Nuk
ია დარსაველიძე: “რუჯის მიღებამდე კანის მომზადება და დატენიანება აუცილებელია”

თარიღი: 28 მაისი, 2018

ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების შესახებ, ვცდილობთ გავერკვეთ, რომელი უფრო ეფექტიანია… მაგრამ როგორც წესი, მათ ჩატარებას გარკვეულ ასაკამდე ვდებთ. ველოდებით 30, 35 წელს და გულს ვიმშვდებთ, რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის „ელექსირი“ არსებობს! თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ პროცედურებს ასაკი არ აქვთ და კანის საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ადრე დავიწყებთ თავის მოვლას, უკეთესია. ზოგჯერ, ქალბატონებიც და მამაკაცებიც, თავს არიდებენ სახის გაწმენდას. ესაც ერთ-ერთი მცდარი სტერეოტიპია, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა – რომ თუ ერთხელ გაიწმენდ სახეს, შემდეგ სულ უნდა იწმინდო. ამ საკითხებთან დაკავშირებით „ბლოგი სილამაზის შესახებ“ დერმატო-კოსმეტოლოგს, ქალბატონ ია დარსაველიძეს ესაუბრა, რომლემაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა და გადავწყვიტეთ თქვენც გაგიზიაროთ:

 

ქალბატონო ია, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ თავის მოვლა?

მოვლას ასაკი არ აქვს. კანის ტიპის მიხედვით ისაზღვრება რა ასაკიდან უნდა მოვუაროთ კანს.  მაგალითად, თუ მოზარდს აქვს ცხიმიანი კანი, გარდატეხის ასაკში ხშირია გამონაყარის, აკნეს განვითარება. ამ შემთხვევაში, სახის მოვლა რეკომენდებულია 13-14 წლიდან. ძალიან სასიამოვნოა, რომ მსგავსი კითხვები ჩნდება და ეს თემა ტენდენციური გახდა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, რომ კარგად გამოიყურებოდეს.

 

მართებულია თუ არა ადრეულ ასაკში სახის გაწმენდა?

მცდარია ის შეხედულება, რომ სახის გაწმენდა გარკვეული ასაკის შემდეგ უნდა მოხდეს. მაგალითად, ზოგი ადამიანი თავს უფრო ხშირად იბანს, ვიდრე სხვები, რადგან ცხიმიანი თმა აქვს. ასეა სახის გაწმენდაც – თუ კანი ცხიმიანია, გამონაყარის გაჩენის და მეორადი ელემენტების განვითარების საფრთხე მაღალია, ამიტომ სახე აუცილებლად უნდა გავიწმინდოთ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.  როგორც იცით, არსებობს ოთხი ტიპის კანი: ნორმალური, მშრალი, მგრძნობიარე და ცხიმიანი. ყველას თავისებური მოვლა სჭირდება. ცხიმიან კანს უარყოფითი ის აქვს, რომ შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი; დადებითი კი ისაა, რომ ამ ტიპის კანს ნაოჭები გვიან უჩნდება. სამაგიეროდ, მშრალ კანს გაწმენდა ისე არ სჭირდება, რადგან გამონაყარის გაჩენის შანსი ძალიან დაბალია. მათ, ვისაც მშრალი კანი აქვთ არ აწუხებთ ფორები, აპრიალება, კანის გაცხიმიანება… მაგრამ ძალიან ადრე ჩნდება წვრილი ნაოჭები.

 

სახის გაწმენდის რა მეთოდები არსებობს?

არსებობს სახის გაწმენდის თანამედროვე მეთოდები, მაგალითად აპარატური კოსმეტოლოგია. ეს ნიშნავს სახეზე არსებული ცხიმის, მკვდარი ეპიდერმისისმოცილებას (რომელიც ფენად ედება ჩვენს კანს); ჭუჭყისგან ფორების გათავისუფლება შესაძლებელია ულტრაბგერითი პილინგით, ბროსაჟით; ანთებითი კერების ჩასაქრობად აუცილებელია დარსონალის გამოყენება. წმენდის პროცედურა კომპლექსურია და მოიცავს მთელ კასკადს. არ არსებობს ზედაპირული და ღრმა წმენდა. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ვუწმენდ სახეს და ვაფრთხილებ, რომ მალევე უნდა მოვიდეს განმეორებით, რადგან ზოგჯერ კანი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 1 პროცედურაში სრულიად გაიწმინდოს.

 

მითია რომ სახის გაწმენდის შემდეგ კანი უფრო ადვილად ჭუჭყიანდება და საჭირო ხდება ამ პროცედურის ხშირად ჩატარება?

