ჯანმრთელობის ფსიქოლოგია

თარიღი: 07 თებერვალი, 2018

მაია მაჭავარიანი – ფსიქოლოგიის დოქტორი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიის ახალი მიმართულება, რომლის მიზანია ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენება სამედიცინო სფეროში. ეს დარგი მოიცავს დაავადების, მისი მიმდინარეობისა და მკურნალობის პროცესის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ჯანმრთელობის ფსიქოლოგია ორიენტირებულია დაავადებათა პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ზოგადად ჯანდაცვის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ფსიქოლოგიური ფაქტორების შესწავლაზე. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე განსაზღვრებით ჯანმრთელობა არ ნიშნავს დაავადების არქონას. დღეს დღეობით ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჯანმრთელობის თანამედროვე განსაზღვრება მოიცავს როგორც ფიზიკურ და ფსიქიკურ, ასევე სოციალურ კეთილდღეობას. ტრადიციულად ფსიქოლოგია ფოკუსირებული იყო ფსიქიკური აშლილობებისა და სხვადასხვა სახის ემოციური პრობლემების მქონე ადამიანების დახმარებაზე. დღეისათვის სულ უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება პოზიტიური ფსიქოლოგია. მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია ბედნიერების, მადლიერების, პოზიტივის ძიებაზე, ნეგატიური გამოცდილების ნაკლებად მძიმე განცდასა და გადატანაზე. ვინაიდან, ჯანმრთელობის ფსიქოლოგია არის დარგი, რომელიც ორიენტირებულია ჯანმრთელობის ოპტიმალური ხარისხის შენარჩუნებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე, თავისი არსით ფსიქოლოგიის ეს მიმართულება კარგად ერგება პოზიტიური ფსიქოლოგიის პარადიგმას.

 

- როგორია ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის არსი და რა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოებისათვის? 

ამ სფეროში არსებული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე არსებობს სტატისტიკურად დადასტურებული მონაცემები, რომლებიც აჩვენებს რომ დავადებათა უდიდესი ნაწილი კავშირშია ცხოვრების სტილთან. შესაბამისად, დაავადებათა დიდი ნაწილის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით. ყველა ადამიანი არის სხვადასხვა დაავადებისადმი გენეტიკური პრედისპოზიციის მატარებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ პირობებში მეტად ვართ მიდრეკილი ამა თუ იმ დაავადების განვითარებისადმი. ამავე დროს, ლონგიტიდური კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული გენეტიკური პრედისპოზიციები ვლინდება, მხოლოდ შესაბამისი გარემო პირობების არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს გენეტიკური მიდრეკილება რესპირატორული დაავადებების მიმართ და არის მწეველი, არ ვარჯიშობს, ცხოვრობს დაბინძურებულ გარემოში, ალბათობა, რომ მას გამოუვლინდება ამ ტიპის დაავადება ძალიან მაღალია. სხვა შემთხვევაში თუ იგივე ადამიანი ცხოვრობს ისე, რომ მაქსიმალურად უწყობს ხელს სასუნთქი გზების სიჯანსაღეს, მიუხედავად პრედისპოზიციისა, დიდი ალბათობით მას დაავადება არ გამოუვლინდება. ჯანმრთელობის ფსიქოლოგისთვის საინტერესოა თუ რა ფსიქოსოციალური ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას დაავადებების განვითარებაზე. ასევე ის თუ რა ფაქტორები გამოდის ამ პროცესის ტრიგერის ან დამაჩქარებლის როლში და რომელი ფაქტორებია დაავადების განვითარების ხელისშემშლელი. ჯანმრთელობის ფსიქოლოგის ამოცანაა აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენის შემცირებისა ან გაძლიერების მიზნით ეფექტური სტრატეგიების შემუშავება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა რისკ-ჯუფბთან მუშაობა, როგორებიცაა მაგ.: ხანდაზმული ადამიანები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, მაღალი სტრესის პირობებში მომუშავე ადამიანები და აშ. ასევე ჯანმრთელობის ფსიქოლოგის ჩართულობა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში, ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების, სტრატეგიების შემუშავებასა და ამ კუთხით ინფორმაციის ეფექტური მიწოდების უზრუნველყოფაში.

 

- როგორია ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის მიღწევები და გამოწვევები?

როგორც უკვე აღინიშნა, ფსიქოლოგიის ეს დარგი მიმართულია ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ხელშეწყობაზე, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ძირითადი გამოწვევებია: 1. სხვადასხვა სახის დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა, მათ შორის ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ვირტუალურ რეალობაზე, აზარტულ თამაშებზე და აშ. მათზე მოქმედი ფაქტორების ფსიქოლოგიური ანალიზი და ამ ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა. 2. კვებითი აშლილობების, სიმსუქნის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების და პიროვნული განმსაზღვრელების გამოვლენა. განსაკუთებით იმ ფაქტორების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ თუ იმ აშლილობის ან დაავადების განვითარებაში. 3. ჯანსაღი კვების, ძილის, ვარჯიშის, პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 4. სტრესის, როგორც ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მქონე ფაქტორის შესწავლა. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ფსიქოლოგიის ეს მიმართულება ინტენსიურად განვითარდა, ჩატარდა დიდი რაოდენობით კვლევები. გამოქვეყნდა სამეცნიერო შრომები და გამოიცა მრავალი სახელმძღვანელო. ამ მიმართულებით ჩატარებულმა სამეცნიერო სამუშაომ შედეგად მოგვცა ამ სფეროს როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი მიმართულებების მძლავრი განვითარება. დღეისათვის გვაქვს მრავალი განსხვავებული თეორიული ჩარჩო და მოდელი, ამ მოდელებზე დაყრდნობით ხდება პაციენტების, პაციენტის ოჯახის წევრების და ასევე სამედიცინო პერსონალის ხელშემწყობი სტრატეგიების შემუშავება. კონკრეტული პრობლემის მქონე ადამიანებისათვის იქმნება სპეციალური თერაპიული, სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი პროგრამები.

 

- ჯანმრთელობის ფსიქოლოგია განვითარებულ ქვეყნებში, როგორია მისი ადგილი და როლი დასავლურ საზოგადოებაში?

განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული დარგი აქტუალური და პოპულარულია. მოგეხსენებათ, განვითარებადი ქვეყნებისაგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური პირობები და ზოგადად ცხოვრების ხარისხი გაცილებით მაღალია. ასეთი საზოგადოება ხარისხობრივად სხვა გამოწვევების წინაშეა. ამ შემთხვევაში, პირველი რიგის ამოცანები აღარ არის დასაქმება, საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილება და სოციალურად დაუცველი ფენის სამედიცინო დაზღვევა. შესაბამისად, განვითარებული ქვეყნის სამედიცინო დაწესებულება, სამედიცინო სფეროს მუშაკი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგი, ზოგადად ჯანდაცვის სფერო ორიენტირებულია სხვა სახის ამოცანებსა და ღირებულებებზე. მოცემული საზოგადოებისთვის მთავარი მიზანია ჯანმრთელობის შენარჩუნება და დაავადებების პრევენცია. ცნობილია, პრევენცია ყოველთვის უფრო მომგებიანია, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების თავლსაზრისით. ამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა ჯანდაცვის პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში ჯანმრთელობის ფსიქოლოგები აქტიურად არიან ჩართულები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ჩართულები არიან ამ სპეციალობის ფსიქოლოგები, არის სარეაბილიტაციო ცენტრები. განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების არა მხოლოდ ფიზიკურ გამოჯანმრთელებას, არამედ ფსიქოლოგიური კომფორტის, ემოციური ბალანსის მოპოვებასა და სტრესის მიმართ ტოლერანტობის გაზრდას.

