Nuk
თანდაყოლილი ანომალიების და გენეტიკური დაავადებების პრენატალური დიაგნოსტიკა

თარიღი: 30 აპრილი, 2018

თანდაყოლილი ანომალიების და გენეტიკური დაავადებების პრენატალური დიაგნოსტიკა

განვითარების თანდაყოლილი ანომალიები და გენეტიკური პათოლოგიები ახალშობილთა და ბავშვთა ასაკის სიკვდილობის, ქრონიკული დაავადებების და ინვალიდობის მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზებია. 

 

- მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 303.000 ახალშობილი იღუპება თანდაყოლილი ანომალიებით მათი სიცოცხლის პირველი 4 კვირის განმავლობაში და ისინი პერინატალური სიკვდილობის საერთო მაჩვენებლის 20-25% შეადგენს;

- თანდაყოლილი ანომალიები ხანგრძლივი ინვალიდობის განმაპირობებელი ფაქტორებია და შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ფიზიკური, ოჯახური, საზოგადოებრივი და ჯანდაცვის სისტემების კუთხით;

- ყველაზე გავრცელებული , მძიმე თანდაყოლილი ანომალიები გულის მანკები, ნერვული მილის დეფექტები და დაუნის სინდრომია;

- მიუხედავად იმისა, რომ თანდაყოლილი ანომალიები შესაძლოა წარმოადგენდეს ერთი ან მეტი გენეტიკური, ინფექციური, კვებითი ან გარემო ფაქტორის ზემოქმედების შედეგს, ხშირად რთულდება მათი გამომწვევი ზუსტი მიზეზების იდენტიფიკაცია;

- ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის პრევენცია შესაძლებელია. ვაქცინაცია, ფოლიუმის მჟავის და იოდის ადექვატური მიღება  საკვები პროდუქტების ფორტიფიკაციის გზით ან დამატებითი სუპლემენტების სახით და ადევატური ანტენატალური ზრუნვა შესაძლო პრევენციიის მეთოდების მხოლოდ 3 მაგალითია.

 

თანდაყოლილ ანომალიებს მოიხსენიებენ ასევე, როგორც თანდაყოლილ დეფექტებს, დარღვევებს ან მალფორმაციებს. 

თანდაყოლილი ანომალიები შეიძლება დავყოთ სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ანომალიებად (მაგ: მეტაბოლური დარღვევები), რომლებიც ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს და ზოგიერთი მათგანი, მშობიარობის შემდეგაც - გვიან პერინატალურ პერიოდში, როგორიცაა მაგ: სმენის დეფექტები. 

 

 გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები:

თანდაყოლილი ანომალიების დაახლოებით 50% არ არის დაკავშირებული სპეციფიკური გამომწვევის არსებობასთან, ცნობილია მხოლოდ რამოდენიმე გენეტიკური, გარემო და სხვა ფაქტორი ან რისკ-ფაქტორი, რომელთა არსებობაც მეტი ალბათობით იწვევს ამა თუ იმ დარღვევის განვითარებას.

 

გენეტიკური ფაქტორები:

გენები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს უამრავი თანდაყოლილი ანომალიის განივითარებაში. ესენი შესაძლოა იყოს მემკვიდრეობით მიღებული გენები ანომალური კოდით ან წარმოადგენდნენ მუტანტურ გენებს, რომელთა გენეტიკური კოდის ცვლილებასაც სხვადასხვა ფაქტორებმა შეუწყო ხელი.

მშობლებს შორის სისხლით ნათესაობა მნიშვნელოვნად ზრდის იშვიათი გენეტიკური თანდაყოლილი პათოლოგიების განვითარების რისკს. მშობლების სისხლით ნათესაობის შემთხვევაში თითქმის ორჯერ იმატებს ნეონატალური და ბავშვთა ასაკის სიკვდილობის, ინტელექტუალური ინვალიდობის და სხვა ანომალიების განვითარების ალბათობა.

ზოგიერთ ეთნიკურ საზოგადოებაში, (მაგალითად აშკენაზა, ფინსები) განსაკუთღებით მაღალი პრევალენსია ისეთი იშვიათი დაავადებების გავრცელებისა, როგორიცაა ცისტური ფიბროზი და ჰემოფილია C. 

