Nuk
პოსტკოვიდური პნევმონია და ფილტვების რეაბილიტაცია კორონავირუსის შემდეგ

თარიღი: 18 ნოემბერი, 2022

რამდენად ხშირად იჩენს თავს პნევმონია პოსტკოვიდურ ფაზაში?
კორონავირუსით გამოწვეული პნევმნონიის დროს ალვეოლების მიმდებარე ქსოვილი შუპდება. შეშუპებული ქსოვილის ზეწოლის შედეგად, ალვეოლები იჭმუხნება, ფილტვებში მცირდება სისხლის მიმოქცევა და ჟანგბადის მიმოცვლა. აღნიშნული მდგომარეობა  რენტგენში არამკაფიო დაჩრდილვით, მკვეთრი საზღვრების გარეშე ვლინდება, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფიით, დაბურული მინის სინდრომი იჩენს თავს. კოვიდპნევმონია ტიპური პნევმონიისგან განსხვავებით, თანდათანობით, მშრალი ხველით იწყება, ანთება ხშირ შემთხვევაში ორმხრივია, დიდ ფართობს მოიცავს და სწრაფად ვითარდება. დამახასიათებელი სიმპტომებია: ჰაერის უკმარისობა, სპაზმი მკერდის არეში, სატურაციის ვარდნა, ქოშინი და ფილტვების შეშუპება. პოსტკოვიდურ ფაზაში პნევმონია ხშირად იჩენს თავს. გამოჯანმრთელებული პაციენტების 20%-ზე მეტს შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს კოვიდის სიმპტომები. კვლევების უმეტესობა ამ ყოველივეს მიზეზად, ვირუსის პერსისტენციას ასახელებს, რაც ვირუსის სხეულში დიდხანს დარჩენას და ხელსაყრელ მომენტამდე CD4 უჯრედებში ანუ თ ლიმფოციტებში დამალვას გულისხმობს.

შესაძლებელია თუ არა პოსტკოვიდური დაზიანების რისკის წინასწარი შეფასება?
რისკის წინასწარი შეფასება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია შესაძლებელი. დაავადების გადატანის შემდეგ, კლინიკურ და ლაბორატორიულ მაჩვენებლებში შენარჩუნებული ცვლილებები გახანგრძლივებული კოვიდის მანიშნებელია. მკურნალობის და სარეაბილიტაციო კურსის სწორად წარმართვისთვის დაახლოებით ერთწლიანი მონიტორინგის ჩატარებაა საჭირო, კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლით.

რა სახის მკურნალობის ჩატარებაა რეკომენდირებული პოსტკოვიდური პნევმონიის სამკურნალოდ?
კორონავირუსის შემდეგ, ორგანიზმის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობა კლინიკური მიმდინარეობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სელექტიური და სიმპტომურია. გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ჰორმონები) ისე ანტიკოაგულანტები, ჟანგბადის თერაპია და ვიტამინები. აგრეთვე, რეკომენდებულია, დიდი რაოდენობით სითხის მიღება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

რა ტიპის სარეაბილიტაციო კურსი უნდა ჩაიტარონ პაციენტებმა ფილტვების აღსადგენად?
პნევმონიის დროს, ფილტვებს კომპლექსური რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამ დროს რეკომენდირებულია, ცილებით, ვიტამინებით,მინერალებით მდიდარი საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობა და სუნთქვითი ვარჯიშები. სასურველია, ხშირი და რეგულარული დასვენება, რათა თავიდან ავირიდოთ გადაღლა. კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში წამყვანია სუნთქვითი ფუნქციის აღდგენა. ფილტვის რეაბილიტაციის ძირითადი მეთოდი სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებაა, რომელიც კარგად განიავებულ ოთახში ან სუფთა ჰაერზე უნდა შესრულდეს, უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. სუნთქვითი ვარჯიშების შედეგად, იკლებს სუნთქვის სიხშირე, ქოშინი, ხოლო სუნთქვითი მოცულობა იზრდება. ნებისმიერი სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარებამდე, აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა ექიმის მიერ იყოს შეფასებული.