Nuk
ოვულაცია და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი

თარიღი: 07 თებერვალი, 2022

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (პსს) წარმოადგენს ქრონიკული ანოვულაციის ყველაზე ხშირ მიზეზს ახალგაზრდა ქალებში. მისი სიხშირე რეპროდუქციული ასაკის ქალებში შეადგენს 5-15%. პსს-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალის უნაყოფობის სტრუქტურაში, წარმოადგენს მენსტრუაციული დისფუნქციისა და ჰიპერანდროგენიზმის (ჭარბთმიანობა, აკნე) წამყვან მიზეზს.

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომზე, მასთან დაკავშირებულ ანოვულაციასა და ოვულაციური პროცესის აღდგენის მიმართულებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი ელენე ასანიძე.

როგორია პსს-ის კლინიკული გამოვლინებები?
პსს-ის დროს მოზარდობის პერიოდში ხშირია მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა, აკნე, ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), ხშირია წონაში მატება.
რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება: ანოვულაცია, უნაყოფობა, ორსულობის დანაკარგები, ორსულობის გართულებები.
მენოპაუზის პერიოდში აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, საშვილოსნოს კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი.

რა არის ოვულაცია?
საკვერცხეში ფოლიკულიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოყოფას ეწოდება ოვულაცია.
კვერცხუჯრედი წარმოადგენს ქალის სასქესო უჯრედს.
ოვულაციის არარსებობას ეწოდება ანოვულაცია.
ორსულობის დადგომისთვის აუცილებელია ოვულაციის არსებობა, რათა მოხდეს გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედის შეხვედრა სპერმატოზოიდებთან და განაყოფიერება.

სად მდებარეობს ფოლიკულები?
საკვერცხეები – ქალის წყვილი სასქესო ჯირკვლებია, რომლებიც განლაგებულია მცირე მენჯის ღრუში. საკვერცხე შედგება ორი ნივთიერებისგან: ტვინოვანი (შიგნითა) და ქერქოვანი (გარეთა). ქერქოვანი ნივთიერება შეიცავს განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფ მრავალ სითხურ ბუშტუკას – ფოლიკულას. საკვერცხეში ასევე სინთეზირდება ქალის სასქესო ჰორმონები.

როდის ხდება ოვულაცია?
როგორც წესი, ოვულაცია მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ხდება, ხოლო მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ვიღებთ ათვლის წერტილად.

როგორ დგინდება ოვულაცია?
ყველაზე სანდო მეთოდი ოვულაციის დასადგენად არის ულტრასონოგრაფიული კვლევა – ფოლიკულის მონიტორინგი (ფოლიკულის ზრდაზე დაკვირვება ექოსკოპიით). დაკვირვება ხდება დომინანტ ფოლიკულაზე, მისი ზომა ნორმაში 18-23 მმ-ია. დომინანტური ფოლიკულის გასკდომას და მისგან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას ეწოდება ოვულაცია.
ოვულაციის შემდეგ ფიქსირდება ოვულირებულ ფოლიკული, ყვითელი სხეული და სითხე დუგლასის ფოსოში.
ფოლიკულის მონიტორინგის დროს ასევე ხდება ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს ლორწოვანი შრის შეფასება.
ოვულაციის დადგენა შესაძლებელია ჰორმონული ანალიზებით. გონადოტროპინის დონის მნიშვნელოვანი გაზრდა ციკლის შუა პერიოდში აღნიშნავს ფოლიკულური ფაზის დასასრულს და წინ უსწრებს ფოლიკულის გასკდომას 36 საათით. ოვულაციის შემდგომ დამახასიათებელია პროგესტერონის მაჩვენებლის მატება.
ოვულაციის დადგენა შესაძლებელია ოვულაციის სწრაფი ტესტების გამოყენებით. ოვულაციის ტესტის მეშვეობით ხდება შარდში მალუთეინიზირებელი ჰორმონის პიკის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს არ აქვს მაღალი სარწმუნოება.
ოვულაციის დადგენა შესაძლებელია აგრეთვე ბაზალური ტემპერატურის გაზომვით. მეთოდი გულისხმობს დილაობით, საწოლიდან ადგომამდე რექტალური (სწორ ნაწლავში) ტემპერატურის გაზომვას 5 წუთის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში ოვულაციამდე ტემპერატურა 37 გრადუსზე ნაკლებია, ხოლო ოვულაციის შემდეგ 5-6 მეათედი გრადუსით იმატებს. ეს მეთოდი ფართოდ არ გამოიყენება, რადგან არაკომფორტულია და ყოველთვის არ არის ინფორმაციული (ბუასილის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ზოგიერთი მედიკამენტების მიღების ფონზე…)