მითია, რომ სახის გაწმენდა არ შეიძლება რომელიმე ასაკში, ან შემდეგ უფრო მეტად ჭუჭყიანდება. ჩემთვის კანის გაწმენდა არის ჰიგიენა. პირველ რიგში, უნდა მიხვიდეთ პროფესიონალთან. კოსმეტოლოგიური კოვზი მიუღებელია, ის დიდ ტრავმას აყენებს კანს და იწვევს ისეთი ნაწიბურების განვითარებას, რომლებსაც შემდგომში მთელი ცხოვრება ებრძვის ადამიანი. აუცილებელია დაცული იყოს ჰიგიენის ნორმები და ყველა ხელსაწყო იყოს ერთჯერადი. ჩვენთან ეს პროცედურა მოიცავს დემაკიაჟს, ბროსაჟს, ულტრაბგერით წმენდას, ფორების დახურვას, დარსონვალს, იონოფორესს, პროფესიონალური კოსმეტიკის ნიღბებით ფორების შეკვრას და მცირე მასაჟს. თუმცა, ეს პროცედურები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრობლემა აქვს კანს.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ მშრალ კანთან შედარებით, ფორებიანი კანი უფრო ადვილად ბინძურდება. ასეთ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. როგორც წესი, ფორებიანი კანის მქონე ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ მაკიაჟს. დეკორატიული კოსმეტიკა ფორებში ძალიან მარტივად ჯდება. თუ მაკიაჟის მოცილება წესების დაცვით არ მოხდა, ან წინა დღის მაკიაჟზე მეორე ფენა გადაისვა ადამიანმა, კანქვეშ ჩნდება შავი ფერის კომედონები (წერტილები).

 

პროცედურების შემდეგ როგორ უნდა მივხედოთ კანს?

გაწმენდის დღეს არაფრის წასმა და გაკეთება არ არის სასურველი, მით უმეტესმაკიაჟის. მე დერმატო-კოსმეტოლოგი გახლავართ და მხოლოდ სახის წმენდით არ შემოვიფარგლები. სახის წმენდას მივაყოლებთ ხოლმე მეზოთერაპიას, პლაზმოლიფტინგს…

 

ამ პროცედურების შემთხვევაში თუ არსებობს რეკომენდებული ასაკი?

პლაზმოლიფტინგიც და მეზოთერაპიაც გამოიყენება გარდატეხის ასაკიდან. მაგალითად თმის ცვენის და გამონაყარის შემთხვევაში.

 

ხშირად ისმის კითხვა, რომელი უფრო ეფექტიანია, მეზოთერაპია თუ პლაზმოლიფტინგი?

ორივე ძალიან შედეგიანია. პლაზმოლიფტინგის შემთხვევაში, ვიღებთ პაციენტის სისხლს, ვაცენტრიფუგირებთ, ფორმიან ელემენტებს ვათავისუფლებთ პლაზმისგან და რჩება თრომბოციტები. ეს ზრდის ფაქტორები უზრუნველყოფენ ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას, სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და ამის ხარჯზე ხდება თმის ამოსვლა, ასევე სახეზე არსებული პრობლემების მოგვარება. შედეგიანია ასევე ბიორევიტალიზაცია, ბოტოლოტოქსინით ინექცია; ტუჩის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წარბის, ყვრიმალის, ნიკაპის ფილერებით კორექცია…

 

შეიძლება თუ არა სახლში ნიღბების გამოყენება/გაკეთება?

ზოგიერთი სეზონურად შემოსულ ხილს იდებს სახეზე. ეს ცუდი არ არის, თუმცა ზოგი ხილი იწვევს ალერგიას, მაგალითად მარწყვი. ეს სახიფათო არ არის, მაგრამ მარტო ამით ნაოჭები არ გასწორდება და ისეთ შედეგს ვერ მივიღებთ.

 

რას ნიშნავს სახის სწორი მოვლა?

ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, როდესაც არაფერს არ ისვამენ სახეზე. პატარა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სახის დაბანის ან შხაპის მიღების შემდეგ დამატენიანებელი კრემის და მკვებავის წასმას, რომელიც შერჩეული იქნება კანის ტიპისა და ასაკის მიხედვით. ცხიმიან კანს არ სჭირდება მკვებავი, საჭიროა მხოლოდ დამატენიანებელი კრემი. მნიშვნელოვანია კრემების სწორად შერჩევა სეზონების მიხედვითაც.

