Nuk
შესაძლებელია თუ არა ორსულობამდე სქესის დადგენა და როდის ინიშნება საკეისრო კვეთა

თარიღი: 16 ივლისი, 2018

საუბარი ორსულობის მართვის აუცილებელ კომპონენტს, რადიოლოგიურ კვლევას მიეძღვნა. საჭირო და აუცილებელი ვიზიტები რადიოლოგთან, რა ინფორმაციას გვაძლევს 3D და 4D კვლევები, აუცილებელია თუ არა გენეტიკური ტესტები, რა ვადაზე ხდება სქესის დადგეგნა და რა არის საკეისრო კვეთის პირდაპირი ჩვენება ორსულებში –  ამ და სხვა საინტერესო თემებზე სტუდიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ექიმმა-რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ ისაუბრა.

 

რეალურად, რამდენი ვიზიტია საჭირო ორსულობისას ექიმ რადიოლოგთან და აუცილებელია თუ არა ვიზიტი მაშინ, თუკი ორსულობა ჯერ არ არის, მაგრამ დგას დღის წესრიგში?

პირველი ვიზიტი აუცილებელია მენსტრუალური ციკლის 6-7 დღის გადაცდენის ვადაზე, ანუ როდესაც უნდა დავადგინოთ სად არის ორსულობა ლოკალიზებული, არის საშვილოსნოს ღრუში, თუ არის მილში ან სადმე ატიპიურ ადგილზე. ამის შემდეგ არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ოთხი აუცილებელი ვიზიტი, რომელიც უფასოა და ვიზიტების ეს რაოდენობა ფიზიოლოგიური ორსულისთვის აბსოლუტურად საკმარისია. თუმცა, ბევრი დედა ოთხი ვიზიტით არ კმაყოფილდება და ახორციელებს 6-8 და მეტ ვიზიტსაც. ორსულობის დადგენის შემდეგ პირველი ვიზიტი ხორციელდება 11-დან 14 კვირამდე, შემდეგ არის 18-დან 22 კვირამდე, 30 კვირაზე და თუკი სამეანო თვალსაზრისით ექიმს დასჭირდება, ბოლო ვიზიტი 36 კვირაზე ხორციელდება.

 

ექიმ რადიოლოგთან პირველი ვიზიტი ახსენეთ, როდის უნდა ისმინებოდეს გულის ცემა და არსებობს თუ არა ინდივიდუალური თავისებურებები?

შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში იყოს გვიანი ჩასახვა და ამიტომ ამ საკითხის იგნორირება არაფრით არ შეიძლება – ემბრიონი ცოცხალია, ჩვენ კიდევ არაპროგრესირებად ორსულობას ვწერთ. რადგან ოვულაცია გათვალისწინებულია მეთოთხმეტე დღეს, არ ნიშნავს, რომ ყველა ქალს ოვულაცია მეთოთხმეტე დღეს აქვს. ამიტომ, როდესაც ვაკეთებ ფოლიკულის მონიტორინგს, ოვულაციის დღეებს სულ სხვადასხვა პერიოდში ვხედავ. რაც შეეხება ორსულობამდე კვლევას, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი. პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდესაც რაიმე პათოლოგია შედგება. ორსულობის დაგეგმვა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შეგიძლიათ ამ თემაზე ცალკე სპეციალისტი მოიწვიოთ და მთელი გადაცემა დაუთმოთ.

 

თქვენმა პაციენტებმა კარგად იციან, როგორ გამოიყურება მათი პატარა….

აპარატურებს შორის გასნხვავება ნამდვილად არის, არის 3D და 4D აპარატურა. რას ნიშნავს ეს. 3D აპარატურა არის მოცულობითი გამოსახულება, ხოლო 4D კი ნიშნავს, რომ მოცულობითი გამოსახულება კონკრეტულ მომენტს ასახავს. აპარატურის საშუალებით ხდება ურთულესი დაავადებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტირება. არა მგონია თბილისში სადმე წინა თაობის აპარატები იყოს შემორჩენილი.

 

გვსმენია, რომ ხშირი ვიზიტით შეიძლება ვავნოთ ნაყოფს, იქნებ განგვიმარტოთ, რატომ ფიქრობენ ასე?

კვლევა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ეს დამტკიცებულია. თუ პაცინტს არ სჭირდება, ჩემი აზრით, ზედმეტად ექოსკოპიური კვლევის ჩატარება სასურველი არ არის. როდესაც ორსულს აქვს შფოთვის სინდრომი, ვერ ისვენებს, აინტერესებს როგორ არის მისი შვილი, ამ დროს ეს მდგომარეობა უფრო მეტ ზიანს აყენებს მას, ვიდრე რადიოლოგიური კვლევა.

 

აისახება თუ არა სტრესი რადილოგიური კვლევისას?

განწყობა ოსრულობისას აუცილებლად ახდენს გავლენას. არავინ თქვას, რომ სტრესი ნაყოფზე გავლენას არ ახდენს. გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც იწვევენ შფოთვას,  ამიტომ აუცილებელია ვაკონტროლოთ პაციენტის მდგომარეობა. უმჯობესია, ორსულმა მიმართოს ექიმს და არ ებრძოლოს თავად.