 

სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორები:

დაბალი შემოსავალი შესაძლოა თანდაყოლილი ანომალიების განმსაზღვრელ არაპირპდაპირ მიზეზად ჩავთვალოთ ამ პათოლოგიების მაღალი სიხშირიდან გამომდინარე დაბალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქვეყნებსა და ოჯახებში. 

ცნობილია, რომ მძიმე თანდაყოლილი ანომალიების დაახლოებით 94% გვხვდება სწორედ დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში. არაპირდაპირი განსაზღვრებით, ეს მაღალი მაჩვენებლები შედეგია ორსული ქალის მხრიდან ნაკლები ხელმისაწვდომობისა როგორც საკვებზე, ასევე სხვა დანამატებზე და ამავდროულად ისეთ აგენტებსა და ფაქტორებთან მეტ შეხებაზე, როგორებიცაა სხვადასხვა სახის ინფექციები, ალკოჰოლი ან ნაკლები წვდომა ჯანდაცვასა და სკრინინგულ კვლევებზე. 

ფაქტორები, რომლებიც ხშირად ასოცირებულია დაბალ შემოსავალთან, შესაძლოა წარმოშობდნენ ან ზრდიდნენ აბნორმული პრენატალური განვითარების რისკებს. 

დედის ასაკი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა აბნორმული განვითარების არსებობის შემთხვევაში. დედის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ქრომოსომული დარღვევების განვითარების რისკიც, მათ შორის იგულისხმება დაუნის სინდრომიც. 

 

 გარემო ფაქტორები:

დედის ექსპოზიცია გარკეული სახის პესტიციდებით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით, ასევე სხვადასხვა სახის მედიკამენტები, თამბაქო და რადიაციული ზემოქმედება ორსულობის დროს შესაძლოა ზრდიდეს ნაყოფის ან ახალშობილის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკს. 

ასევე, მუშაობა ან ახლოს ცხოვრება ადგილებთან სადაც გროვდება საყოფაცხოვრებო ან საწარმოო ნარჩენები რისკის შემცველია ორსულისთვის როგორც მისი, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის კუთხით.

 

ინფექციები: 

დედათა ინფექციები, როგორიცაა სიფილისი და წითურა თანდაყოლილი ანომალიების უხშირესი გამომწევვებია დაბალი და საშუალო განვითარების მქონე ქვეყნებში. 

ცოტა ხნის წინ, აღნიშნულ ინფექციებს დაემატა, აღწერილი იქნა და დადასტურდა ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებაზე ზიკა ვირუსის უარყოფითი გავლენის არაერთი შემთხვევა.  

 

დედის კვებითი სტატუსი:

დედათა ფოლატების დეფიციტი მნიშვნელოვნად ზრდის ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განივითარების რისკს, ხოლო ა ვიტამინის დიდი დოზით მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ემბრიონისა და ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე.

 

პრევენცია:

პროფილაქტიკური საზოგადიებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და ინფორმირებულობის დონის გაზრდა დადებითად მოქმედებს თანდაყოლილი ანომალიების გამომწვევი შესაძლო რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისად, ამ ფაქტორებისგან შემდგომში ორსულობის დროს მოსახლეობის თავის არიდების კუთხით. 

მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

 

- მოზარდი გოგონების და დედების უზრუნველყოფა ჯანსაღი საკვებით, მათ შორის მრავალფეროვანი ბოსნეულითა და ხილით და მათი ჯანსაღი წონის შენარჩუნება

- ვიტამინების და მინერალების, განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავის ადექვატური მიღება

- მავნე ნივთიერებებისგან, მათ შორის ალკოჰოლისა და თამბაქოსგან თავის არიდება

- ორსულობის დროს იმ რეგიონებში მოგზაურობისგან თავის შეკავება, სადაც გავრცელებულია ისეთი ინფექციები, რომლებიც ასოცირებულია თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკებთან.

- ორსულობის დროს საშიში ნივთიერებების (როგორიცაა მაგ: პესტიციდები, მძმე ლითონები) გარემოზე ზემოქმედების შემცირება ან აღმოფხვრა

- დიაბეტის კონტროლი როგორც ორსულობის დადგომამდე, ასევე მისი მიმდინარეობის დროს, წონის კონტროლი, დიეტა და საჭიროების შემთხვევაში ინსულინის გამოყენება.

- გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს ნებისმიერი სახის მედიკამენტის მიღება, ასევე სამედიცინო რადიაცია (X სხივები) გამოყენებული უნდა იქნას სარგებელი/რისკის პრინციპის გათვალისწინებით. ერთადერთი მედიკამენტი რომელიც დადასტურებულად უსაფრთხოა და აუცილებელი ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავაა! ყველა სხვა მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზემოთ აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, სამედიცინო ჩვენებით და დანიშნული უნდა იყოს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.

- ვაქცინაცია, განსაკუთრებით წითურას ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ბავშვებისთვის და რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის აუცილებელია.

- მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პროფესიონალების განათლების დონის ამაღლება და იმ ღონისძიებების მეტი მხარდაჭერა და გაძლიერება, რომლებიც ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდას თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის კუთხით.

- ისეთი ინფექციების სკრინინგი როგორიცაა წითურა, ვარიცელა და სიფილისი და მათი მკურნალობა.

 

დიაგნოსტიკა:

 

ჯანმრთელობის დაცვა განაყოფიერებამდე და მის შემდგომ პერიოდში მოიცავს როგორც ბაზისური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრაქტიკას, ასევე სამედიცინო გენეტიკურ სკრინინგს და კონსულტირებას. 

ნაყოფის განვითარების ანომალიების სადიაგნოსტიკოდ გამოყენებადი კვლევის მეთოდები იყოფა ორ ჯგუფად: არაინვაზიურ და ინვაზიურ მეთოდებად. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

 

კვლევის არაინვაზიური მეთოდები:

- ულტრაბგერითი კვლევა

- ნაყოფის ექოკარდიოგრაფია

- მაგნიტურ რეზონანსული სკანირება (MRI)

- რადიოგრაფია

 

ნერვული მილის დეფექტების სკრინინგი (NTDs) ულტრაბგერით კვლევასთან ერთად ხორციელდება დედის სისხლის შრატის ალფა ფეტოპროტეინის (MSAFP) განსაზღვრის გზით.

 

 დაუნის სინდრომის სკრინინგი კი მოიცავს შემდეგს:

- კისრის ნაკეცის გაზომვას

- PAPP-A ტესტს და არაკონიუგირებული ადამიანის ბეტა ქორიონული გონადოტროპინის (B-HCG) დონის განსაზღვრას

- დედის სისხლის შრატის ალფა-ფეტოპროტეინის, არაკონიუგირებული ესტრიოლის, ადამიანის ბეტა ქორიონული გონადოტროპინის (B-HCG) და ინჰიბინის დონის განსაზღვრას ორსულობის 15-22 კვირის ვადებზე - აღნიშნული  კვლევების კომბინაცია ცნობილია როგორც ოთხმაგი ტესტი.

 

კვლევის სხვა არაინვაზიურ მეთოდებს მიეკუთვნება:

- დედის სისხლიდან ნაყოფის უჯრედების გამოყოფა არაინვაზიური პრენატალური სკრინინგის გზით «fetal cell-free DNA» მეთოდის გამოყენებით

- ნაყოფის სპეციფიკური დნმ-მეთილირების პროპორციის შეფასება

 

ინვაზიური მეთოდები:

ნაყოფის ვიზუალიზაციის ინვაზიური ტექნიკები მოიცავს შემდეგს:

- ემბრიოსკოპია

- ფეტოსკოპია

 

კვლევის ინვაზიური მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხდება გამოსაკვლევი მასალის აღება გულისხმობს შემდეგ პროცედურებს:

- ამნიოცენტეზი

- ქორიონული ხაოების ნიმუშის აღება (CVS)

- ჭიპლარის სისხლის აღება (PUBS)

- კანის ბიოფსია

- სხვა ორგანოების ბიოფსია, მათ შორის ღვიძლის და კუნთების ბიოფსია

 

 ინ-ვიტრო განაყოფიერების გზით მიღებული ბლასტოცისტის პრეიმპლანტაციური ბიოფსია კვლევის ასევე ინვაზიური მეთოდია.

ინვაზიური ციტოგენეტიკური კვლევები მოიცავს:

 

- ქრომოსომული აბერაციების გამოვლენას

- ფლუორესცენციური ინ-სიტუ ჰიბრიდიზაციის მეთოდის გამოყენებას

 

ინვაზიურ მოლეკულურ გენეტიკურ ტექნოლოგიებს კი მიეკუთვნება:

- კვლევები მიკროსატელიტური მარკერების გამოყენებით 

- (RFLPs)

- (SNPs) - DNA chip, დინამიური ალელ-სპეციფიკური ჰიბრიდიზაციის მეთოდი (DASH)

 

ჩვენს მიერ განხილული კვლევის მთოდები გამოიყენება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ჩვენებით. მათი დანიშნულების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციას მოწოდებულია ქვემოთ.

