინგიტის სიმპტომები განსხვავდება ასაკის მიხედვით:

სიმპტომები ჩვილებში:

- ცხელება
- გაღიზიანებადობა
- უმადობა
- ძილიანობა

სიმპტომები მოზრდილებში:

- მაღალი ტემპერატურა
- ძლიერი თავის ტკივილი
- კისრის დაჭიმვა
- მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა
- ძილიანობა
- გულისრევა, ღებინება
- უმადობა
ვირუსული მენინგიტის სიმპტომები ჩვეულებრივ 7-10 დღე გრძელდება. ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირები სრულად გამოჯანმრთელდებიან.

პრევენცია

არ არსებობს ვაქცინა ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევის - არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსის საწინააღმდეგოდ. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, რადგან ზოგჯერ ინფიცირებული ადამიანი არ გამოიყურება როგორც ავადმყოფი, მაგრამ ავრცელებს ვირუსს. ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის რეკომენდებულია შემდეგი ქმედებები:

ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოს ხმარების შემდეგ;
ხშირად შეხებადი ზედაპირების სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია (როგორიც არის კარის სახელური და ა.შ.).

წყაროhttp://ncdc.ge/