Nuk
რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

თარიღი: 25 აპრილი, 2017

რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გულმავიწყობის მიზეზები და  სახეები მრავალფეროვანია. ზოგჯერ ყველას ახასიათებს გარკვეული ფაქტების ან დაპირებების დავიწყება.  ადამიანის მეხსირებას არ ახასიათებს ობიექტური სიზუსტე, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მოვლენების ან  ფაქტების დამახსოვრება და შემდგომ გახსენებაც  განიცდის ჩვენი პირადი გამოცდილების და ემოციური სფეროს ძლიერ გავლენას. რა იწვევს მეხსიერების დეფიციტს – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი, ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანია.

 

როდის იწყება  ჯანმრთელი დაბერების პროცესი?

ასაკთან ერთად ინფორმაციის გადამუშავება და შენახვა განსხვავებულად მიმდინარეობს, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.

ჯანმრთელი დაბერების პირობებში პირველი ცვლილებები თავს იჩენს 40 წლის შემდგმომ და გამოიხატება ძირითადად ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფის დაქვეითებაში, ხოლო მოგვიანებით ე.წ. ოპერატიული მეხსიერების ანუ მუშა მეხსიერების მუცულობის შევიწროვებაში, რაც გულისხმობს დამახსოვებული ან ახალი ინფორმაციით მანიპულირების უნარს.

 

რა შეიძლება გახდეს მეხსიერების დაქვეითების მიზეზი?

მეხსიერების დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად: ყურადღების დეფიციტით, გუნება-განწყობილების ძლიერი  დაქვეითებით, ანუ დეპრესიით, ძლიერი სტრესის ზეგავლენით, ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით.

ყურადღების დეფიციტი – ამ შემთხვევაში საკუთრივ დამახსოვრების პროცესი არ არის  დარღვეული. ამ დროს,  ბავშვი თუ მოზრდილი მოგვმართავს გულმავიწყბის ან ახალი ინფორმაციის დასწავლის სიძნელეებით, თუმცა შეფასების შედეგად შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მიზეზი ყურადღების პრობლემაა და არა მეხსიერების. ახალი ინფორმაციის გამამუშავებაში ყურადღების კონცენტრაცია უმნიშვნელოვანს როლს თამაშობს.

დეპრესიული გუნება-განწყობილება – მეხსიერების დარღვევების მიზეზი შესაძლოა იყოს დეპრესიული გუნება-განწყობილებაც, ასეთ შემთხვევაშიც მომართვის მიზეზი შეიძლება იყოს დაქვეითებული მეხსიერება, ხოლო მეხსიერების დაქვეითების მიზეზი აღმოჩნდეს დეპრესია. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება სხვა გზებით ხორციელდება, ვიდრე უშუალოდ მეხსიერების დარღვევების დროს.

თავის ტვინის ორგანული დაზიანები – უშუალოდ მეხსიერების, როგორც შემეცნებითი ფუნქციის დარღვევები შეიძლება იყოს გამოწვეული თავის ტვინის ორგანული დაზიანებით. თავის ტვინის დაზინების ბუნებიდან გამომდინარე, მეხსიერების დარღვევების ხასიათიც შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგ. დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს ინტოქსიკაცია, მათ შორის მედიკამენტებით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების (პლანი, ბიო…) გადაჭარბებული მოხმარებით, მომწამლავი აირით ინტოქსიკაცია, ასევე ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.  თავის ტვინის ორგანული დაზიანების ხშირი მიზეზია ქალა-ტვინის ტრავმები, განსაკუთრებით ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანებები, რომლებსაც ახლავს მეხსიერების დარღვევები. ტვინის დაზიანების  და შესაბამისად, მეხსიერების დაქვეითების  მიზეზი შეიძლება იყოს  რომელიმე ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, აივ ინფიცირება, ტვინის სიმსივნე,  ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობები, მათ შორის ეპილეფსია.

 

როგორია ამ მიმარულებით არსებული სტატისტიკა?

სტატისტიკურად ბავშვებში  ყველაზე ხშირია  ქალა-ტვინის ტრავმები, მენინგიტი (თავის ტვინის გარსის ანთება), ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება გამოწვეული ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით და თავის ტვინის სიმსივნეები, მაგ. უკანა ფოსოს სიმსივნე).

მოზრდილების შემთხვევაში სტატისტიკურად ყველაზე ხშირია ქალა-ტვინის ტრავმები, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტები და თავის ტვინის სიმსივნეები.  ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში, ხდება თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რომელსაც შედეგად მოსდევს შემცნებითი პროცესების და მათ შორის მეხსიერების სხვადასხვა სახის დარღვევები.  როგორც უკვე აღინიშნა, დაზიანების ადგილის და პროცესის ბუნების გათვალისწინებით მეხსიერების დარღვევების ფორმა და ხარისხი განსხვავებულია და ამდენად თითოეული შემთხვევა უნიკალურია

 

ვის უნდა მიმართოს პაციენტმა მეხსიერების დაქვეითების შემთვევაში?

