Nuk
მუცლის ტკივილი

თარიღი: 06 ოქტომბერი, 2020

რა არის მუცლის ტკივილი?
- დისკომფორტი კუჭისა და მუცლის არეში

- ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ნეკნების ქვედა მიდამოდან საზარდულამდე

- უფროსი ასაკის ბავშვს შეუძლია წარმოადგინოს ჩივილი მუცლის ტკივილზე

- უმცროსი ასაკის ბავშვი ტირის, მიუთითებს მუცელზე ან ამოძრავებს ფეხებს

მუცლის მწვავე ტკივილის მიზეზები
- ჭარბი საკვების მიღება - იწვევს მსუბუქი ხასიათის მუცლის ტკივილს.

- მშიერი ტკივილი - მუცლის ტკივილი შიმშილის დროს.

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვირუსული დაავადება (მაგ. როტავირუსი) - სპაზმური ხასიათის ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ღებინება ან/და დიარეა.

- საკვებით მოწამვლა - უეცრად დაწყებული ტკივილი, ღებინება ან/და დიარეა, რომელიც ვითარდება საეჭვო საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რაც განპირობებულია საკვებში არსებული ტოქსინების მოქმედებით. უხშირესად სიმპტომები გაივლის 24 საათის განმავლობაში. მისი მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში.

- ყაბზობა  - მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილებში.

- ყელის სტრეპტოკოკური ინფექცია (ანგინა) - 10% შემთხვევებში იწვევს ახლად აღმოცენებულ მუცლის ტკივილს ცხელებასთან ერთად.

- საშარდე გზების ინფექცია - ზოგიერთ შემთხვევაში მისი ერთადერთი სიმპტომი არის მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, თუმცა უხშირესად ასევე აღინიშნება მტკივნეული შარდვა და არასასიამოვნო სუნის მქონე შარდი.

- აპენდიციტი  - იფიქრეთ აპენდიციტზე თუ ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ქვედა ნაწილში მარჯვნივ და ის გადაეცემა ფეხში. ბავშვი უარს ამბობს სირბილზე, ხტუნვაზე და წევს გაუნძრევლად.

- ინვაგინაცია - ძლიერი ტკივილის შეტევები, რომლებიც იცვლება მშვიდი პერიოდებით და შემდეგ კვლავ მეორდება. გამოწვეულია ნაწლავის ერთი მარყუჟის მეორეში ჩაჭედვით. ყველაზე ხშირია 6 თვიდან 2 წლამდე ასაკში.


განმეორებითი (მორეციდივე) ტკივილის მიზეზები
- სტრესი და ნერვიულობა - გვხვდება პაციენტების 10%-ში. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით და სერიოზულობით. ტკივილი ძირითადად ლოკალიზებულია ჭიპის არეში.

- აბდომინალური შაკიკი - მუცლის ტკივილის შეტევებს და ღებინებას აქვს უეცარი დასაწყისი და დასასრული. ხშირად უვითარდება შაკიკური თავის ტკივილის მქონე ბავშვებს და მკაცრად გენეტიკურია.

- ფუნქციური მუცლის ტკივილი - აღენიშნება მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მქონე ბავშვებს. ორგანული პათოლოგია გამოხატული არ არის.

- სკოლიდან თავის დაღწევა - უპირატესად ვითარდება დილით სკოლის დღეებში, რაც აიძულებს ბავშვს გააცდინოს სკოლა.


ტკივილის სიმძიმე
- მსუბუქი: ბავშვი გრძნობს და უჩივის ტკივილს, მაგრამ ტკივილი ხელს არ უშლის ჩვეული აქტივობების განხორციელებაში. სკოლის, თამაშის და ძილის რიტმი არ არის შეცვლილი

- ზომიერი: ტკივილი ხელს უშლის ბავშვს ზოგიერთი აქტივობის განხორციელებაში. ტკივილმა შეიძლება გამოაღვიძოს ბავშვი.

