Nuk
ქრონიკული-რეციდიული ცისტიტი კლიმაქტერული ასაკის ქალებში

თარიღი: 02 ივლისი, 2021

ქრონიკული-რეციდიული ცისტიტი კლიმაქტერული ასაკის ქალებში

ქრონიკული-რეციდიული ცისტიტი კლიმაქტერული ასაკის ქალებში - გვესაუბრება უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მამაკაცის ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი, სამედიცინო აკადემიის ქირურგიული დეპარტამენტის სრული პროფესორი (უროლოგია), ჯანმრთელობის სახლისა და უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, გიორგი ბოჭორიშვილი.

1. ბატონო გოგი, რამდენად ხშირად აღინიშნება ცისტიტი კლიმაქტერული ასაკის ქალებში და როდის შეიძლება ვთქვათ, რომ ცისტიტი არის ქრონიკულ-რეციდიული ხასიათის?

ცისტიტი, ეს გახლავთ შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ქალში, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს  ქალის სოციალურ, სექსუალურ და შრომით აქტივობაზე. საკმაოდ ხშირ და შემაწუხებელ პრობლემას წარმოადგენს ცისტიტი კლიმაქტერული ასაკის ქალბატონებისთვის, რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელი რიგი თავისებურებებით არის განპირობებული. ცისტიტის ქრონიკულ-რეციდიული ფორმაც, ძირითადად, კლიმაქტერული ასაკისთვის არის დამახასიათებელი. ასეთ დროს სახეზე გვაქვს ინფექციის 2 ან 3 დადასტურებული ეპიზოდი ბოლო 6 თვის განმავლობაში, ან 3 ან მეტი ეპიზოდი ბოლო 12 თვის მანძილზე

2. რით აიხსნება ცისტიტის განვითარების ასეთი სიხშირე კლიმაქტერულ ასაკში?
საქმე იმაში გახლავთ, რომ კლიმაქტერულ ასაკში ესტროგენების შემცველობა სისხლში დრამატულად ქვეითდება, რაც განაპირობებს უროგენიტალური ტრაქტის  ქსოვილების ელასტიურობის საგრძნობ დაქვეითება/მოდუნებასა და ლორწოვანი გარსების ატროფიას. ესტროგენების დაქვეითება ასევე შარდსადენი მილის (ურეთრის) გარშემო არსებული კუნთების მოდუნებას იწვევს. ყოველივე ზემოთ თქმული ხელსაყრელ პირობებს ქმნის შარდის ბუშტში ინფექციის „აფეთქებისთვის“ და მენოპაუზის ასაკში ცისტიტის განვითარების რისკს ზრდის.

3. რა ძირითადი ჩივილები შეიძლება აღინიშნებოდეს ცისტიტის დროს?
დამახასიათებელი ჩივილები შესაძლოა იყოს შემდეგი:

• ხშირი შარდვა, შარდვა მცირე ულუფებით;

• შარდვისას დისკომფორტი ან ტკივილი და წვა, ან წვის შეგრძნება ურეთრაში;

• მუდმივად შარდის ბუშტის დაცლის მოთხოვნილება, მაშინაც კი, როცა მასში შარდი პრაქტიკულად არ არის;

• სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნახევარში და ბოქვენზედა არეში;

• უსიამოვნო სუნის შარდის გამოყოფა;

• მუქი ფერის შარდის გამოყოფა;

• სისხლიანი შარდის არსებობა;

• ზოგჯერ, შარდის შეუკავებლობა;

• ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ შემცივნებით;

• წვის შეგრძნება და დისკომფორტი საშოში.

4. რის საფუძველზე ხდება ცისტიტის დიაგნოზის დასმა?
• უპირველეს ყოვლისა, ანამნეზის დეტალური შეკრების საფუძველზე; 

• შარდის საერთო ანალიზის შეფასებით. ყურადსაღებია შარდის ხვედრითი წონა, რომლის მაღალი ნიშნულები (მაგ., 1030) გვაფიქრებინებს, რომ პაციენტი წყალს შეზღუდულად იღებს;  ანალიზში  ყურადსაღებია ნიტრიტების არსებობა, რაც შარდის ნალექში ლეიკოციტების მომატებისას აღინიშნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  შემთხვევათა 1/3-ში,  პოსტმენოპაუზური „ცისტიტისთვის“ და „ურეთრიტისთვის“ სრულიადაც არ არის დამახასიათებელი შარდში გამოხატული ლეიკოციტურიის არსებობა. მეტიც, ამ დროს არ არის სხვა ცვლილებებიც, რაც პოსტმენოპაუზური ცისტიტისთვისაა დამახასიათებელი (ერითროციტების მატება შარდში, ე.წ. ერითროციტურია, ან მიკროალბუმინურია, ცილის კვალი შარდში);

