Nuk
პარვოვირუსული ინფექცია

თარიღი: 16 აგვისტო, 2016

დაავადების აღწერა
პარვოვირუსით ინფექცია ხშირია და ადვილად გადამდებია ბავშვებში. დაავადებას ზოგჯერ წითელი ლოყების დაავადებაც ქვია, რადგან ვითარდება სპეციფიკური გამონაყარი სახეზე. პარვოვირუსული ინფექცია ასევე ცნობილია მეხუთე დაავადების სახელით, რადგან, ისტორიულად იგი ბავშვობის ასაკის გამონაყარის 5 ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორისაა. 

ბავშვების უმეტეს ნაწილში, პარვოვირუსული ინფექცია მსუბუქია და არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა, ზოგიერთ მოზრდილში, ინფექცია მძიმე გართულებებს იწვევს. პარვოვირუსი საშიშია ორსულ ქალებშიც, როცა ვირუსი ასოცირდება ემბრიონის დაზიანებასთან. პარვოვირუსული ინფექცია რთულდება ანემიის ზოგიერთი ტიპის მქონე პაციენტებში ან იმუნური სისტემის სუპრესიის დროს.

გამომწვევი მიზეზი
ადამიანის პარვოვირუსი B19 იწვევს ინფექციას. ეს ვირუსი განსხვავდება ძაღლებსა და კატებში არსებული პარვოვირუსისგან, ამიტომ ინფექცია ცხოველებისგან გადამდები არ არის. 

ადამიანის პარვოვირუსი B19 ხშირად ვრცელდება სკოლის ადრეული წლების ასაკის ბავშვებში, ზამთარსა და გაზაფხულზე. ამის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, წელიწადის ნებისმიერ დროს. ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, როგორც გრიპი, ანუ ხშირად სასუნთქი სეკრეციებითა და შეხებით. 

პარვოვირუსის გადადება შესაძლებელია სისხლითაც. ორსულ ქალს, რომელსაც ვირუსი აქვს, შეუძლია ნაყოფის დაინფიცირებაც. 
ავადმყოფობა გადამდებია გამონაყრის გაჩენამდე 1 კვირის განმავლობაში. როცა გამონაყარი ჩნდება, ვირუსი გადამდები აღარ არის და არაა საჭირო დაინფიცირებული ადამიანის იზოლირებულად მოთავსება.


სიმპტომები
პარვოვირუსული ინფექცია ხშირად არ ვლინდება ნიშნებითა და სიმპტომებით. ნიშნები დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე. 

პარვოვირუსული ინფექცია ბავშვებში
პარვოვირუსული ინფექციის ადრეული ნიშნები და სიმპტომებია: 
ცხელება
მუცლის ტკივილი
თავის ტკივილი
გამონადენი ცხვირიდან

სპეციფიკური გამონაყარი სახეზე 
ადრეული სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში, სპეციფიკური, ღია წითელი ფერის გამონაყარი ვითარდება სახეზე, ხშირად ორივე ლოყაზე. დროთა განმავლობაში, გამონაყარი ვრცელდება ხელებზე, ტანზე, ბარძაყებსა და დუნდულებზე, სადაც გამონაყარს ვარდისფერი, ოდნავ ამობურცული ვიზუალი აქვს. შესაძლოა განვითარდეს ქავილი, განსაკუთრებით ფეხისგულებზე. 

ზოგადად, გამონაყარი დაავადების ბოლოსკენ გვხვდება. შესაძლოა გამონაყარი სხვა ვირუსული დაავადებების სიმპტომი ან მედიკამენტით გამოწვეული გვეგონოს. გამონაყარი ქრება და ჩნდება 3 კვირის განმავლობაში, უარესდება, როცა ბავშვი სიცივეში ან სიცხეშია ან დიდ დროს ატარებს მზეზე. 

პარვოვირუსის სიმპტომები მოზრდილებში
მოზრდილებში გამონაყარი იშვიათად ვითარდება. ამის მაგივრად, გვხვდება სახსრების ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღეს ან კვირას გასტანს. ყველაზე ხშირად ჩართული სახსრებია: ხელი, მაჯა, მუხლი და კოჭი. 

როდის მივმართოთ ექიმს
ზოგადად, პარვოვირუსული ინფექცია არ საჭიროებს მკურნალობას. თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ატარებთ სხვა დაავადებას, რომელიც შესაძლოა გართულდეს ვირუსის ფონზე, მიმართეთ ექიმს. ასეთი დაავადებები და მდგომარეობებია: 
ნამგლისებრი ანემია
იმუნური სისტემის პათოლოგიები
ორსულობა