Nuk
ლმობიერი თუ მკაცრი – აღზრდის როგორი ფორმაა მისაღები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

თარიღი: 17 მაისი, 2018

საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის აღზრდის სტილია მისაღები და ეფექტური, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტებში, ასევე მოზრდილ ადამიანებში, რომელთაც ყოველდღიური შეხება უწევთ ბავშვებთან და რიგი პრობლემების წინაშე დგებიან ხოლმე მათთან ურთიერთობაში. აღზრდის ლმობიერი თუ მკაცრი ფორმაა მისაღები – გვესაუბრება ფსიქოლოგი თეო ნუცუბიძე.

 

აღზრდის რა ფორმები არსებობს?

ხშირ შემთხვევაში, უფროსები, მშობლები, მასწავლებლები ბავშვთან მიმართებაში ირჩევენ მიდგომის უკიდურეს ვარიანტებს, არიან ან ძალიან ლმობიერები ან პირიქით, გადამეტებულად მკაცრები და მათი მიდგომების ეფექტიანობის უტყუარობაში იმდენად დარწმუნებულები, რომ ყურადღების მიღმა რჩებათ ბალანსის დაცვა და ოპტიმალური მიდგომით მეტად დაინტერესების საჭიროება

და მაინც, თუ კითხვას დავსვამთ შემდეგნაირად: აღზრდის ლმობიერი თუ აღზრდის მკაცრი სტილი? – ცალსახა პასუხი იქნება „არც ერთი“. ამ პასუხის უკეთ გასაგებად, პირველ რიგში, განვმარტოთ ის, თუ რას ვგულისხმობთ თითოეულ მათგანში.

 

თუკი ლმობიერი აღზრდის სტილში ვგულისხმობთ ამ სტილისთვის დამახასიათებელ ისეთ გამოვლინებებს, რომ ბავშვებს უფროსები არ უწესებენ შეზღუდვას, მათზე არ ხორციელდება არანაირი კონტროლი, არ აქვთ ქცევის წესების წინასწარ შემუშავებული ჩარჩო, მათ საკუთარ ქცევებზე არ აკისრებენ ასაკის შესაბამის პასუხისმგებლობას, ანუ ბავშვი ნებისმიერ დროს აკეთებს იმას, რაც სურს და სიამოვნებს და ბავშვის ქცევის ამ გამოვლინებების მიმართ მშობელი კმაყოფილია ან/ და მიმღები, ეს არ არის აღზრდის ის სტილი, რომელიც ეფექტური იქნება შედეგის თვალსაზრისით. აღზრდის ასეთი სტილი ბავშვებს, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაში, საკუთარი ემოციისა და ქცევის რეგულაციის სწავლაში, დამოუკიდებლად მოქმედებ

 

ის უნარის განვითარებასა და ჯანსაღი განვითარებისა და ადაპტაციისთვის საჭირო სხვა უნარების შეძენა-განვითარებაში.

რაც შეეხება აღზრდის გადაჭარბებულად მკაცრ სტილს, ამ შემთხვევაში უფროსები ბავშვის მიმართ, ძირითადად, იყენებენ დირექტიულ მიდგომას. როგორც წესი, უფროსები დგანან „ჩასაფრებულის“ პოზიციაში ბავშვის ნებისმიერი ქცევითი გამოვლინების მიმართ, ცდილობენ გააკრიტიკონ, გაკიცხონ, წუნი მოუძებნონ გაკეთებულში, იმ მიზნით, რომ (როგორც თავად თვლიან) შემდეგში უკეთ შეასრულონ ესა თუ ის ამოცანა/ დავალება, ამ დროს კი ავიწყდებათ, რომ ბავშვის მიმართ მხოლოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას გასცემენ. მკაცრი აღზრდის დროს, ბავშვები მუდამ იმის მცდელობაში არიან, რამე არ შეეშალოთ, რადგან მათ უფროსებმა დაასწავლეს, რომ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ბავშვები, როცა რამეს დააშავებენ, ან რამე ისე კარგად არ გამოსდით, როგორც მშობლებს მოეწონებოდათ, ცდილობენ დაუმალონ მშობლებს ან „აკრძალული“ ქცევები სხვა სივრცეში გამოავლინონ, სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რის განსახორციელებლადაც ხშირად მიმართავენ არა კონსტრუქციულს, არამედ დესტრუქციულ, საზიანო გზებს. ამასთან, მკაცრი სტილის გამოყენების მომხრე მშობლები, არ უფრთხილდებიან სასჯელის უფრო რთულ ფორმებსაც და ხშირად ბავშვის ფიზიკურად დასჯასაც მიმართავენ ხოლმე. ასეთ ბავშვებს არ აქვთ საკუთარი აზრის ღიად გამოთქმის, საკუთარი სურვილების გამოხატვის საშუალება, მათ არ უტოვებენ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას, რადგან მოცემულ ურთიერთობაში დომინანტად უფროსი (დედა, მამა, მასწავლებელი…) ითვლება, რის საპირწონედაც ბავშვის უფლებები კნინდება.