რა ითვლება ოვულაციის დარღვევის ყველაზე ხშირ მიზეზად?
ოვულაციის დარღვევის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, თუმცა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ჰიპათალამო-ჰიპოფიზო-ოვარიული ღერძის დისფუნქციასთან, ჰიპერპროლაქტინემიასთან, ადრენოგენიტალურ სინდრომთან და სხვა პათოლოგიებთან.

რა განაპირობებს ოვულაციის დარღვევას პსს-ის დროს?
სხვადასხვა კვლევით, პსს-ის შემთხვევებში ჰიპერანდროგენემია (სისხლში ანდროგენების დონის მატება) და ინსულინრეზისტენტობა წარმოადგენს ანოვულაციის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს.
ინსულინრეზისტენტობა წარმოადგენს უჯრედის რეცეპტორების დაქვეითებულ მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ხასიათდება ჰიპერინსულინემიით.
ბოლო მონაცემების თანახმად, პსს-ის დროს აღინიშნება კვერცხუჯრედის ხარისხის დაქვეითება.

როგორია თანამედროვე მკურნალობის მეთოდები ოვულაციური პროცესის აღდგენის მიმართულებით?
მკურნალობა არის პერსონალიზირებული, პაციენტის ასაკის, რეპროდუქციული გეგმების და ოვულატორული დარღვევების გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით.
გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტი ოვულაციის ინდუქციის, სტიმულაციის მიზნით.
პაციენტებში პსს-ით და ინსულინრეზისტენტობით კომპლექსურ მეტაბოლურ თერაპიაში გამოიყენება ინსულინ სენსითაიზერები – პრეპარატები, რომლებიც ზრდის უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ; ასევე რეკომენდებულია დაბალკალორიული, ბალანსირებული კვება და ფიზიკური აქტივობა.
მტკიცებულებების მიხედვით, მიო-ინოზიტოლის შემცველი პრეპარატი მოქმედებს როგორც ინსულინ სენსითაიზერი – აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ფოლიკულის მომწიფებასა და აუმჯობესებს კვერცხუჯრედის ხარისხს.
მიო-ინოზიტოლის და D-ქირო-ინოზიტოლის კომბინირებული მკურნალობა (40:1) არის ეფექტური საკვერცხის ფუნქციისა და მეტაბოლური ბალანსის აღსადგენად. განსაკუთრებულად პაციენტებში პსს-ით ინსულინრეზისტენტობით და ჭარბი წონით.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია მიო-ინოზიტოლის იტალიური წარმოების პრეპარატი ინოფოლიკ HP, მიო-ინოზიტოლის და D-ქირო-ინოზიტოლის კომბინაცია -ინოფოლიკ კომბის სახელწოდებით. მათი გამოყენება ამცირებს ჰიპერანდროგენიზმს, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის აღდგენასა და წარმოადგენს ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდს ოვულაციის ინდუქციის.

მედიკამენტოზური მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში, მხოლოდ ოვულაციის აღდგენის მიზნით მიმართავენ ლაპაროსკოპიულ ოპერაციას (საკვერცხეების დრილინგს -„დაჩხვლეტას“).
ყველა ამ მეთოდების გამოყენების არაეფექტურობის შემთხვევაში, მიმართავენ ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდს.