რა იწვევს მამაკაცის უნაყოფობას? მიზეზები და მკურნალობა

თარიღი: 25 სექტემბერი, 2018

მამაკაცის უნაყოფობა ანდროლოგიის ერთ - ერთი ძირითადი პრობლემაა. მამაკაცის ნაყოფიერება დგინდება სპერმის გამოკვლევით სათანადო წესების დაცვით. თავშეკავების იდეალური ვარიანტია მინიმუმ 48 საათი - მაქსიმუმ 7 დღე.      

უნაყოფობის განცდა, თავისთავად, უშვილობას მოაქვს და ამდენად, ნებისმიერი ყმაწვილკაცისთვის, ვიდრე შესაფერისი დრო არ დადგება, არც რაიმეთია უძეობის პრობლემა საინტერესო. უნაყოფობამ უხილავი, ჩუმი ტკივილი იცის..

რამდენად ხშირად გვხვდება მამაკაცის უნაყოფობა?

მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა განსაკუთრებულ სამედიცინო და სოციალურ მნიშვნელობას იძენს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, ნაყოფიერების დარღვევას მივყავართ უშვილო ან მცირეშვილიან ქორწინებათა ზრდისკენ, გაყრასთან და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესებასთან. ისიც ცნობილია, რომ უშვილო მამაკაცის შრომის ნაყოფიერება მკვეთრად ქვეითდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით რეგისტრირებული ქორწინებიდან უშვილობა თითქმის 10-15 % შემთხვევაში აღენიშნება. აქედან ნახევარი მათგანი განპირობებულია მამაკაცის ფაქტორით და შეიმჩნევა ამ კუთხით მატების ზრდის სამწუხარო ტენდენცია.

 

ამ რამდენიმე წლის წინ ოჯახი უნაყოფოდ ითვლებოდა ერთად თანაცხოვრებიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც წყვილთა შორის იყო ნორმალური სქესობრივი კავშირი და არ იყენებდნენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. დღეისათვის ეს ვადა ერთ წლამდე შემცირდა. ადრე უნაყოფობაში ‘’დამნაშავედ’’ მხოლოდ ქალს თვლიდნენ, დღეისათვის ეს ტენდენცია იშვიათად , მაგრამ მაინც შეიმჩნევა; და როდესაც წლობით ნაწვალები, იმედდაკარგული ქალის მკურნალობით ეფექტი ვერ მიიღწევა მხოლოდ მაშინღა ახსენდებათ, რომ უშვილობის პროცესში მამაკაცსაც აქვს ხვედრითი წილი.

 

უშვილობა შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, ან ერთდროულად - ორივეს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევით.

 

ცივილიზაციამ ყველა სიკეთესთან ერთად ახალი თავსატეხი გაგვიჩინა. უკვე არსებულ რამდენიმე მილიონი დასახელების ქიმიურ ნივთიერებას ყოველწლიურად ათასობით ახალი დასახელება ემატება და მათგან  რამდენიმე ასეული მაინც პირდაპირ ჩვენზე გამოიცდება, ანუ პრაქტიკაში ინერგება წამლების, საკვების, პესტიციდების, საწარმოო შენაერთების და სხვათა სახით. ისინი კი, ვისაც პირდაპირი პროფესიული ურთიერთობა აქვს მთელ რიგ მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან საერთოდ ‘’რისკის ჯგუფს’’ წარმოადგენენ და განა მხოლოდ ეს. აწეული რადიაციის ფონი, ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ფაქტორი, დიდი თუ მცირე დოზებით, ქრონიკულად თუ ეპიზოდურად, ნაბიჯ - ნაბიჯ მავნედ მოქმედებს ჩანასახოვან ეპითელზე სათესლეში და არა გარედან ჩარევა ( შრომის პირობების დაცვა პროფესიის შეცვლამდე ) შექცევად ცვლილებებს გარკვეულ ზღვრამდე შეუქცევადობით ემუქრება.

 

გარე სამყაროს მავნე, ფიზიკური თუ ქიმიური მუტაგენების ზემოქმედებით განპირობებულია სხვადასხვა განვითარების ანომალიები, მათ შორის მრავალი გენეტიკური სინდრომი, რომელთა ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და თანამედროვე ეტაპზე მედიცინა უძლურია რამე შეცვალოს შვილიერების თვალსაზრისით. როგორც იტყვიან ‘’განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება’’.

 

ასევე მტკივნეულია თანდაყოლილი, ორსულობის პერიოდში მომხდარი ცვლილებების მკურნალობის საკითხი და სამწუხაროდ არც  თუ იშვიათად ‘’ჩვენს უძლურ მედიცინაზე’’ გულაყრილი ახლობლები შინაური ‘’წამლემით’’ ამაოდ ტანჯავენ უშვილოს. დიახ, ასეც ხდება ხოლმე, სამწუხაროა, მაგრამ რეალობას ვერსად გაექცევი.

 

‘’რისკის ჯგუფის’’ ვართ დიდი ქალაქის მკვიდრნიც. რამეთუ ათასგვარ ძრავთა გამონაბოლქვით მიმდინარე მასობრივი მოწამვლის უწყვეტი პროცესი, თანმხლები ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობით და თანაც ყოველივე ეს ფსიქიური დაძაბულობისა და გადაღლილობის ფონზე... მძიმე სურათია! შიმშილი სრული და ნაწილობრივიც სათესლე ჯირკვლების ცვლილებებს იწვევს მოზარდში, სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე და არა მხოლოდ მაშინ, მოგვიანებითაც. ღირს კი ამის შემდეგ იონური გამოსხივების, ენდოკრინულ თუ სხვა შინაგან ორგანოთა დაავადების, სისხლძარღვთა პათოლოგიის, სხვადასხვა ოპერაციებისა და კიდევ ათობით მიზეზის ჩამოთვლა და მათზე საუბარი რამდენად სერიოზულ ფაქტორებს წარმოადგენენ ისინი უშვილობის პრობლემაში.

 

მამაკაცის უნაყოფობა მხოლოდ ტრაგიკული შედეგია, მისკენ მიმავალი გზები კი მრავალი დაავადებიდან მომდინარეობს. სწორედ ამ კერათა განკურნებაა უპირატესად საჭირო, შესაძლოა სპერმის მაჩვენებლები დროებით მოვაგვაროთ, მაგრამ ვერც სასურველ შედეგს მივაღწიოთ და დროც ტყუილად დავკარგოთ.

რამდენად წარმატებულია მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა?

დღეს მედიკოსთა განკარგულებაშია დიაგნოსტიკის მრავალი ზოგადი თუ სპეციალური მეთოდი, რომლებიც მაქსიმალურად, რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული უშვილობის მიზეზის დასადგენად (სამკურნალოა არა სპერმა, როგორც ხშირად თვლიან, არამედ მიზეზი). მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად, რაც ეფექტური მკურნალობის საწინდარია, ისიც საკმარისია, რომ არც თუ იშიათად ვსვამთ უცნობი გენეზის უნაყოფობის დიაგნოზს, როდესაც გამოითქმება თეორიული მოსაზრება, ან ვარაუდი შესაძლო მიზეზის შესახებ. მკურნალობა შესაბამისად, კონსერვატიული ან ოპერაციულია. წარუმატებლობის შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა ე.წ. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები. მხედველობაშია სათესლე ჯირკვლებიდან ან დანამატებიდან ექსტრაქციით მიღებული სპერმატოზოიდების გამოყენება ICSI ( სპერმატოზოიდის ინტრაციტოპლაზმური ინექცია) მეთოდით ან ინსემინაცია დონორის სპერმით.