 

მკაცრი, აგრესიული აღზრდის სტილის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული და უფროსებს მართებთ, გაიაზრონ ის სირთულეები, რომლის წინაშედაც ბავშვებს აყენებენ მათთან მიმართებაში მსგავის მიდგომის გამოყენების დროს. გადაჭარბებული სიმკაცრით აღზრდილ ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ინიციატივის გამოჩენის, თვითპრეზენტაციის, დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, რადგან მათგან მშობლები/  უფროსები ითხოვენ უსიტყვო მორჩილებას, რაც განვითარების შემდგომ გზაზე ხელისშემშლელად აისახება ურთიერთობებში წარმატებაზე; ასევე, ამ აღზრდის სტილის გამოცდილების მქონე ბავშვებში ხშირად ვხვდებით დაბალ თვითშეფასებას, რადგან მათ მუდმივად „აჩუმებდნენ“ მიზეზის ახსნის გარეშე; შესაძლოა, ბავშვები ასევე გახდნენ აგრესიულები როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ, რადგან აგრესიის, ფიზიკური დასჯის ქვეშ აღზრდილ ბავშვებს, სამწუხაროდ, ჭარბად ეძლევად აგრესიული ქცევისა და აგრესიული გზით რიგი საკითხების გადაჭრის მაგალითები.

 

აღზრდის როგორი სტილია მისაღები?

აღზრდის ოპტიმალური სტილი, რომელიც როგორც პროცესში, ისე სასურველ შედეგზე გასვლის თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ავტორიტეტული აღზრდაა, როცა უფროსი ადამიანი ბავშვისთვის არის ავტორიტეტი და ბავშვის ესა თუ ის ქცევა ხორციელდება არა მის მიმართ შიშის, არამედ პატივისცემის გრძნობის საფუძველზე. აღზრდის ამ სტილის დროს, ბავშვის ქცევების მიმართ ხორციელდება კონტროლი, წინასწარ შემუშავებული წესების ჩარჩოს ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ წესების ჩარჩო შემუშავებული იყოს არა ერთპიროვნულად მშობლის მიერ და შემდეგ თავსმოხვეული და წაყენებული ბავშვისათვის მოთხოვნების სახით, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართულობა წესების შემუშავების პროცესში. გარდა კონტროლისა, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და არა გადაჭარბებული,  აღზრდის მისაღები სტილი მოიაზრებს ბავშვის მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას, მისი ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვასა და მასთან ემოციურ ჩართულობას. ასეთი მიდგომით, შევძლებთ ბავშვი დავიცვათ იმ შედეგებისგან, რაც მოსალოდნელი იყო ზემოთ განხილულ ერთი მხრივ ლმობიერი მიდგომის, მეორე მხრივ კი მკაცრი, აგრესიული აღზრდის სტილის გამოყენების დროს, სანაცვლოდ კი აღვზრდით შვილს, რომელსაც შეეძლება როგორც საკუთარი, ისე სხვისი აზრის პატივისცემა, იქნება პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი, ემოციურად გაწონასწორებული, ადეკვატური ქცევაში, კომუნიკაბელური და სოციალური, რაც, რა თქმა უნდა, ცალსახად საჭიროა ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად.

 

7 რჩევა თეო ნუცუბიძიგან:

1. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა „აღზარდე მტრად, გამოგადგება მოყვრადა“სიტყვების მიმართ ხიბლი და პრაქტიკაში მისი განხორციელების სურვილი, მოდის თუ არა თქვენსავე დასახულ მიზანთან შესაბამისობაში? მტრულად, აგრესიული, გადაჭარბებული სიმკაცრით აღზრდილი შვილები „მოყვარედ“ მხოლოდ მანამ გამოგვადგებიან, ვიდრე მათზე ჩვენი ძალაუფლება შესამჩნევია, ვიდრე მათ ჩვენი, როგორც „დომინანტების“, ეშინიათ. აგრესია წარმოშობს აგრესიას, რომელიც შესაძლოა, გამოვლინდეს აგრესიის საწყის წყაროსთან მიმართებაში, ან სხვა ადამიანების მიმართ, სხვა გარემოსა და სივრცეში.

