Nuk
პოზიტიური ფსიქოთერაპია - როგორ ვისწავლოთ ცხოვრების ნათელი მხარეების დანახვა

თარიღი: 20 მარტი, 2023

ჭიქა, რომელშიც სანახევროდ ასხია წყალი, ნახევრად სავსეც შეიძლება იყოს და ნახევრად ცარიელიც. გააჩნია, როგორ აღვიქვამთ მას. თანამედროვე ფსიქოთერაპია ადამიანს არა მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობაში, არამედ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების შეცვლაშიც ეხმარება.

იმის შესახებ, როგორ ცვლის პოზიტიური ფსიქოთერაპია ადამიანის ცხოვრებას, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპის ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ბადრიძე გვესაუბრა.

ქალბატონო ლალი, რა არის პოზიტიური ფსიქოთერაპია, როგორ ჩამოყალიბდა ის და რა განასხვავებს ფსიქოთერაპიის სხვა მიმართულებებისგან?
პოზიტიური ფსიქოთერაპია თანამედროვე სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ცნობილი მეთოდია, რომელიც აღიარებულია ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოსა (WCP) და ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) მიერ. აქვე გეტყვით, რომ არსებობს სამი ათასამდე ფსიქოთერაპიული მეთოდი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ათეულია აღიარებული.

პოზიტიური ფსიქოთერაპია მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული მიმართულებაა ფსიქოდინამიკური მეთოდიკით, ჰუმანისტური მსოფლმხედველობით და ტრანსკულტურული მიდგომით.

პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებელია ნოსრატ პეზეშკიანი, ირანული წარმოშობის გერმანელი ფსიქიატრი და ნევროლოგი. ამ მეთოდის შექმნისთვის ის ნობელის პრემიაზეც გახლდათ წარდგენილი. თავად პეზეშკიანი, როგორც ამბობდნენ, იყო საოცარი ადამიანი, რომელიც ყველაფერს სინათლით და სითბოთი ავსებდა.

1997 წელს პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდს, როგორც ყველაზე ეფექტურსა და საიმედოს, მიენიჭა გერმანული მედიცინის მთავარი ჯილდო – რიჩარდ-მარტინ-პრაისის პრიზი.

რატომ ჰქვია მეთოდს “პოზიტიური”?
მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "POSITUM", რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც ფაქტობრივი, ნამდვილად არსებული. სწორედ ამ მნიშვნელობას გულისხმობს თერაპიის ჩვენეული მეთოდი. მისი მიზანია, ადამიანმა დაინახოს მოცემულობა თავისთავად. მაგალითად, ყავა ჩემთვის კარგია, თქვენთვის – ცუდი. სინამდვილეში ის არც კარგია და არც ცუდი – ისეთია, როგორიც არის, ამ მნიშვნელობებს კი მას ჩვენ ვანიჭებთ.

მიზანი
პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს იმ ფიზიკური, ემოციური, სულიერი თუ კოგნიტიური რესურსების აღმოჩენასა და განვითარებაში, რომლებიც არ აქვს გაცნობიერებული ან დაავიწყდა. ამ მიმართულების მიმდევრები მივიჩნევთ, რომ ადამიანი თავისი არსით კარგია, დაბადებიდანვე ატარებს უზარმაზარ პოტენციალს და დაჯილდოებულია უამრავი შესაძლებლობით. თავად პეზეშკიანი იზიარებდა შეხედულებას, რომ ყველა ჩვენგანს აქვს დადებითი თვისებები, რომლებსაც ზედაპირზე ამოტანა და წინ წამოწევა სჭირდება. ის ადამიანს ადარებდა საბადოს, რომელშიც მიმოფანტულია ძვირფასი ქვები, რომლებიც უნდა მოძებნო და დღის სინათლეზე გამოიტანო.

პოზიტიური ფსიქოთერაპია გულისხმობს მომავლისკენ სვლას, მომავლის შექმნას აწმყოს სიტუაციების მიღების მეშვეობით. თითოეულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ცხოვრებაზე, შეუძლია თავისი რეალობის შეცვლა. მარტივად რომ ვთქვათ, “თუ ადამიანს სურს, ჰქონდეს ის, რაც არასოდეს ჰქონია, უნდა გააკეთოს ის, რაც არასოდეს გაუკეთებია”.

პოზიტიური ფსიქოთერაპია მაქსიმალურად არის ორიენტირებული ადამიანურ რესურსებზე. მისი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ცხოვრების დაბალანსებაში.

მეთოდის ღირსებებია ხელმისაწვდომობა, სისტემური მიდგომა და მარტივი ენა.

