Nuk
ჯანსაღი წესის მნიშვნელობა პანდემიის პირობებში

თარიღი: 23 დეკემბერი, 2020

ლალი ანდრიაშვილი, ოჯახის ექიმი, მედიცინის დოქტორი

 

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების, საყოველთაოდ აღიარებული ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, ეს ფორმულირება, გასული საუკუნის 70 -იანი წლებიდანაა ცნობილი და ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად ითვლება მედიცინაში, როგორც პრევენციისთვის, ასევე დაავადების მიმდინარეობის და დასრულების შემდეგ ანუ რეკონვალესცენციის პერიოდში, რომელიც ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

 

1. სწორი კვება

2. დოზირებული ფიზიკური აქტივობა

 

სწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანმრთელობის შესანაჩუნებლად, მაგრამ ეს ზოგადი მცნება, ბევრი ფაქტორისგან შედგება და ითვალისწინებს პაციენტის ასაკს,გეოგრაფიულ არეალს,კვების ტიპს,დაავადებებისკენ მიდრეკილებას, ჩვევებს, ტრადიციებს, წლის დროს და ა.შ.

რას ნიშნავს ფიზიკური აქტივობა?საკმარისია მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში-ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? ადამიანი ხომ მხოლოდ ფიზიკური სხეულისგან არ შედგება?

რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ასაკის და დაავადების გათვალისწინებით - სწორად შერჩეული ფიზიკური აქტივობა - სიარულის,ვარჯიშის ან სპეციალურად შერჩეული სამკურნალო ფიზკულტურის ელემენტებით, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია სწორი აქტიურობა ემოციურ და სულიერ დონეზე.

რას ნიშნავს ემოციურ დონეზე აქტიურობა??? ადამიანი სამყაროსთან ურთიერთობს გრძნობათა ორგანოებიდან მიღებული შთაბეჭდილებებზე საკუთარი რეაქციით: სიმპათიით ან ანტიპათიით, რაც ურო მეტად პოზიტიურად, ხალისით, სიხარულით და იმედით არის ადამიანის სამშვინველი სავსე, მით მეტი დადებითი ჰორმონების გამომუშავება ხდება ფიზიოლოგიურად ორგანიზმში, რომელსაც პოზიტიური გავლენა აქვს, როგორც დაავადების მიმდინარეობაზე ასევე პრევენციულად.ყოველდღიური რუტინის შემავსებლად შემოქმედებითი, ხელოვნების ელემენტებით და კრეატივით გახალისებული ყოველდღიურობა, რომელიც ძალსხმევას მოითხოვს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია!!!

ასევე უმნიშვნელოვანესია აქტიურობა აზროვნების ანუ პიროვნულ-ინდივიდუალურ დონეზე, ყოველ ადამიანს ნებისმიერი საკითხის მიმართ თავისი აზრი, შეხედულება, იდეა გააჩნია. რაც უფრო ახლოსაა ეს მოსაზრება ჭეშმარიტ ღირებულებებთან, მორალთან, სიმართლესთან, მიუკერძოებლობასთან, მომავლის სწორ ჭვრეტასთან, მით უფრო ადვილად შეუძლია ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნება და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც კი-რადგან საზოგადოებაში არსებული თითოეული ადამიანის პოზიტიური და ჯანსაღი აზრი, მომავლზე ორიენტირებული, განმაკურნებლად მოქმედებს 21-ე საუკუნის უიმედობის, დაუცველობის გრძნობის და ასე გავრცელებული დაავადებიანობის საწინააღმდეგოდ.

ანუ, აქტიურობა სამ დონეზე: ფიზიკური აქტივობა-ვარჯიში, მშვინვიერი ანუ გრძნობადი აქტივობა-პოზიტიური განწყობა, შემოქმედებითი ცხოვრება და სულიერი ანუ ინდივიდუალური აქტივობა -ჯანსაღი, მომავალზე ორიენტირებული აზროვნება.

 

ჩემი აზრით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ეს სამი სახის აქტივობა, ჯანსაღ კვებასთან და მავნე ჩვევებზე უარის თქმასთან ერთად, შესაძლოა ჩვენი ჯანმრთელობის გარანტი გახდეს.

 

პრევენციული ღონისძიებები მედიცინაში უმნიშვნელოვანესია, რადგან აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, აადვილებს პრობლემის დაძლევას და გამოჯანმრთელების პროცესს.