- ძლიერი: ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. ის ხელს უშლის ნებისმიერი ნორმალური აქტივობის განხორციელებაში.


დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში:
- ვერ მოძრაობს ან ვერ დგება სისუსტის გამო

- ფიქრობთ რომ ბავშვს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში ან გადაუდებელი მდგომარეობა

- ფიქრობთ, რომ აქვს აპენდიციტი

- მძიმე მუდმივი ტკივილი (ბავშვი არ მოძრაობს და არ აქვს რაიმეს გაკეთების უნარი)

- ვერ დადის ან სიარულისას ხელები აქვს დადებული მუცელზე

- განავალში ან ნაღებინებ მასაში არის სისხლი

- ნაღებინები მასები შეიცავს ნაღველს (მწვანე ფერის). გამონაკლისს წარმოადგენს კუჭის წვენი, რომელიც არის ყვითელი

- ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა უცხო სხეული (მაგ. მონეტა)

- ტკივილი ლოკალიზებულია მარჯვნივ ქვედა ნაწილში

- მუდმივი ტკივილი ან ტირილი 2 ან მეტი საათის განმავლობაში

- მუცლის არეში მიღებული ტრავმა

- მაღალი რისკის ბავშვი (მაგ. დიაბეტი, ნამგლისებურუჯრედული ანემია, უკანასკნელ დროს ჩატარებული ოპერაცია)

- ბავშვი არის 2 წლამდე ასაკის

- ბავშვს აქვს ცხელება 40°

- გამოიყურება ცუდად


მიმართეთ ექიმს 24 საათის განმავლობაში შემდეგ სიტუაციებში:
- ზომიერი ტკივილი, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი აქტივობის განხორციელებაში

- მსუბუქი მოვლითი ტკივილი, რომელიც იწყება და გაივლის, მაგრამ გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს

- გამოხატულია ცხელება

- ეჭვია საშარდე გზების ინფექციაზე

- მუცლის ტკივილი ხშირი პრობლემაა

რა შეიძლება გაკეთდეს სახლის პირობებში?
- დააწვინეთ ბავშვი, სანამ თავს არ იგრძნობს უკეთესად.

 

სუფთა სითხე
- მიეცით წყალი ან რაიმე გამჭვირვალე სითხე

- მსუბუქი ტკივილის დროს მიეცით ჩვეული საკვები

მზად იყავით ღებინებისთვის
- მზადყოფნაში იქონიეთ თასი

- მცირე ასაკის ბავშვები აღნიშნავენ მუცლის ტკივილს გულისრევის დროს და ხშირად ვითარდება ღებინების წინ

ნაწლავთა მოქმედება
- შეიყვანეთ ტუალეტში, რომ ჰქონდეს ნაწლავთა მოქმედება

- ნაწლავთა მოქმედება შესაძლოა დაგეხმაროთ, თუ მუცლის ტკივილი არის ყაბზობის ან დიარეის შედეგი


არ მისცეთ მედიკამენტები
- ზოგიერთმა მედიკამენტმა (მაგ. იბუპროფენი) შეიძლება გააძლიეროს მუცლის ტკივილი

- არ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი ან საფაღარათო საშუალებები სპაზმური ტკივილის დროს

- მაღალი ტემპერატურის დროს (39° ან მეტი) შეგიძლიათ მისცეთ პარაცეტამოლი

რას უნდა ველოდოთ?
- სერიოზული გამომწვევი მიზეზების არარსებობისას ტკივილი იკლებს ან გაივლის 2 საათში

- დიარეის დროს მუცლის მოვლითი ტკივილი ძლიერდება ღებინების ან დიარეის ეპიზოდის წინ

- სერიოზული მიზეზებით (მაგ. აპენდიციტი) გამოწვეული მუცლის ტკივილი უარესდება და ხდება მუდმივი ხასიათის