პოზიტიური ფსიქოთერაპიის არსი ალეგორიულად ამ იგავით შეიძლება გადმოიცეს:

წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც ცალ ფეხზე დგას და იტანჯება. გამვლელებს ეცოდებათ, მიდიან მასთან და დახმარებას სთავაზობენ. ერთს წყალი მოაქვს, მეორე ქოლგას აფარებს, მესამე ტაქტიკას სთავაზობს – წარმოიდგინე, რომ ზამბარა ხარო, მეოთხე ურჩევს, რამეს დაეყრდენიო... ამ დროს ბავშვი ჩამოირბენს და ჰკითხავს: ცალ ფეხზე რატომ დგახარ, მეორეც ხომ გაქვსო? გაახსენდება კაცს, რომ მართლაც აქვს მეორე ფეხი, მასაც დადგამს მიწაზე და ამოისუნთქავს.

ზოგჯერ ადამიანს აღარ ახსოვს, რომ მეორე ფეხი აქვს, ჩვენ კი ამას ვახსენებთ.

ყველა ჩვენგანი დიდი შესაძლებლობების პატრონია, მაგრამ ზოგიერთი დაუხმარებლად ვერ ხედავს მათ. ჩვენც გვერდით მივყვებით კლიენტს, ვეხმარებით, რომ ეს შესაძლებლობები იპოვოს, აღმოაჩინოს ან დაიბრუნოს.

პრინციპები
პოზიტიური ფსიქოთერაპიის მეთოდი სამ პრინციპს ემყარება.

პირველია იმედის პრინციპი. იმედი, ისევე როგორც პოზიტიურობა, იმას არ ნიშნავს, გამუდმებით იღიმებოდე და არასოდეს იწყენდე. იმედის პრინციპი გულისხმობს ცხოვრების როგორც ბნელი, ისე ნათელი მხარეების დანახვის უნარს და ამ ნათელ მხარეებზე დაყრდნობით ბნელის დაძლევის შესაძლებლობას.

იმედის პრინციპი გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს შესწევს თავისი ნაკლოვანებების დაძლევის უნარი. კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს მისი ჭეშმარიტი მიზეზის გაცნობიერებას, ადამიანის რესურსებზე ფოკუსირებას, საკუთარი შესაძლებლობების გააზრებას და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას.

მეორეა ბალანსის პრინციპი. ადამიანმა ცხოვრების ყველა სფერო უნდა განავითაროს და თავისი ენერგია თანაბრად გაანაწილოს ოთხი მიმართულებით:

• სხეული`ჯანმრთელობა;

• მიღწევები`საქმიანობა;

• ურთიერთობები`გარემო;

• ფანტაზია`მომავალი.

მესამეა კონსულტირებისა და თვითდახმარების პრინციპი. პოზიტიური ფსიქოთერაპიის მიზანია ადამიანის არა მხოლოდ განკურნება, არა მხოლოდ მისი კეთილდღეობის გაუმჯობესება, არამედ ისიც, რომ მას ამ გზაზე დამოუკიდებლად, ფსიქოლოგისა თუ ფსიქოთერაპევტის დაუხმარებლად სიარული შეაძლებინოს. ცნობილი გამოთქმა რომ მოვიხმოთ, თუ გინდა, მშიერი დააპურო, თევზი კი არ უნდა მისცე, არამედ თევზაობა უნდა ასწავლო.

კონსულტირების პრინციპი გულისხმობს ხუთეტაპიან თერაპიას და თვითდახმარებას. მისი მეშვეობით კლიენტი თავისუფლდება შემაწუხებელი სიმპტომებისგან და საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტამდე მიდის. თითოეული კლიენტის უნიკალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ფსიქოთერაპიაში სხვადასხვა მიმართულების ელემენტებიც გამოიყენება.

ჩამოთვლილ პრინციპთაგან რომელია მთავარი?
მთავარი პრინციპის გამოყოფა შეუძლებელია, ერთი მეორეზეა დაფუძნებული. თუ ადამიანს არ აქვს იმედი, არ სჯერა, რომ შეუძლია, მაშინ თვითდახმარებით მუშაობას აზრი არ აქვს, ის ვერ შეძლებს საკუთარი თავის დახმარებას. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის და დაეყრდნოს საკუთარ შესაძლებლობებს. პეზეშკიანი ამბობდა: “მას, ვინც გთხოვთ, დახმარების ხელი გაუწოდოთ, შეახსენეთ, რომ საკუთარი ორი ხელი აქვს”.

ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია. მიუხედავად არასრულყოფილებისა, მას აქვს შესაძლებლობები, რომლებიც სურვილის შემთხვევაში შეუძლია განავითაროს.

