Nuk
პრობლემაა, როცა ზრდასრულ შვილებს არ უნდათ მშობლებისგან გამოყოფა და ისევ მათთან ცხოვრებას ამჯობინებენ

თარიღი: 06 აპრილი, 2023

არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, შვილზე ემოციურად დამოკიდებული მშობელი და შვილის პირადი სივრცის უპატივცემულობა – ამ თემაზე ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.

ვისგან მოდის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა?
დავიწყებ იმით, რომ შვილები არ ეჯაჭვებიან მშობლებს, მშობლები იჯაჭვავენ შვილებს. ამ მდგომარეობას ვერ დაბადებული ,,ბავშვი” ეწოდება. ყველასათვის ცნობილია, რომ ბავშვის დაბადებას თან ახლავს ჭიპლარის გადაჭრა, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ ჩვილი დედას ფიზიკურად გამოეყო. თუმცა მხოლოდ ფიზიკური გამოყოფა არ ნიშნავს შვილის ინდივიდად, ცალკე პიროვნებად აღქმას თუ ფსიქოლოგიური ჭიპლარიც არ გადაიჭრა. ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა გულისხმობს ორივე მშობლისგან ზრდასრული შვილის გაშვებას საკუთარი მარწუხებიდან და კონტროლის მექანიზმიდან, რაც ხშირად უჭირს მშობელს თუ თავად არ არის ფუნქციური. შვილის საკუთარი თავისგან გაშვებით მშობელი აღიქვამს, რომ მისი ერთგვარი ფუნქციის დაკარგვა ხდება.

პრობლემა ის კი არ არის, რომ ზრდასრულ შვილებს ცალკე ცხოვრება უნდათ, პრობლემაა, როცა ზრდასრული შვილები ისევ მშობლებთან ცხოვრობენ და ვერ მოახდინეს სეპარაცია.

რას ნიშნავს ფუნქციური მშობლობა?
ფუნქციური მშობლობა გულისხმობს შვილის ცალკე ინდივიდად აღქმას, მისი პირადი სივრცისა და საზღვრის პატივისცემას, ბაზისური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ბუნებრივია მშობლის მხრიდან სიყვარულს და უსაფრთხოების განცდის დაკმაყოფილებას.

 

თუ რომელიმე მშობელმა შვილის ბაზისური მოთხოვნილებები ვერ დააკმაყოფილა ბავშვობაში, ზრდასრულ ასაკში უკვე ინდივიდი დაიწყებს მშობლის ძიებას პარტნიორში, რაც უარყოფითად აისახება მის პირად ურთიერთობებზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვერ გაიზრდება პიროვნულად და ფსიქოლოგიურად.

რა დროს ხდება მშობლისგან შვილის მიჯაჭვა?
არსებობს ასეთი ცნება: ,,ცარიელი ბუდის სინდრომი” ეს სინდრომი ძირითადად მშობელს უყალიბდება მაშინ, როდესაც შვილის ცხოვრებაში ჩნდება სხვადასხვა ინტერესები, ურთიერთობები და მის ცხოვრებაში შემოდის პარტნიორი. ამ შემთხვევაში მშობელს, რომელმაც მისივე სურვილით თუ არჩევანით საკუთარი თავი და ცხოვრება მიუძღვნა შვილს, თითქოს ფუნქცია ერთმევა. ის აღარ არის შვილისთვის მთავარი ფიგურა, რაც ძალიან მტკივნეულად აღიქმება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირობითად დედას და მამას, არ ჰქონდეს მხოლოდ დედის ან მამის სტატუსი, მათ უნდა ჰქონდეს საკუთარი ცხოვრება შვილისგან დამოუკიდებლად, სხვა შემთხვევაში მათი დაუსრულებელი არაცნობიერი კონფლიქტი ვერ გადაიჭრება და ტოქსიკურს გახდის მათ ურთიერთობას. შვილის მიჯაჭვის ერთი ცალსახა მიზეზი არ არსებობს. მშობლები ცდილობენ: საკუთარი სიცარიელის ამოვსებას, ჰიპერმზრუნველობას, მსხვერპლის გაღების მოთხოვნილებას,  შვილის პიროვნების იგნორირებას და სხვ.

 

რჩევები:
1. ნუ მიიჯაჭვავთ საკუთარ შვილებს ემოციურად.
2. ნუ შეეწირებით მსხვერპლად და შემდეგ ნუ დაადანაშაულებთ ამაში.
3. მიეცით მეტი სიყვარული, ზრუნვით, შეხებით, საუბარი.
4. მიეცით თავისუფლება.
5. პატივი ეცით მის არჩევანს, სივრცეს, საზღვრებს.
6. ასწავლეთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავსა და ქმედებებზე.
7. ყოველთვის იყავით თქვენი შვილის მხარდამჭერი ნებისმიერ გზაზე.