 

- როგორია საქართველოში ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის განვითარების პერსპექტივა?

საქართველოს შემთხვევაში ამ სფეროს განვითარება ალბათ მომავლის პერსპექტივაა. დღეისათვის უმაღლეს სასწავლებლებში არ არსებობს აკრედიტირებული პროგრამა, რომლის საფუძველზე მსურველი გახდებოდა ამ სფეროს დიპლომირებული სპეციალისტი. არც მე ვარ ჯანმრთელობის ფსიქოლოგი, მიუხედავად იმისა, რომ 10 წელზე მეტია ვმუშაობ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით, სამედიცინო დაწესებულებაში ჯანმრთელობის ფსიქოლოგი არ შემხვედრია. ჯანდაცვის სამინისტროში შესაძლოა ჰყავთ ამ დარგის სპეციალისტები, თუმცა სამინისტროში დასაქმებული სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია.

 

 - რა რჩევებს მისცემდით მკითხველს, რა უნდა გაითვალისწინონ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის?

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავში ინვესტირება, მათ შორის საკუთარ ჯანმრთელობაში, მოქმედების ყველაზე მომგებიანი სტრატეგიაა. თქვენი ჯანმრთელობის ხელშეწყობით მოახერხებთ როგორც დროს, ისე მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსების დაზოგვას. აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ დისკომფორტზე, ახლობელი ადამიანების მატერიალურ, დროის და ფსიქოლოგიურ დანახარჯებზე. ასევე ავადობით გამოწვეულ ნეგატიურ ემოციებზე, დიაგნოსტირების, მკურნალობისა და აღდგენის ხშირად უსიამოვნო პროცედურებზე.

ჯანმრთელობის შენარჩუნებას სჭირდება ხელშეწყობა, რაც მოითხოვს ნორმირებულ სამუშაო დღეს და სრულფასოვან დასვენებას. ამის რჩევაა იოლი, განხორციელება კი, არამდგრად ეკონომიკურ პირობებში, საკმაოდ რთულია. ფიზიკური ჯამრთელობის შენარჩუნების რეცეპტი ტრივიალურია: სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვება და ვარჯიში. ფიზიკური კეთილდღეობისთვის ეს პირობები ისეთივე აუცილებელია, როგორც ჰაერი და წყალი ფიზიკური არსებობისთვის. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფიზიკური კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ადამიანის ემოციურ სფეროზეც. როგორც მოზრდილის, ისე ბავშვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი ცხოვრებით, მოღვაწეობით და მიღწევებით კმაყოფილება. არასასურველი სამუშაოს შესრულება, რომელიც ტანჯვის ტოლფასია, ქრონიკული სტრესის წყაროა. ასეთ პირობებში კი, იმუნური სისტემა ქვეითდება და ორგანიზმი მოწყვლადი ხდება სხვადასხვა დაავადებების მიმართ. დავესესხები ერთ-ერთ ბრძნულ გამონათქვამს: ბედნიერება არის არჩევანი და არა შედეგი. ვერავინ და ვერაფერი გაგაბედნიერებს, სანამ თავად არ გადაწყვეტთ იყოთ ბედნიერი. დაინახო პოზიტივი და დატკბე მცირე, შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებით, ეს არის ის მნიშვნელოვანი საძირკველი, რომელზეც არის დაშენებული მიმტევებლობა, მადლიერება და სულიერი სიმშვიდე. ემოციური წონასწორობის შენარჩუნება უზრუნველყოფს სტრესის მიმართ ტოლერანტობას, ეს კი თავის მხრივ დადებითად აისახება ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ფსიქიკა და სხეული ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთზე დამოკიდებული სისტემებია. ამდენად, ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება ხელს შეუწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და პირიქით, გაწონასწორებული, პოზიტიური ემოციები ორგანიზმის ჯანმრთელობის საწინდარია.

წყარო: http://geopsychology.org