მეთოდის ამოცანები
 რა არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის ძირითადი ამოცანა?
მეთოდს რამდენიმე კატეგორიის ამოცანები აქვს:

*ფსიქოთერაპიული – პიროვნულ-ქცევითი დარღვევების მკურნალობა;

*პედაგოგიური – ბავშვთა და მოზარდთა აღზრდა, დევიანტური ქცევისა და სოციალური დეზადაპტაციის პრევენცია;

*ტრანსკულტურულ-სოციალური –ინტერკულტურული ცნობიერების განვითარება და გაუმჯობესება (ეროვნული ტრადიციების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენს მათი მატარებლების ქცევასა და შინაგან მდგომარეობაზე);

*ინტერდისციპლინური – სხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებების ურთიერთქმედება და ინტეგრაცია (შეძლებისდაგვარად) საერთო ქოლგის ქვეშ.

პოპულარობა
რატომ გახდა პოზიტიური ფსიქოთერაპია პოპულარული?
"აქ და ახლა" პრინციპი (ყურადღების ფოკუსირება იმაზე, რაც ხდება მოცემულ ადგილას, მოცემულ დროს) აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულებაში, მაგრამ თერაპია ხშირად საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან ეს მიმართულებები პრაქტიკულად არ იყენებს ადამიანის შინაგან რესურსებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრობლემაზე გარედან მუშაობს. მათი უმრავლესობა სიმპტომების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული და არა თავად კონფლიქტისაზე.

პოზიტიური ფსიქოთერაპია კი კონფლიქტზეა ორიენტირებული და არა სიმპტომებზე, რაც არის კიდეც მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი.

გარდა ამისა, პოზიტიური ფსიქოთერაპია გამოირჩევა:

*მოკლევადიანობით – საჭიროა საშუალოდ 20 სესია, საკმაოდ მძიმე დარღვევების შემთხვევაშიც კი – არა უმეტეს 50-ისა;

*უნივერსალურობით – სპეციალისტს არ სჭირდება სხვადასხვა ტექნიკის ძიება, აქ ყველაფერი მუშაობს კონფლიქტის თითქმის მყისიერ აღმოფხვრაზე;

*ინტერნაციონალურობით – ეს არის კულტურული ფსიქოთერაპია, რომელიც აერთიანებს აღმოსავლურ ფილოსოფიას, ინტუიციურ სიბრძნეს, დასავლურ რაციონალიზმს და მეცნიერებას;

*საკუთარ კონფლიქტებზე მუშაობის პროცესში პაციენტის აქტიური ჩართვით.

*ადამიანთან როგორც ერთიან სისტემასთან და არა მის ცალკეულ აზრებსა და განცდებთან მუშაობით;

*იგავისა და მეტაფორის ფსიქოთერაპიულ საშუალებებად აქტიური გამოყენებით;

*მომავალზე ორიენტირებულობით – მიუხედავად "აქ და ახლა" პრინციპისა, პოზიტიური ფსიქოთერაპია გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემურ სიტუაციებს მომავალში.

სტრუქტურა
რა ხდება ფსიქოთერაპიის დროს?
თერაპია იწყება საუბრით, ერთმანეთის გაცნობით, მიღებითა და ნდობის გაჩენით. საუბრისას სტიმულირდება აზროვნების პროცესები და იღვიძებს გრძნობები. მათი გახმოვანებით უმეტესად ვსწავლობთ პრობლემებთან ნაყოფიერად გამკლავების გზებს, რის შემდეგაც გადავდივართ კონკრეტულ პრობლემაზე, თერაპიული კონტაქტის მიზნებსა და პირობებზე.

პირველ შეხვედრებს, როგორც წესი, თან სდევს შფოთვა, რომელიც რაღაც ახლის დაწყებასთან, არჩევანსა და მის მოსალოდნელ შედეგებთან არის დაკავშირებული.

ფსიქოთერაპიის ტიპური პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომლებიც, კლიენტის განწყობის მიხედვით, სხვადასხვანაირად წარიმართება. თერაპიის დასაწყისში შესაძლოა იგრძნოთ, რომ დაძაბულობა იკლებს და აქტუალური პრობლემაც მცირდება, მაგრამ სეანსების გაგრძელებასთან ერთად იმედგაცრუება დაგეუფლოთ იმის გამო, რომ შედეგი ისე სწრაფად არ დგება, როგორც ელოდით. პრობლემები მარტივად და სწრაფად არ გვარდება.

კლიენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ პროცესის არასტაბილური ტემპის მიღებაა – აჩქარება, შენელება, დროებითი შეჩერება... შესაძლოა დაიღალოთ, მაგრამ ხშირად ყველაზე დიდი წინსვლა სწორედ მაშინ ხდება, როცა ყველაზე ნაკლებად მოელით.