 

კისრის ნაკეცი – რეალურად რა ინფორმაციას გვაძლევს რიგით მეორე ვიზიტი რადიოლოგთან?

არის სპეციალური ცხრილი, რომელიც მოგვიწოდებს, როგორი უნდა იყოს ნორმა და ნორმის ზემოთ ან ქვემოთ მიღებული შედეგი უკვე საფრთხილოა და საჭიროებს დამატებით კვლევებს. რატომ მაინცდამაინც 12 კვირაზე? იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ვადაზეა კისრის ნაკეცის სიგანის განსაზღვრა ინფორმატიული, ამავე ვადაზე უნდა გაიზომოს ცხვირის ძვალიც, თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ნაციონალური კუთვნილებაც.

 

გენეტიკურ ტესტებზე ვისაუბროთ…

გენეტიკური ტესტები ორჯერადად კეთდება და ნორმის ზედა ზღვარზე აცდენა ან ქვედა ჩამოცდენა ექიმისა და პაციენტის შფოთვას იწვევს, ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე პათოლოგიასთან. ორმაგი და სამმაგი ტესტები არ არის 100%-იანი გარანტი ჯანმრთელი, ან არაჯანმრთელი ბავშვისა. ნერვული მომენტი ორსულს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს. თუკი ექიმი ჩათვლის საჭიროდ, უნდა გაკეთდეს ამიოცენტეზი რაც 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ნაყოფს არ აქვს რაიმე ქრომოსომული პათოლოგია.

 

არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი, როდესაც რეკომენდებულია ყველა ამ ტესტის ჩატარება?

ყველასთვის ეს აუცილებელი არ არის, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მათთვის არის რეკომენდებული, ვისაც დატვირთული ანამნეზი აქვს. ასევე მათთვის, ვისაც აქვს დიდი ასაკი, ან პატარა ასაკი.

 

ბევრისთვის სიახლეა, რომ როგორც დიდი, ისე პატარა ასაკი არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ იმატებს გენეტიკური პათოლოგიები – 17 წელს ქვემოთ და 35 წლის ზემოთ.

 

ტესტები აუცილებლად უნდა გაკეთდეს და ვიმოქმედოთ პასუხების მიხედვით.

 

შეუძლია თუ არა ორსულს დაორსულებამდე ხელი შეუწყოს ორგანიზმს, რომ აირიდოს თავიდან პათოლოგიები?

აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან, რომელიც დაგეგმავს ორსულობას, მისცემს სპეციალურ მედიკამენტებს, დაუწესებს კვების რეჟიმს და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა განწყობა აქვს ორგანიზმს მაშინ, როდესაც ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა.

 

რას ნიშნავს ჭარბი წყლებისა და წყლების სიმცირის მდგომრეობა?

ჭარბწყლიანობაც და მცირეწყლიანობაც არის იმის გამოვლინება, თუ რა ხდება ნაყოფის ირგვლივ. ჭარბწყლიანობა შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის გენეტიკური პათოლოგიებით. მაგალითად საყლაპავის ატრიზიის დროს დარღვეულია წყლის ყლაპვა, რაც ჭარბწყლიანობას იწვევს. რაც შეეხება მცირეწყლიანობას, მასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს ძალიან საშიშია. ორივე მდგომარეობა შეიძლება შეჭიდული იყოს განვითარების თანდაყოლილ მანკებთან. თუკი ეს გამოირიცხა, შეიძლება უწყინარი ინფექციის შედეგი იყოს, მაგალითად გაციება, ჰერპეს ვირუსი და ა.შ. ორსულები ამ დროს ნუ შეშინდებიან, რომ მაინცდამაინც გენეტიკურ პათოლოგიასთან აქვთ საქმე. ხდება წყლის შეწოვაც და გამოყოფაც, ანუ ცვალებადია პროცესი.

 

რადიოლოგიაში არსებობს დამატებითი კვლევებიც…

ფერადი დოპლერი დღეს ფართოდ გამოიყენება, რადგან ვაკვირდებით, რა სიჩქარით მიეწოდება დედისგან სისხლი ნაყოფს. კეთდება 22 კვირის ვადიდან, თუმცა, უფრო მეტად ინფორმატიული არის 30 კვირის შემდეგ. რამდენჯერმეა სასურველი მისი ჩატარება. დოპლერის საშუალებით კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილი არაერთი ნაყოფი გადარჩენილა. დოპლერული მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

 

კარგად მიმდინარე ორსულობისას, როდესაც გვაქვს გრიპის შემთხვევა, ან რაიმე სხვა ინფექციური დაავადება, ამ დროს თუ არის სასურველი რადიოლოგიური კვლევა?

შეიძლება ამ დროს სურათი ცუდისკენ შეიცვალოს, არ არის საჭირო მწვავე ფაზაში მისვლა რადიოლოგთან, როდესაც ალაგდება ყველა სიმპტომი, სწორედ შემდეგ არის საჭირო რადიოლოგიური კვლევის ჩატარება. შველა შესაძლებელია იმუნიტეტის ამაღლებით და ბევრი სხვა საშუალებით.