მეხსიერების დარღვევების მქონე ადამიანები, რა საკვირველია პირველ რიგში ხვდებიან ექიმთან. როგორც წესი, ნევროლოგთან. თავის ტვინის ორგანული დაზიანების მქონე პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეხსიერების დარღვევების, ისევე როგორც სხვა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების   სრულად აღდგენა მხოლოდ პრეპატების დახმარებით, სამწუხაროდ შეუძლებელია და მკურნალობასთან ერთად აუცილებელია პაციენტის რეაბილიტაცია. რასაც უნდა  ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი, მოცემულ შემთხვევაში ნეიროფსიქოლოგი. თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული ფსიქიკური დარღვევების, მათ შორის მეხსიერების დეფიციტის როგორც შეფასებას, ისე რეაბილიტაციას  ახორციელებს  ნეიროფსიქოლოგი. სხვადასხვა შემთხვევაში მეხსიერების აღდგენა მიმდინარეობს განხვავებულად.

 

7 რჩვევა მაია მაჭავარიანისგან:

1. მეხსიერება ფსიქიკური ფუნქციაა და ხორციელდება ადამიანის ყველაზე მოქნილი, პლასტიური ორგანოს – თავის ტვინის მიერ. ამდენად, ეს გავარჯიშებადი და აღდგენადი ფუნქციაა. თუ გსურთ, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმთელობა და კარგი მეხსიერება, შესაბამისად, უნდა ავარჯიშოთ ეს ორგანო. სავარჯიშოდ გამოდგება ნებისმიერი ახალი ინფორმაციის დასწავლა, მხოლოდ ერთი პირობის დაცვით, ეს ინფორმაცია უნდა გამოიყენოთ!

2. თუკი უჩივით მეხსიერების დაქვეითებს, გახდით გულმავიწყი, კარგავთ ნივთებს, გიჭირთ ზოგიერთი სიტყვის გახსენება, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას.  აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტებს. ვინაიდან, გულმავიწყობის მიზეზები და ფორმები მრავალფეროვანია აუცილებელია განისაზღვროს რასთან გვაქვს საქმე, რომ შემდეგ დაიგეგმოს პაციენტის დახმარების სწორი სტრატეგია.

3. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს თავის ტვინი ორგანული დაზიანება. ამ მიზნით უნდა მიმართოთ ნევროლოგს და ნეიროფსიქოლოგს. თუ მეხსიერების დაქვეითების ორგანული მიზეზები გამოირიცხა, სპეცილისტი გაგიწევთ კონსულტაციას რა უნდა გააკეთოთ მეხსიერების გაუმჯბესების მიზნით.

4. თავის ტვინის ორგანული დაზიანების (ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის და ა.შ) შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობასთან ერთად პაციენტის ნეირორეაბილიტაცია, რაც გულისხმობს მეხსიერების და სხვა ფსიქიკური ფუნქციების (მაგ. მეტყველების, ყურადღების, სივრცეში ორიენტაციის) აღდგენას, სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით.

5. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ მეხსიერება ახალგაზრდა ასაკში უნდა ეცადოთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვით. მოერიდოთ ალკოჰოლის და მავნე ნივთირებების ჭარბ მოხმარებას, დაიცვათ მოძრაობის წესები. ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზებია: მავნე ნივთიერების მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება და ავტოსაგზაო შემთხვევები.

6. საშუალო და ხანშიშესულ ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზებია შფოთვა და დეპრესია, ძლიერი სტრესი, გონებრივი გადატვირთვა ან პირიქით დაბალი გონებრივი აქტიურობა (განსაკუთრებით ხშირია მეხსიერების დაქვეითება პენსიაზე გასვლის შემდეგ). ამიტომ ეცადეთ, დააბალანსოთ სამსახური- დასვენების განრიგი, გამონახეთ დრო თქვენი სასიამოვნო საქმიანობისთვის. ეცადეთ მისცეთ განვითარება თქვენს უნარ-ჩვევებს, განსაკუთრებით თქვენთვის სასიამოვნო აქტივობების მიმართულებით, მაგალითად,  თუ თქვენი ჰობია მუსიკა, ახალი ნაწარმოების გარჩევა დაგეხმარებათ მეხსიერების გავარჯიშებაში.

7. რჩევა მოსწავლეებს და სტუდენტებს, იმ ადამიანებს, ვისთვისაც დასწავლა და დამახსოვრება ძირითადი საქმიანობაა. ეცადეთ ახალი მასალის დასწავლა მოასწროთ დაძინებამდე (და არა დილით ,,ახალი გონებით“). თუ ძილის წინ კიდევ გადახედავთ მასალას ეცადეთ მაშინვე დაიძინოთ  (რომ დასწავლილ მასალას არ შეერიოს სხვა ინფორმაცია). ძილი უნდა იყოს სრულფასოვანი ანუ მინიმუმ 7-8 საათი. გახსოვდეთ, რომ სწორედ ძილში ხდება დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და მეხსიერების კვალის კონსოლიდაცია, ანუ ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა.

წყარო:www.fortuna.ge