• სისხლის საერთო ანალიზში მწვავე ბაქტერიული ცისტიტის დროს ყურადსაღებია ლეიკოციტების რიცხვის მატება (ლეიკოციტოზი), ზოგჯერ ლეიკოციტარულ ფორმულაში მარცხნივ გადახრა, ედს-ის მატება;

• შარდში ცვლილებების შემთხვევაში ნაჩვენებია შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, რაც ბაქტერიურიის ხარისხის შეფასების გარდა, ანთების გამომწვევი პათოგენის  მიმართ  სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების  საშუალებას იძლევა;

• ულტრაბგერითი კვლევით ბაქტერიული ცისტიტის დროს დგინდება შარდის ბუშტის კედლების გასქელება, ყელის არეში შეშუპების არსებობა, შარდის შემღვრევა;

• ყველა ქალი ვინც ცისტიტის გამო, მით უფრო გახანგრძლივებულის ან მორეციდივეს გამო, მიმართავს უროლოგს, აუცილებლად უნდა გაისინჯოს გინეკოლოგიურ სავარძელზე. ზოგჯერ ამ კვლევის ჩატარების შეთავაზება ქალებში გაკვირვებას იწვევს. უპრიანია აღინიშნოს, რომ  მხოლოდ ამ კვლევის საფუძველზე  ხერხდება დისტალური ურეთრის საქალწულო აპკის ნარჩენებთან და საშოს ლორწოვანთან მყარი შეხორცებების გამოვლენა, რაც ხშირი და მორეციდივე ინფექციების განვითარებას განაპირობებს. ასეთ დროს განკურნების ერთადერთი საშუალება, ურეთრის ტრანსპოზიციაა, რაც უროლოგებმა მოაწოდეს და დღესაც უროლოგები ვასრულებთ. ასევე სავარძელზე გასინჯვით დგინდება შარდის შეუკავებლობის რა სახეობასთან  გვაქვს საქმე და ბერჩის პლასტიკურ ოპერაციას უპირატესად უროლოგები აკეთებენ,  ან გინეკოლოგებთან ერთად. ამ გასინჯვისას ყურადღებას ვამახვილებთ სასირცხვო ბაგეების მდგომარეობაზე, შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის მდებარეობაზე კლიტორთან და  საშოს შესავალთან მიმართებით, დისტალური ურეთრის პირღიაობაზე, მობილობაზე. აუცილებელია ჰირშხორნის ტესტის შეფასება. მენოპაუზიან პაციენტებში ვაგინალური კვლევა საშუალებას გვაძლევს სხვა ცვლილებების პარალელურად, შევაფასოთ საშოს ლორწოვანი მდგომარეობა, მისი დატენიანების ხარისხი, რაც ლორწოვანის სიმშრალის გამო და ბაქტერიული დაბინძურების არ არსებობისას,  შესაძლოა „ურეთრიტისა“ და „ცისტიტის“ იმიტაციას იწვევდეს.

5. როგორია მკურნალობის ძირითადი მიდგომები?
ცისტიტის კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ უროლოგს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება მიღწეული სწრაფი დადებითი და ეფექტური შედეგი. 

ცისტიტის მკურნალობა ემყარება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებას, გამომწვევი ბაქტერიების მგრძნობელობის მიხედვით. წვისა და დისკომფორტის შესამცირებლად, ასევე დაზიანებული ლორწოვანის აღსადგენად, მნიშვნელოვანია დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავის - ჰიდეალ D-ს ვაგინალურად გამოყენება, რომელიც განსხვავებით ჩვეულებრივი ჰიალურონის მჟავასგან, ანტიმიკრობული მოქმედებითაც გამოირჩევა და უფრო სწრაფ და ხანგრძლივ შედეგს იძლევა.

გარდა ამისა, რიგი სხვა, მარტივი, ღონისძიებები უნდა გაატაროთ, რომელიც გამოჯანმრთელების საწინდარია:

• მნიშვნელოვნად გაზარდოთ მიღებული სითხის რაოდენობა 24 საათის განმავლობაში - 1.5-2 ლიტრამდე და მეტიც. ეს შეიძლება იყოს სითხიერი საკვები, სხვადასხვა ხილის წვენი და ა.შ. 