 

ხშირად გვესმის ტერმინი ტონუსი, არის თუ არა ეს პათოლოგიური მდგომარეობა და არის თუ არა პირდაპირი ჩვენება იმისა, რომ ორსული იმყოფებოდეს სახლში?

ჩვენს ქვეყანაში ტონუსის ჰიპერდიაგნოსტიკას აქვს ადგილი, ეს ჩვენი რადიოლოგიური სამსახურის სუსტი წერტილია. ტონუსის გარეშე კუნთი არ არსებობს, თუ ადამიანი ცოცხალია, მაშინ კუნთი აუცილებლად ტონუსშია. მომატებული ტონუსი არ ნიშნავს ნაადრევ მშობიარობას. თუ თქვენ დაგიფიქსირდათ ჰიპერ ტონუსი, შეიძლება 10 წუთში ნორმა ტონუსი დაგიფიქსირდეთ.

 

დამოკლებული ყელის სიგრძე, არის თუ არა ეს პირდაპირი ჩვენება ნაადრევი მშობიარობისა?

იმიტომაც ვადგენთ ყელის სიგრძეს, რომ არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობა და პრაქტიკაში მიღებული ყველა საშუალებით ვეცადოთ მივიყვანოთ ორსულობა ბოლომდე.

 

პლაცენტის წინამდებარეობა – არის თუ არა კიდევ უფრო ხშირად რადიოლოგთან ვიზიტი საჭირო?

პლაცენტის წინ მდებარეობა ადვილი არ არის, შეიძლება ბევრი გართულება გამოიწვიოს. პლაცენტის წინ მდებარეობის დროს ორსულმა გინეკოლოგის ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. უფრო მეტად მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივად არაწინმდებარეობით ორსული. ელემენტარულმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება განაპირობოს სისხლდენა და შესაბამისად ნაადრევი მშობიარობა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია სქესის თემა, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ გვიან ვადაზე უთხრათ ორსულს ნაყოფის სქესი?

სქესის დიაგნოსტიკა პირადად ჩემთვის შესაძლებლია 12 კვირამდე. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, რადგან ადრეულ ვადაზე ხდება დიაგნოსტიკა, მეორე მხრივ კი აქვს უარყოფითი მხარეც, რომ შემდეგ არ მოხდეს ორსულობის შეწყვეტა სქესის გამო. მე პირადად მიმაჩნია, რომ სქესის თქმა ამ ვადაზე პრობლემას არ გადაჭრის, ჩემი აზრით საჭიროა მოსახლეობის შეგნების ამაღლება.

 

ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ 12 კვირის ორსულობის ვადაზე ნაყოფი არის ადამიანი, პიროვნება, მას თითის ანაბეჭდიც კი აქვს და მისი სიცოცხლის შეწყვეტა არის ვანდალური აქტი.

 

აკრძალვას ყოველთვის კანონის დარღვევა მოყვება. არ იტყვის ერთი, ორი რადიოლოგი, მაგრამ იტყვის მესამე.

 

არის თუ არა შესაძლებელი სქესის დაგეგმვა?

სქესის დაგეგმვა შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერებისას, ეს რეალურია. ბებიების მიერ რაღაც საშუალებებით სქესის გამოთვლა ადამიანების გამოგონილია და რეალობასთან კავშირში არ არის.

 

რა დროს არის საკეისრო კვეთა პირდაპირი ჩვენება?

ნაყოფი შეიძლება ნებისმიერ მომენტში შემოტრიალდეს, ის ცოცხალი არსებაა. თუკი 30 კვირის შემდეგ ნაყოფი არის მენჯით წინ მდებარეობით, ორსულს ვუნიშნავთ მონიტორინგს და არა საკეისრო კვეთას. ძალიან ხშირად, ნაყოფი შემოტრიალებულა და თავით წინ მდებარეობა დაფიქსირებულა. 38 კვირის ვადაზე უნდა გაკეთდეს ბოლო რადიოლოგიური კვლევა და ნაყოფის წონისა და დედის მენჯის ზომების გათვალისწინებით დაიგეგმოს საკეისრო კვეთა.

 

ხშირია პრაქტიკაში ჩივილი, როდესაც ნაყოფი წონით ან ჩამორჩება, ან უსწრებს ვადას…

აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი როგორც ჭარბი, ისე მცირე წონის დროს, თუმცა გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებები, დასაშვებია ორი კვირის დისონანსი. ორი კვირით მეტი ცდომილებისას კი სხვა ფაქტორების გაკონტროლებაც უნდა მოხდეს.

 

ვიზიტი მშობიარობის შემდეგ– რამდენ ხანში უნდა მივიდეს ქალი ექიმთან?

ჩვენს ქვეყანაში ეს აუცილებელი არ არის, თუმცა 40 დღის შემდეგ სასურველია გინეკოლოგთან და რადიოლოგთან ვიზიტი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაშია საშვილოსნო.

 


წყარო: Fortuna.ge