2. ავშთან ერთად განიხილეთ ის, თუ რომელი ქცევებია მისაღები და რომელი მიუღებელი. ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე, შეთანხმდით და შეიმუშავეთ ქცევის ჩარჩო. ამისთვის, შესაძლებელია, გამოიყენოთ ვიზუალური რესურსი და დაკიდოთ ბავშვისთვის ყოველდღიურად ხელმისაწვდომ, თვალშისაცემ ადგილას, სადაც ნათლად იქნება გაწერილი მოქცევის წესები. ასევე განიხილეთ ის, თუ წესის დარღვევის შემთხვევაში რა სანქცია შეიძლება მიიღოს ბავშვმა. არ იქნება სამართლიანი, თუ ბავშვს დავსჯით არასასურველი ქცევისთვის, რის შესახებაც წინასწარ არ აგვიხსნია და არ შეგვითანხმებია მასთან.

3. ბავშვთან მიმართებაში იყავით თანმიმდევრულები. ქცევის წესების შემუშავების შედეგად, ბავშვისთვის ნათელი ხდება, თუ რას მოელიან მშობლები/ უფროსები მისგან; წესის დარღვევას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ის შედეგი, რაც იყო მოსალოდნელი და აღნიშნულის განხორციელებისას, მშობელმა უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე და მუდმივობა. მოცემულ სიტუაციაში, ბავშვს ნუ წაახალისებთ იმის გამო, რაზეც წინათ შენიშვნით უპასუხეთ ან პირიქით; ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის დაცვა მაშინ, როცა ბავშვის აღზრდაში ერთზე მეტი ადამიანია ჩართული.

4. მოუსმინეთ ბავშვებს! მიეცით ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, საკუთარი ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა; გაიგეთ მისი აზრი რიგ საკითხებთან მიმართებაში; მიეცით საშუალება, დაიკმაყოფილოს დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, ჩვენ მიერ შექმნილ უსაფრთხო გარემოში.

5. ემოციურად ჩაერთეთ ბავშვთან ურთიერთობის პროცესში. ბავშვის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე ზრუნვის პარალელურად, დაინტერესდით მისი სურვილებით, ინტერესებით, ბაღიდან/ სკოლიდან დაბრუნებულს ჰკითხეთ როგორ გრძნობს თავს, რა მოხდა სკოლაში/ ბაღში, რა მოეწონა/ რა არ მოეწონა, რა იყო მისთვის სასიამოვნო/ რა იყო მისთვის უსიამოვნო; გაუზიარეთ თქვენი გამოცდილებაც- ესაუბრეთ იმის შესახებ, რა მოხდა თქვენთვის სასიამოვნო ან უსიამოვნო და სხვ.

6. ჩაერთეთ ბავშვთან ერთად მისთვის სასურველ საქმიანობაში. გამონახეთ დრო ბავშვთან თამაშისთვის. ამ დროს მაქსიმალურად კონცენტრირდით ბავშვთან თამაშზე, პარალელურად არ აკეთოთ თქვენი სხვა საქმეები (მაგ. არ ისაუბროთ ტელეფონზე, ან არ მოამზადოთ საკვები). ასეთი სახით ბავშვთან გატარებული ერთი საათი ბევრად ნაყოფიერია, ვიდრე ზედამხედველური პოზიციით მთელი დღის განმავლობაში მის გვერდით ყოფნა.

7. პატივი ეცით ბავშვის პიროვნებას და დააფასეთ მისი ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი. წაახალისეთ დიდი თუ მცირე მიღწევები, წაახალისეთ რთული ამოცანის შესრულების პროცესშიც; წარუმატებლობის შემთხვევაში, გაგებით მოეკიდეთ, ამ დროს განსაკუთრებით არ გამოიყენოთ საყვედური ან დასჯის სხვა ფორმები. წარუმატებლობა ხომ ისედაც ნეგატიური გამოცდილებაა მისთვის. გაამხნევეთ და გამოუცხადეთ მხარდაჭერა, რათა რთულ სიტუაციებში ჰქონდეს პრობლემების შესახებ თქვენთან საუბრისა და გაზიარების სურვილი.

წყარო: Fortuna.ge