Nuk
ქლიავი - გემრიელი და სასარგებლო ადრეული ასაკიდან

თარიღი: 03 მაისი, 2020

სხვადასხვა ფერის, განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთნაირად სასარგებლო, წვნიანი და გემრიელი. ის ფართოდ გავრცელებული ხილია და მისი კვალი ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ მასალებშიცაა ნანახი ზეთისხილისა და ყურძნის ნარჩენებთან ერთად.
ალბათ შეამჩნევდით, ბავშვებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ბურღულის ფაფისა და ხილის პიურის შემადგენლბაში რთავენ ბავშვთა კვების მწარმოებლები.
მართლია სეზონი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მაინც მოგიყვებით ქლიავზე.

ვიტამინების და მინერალების გემრიელი წყარო
ეს გემრიელი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა წყალში ხსნად ვიტამინს - მასში უხვადაა პრაქტიკულად ყველა B ჯგუფის და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან ქლიავში A და E ვიტამინები შედის.

ახლა მინერალურ ნივთიერებებს მივყვეთ - ქლიავი განსაკუთრებით მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ქრომს, რკინას, თუთიას, იოდს.
მდიდარია ორგანულ მჟავებით, პექტინით, უჯრედისით, ბუნებრივი ანტისეპტიკებით.

რა შეუძლია ქლიავს
კალციუმის და ფოსფორი ძვლის მთავარი მინერალური შემდგენელი ნაწილია.
პექტინები და უჯრედისი ხელს უწყობს ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას, აქვთ ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი. ამიტომ ქლიავი შეკრულობის დროს ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის ამ მიზნით ქლიავი ჩირის გამოყენებაც შეგძლიათ ფაფების ან კომპოტის შემადგენლობაში.
B ჯგუფის ვიტამინები, რაც დიდი რაოდენობითაა ქლიავის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, კანის, თმის სიჯანსღეს, უზრუნველყოფს კარგ გუნება-განწყობას.
ჯადოსური C ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მი მდნარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რაც მზარდი ძვლოვანი სისტემისათვის მატრიქსს წარმოადგენს.

სცადეთ უმადო პატრებისათვის - დადგენილია, რომ ქლიავი მადის მატებას იწვევს. საკვები ბოჭკოები ყაბზობასთან ბრძოლის გარდა ნაწლავური ბაქტერიების განვითრებას უწყობს ხელს, რადგან მათთვის საუკეთესო საკვებია.
ქლიავის შემადგემლობაში არსებული რკინა და ფოლიუმის მჟავა ანემიის განვითარებას უშლის ხელს.
ბუნებრივი ანტისეპტიკების გამო კი ქლიავს ანთების საწინაღმდეგო ეფექტი აქვს, რაც პირის ღრუდან იწყება.

როგორ და რა ასაკიდან
ქლიავის მიცემა 6 თვიდან სცადეთ, ოღონდ გაითავალისწინეთ, რომ ის პირველი ხილი არ იყოს. ქლიავის მიცემამდე სჯობს ჯერ სხვა ხილი გაასინჯოთ.
შეჩვევა კი ქლიავის რამდენიმე წვეთით დაიწყეთ. თუ პატარას ალერგია ან მონელების პრობლემები არ ექნება, პიურეს მიცემაც შეგიძლიათ. შესთავაზეთ 40-50 გრამი როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ხილთან ან ბურღულეულთან ერთად.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე