Nuk
ჯანსაღი კვების ზოგადი რეკომენდაციები

თარიღი: 07 ივნისი, 2021

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება… და მოვიდა დრო, როცა #დარჩისახლში დროებით ჩვენი ცხოვრების წესად იქცა.

ყველა ვფიქრობთ, განვიცდით და გვეშინია ამ სიტუაციის, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენი სახელმწიფო და სამედიცინო საზოგადოება ბოლომდე იბრძვის და შედეგიც უკვე ჩანს.

მოდით კი გადავერთოთ ამ იძულებითი იზოლაციის კარგ მხარეებზე. აბა დაფიქრდით, ბევრი თქვენგანი რამდენი ხანი ნატრობდა ოჯახში მეტი დროის გატარებას, ,,ტვინის გამორთვას“ სამსახურეობრივი მოვალეობებისგან, მეტ ძილს, სწორ რეჟიმს, ბავშვებთან მეტ ურთიერთობას, მშვიდად წიგნის კითხვას და, ბოლოსდაბოლოს, თავის მოვლას, რასაც უდროობის დროს ხშირად ვერ ვახერხებდით.

და აი, ეს დროც მოვიდა!

მოგეჩვენათ, რომ თურმე სახლში ყოფნის დროს (განსაკუთრებით თუ ბევრი პროდუქტია ერთად ნაყიდი), ბევრი მიზეზია (და ცდუნება) იმისათვის, რომ ვერ დავიცვათ ის საერთო წესები, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე, სილამაზეზე დადებითად აისახება და დიდი გამოცდა გველის?

არა და არა!

მინდა დაგამშვიდოთ: ჩვეულებრივი საკვები პროდუქტებით შეგვიძლია ისეთი კერძების მომზადება, რომლებიც გემრიელიც იქნება და ვიტამინების–მინერალების ბალანსსაც სრულად აღადგენს. ამავე დროს, ამ ,,მაცივრის პროდუქტებმა“ შეიძლება ნაწილობრივ (და ძალიან წარმატებულად) შეცვალოს თქვენი სილამაზის არსენალში მოსაკლისებული ნიღაბ–სქრაბები და დრო რომ მოვა, სახლიდან გავიდეთ უფრო ლამაზები, ვიდრე მანამდე ვიყავით.

მე კი შევეცდები ამაში დაგეხმაროთ.
დავიწყოთ ზოგადი და ძალიან აუცილებელი საკვები რეკომენდაციებით:
1) ძალიან შორს დავდოთ კარაქი, შაქარი, ცომი და სასუსნავები.
2) ყოველდღიურად ახალ–ახალი საკვები მოამზადეთ, რომ იყოს მრავალფეროვნება და მაქსიმალური სარგებლიანობაც.
3) აუცილებლად მიირთვით 4–5–ჯერ დღეში და ულუფები თვითონ დაპატარავდება.
4) დალიეთ ბევრი წყალი. დილით კი, საუზმემდე 2 ჭიქა უკვე მიღებული უნდა გქონდეთ. თუ ონკანის წყალს სვამთ, ჩაასხით წინასწარ რაიმე ჭურჭელში, რომ ქლორი გაუვიდეს და დალიეთ ოთახის ტემპერატურის.
5) შეიყვარეთ სხვადასხვა ბალახის და ყვავილის ჩაი. ამით ოჯახში (და სტუმრებთან) ჩაის სმის მყუდრო რიტუალსაც შემოიტანთ და სამკურნალო ეფექტიც გარანტირებული გექნებათ. კერძოდ, დეტოქსისთვის ძალიან კარგია კოჭა, კურკუმა, მოცვის ჩაი. გირჩევთ სამზარეულო მაგიდაზე გედოთ დარიჩინი და მოაყაროთ დღის განმავლობაში ჩაის ან ყავას. ამით სასმელს გემრიელ ნოტებსაც შესძენთ, მადას დაიქვეითებთ და ნივთიერებათა ცვლასაც აიჩქარებთ ამ უძრაობის პერიოდში.
6) მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა კვების დროს მხედველობაში მიიღოს თავისი ჰორმონალური სტატუსი და შინაგანი ორგანოების დაავადებები და არ მიიღოს ის პროდუქტები, რომელიც მისთვის არ შეიძლება.

წყარო: http://beautymagazine.ge