Nuk
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

თარიღი: 08 თებერვალი, 2018

რა არის ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (FAS)?
ქალი, რომელიც სვამს ალკოჰოლურ სასმელებს ორსულობის პერიოდში შესაძლოა ბავშვი დაბადოს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით, დარღვევების დიდი სპექტრით. ეს დარღვევები შესაძლოა იყოს მსუბუქი და ძალიან მძიმეც კი. იგი მოიცავს ფიზიკურს, ქცევითს, სწავლასთან დაკავშირებულს ან ყველა მათგანს.

ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი მძიმეა თავისი მდგომარეობით. ამ სინდრომის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ პრობლემები მხედველობის, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრირების, კომუნიკაციის, და სწავლის მხრივ.

მიზეზები:
როდესაც ორსული სვამს ალკოჰოლს, ალკოჰოლის ნაწილი პლაცენტის გავლით მიეწოდება ნაყოფს. ნაყოფის განვითარებადი ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს ალკოჰოლს ისე, როგორც მოზრდილი ადამიანი. კონცენტრირდება ნაყოფის სხეულში და ბლოკავს ჟანგბადის მიწოდების და კვების პროცესებს, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის.

დაზიანება შეიძლება განვითარდეს ორსულობის პირველ კვირებში, მაშინ როცა ქალმა არც კი იცის რომ ორსულადაა. 

მრავალი კვლევები მოწმობს, რომ ალკოჰოლის მოხმარება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში მეტად იწვევს ნაყოფის დაზიანებას. თუმცა ორსულობის ნებისმიერ დროს ალკოჰოლის მოხმარება ყოველთვის დამაზიანებელია ნაყოფისთვის.

სიმპტომები
ვინაიდან ეს სინდრომი ფარავს პრობლემების ფართო სპექტრს, ამდენად იგი მოიცავს ბევრ შესაძლო სიმპტომს, რომელთა სიმძიმე მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე:
· პატარა თავი
· პატარა თვალები
· ზედა ტუჩის დეფექტი
· დაბალი წონა და სიმაღლე
· ჰიპერაქტიურობა
· კოორდინაციის და კონცენტრაციის დარღვევა
· განვითარების შეფერხება და პრობლემები აზროვნებაში, მეტყველებაში, მოძრაობასა და სოციალურ უნარებში.
· პრობლემები მხედველობასა და სმენაში
· ჩამორჩენა სწავლაში
· მენტალური დარღვევები
· გულის პრობლემები
· თირკმლის პრობლემები
· დეფორმირებული თითები და კიდურები
· დიაგნოზი

ადრეული დიაგნოსტიკით შესაძლოა მივაღწიოთ პოზიტიურ გამოსავალს ბავშვის ჯანმრთელობის მხრივ. მიაკითხეთ თქვენს ექიმს, თუკი თვლით რომ თქვენს ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს FAS-ი. ექიმმა უნდა იცოდეს ისიც, სვამდით თუ არა თქვენ ორსულობის პერიოდში.

ახალშობილის ფიზიკალური გასინჯვებით შესაძლოა გამოვლინდეს გულის პრობლემები, ან სხვა რომელიმე სიმპტომ(ებ)ი, რომელიც დაადასტურებს დიაგნოზს: ზრდაში შეფერხება, სმენის და მხედველობის პრობლემა, თავის მცირე ზომა, ცუდი კოორდინაცია, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ პრობლემა და სხვ.

მკურნალობა
თუ FAS მთლიანობაში განუკურნებელია, ზოგიერთი სიმპტომის მკურნალობაში შესაძლოა გვქონდეს პროგრესი. მაგ., სპეციალური განათლება და სოციალური სერვისები კარგად ეხმარება ასეთ ბავშვებს განვითარებაში, აგრეთვე მეტყველების სპეციალისტის დახმარება აუმჯობესებს სწავლის შესაძლებლობებს და სხვ. ქცევითი ვარჯიშებიც (წვრთნები) ხშირად  კარგ შედეგს იძლევა ასეთ პაციენტთან მიმართებაში.

სიმპტომების ტიპების მიხედვით ბავშვი შესაძლოა საჭიროებდეს რამოდენიმე ექიმის ან სპეციალისტის ვიზიტებს. არ არსებობს ისეთი მედიკამენტი რომელიც სრულად კურნავდეს ამ დაავადებას, თუმცა ზოგიერთი მედიკამენტი კარგად მოქმედებს უშუალოდ კონკრეტული სიმპტომის მიმართ: მაგ: ანტიდეპრესანტები, სტიმულანტები, ნეიროლეპტიკები, და სხვ.

პრევენცია
ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი არ განვითარდება თუ დედა თავს შეიკავებს ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან ორსულობის პერიოდში. თუ ქალი ალკოჰოლდამოკიდებულია, აუცილებლად უნდა მიმართოს დაფეხმძიმებამდე ჯანდაცვის პროფესიონალებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის.

წყარო: http://ncdc.ge/