• ხშირად უნდა მოშარდოთ, იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი გაგიჩნდებათ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყოვნოთ და გადაავადოთ მოშარდვის აქტი;

• ხელი უნდა შეუწყოთ კუჭის რეგულარულ მოქმედებას და აიცილოთ შეკრულობა.

6. როგორ შეიძლება მოვახდინოთ მენოპაუზის ასაკში  განმეორებითი ცისტიტის პრევენცია?
ცისტიტის ახალი ეპიზოდის თავიდან ასაცილებლად სასურველია მარტივი წესების დაცვა:

• სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება დღე-ღამეში 1.5-2 ლიტრამდე.

ამგვარი გზით ბუშტის ინტენსიური გამორეცხვა ხდება. ამგვარად მიიღწევა ბაქტერიების რიცხვის შემცირება არამარტო შარდის ბუშტში, არამედ შარდსადენ მილშიც. 

• ცისტიტის შაბლონური მკურნალობა არც შეიძლება და არც არსებობს. 

ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ სასურველი არ არის იმავე პრეპარატების მიღება, რასაც წინა ეპიზოდის დროს იღებდით. მკურნალი ექიმი ყველაზე უკეთ შეგირჩევთ ოპტიმალურ მკურნალობას ამ ახალი ეპიზოდის დროს. 

• შარდის ბუშტი რეგულარულად დაცალეთ და შეეცადეთ არ გადაავადოთ მოშარდვა.

შარდის ბუშტში შარდის დაყოვნება აუცილებლად ხელს შეუწყობს შარდში არსებული ბაქტერიების გამრავლებას და ინფექციის გაგრძელებას განაპირობებს. 

• ყოველი სქესობრივი აქტის წინ და მის შემდეგ აუცილებლად მოშარდეთ. 

ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. საქმე იმაშია, რომ სქესობრივი აქტის დროს შარდსადენი ფართოვდება, მისი გარეთა ხვრელი განიერდება, რაც სასირცხო ბაგეებსა და საშოში არსებულ მიკრობებს საშარდე გზებში შეღწევადობას უადვილებს.  

• ტუალეტში ყოველი მოსაქმების შემდეგ აუცილებლად უნდა გაიმშრალოთ ბოქვენიდან სწორი ნაწლავისკენ მიმართულებით.

ამგვარი ქმედებით ანალურ არეში არსებულ ბაქტერიებს საშოსთან და მით უფრო შარდსადენი მილის გარეთა ხვრელთან შეხება აღარ ექნება. 

• აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. 

საშოს გამორეცხვა და ირიგაცია თავიდან უნდა ავიცილოთ. ამგვარი ქმედება ცვლის საშოს ნორმალურ ბაქტერიულ ფლორას და საშარდე გზებში სხვა ბაქტერიების შეღწევადობას განაპირობებს. 

• საცვლების ჰიგიენა

თავიდან აიცილეთ სინთეზური ქსოვილებისგან დამზადებული საცვლების ტარება, რადგან ისინი რიგი ბაქტერიების გამრავლებას უწყობენ ხელს. აღარაფერს ვამბობ საცვლების ყოველდღიურ ცვლაზე. 

• კვების ჰიგიენის განუხრელი დაცვა

თავიდან უნდა აიცილოთ ისეთი საკვები, რომელმაც შესაძლოა კუჭ-ნაწლავის აშლილობა (დიარეა) გამოიწვიოს. ასეთ დროს შორისის არეში ბაქტერიების კოლონიები მრავლადაა. არანაკლებ საფრთხეს ქმნის შეკრულობა, რომლის დროსაც ნაწლავის სანათურში მიკრობების გამრავლებისა და ცხოველმყოფლობისთვის ფანტასტიური შესაძლებლობები იშლება. 

 

გარდა ამისა, ვინაიდან საქმე ეხება მენოპაუზის ასაკს, ცისტიტის რეციდივის საპრევენციოდ მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ უროგენიტალური ტრაქტის ქსოვილების ელასტიურობა და ტროფიკა, დავიცვათ ლორწოვანი გარსები ატროფიული ცვლილებების განვითარებისგან, რისთვისაც საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავას - ჰიდეალ D-ს ვაგინალური გამოყენება საპრევენციოდ.