დამატებითი ტექნიკები
იყენებს თუ არა პოზიტიურ ფსიქოთერაპია დამატებით ტექნიკებს, მაგალითად, ვარჯიშებს?
პოზიტიური ფსიქოთერაპევტები, როგორც უკვე გითხარით, პრაქტიკაში ვიყენებთ ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულებას, მეთოდს, ტექნიკას. ნებისმიერი მათგანი მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, რადგან აფართოებს ადამიანის შესაძლებლობებს საკუთარი თავის შეცნობის გზაზე, თუმცა რამდენიმე მეთოდისა და ტექნიკის მოსინჯვის შემდეგ კლიენტების ნაწილი მიდის იმ დასკვნამდე, რომ საუბარს, “გადამუშავება-გადახარშვას” ვერცერთი ვერ შეედრება.

არსებობს სავარჯიშოები, რომლებიც დამოუკიდებლადაც შეიძლება შესრულდეს ძლიერი დაღლილობის დროს, ინტერპერსონალური  ან უმნიშვნელო შინაგანი კონფლიქტის მოსაგვარებლად, აკვიატების, შინაგანი კომპლექსის დასაძლევად.

რომელიმე მათგანს ხომ ვერ გაუზიარებდით ჩვენს მკითხველს?
დიდი სიამოვნებით. სავარჯიშოს ჰქვია “შესანიშნავი დღე”. პოზიტიური ფსიქოთერაპევტები გირჩევენ, ის, შეძლებისამებრ, 1-2 კვირაში ერთხელ შეასრულოთ. სავარჯიშო მათთვისაა, ვინც უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, ჩაძირულია რუტინაში, აკეთებს იმას, რაც საჭიროა და არა იმას, რაც სურს. ეს სავარჯიშო ადამიანს დეპრესიასა და შინაგან კომპლექსებთან გამკლავებაშიც დაეხმარება.

დავალება ასეთია: შეადგინეთ თქვენი იდეალური დღის დეტალური განრიგი – ისე, როგორც გსურთ მისი გატარება, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად და მხოლოდ თქვენი სურვილების შესაბამისად, მიუთითეთ, რის ჭამას ისურვებდით საუზმეზე, სად უნდა წახვიდეთ, ვის უნდა დაურეკოთ და ა. შ., და გაატარეთ ეს დღე ისე, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენს ჩანაწერს.

ადამიანს ერთდროულად პრობლემების მთელ წყებასთან უწევს ჭიდილი: “უფროსთან ურთიერთობა გამიფუჭდა”, “მშობლების სანახავად ვერ ვიცლი”, “ქმრის ყურადღება არ მყოფნის”, “ბავშვები დღედაღამ ტელეფონში არიან ჩამძვრალნი”... და იწყება ტანჯვა: “მშობლებთან ვერ მივდივარ, რადგან სამსახურში უქმე დღეს არ მაძლევენ”, “მეუღლე საერთოდ არ ზრუნავს შვილებზე, ამიტომაც მოიკოჭლებენ სწავლაში” , – და ა. შ. ადამიანი მიდრეკილია, ერთი პრობლემა მეორით გაამართლოს.

ჩამოწერეთ ყველა თქვენი სირთულე ცალ-ცალკე ფურცელზე, ერთმანეთში არ აურიოთ, მწყობრად დაალაგეთ და რიგრიგობით მოაგვარეთ.

ასეთი სავარჯიშოების რეგულარული შესრულებით შეძლებთ, სპეციალისტების გარეშე დაეხმაროთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც. სწორედ ამით არის პოზიტიური ფსიქოთერაპია უნიკალური.

ფსიქოთერაპია დღეს
რამდენად სჭირდება ფსიქოთერაპია თანამედროვე სამყაროს?
ვფიქრობ, უდავოა, რომ ფსიქოთერაპიის საჭიროება უფრო და უფრო იზრდება. როგორც ცნობილი ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი აღნიშნავდა, ყოველ დროს აქვს თავისი ნევროზები და ყოველ დროს სჭირდება თავისი ფსიქოთერაპია.

ფსიქოთერაპიის მისია კონკრეტული დაავადებების მკურნალობით არ შემოიფარგლება; ეს არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფსიქოლოგიური მოწესრიგების, მიზნისკენ მიმავალ გზაზე საკუთარ თავსა და სამყაროსთან ჰარმონიის დამყარების პროცესი, რაც შესაძლებელია მხოლოდ სრული თვითაქტუალიზაციით, პოზიტიური თვითრეალიზაციით, ავთენტურობისა და ნამდვილი ადამიანურობის მიღწევით.

ფსიქოთერაპევტი ეხმარება ადამიანს, შექმნას სამყაროში საკუთარი სასიცოცხლო სივრცე, გააცნობიეროს თავისი შესაძლებლობები და იყოს ის, ვინც არის.

წყარო: "ჟურნალი ავერსი"