 

1. ორსულობმდელი სკრინინგი: შესაძლოა სასარგებლო იყოს სპეციფიკური დაავადებების გამოვლენის რისკების შეფასების კუთხით. სკრინინგი მოიცავს ოჯახური ანამნეზის შესწავლას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, სადაც სისხლით ნათესავები იმყოფებიან ქორწინებაში.

 

2. სკრინინგი ორსულობის დროს: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ როდესაც ორსულის ასაკი ძალიან პატარა ან პირიქით - დიდია, როცა ორსული მოიხმარს ნარკოტიკებს, თამბაქოს, ალკოჰოლს და იმყოფება სხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ. როგორც რუტინულად, ასევე ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევა შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც სკრინინგული კვლევის მეთოდი დაუნის სინდრომის და სხვა სტრუქტურული ანომალიების დიაგნოსტიკის მიზნით ორსულობის პირველ ტრიმესტრში და სხვა მძიმე ანომალიების სადიაგნოსტიკოდ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. დედის სისხლის გამოკვლევა ნაჩვენებია პლაცენტარული მარკერების განსასაზღვრად სხვადასხვა ქრომოსომული ან ნერვული მილის დეფექტების რისკის პროგნოზირებისათვის. ნაყოფის თავისუფალი დნმ-ტესტირება ასევე გამოიყენება მრავალი ქრომოსომული აბნორმალიის სადიაგნოსტიკოდ. ამნიოცენტეზის პროცედურას კი ვიყენებთ სხვადასხვა სახის ქრომოსომული აბნორმალიების და ასევე, ინფექციური პროცესების სადიაგნოსტიკოდ მაღალი რისკის მქონე ორსულებში.

 

3. ნეონატალური სკრინინგი: მოიცავს კლინიკურ გამოკვლევებს და სისხლის კვლევას, ასევე მეტაბოლიზმის პროცესების მიმდინარეობის შეფასებასა და ჰორმონული ბალანსის შესწავლას. სკრინინგული კვლევების ჩატარება სიყვითლის გამოვლენის დროს, ასევე გულის სხვადასხვა დეფექტების დიაგნოსტიკა, ისევე როგორც თანდაყოლილი ანომალიების ადრეული დეტექცია, შესაძლოა ხელის შემწყობი ფაქტორები იყოს ახალშობილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დროული და ადექვატური ჩარევების განხორციელების კუთხით. ზოგიერთ ქვეყანაში ახალშობილებს უტარდებათ რუტინული სკრინინგი ფარისებრი ჯირკვლის , ასევე თირკმელზედა ჯირკვლების დარღვევების აღმოსაჩენად მანამ, სანამ ისინი დატოვებენ სამშობიარო სახლებს. 

 

პრენატალური დიაგნოსტიკის გამოსავალი:

 

პრენატალური სკრინინგის და დიაგნოსტიკის შეთავაზება უნდა მოხდეს პროსპექტულად ყველა ორსულისთვის, ასევე წყვილებისთვის, რომლებიც გეგმავენ ბავშვის გაჩენას ან სურთ მიიღონ ინფორმაცია მათი პერსონალური გენეტიკური მდგომარეობის შესახებ.

პრენატალური დიაგნოსტიკა გარკვეულ სარგებელს იძლევა განვსაზღვროთ ორსულობის გამოსავალი და გამოვავლინოთ შესაძლო გართულებები, რომლებიც წარმოიშობა ორსულობის დროს ან შეიძლება გამოვლინდეს დაბადების შემდგომ პერიოდში. 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დროულად აღმოჩენილი ბევრი სტრუქტურული თნდაყოლილი ანომალია შესაძლოა გამოსწორდეს პედიატრიული ქირურგიული ჩარევით, ასევე ადრეული მკურნალობით ისეთი ფუნქციონალური დაავადებების არსებობის დროს, როგორიცაა მაგ: თალასემია, თანდაყოლილი ჰიპოთირეოიდიზმი და სხვა პათოლოგიები. 

 

 

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე