Nuk
ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობის 80% სწორ კვებაზეა დამოკიდებული

თარიღი: 27 ოქტომბერი, 2017

რამდენად საშიშია ვირუსული ინფექცია ორსულისთვის, რატომ არის სწორი კვება ასეთი მნიშვნელოვანი, რამდენად ეფექტურია მულტივიტამინები, შეიძლება თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ორსულობისას და რამდენად უსაფრთხოა ანტიბიოტიკის მიღება ამ დროს.
გვესაუბრება: ჩაჩავას კლინიკის მეან გინეკოლოგი, ქალბატონი ფიქრია კამილაძე.

რატომ არის საშიში ვირუსული ინფექცია ორსულისთვის?

ნებისმიერი ვირუსული ინფექცია ორსულობის მიმდინარეობისას ძალიან საშიშია. მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ტრიმესტერში ხდება ვირუსით დაინფიცირება და კონკრეტულად რა ინფექციებზეა საუბარი. ყველაზე საშიშია ორსულობის პირველი ტრიმესტრი, იმიტომ, რომ ნაყოფი ამ დროს დაუცველია. ნაყოფი იმავე მედიკამენტს იღებს, რასაც დედა, რადგან არ არის პლაცენტა, რომელიც მას დაიცავს. ამიტომ პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ვირუსული გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნას. გრიპი იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიც არის სპონტანური აბორტი, ნაყოფის განვითარების ანომალიები, ნერვული ღეროს დაავადება და გულის მანკები, დიდ ვადებზე კი გრიპს შეუძლია ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა.

 

ორსულებში ვირუსული გრიპი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. როგორც წესი, სეზონური ვირუსი იწყება მაღალი ტემპერატურით – 38.5 და მეტი. გარდა სიცხისა, არის ხველა, ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ოფლიანობა და ა.შ. ვირუსული გრიპის დიაგნოზი ისმევა მხოლოდ მაშინ, თუკი არის მაღალი ტემპერატურა და რომელიმე ნიშანი ზემოთ ჩამოთვლილთაგან. გრიპის მიმდინარეობა ორსულებში განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მათი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ხშირად ესა თუ ის დაავადება, სწორედ ორსულობისას ვლინდება.

 

მეორე-მესამე ტრიმესტრში, როდესაც საშვილოსნო აწვება ფილტვებს, მცირდება ფილტვის ვენტილაცია. ეს გარკვეულწილად განაპირობებს გრიპით ხშირად ავადობას, ორსულები ჰოსპიტალში ოთხჯერ უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე დანარჩენები. ორსულმა პირველი სიმპტომისთანავე უნდა მიმართოს ექიმს.

 

ამბობენ, რომ მაღალი ტემპერატურა პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით საშიშია და რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც ორსულს გრიპი შეხვდება?

 

პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ ორსული გრიპით არ დაავადდეს. საუბარია ნიღბით სიარულზე, ოთახის ხშირ ვენტილაციაზე, ხელის ხშირად დაბანაზე და ა.შ. თუ ვირუსი ორსულს მაინც შეხვდა და აქვს 38.5 ტემპერატურა, შეიძლება პარაცეტამოლოს ჯგუფის პრეპარატების მიღება, მათ შორის ტკივილის გასაყუჩებლადაც.

 

თქვენი დაკვირვებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას თუ აქვს ეფექტი ორსულობისას?

ეს არის იდეალური ვარიანტი, როდესაც ქალი დაორსულობამდე აიცრება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. აცრა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გრიპის ვაქცინით, არამედ საუბარია წითურა, წითელა, ჩუტყვავილა, ყბაყურას აცრებზეც, რადგან ამ ინფექციური დაავადებებით გამოწვეული რისკი ძალიან მაღალია. ათიდან რვა პაციენტს, რომელსაც ახსოვდა, რომ ბავშვობაში აცრილი იყო,  გაირკვა, რომ არ ჰქონია ეს აცრები გაკეთებული.

 

კიდევ ერთი შემაწუხებელი სიმპტომი არის ხველა, რამდენად საშიშია ის ნაყოფისთვის?

ხველა, როგორც გრიპის ერთ-ერთი სიმპტომი, ცხელებასთან ერთად, რა თქმა უნდა ახდენს გავლენას, იწვევს მუცლის წინა ფარის გაღიზიანებას, საშვილოსნოს კუნთის დაჭიმულობას და ა.შ. შეიძლება გახდეს ორსულობის ცუდი გამოსავლის მიზეზი.

 

რა ხდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში და რატომ არის პირველ ტრიმესტრში უფრო საშიში გრიპის ვირუსი?

პირველ ტრიმესტრში არ გვაქვს დამცავი ბარიერი, პლაცენტა. ამ პერიოდში კი ხდება ნაყოფის ორგანოებისა და სისტემების ჩამოყალიბება და  სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი პირველი ტრიმესტრი.

 

რა რეკომენდაციებს მისცემდით ორსულებს, როგორ დაიცვან თავი გრიპის ვირუსისგან?

ძალიან რთულია რეკომენდაციების მიცემა – პირველ ტრიმესტრში ვერ ურჩევ ორსულს, სახლში იჯდეს, რადგან შეიძლება, სამსახური დაკარგოს. თუ არის იმის საშუალება, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში, მედიკამენტებისგან თავი შეიკავოს, არ იაროს საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა…

 

რა დროს ინიშნება და რამდენად ეფექტურია მულტივიტამინები ორსულობისას?

ძალიან დიდი ხანია, ჩვენს კლინიკაში პოლივიტამინებს აღარ ვიყენებთ. არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც არ აქვს გვერდითი ეფექტი. წარმოიდგინეთ, როდესაც რამდენიმე ვიტამინი ერთად არის თავმოყრილი, რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ორგანიზმზე, როდესაც არსებობს მისი ალტერნატივა – სწორი კვება.

 

თქვენ კვებას შეეხეთ, რატომ არის ორსულობისას სწორი კვება ასეთი მნიშვნელოვანი?

ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობის 80% სწორ კვებაზეა დამოკიდებული. პაციენტთან საუბარს სწორი კვების რეჟიმით ვიწყებთ, მნიშვნელოვანია ცილოვანი საკვები, თევზი, ძროხის, ხბოს ხორცი, რძის პროდუქტები, სეზონური ხილი, ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით. ორსულმა თავი უნდა შეიკავოს მჟავე, მწარე პროდუქტებისგან, ძეხვეულობისგან, სოსისებისგან, გაზიანი სასმელისგან, აუცილებელია დღის განმავლობაში ორი ლიტრი წყლის მიღება.

 

ორსულებს ხშირად უნდებათ ტკბილეული, რატომ არის საშიში ტკბილი პროდუქტი?

საშიშია იმიტომ, რომ დედა წონაში იმატებს, დასაშვებია 12-13 კილოს, მაქსიმუმ 15 კილოგრამის მომატება. ნაყოფი იზრდება დიდი, შეიძლება ჩამოყალიბდეს გესტაციური დიაბეტი, გლუკოზისადმი ტოლერანტობა, დიდი ნაყოფის მშობიარობისას იზრდება ტრავმის რისკი, საშვილოსნოს შეკუმშვა უფრო პრობლემურია და ა.შ. პირველ ვიზიტზე იკრიბება პაციენტის ანამნეზი, მისი მემკვიდრეობის გათვალისწინებით და ა.შ. ორსულს ვაძლევთ რჩევებს, რა არ შეიძლება, მაგალითად, ტკბილი ხილი: ბანანი, კარალიოკი, ლეღვი, თუთა, ყურძენი. 15 კილოზე მეტის ტარება ხერხემლის დიდ დატვირთვას განაპირობებს, იწყება ქვემო კიდურებზე ზეწოლის სინდრომი, რამაც შეიძლება ვარიკოზული ვენების გაფართოება განაპირობოს, ვითარდება შეშუპება და ა.შ. ორსულმა დღეში რამდენჯერმე უნდა მიირთვას, მცირე ულუფებით და 19:00 საათის შემდეგ მაქსიმალურად ეცადოს, რომ საკვები აღარ მიიღოს.

 

შეიძლება თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ორსულობისას?

იდეალურია, თუკი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ქალი დაორსულებამდე გაიკეთებს, თუმცა, თუკი ვერ მოასწრებს, მეორე-მესამე ტრიმესტრში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია და აუცილებელიც კია. გრიპის ვაქცინით გამოწვეული სარგებელი უფრო მეტია ორსულობისას. ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებით პირველ ტრიმეტრს, არ არსებობს მედიკამენტი, რომლის დანიშვნის დროსაც ფიქრი არ გვიწევს, გამონაკლისი მხოლოდ ფოლიუმის მჟავაა. მოწოდებულია, ჩაუტარდეს ვაქცინაცია ორსულებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, თუნდაც პირველ ტრიმესტრში. რისკჯგუფში კი მოაზრებიან ის პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლ-ძარღვთა პათოლოგიები, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის პრობლემები, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

 

რას უნდა მივაქციოთ ორსულობისას ყურადღება და რა დროს არ უნდა გადავდოთ სპეციალისტთან ვიზიტი?

არ არსებობს ორსულისთვის უმნიშვნელო სიმპტომი. თითქოს უმნიშვნელო ხველისას, უმნიშვნელო სურდოს დროს, ორსული მაშინვე უნდა მივიდეს ექიმთან. რაც უფრო გვიან მივა ორსული სპეციალისტთან, მისი მკურნალობა უფრო რთულია…გრიპის ვირუსის დროს ერთ-ერთი სიმპტომი არის ტაქიკარდია, ეს კი შეიძლება იყოს ფილტვის ებოლიისას, ან კუჭის არეში ტკივილი, შეიძლება პრეეკლამფსიას ახლდეს… ამიტომ, ყველა უმნიშვნელო ცვლილებისას, ორსულის ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

 

ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს ორსულობისას ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებით, რამდენად საშიშია ის? 

გაცილებით საშიშია ვირუსული ინფექცია და მისით გამოწვეული გართულებები. როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი. მედიკამენტის მიერ გამოწვეულმა სარგებელმა მისი მავნებლობის ხარისხს უნდა აჯობოს.

წყარო: fortuna.ge