 

არსებობს თუ არა რაიმე პროცედურა რომლის გაკეთებაც რომელიმე სეზონზე მიზანშეწონილი არ არის?

მათ ვინც ზაფხულში (ან სოლარიუმში) ხშირად ირუჯება ვურჩევ, რომ მზის აბაზანების მიღბამდე მოამზადონ და კარგად დაიტენიანონ კანი. კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარების შემდეგ კი გარკვეული პერიოდით მოერიდონ დიდხანს მზეზე ყოფნას, რომ შეინარჩუნონ ეფექტი. მზეზე კანი ძალიან შრება და მათ კანს, ვინც ხშირად ირუჯება, განსაკუთრებული დატენიანება სჭირდება. საჭიროა პლაზმოლიფტინგი, ასევე ბიორევიტალიზაციაც, რომელიც ჰიალურონის მჟავას კანქვეშ შეყვანას გულისხმობს.

 

პეროლარულად მისაღებ აბებზე რა აზრის ხართ?

პირადად მე, ჩავიტარე „ვიადერმის“ კურსი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ადრე ზოგი ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ნუტრიკოსმეტიკას, ეგონათ, რომ არ იყო სასარგებლო, რომ ასუქებდა და ა.შ. ახლა კი მოსახლეობის ცნობიერება და შეგნება ამაღლდა. მიხარია, რომ დღეს ბევრი აქტიურად მოიხმარს ნუტრიკოსმეტიკა „ვიადერმს“, ასევე მიმართავენ სხვადასხვა პროცედურას, ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრებით და უარს ამბობენ სიგარეტზე. ეს უკანასკნელი დიდ ზიანს აყენებს კანს. მწეველი ადამიანის კანი უსიცოცხლოა.

 

კიდევ ერთი პრობლემური ადგილი – როგორ მოვუაროთ ყელისა და მკერდის მიდამოს?

ზოგჯერ ქალბატონებს ავიწყდებათ ეს ადგილები. სახეს შეიძლება ვუშველოთ, მაგრამ ყელისა და მკერდის მიდამო მართლაც ყველაზე პრობლემურია. ზოგადად, სახის მოვლა გულისხმობს მკერდს და ყელსაც, ცალკე არ უნდა მოვიაზროთ. კრემები, რომლებსაც ვისვამთ თვალის გარშემო, შეგვიძლია წავისვათ ამ ადგილებშიც და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვენანოს.

 

ქალბატონო ია, რამდენად აქტიურად მოგმართავენ მამაკაცები?

პროცენტულად ქალი პაციენტები უფრო მეტი გვყავს, მაგრამ საბედნიეროდ, მამაკაცებიც გვაკითხავენ და უვლიან თავს. სახესაც იწმენდენ და ზედმეტ თმასაც იშორებენ, რაც ძალიან სასიხარულოა.

 

დაბოლოს, რა შეცდომები შეიძლება დავუშვათ სახის მოვლის დროს?

ასეთი შეცდომაა: პილინგი – ყოფილა შემთხვევები, რომ ეს პროცედურა სახლში გაუკეთებიათ – საუბარია ქიმიურ პილინგზე (მაგალითად სალიცინის ან გლიკოლის მჟავით, რომელიც მარტივად იყიდება აფთიაქში). ცდილობენ ეპიდერმისის მოცილებას და საბოლოოდ ამან შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დამწვრობა; ასევე ზიანის მომტანია რუჯის არასწორად, გადამეტებულად მიღება; ტუჩის E ვიტამინით დაბერვა სახლის პირობებში (ამას ძირითადად მოზარდი გოგონები აკეთებენ). E ვიტამინი მარტივად არ გადის და ხშირია ალერგიული რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი. თუ არ ვიცით შემადგენლობა, არაფრის წასმა არ შეიძლება. ასევე ძალიან დიდი ზიანი შეიძლება მოგვაყენოს უხარისხო დეკორატიულმა კოსმეტიკამ.

 

რას ნიშნავს კარგი კოსმეტოლოგი?

კარგი კოსმეტოლოგი ჩემთვის უპირველესად კარგ დერმატოლოგს ნიშნავს, იმიტომ, რომ დერმატოლოგიური პრობლემები თუ არ აღმოიფხვრა, თუ ექიმმა არ იცის რა პრობლემასთან აქვს საქმე, შეიძლება პაციენტს არასწორად ჩაუტაროს კოსმეტოლოგიური პროცედურები. ამიტომ, აუცილებელია სწორი მიმართულების მიცემა.


წყარო: http://makechoice.ge